Amnesty International-ი შეშფოთებულია ციხეებში სექსუალური ძალადობისა და ცემის შესახებ ცნობებით
Amnesty International-ი ქართულ ციხეებში პატიმრების მიმართ ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობისა და ცემის ფაქტების მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვს. ორგანიზაციის განცხადებაში ნახსენებია დავით ფეიქრიშვილისა და გიორგი დავითაძის საქმეები.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას პატიმრები ძალადობისა და ანგარიშსწორებისგან, უზრუნველყოს წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა სარწმუნო ბრალდების დროული, ეფექტიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება და სამართლიანი სამართალწარმოების გზით პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, რომლის პასუხისმგებლობის შესახებ გონივრული ეჭვი არსებობს“, - წერია განცხადებაში (საიას ვებსაიტი).
დავით ფეიქრიშვილის სავარაუდო ცემის საქმე
19 ოქტომბერს ბრალდებული დავით ფეიქრიშილის ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია გლდანის მე-8 ციხეში პატიმრის ცემის შესახებ - ადვოკატის გადმოცემით, ფეიქრიშვილი 16 ოქტომბერს შეუსახლეს ახლად დაპატიმრებული ვატო ყიფიანი (რომელთანაც ტყუპ ძმებს დავით და გიორგი ფეიქრიშვილებთან დაპირისპირების ისტორია აქვთ), რომელმაც თანმხლებ პირებთან ერთად სცემა. ინფორმაცია უარყვეს პენიტენციურმა სამსახურმა და ყიფიანის ადვოკატმა.
დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ ორჯერ შეიყვანეს: 19 ოქტომბერს – მოტეხილი ოთხი ნეკნით, ჩამტვრეული სახის ძვლებითა და დაზიანებული თავის ქალით; 20 ოქტომბერს – ხელზე მიყენებული ჭრილობით (თვითდაზიანებით).
გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ 20 ოქტომბერს დაიწყო, შემდეგ კი პროკურატურამ გადაიბარა.
26 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს „რეკომენდაციით მიმართა“ პენიტენციური სამსახურის უფროსისთვის, გიორგი პატარაძისთვის უფლებამოსილება შეეჩერებინა. პატარაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით იმავე დღეს დატოვა. მის გათავისუფლებას პატიმრობაში მყოფი ტყუპი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი და ადვოკატი მოითხოვდნენ.
გიორგი დავითაძე გაუპატიურებაზე საუბრობს
რუსთავის N6 საპატიმროში მყოფი პატიმარი გიორგი დავითაძე და მისი ოჯახის წევრები ციხის თანამშრომლებს სექსუალური ხასიათის ძალადობაში ადანაშაულებენ. პატიმარმა 2 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ დეესკალაციის ოთახში საბადრაგო სამსახურის თანამშრომელმა გააუპატიურა.
„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, - თქვა პატიმარმა იმავე სხდომაზე.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დავითაძე 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში მოათავსეს. უწყების თანახმად, სწორედ ამ ეპიზოდს უკავშირებს ოჯახი პატიმრის მიმართ ღირსების შემლახველ მოპყრობას. სამსახურმა უარყო პატიმრის მონაყოლი და ვიდეოკადრები გაასაჯაროვა - სახალხო დამცველმა მასში „ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ“ დაინახა.
სხვა ბრალდებები
განცხადებაში ყურადღება გამახვილდა გიორგი დავითაძეზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ საპატიმროში გამოცხადებული სოლიდარობის მიზნით პროტესტზე.
„5 ოქტომბერს ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატმა განაცხადა, რომ მის კლიენტსა და კიდევ ოთხ პატიმარს ციხის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი დავითაძის მხარდასაჭერი პროტესტის შემდეგ“, - წერია განცხადებაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…