ნანა კაკაბაძე: „ფაქტია, რომ საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებმა, ვერ გათვალეს აგრესორი რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ბრუტალური რეაქცია და გადაჭარბებული იმედები დაამყარეს დასავლეთის მხარდაჭერაზე, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების ოპერაციებს გეგმავდნენ ან ე. წ. ღირსების რევოლუციას აწყობდნენ“
„მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებმა ვერ გათვალეს რუსეთის ბრუტალური რეაქცია და გადაჭარბებული იმედები დაამყარეს დასავლეთზე. მისი თქმით, უკრაინას ზავის მძიმე პირობების შესაცვლელად კოზირები აღარ რჩება.

„საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებმა, ვერ გათვალეს აგრესორი რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ბრუტალური რეაქცია და გადაჭარბებული იმედები დაამყარეს დასავლეთის მხარდაჭერაზე“, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.
„ძალა აღმართს ხნავს
დაახლოებით, თვენახევრის წინ გამოქვეყნებულ პოსტში საერთაშორისო ვითარების ანალიზისას ვვარაუდობდით, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ამ წლის ბოლოს ან 2027 წლის გაზაფხულზე დასრულდებოდა.
განვლილმა პერიოდმა ეს ვარაუდი კიდევ უფრო რეალისტური გახადა არა მხოლოდ ომის დასრულების სავარაუდო ვადები, არამედ ის მოსალოდნელი შედეგები, რაზეც ჩვენ მივუთითებდით.
რა თქმა უნდა, ვერ დავიჩემებთ, რომ ომის დასრულების მოსალოდნელი პროგნოზები ჩვენი განსაკუთრებული და ექსკლუზიური მოსაზრება იყო, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვიტყვით, რასაც ზოგი ალბათ სრულად ან ნაწილობრივ დაეთანხმება და მოიწონებს, ზოგიც კატეგორიულად უარყოფს და იარლიკების მოკერებას, ლანძღვასაც არ დაგვაკლებს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ანალიზი ემყარებოდეს არა იმას, რა მოგვწონს, რა გვინდა ან რა გვესიამოვნება, არამედ ეს ანალიზი დავამყაროთ ობიექტურ რეალობაზე, თუნდაც ეს რეალობა მწარე და არასასიამოვნო იყოს.
მოგვწონს თუ არა, დღეს აშკარად გამოიკვეთა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები ძირითადად გადაწყდება ამერიკა-ჩინეთის პოზიციების, ინტერესების შეჯერებით. ამ შედეგებში უპირატესად (თუ სრულად არა) გათვალისწინებული იქნება რუსეთის ინტერესებიც.
ევროპა ბოლომდე შეეწინააღმდეგება ამას, რადგან ის მიიჩნევს, რომ მხარეებისთვის აშშ-ს მიერ შეთავაზებული ბოლო პირობები უკრაინის კაპიტულაციაა.
გერმანიის კანცლერი მერცი ამბობს, რომ “უკრაინის კაპიტულაცია ევროპის კაპიტულაციას ნიშნავს”.
რეალურად ეს ასეცაა, მაგრამ როგორც ჩანს, ძალა აღმართს ხნავს, ხოლო ასეთი ძალა ევროპას არ გააჩნია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად, მას მოლაპარაკების მაგიდასთან “დიდი ბიჭები” არ სვამენ.
ამიტომ ევროპა იძულებულია შეეგუოს რეალობას.
ბოლო დღეებში ევროპის სულ უფრო მეტ ქვეყანაში ისმის განცხადებები, რომ საკუთარი პრობლემებიდან გამომდინარე, უკრაინისათვის დახმარებების მხარდაჭერა უნდა შემცირდეს, რომ გაყინელი რუსული ფულის გამოყენება აღარ უნდა იქნეს განხილული, ვინაიდან ეს არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად არ არის სწორი, რომ უკრაინა უნდა დათანხმდეს ზავის მისთვის მძიმე პირობებს და ა. შ. თუ ამას დავუმატებთ ევროპის წამყვან სახელმწიფოებში ფსევდოლიბერალური ხელისუფლებების კრიზისებს, გასაგები გახდება, რომ უკრაინას ზავის მძიმე პირობების თავის სასარგებლოდ შესაცვლელად რაიმე კოზირები აღარ რჩება.
ეს მძიმე პირობები კი, როგორც ირკვევა, უკრაინის ტერიტორიის 30%-მდე დათმობას გულისხმობს რაზეც ზელენსკი თანხმობას აცხადებს, თუმცა, ის სახის შენარჩუნების მიზნით აცხადებს: „ჩვენი მიწა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ადამიანებს ეხება და არა კილომეტრებს. ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ მიწის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი ქვეყნის დაცვისას. ამ ტერიტორიებს, რომლებიც დროებით არის ოკუპირებული, არავინ აღიარებს რუსეთის ტერიტორიებად და, ვფიქრობ, რუსეთს ეს ესმის. სამწუხაროა, თუ ვინმეს ეს არ ესმის, მაგრამ ეს უკვე მათი საქმეა“.
ანუ უკრაინა ამ ტერიტორიებს რუსეთის კუთვნილებად დე-ფაქტო აღიარებს და არა დე-იურე (თუმცა, რუსეთს ალბათ ეს მოთხოვნაც ექნება), მაგრამ ამ დაკარგულ ტერიტორიებს რაც არ უნდა “დროებით ოკუპირებული” ეძახონ, ფაქტია, მისი ინტეგრაცია მოხდება რუსულ სამყაროში, რადგან იქ რუსები და რუსულენოვანი უკრაინელები იცხოვრებენ.
სხვათა შორის, ამაზე პუტინმა გუშინ განაცხადა,
„უკრაინის ტერიტორიულ დანაკარგებზე საუბარი უადგილოა, რადგან ეს მათი ტერიტორია არ არის, ეს ისტორიული რუსეთის ტერიტორიაა. მით უმეტეს, რომ ამ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ადამიანებმა, ჯერ ერთი, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სასარგებლოდ მისცეს ხმა, ხოლო მეორე ეტაპზე – რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას დაუჭირეს მხარი. ასე რომ, ვფიქრობ, ტერიტორიულ დანაკარგებზე საუბარი უადგილოა. ეს სადავო საკითხია და ამ თემაზე კამათი უსასრულოდ შეიძლება”.
რასაკვირველია, ეს ნათქვამი არსებული მსოფლიო წესრიგის საფუძვლების დანგრევაა, რადგან თუ დღეს ოფიციალურად აღიარებული საზღვრების ურყევობის ნაცვლად მსოფლიო წესრიგის საფუძვლად მიწების „ისტორიულ კუთვნილებას” ავიღებთ, მსოფლიო მუდმივი ქაოსისა და ომებისთვის იქნება განწირული, რამეთუ დღეს არსებულ ტერიტორიებს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე სულ სხვადასხვა მესაკუთრე ჰყავდა და ვისაც ძალა აქვს, თავისთვის ხელსაყრელი ეტაპიდან აითვლის „კანონიერი მესაკუთრის” საწყის წერტილს.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს უკვე მსოფლიო წესრიგის საფუძველი ხდება
„ძალა აღმართს ხნავს”, რის შემდეგაც სამართლებრივი საფუძვლის მოძებნა მხოლოდ იურიდიული ტექნიკის საქმეა. ამ ფონზე იბადება კითხვა: აბა რა უნდა ვქნათ, რა დავუპირისპიროთ ძალას? რა უნდა ექნა უკრაინას, არ შებრძოლებოდა თავდამსხმელს და დანებებოდა? ძნელია ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა, ამიტომ ჩვენ სხვადასხვა ალტერნატიულ მოსაზრებას განვიხილავთ და მკითხველმა თვითონ უნდა აირჩიოს, რომელი გზაა ქვეყნისათვის უფრო მისაღები.
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი უნდა შეფასდეს მოსალოდნელი (ან უკვე დამდგარი) შედეგების მიხედვით.
ერთი გზაა, რომ ყველა ბრუტალურ ძალას და ბოროტებას ქვეყანა ებრძოლოს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, გაიღოს უდიდესი მსხვერპლი, არ დანებდეს არავითარ შემთხვევაში თუნდაც ქვეყანა განადგურდეს, სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუპოვრობის ლამაზი და მისაბაძი ისტორია დაუტოვოს კაცობრიობას.
ეს ძალიან ამაღელვებელი, ჰეროიკული და საამაყო ისტორია იქნება ყველა ადამიანში და ყველა თაობაში გამოიწვევს აღტაცებას, აღფრთოვანებას, რაც უდავოდ, დასაფასებელია. შედარებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ამ გზას ადგას უკვე 5 წელია უკრაინა.
მეორე გზა დიდი ძალის დანახვისთანავე რამდენიმე დღეში დანებებას მოიაზრებს, რაც ქვეყნის ნაწილის დათმობის ხარჯზე სახელმწიფოებრიობის გადარჩენას ნიშნავს. ამ გზას დაადგა 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმი, როდესაც რამდენიმე დღეში გამოაცხადა კაპიტულაცია და ხალხი აზეიმა, რომ ამით მისი ხელისუფლების კონტროლქვეშ დარჩენილი ტერიტორია და საკუთარი ზალაუფლება გადაარჩინა.
მესამე გზაა იმის მაქსიმალურად გათვლა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლების მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდობა, განვითარებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდის პირობები. ეს გზა აირჩია საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, რისთვისაც მრავალი საყვედური, ლანძღვა, შიდა და გარე “მეგობრების” გადამტერება დაიმსახურა, თუმცა ამ წლების განმავლობაში შეძლო საკუთარი პოლიტიკური ხაზის დაცვა. მართალია ისიც, რომ ზოგ შემთხვევაში მოუხდა საკამათო გადაწყვეტილებების მიღება შიდა პოლიტიკურ სფეროში, მაგრამ შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჯერჯერობით ის მანამდე არსებულ ყველა ქართულ ხელისუფლებაზე ეფექტიანად წარმოჩინდა.
ამის მიზეზი იყო ისიც, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინა როგორც წინა ხელისუფლებების, ისე სხვა ქვეყნების გამოცდილება, ასევე მათ მიერ დაშვებული შეცდომები, რომლებსაც მძიმე შედეგები მოყვა.
მაგალითად, 1992 და 2008 წელს რუსულ პროვოკაციებზე წამოგებული საქართველოს ხელისუფლებების მოქმედების შედეგები, თუნდაც უკრაინის სხვადასხვა ხელისუფლებების გაუთვლელი მოქმედებები, რამაც უკრაინის მდგომარეობა დღევანდელ დღემდე მიიყვანა.
ფაქტია, რომ საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებმა, ვერ გათვალეს აგრესორი რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ბრუტალური რეაქცია და გადაჭარბებული იმედები დაამყარეს დასავლეთის მხარდაჭერაზე, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების ოპერაციებს გეგმავდნენ ან ე. წ. ღირსების რევოლუციას აწყობდნენ, პრორუსულად განწყობილ აღმოსავლეთ უკრაინაში ყველანაირი რუსულის ამოშანთვას ცდილობდნენ. საბოლოო ჯამში, კი რუსეთის საზღვრებთან ნატოს ბაზების განლაგებას ლობირებდნენ.
ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ, როგორ ემოქმედათ იმ დროს, როდესაც „ძალა აღმართს ხნავს”, როდესაც არც გაერო და ამ ძალის არც სხვა რაიმე შემაკავებელი ფაქტორები არ არსებობდა.
მათ იცოდნენ პოლიტიკური ვითარების შეფასება და ან გიორგი ბრწინვალის მსგავსად ახერხებდნენ მშვიდობის შენარჩუნებას, ქვეყნის გაძლიერებას, ან გიორგი VII-ის მსგავსად ვერ აცილებდნენ ქვეყანას თემურ-ლენგის 8-ჯერ შემოსევას 20 წელიწადში.
საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა ხელისუფლებას ისტორია შეაფასებს იმის მიხედვით, პოლიტიკური სიტუაციის სწორად გათვლით, რა დოზით შეინარჩუნებს ის ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობას, მოქალაქეთა კეთილდღეობას და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივებს ისეთ პირობებში, როდესაც „ძალა აღმართს ხნავს!“, – წერს ნანა კაკაბაძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებმა, ვერ გათვალეს აგრესორი რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ბრუტალური რეაქცია და გადაჭარბებული იმედები დაამყარეს დასავლეთის მხარდაჭერაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…