ნანა კაკაბაძე ოპოზიციის შესახებ: „მათ კარგად იციან, რომ მხოლოდ ივანიშვილის გარეშე არსებულ საქართველოში მიეცემათ ხელისუფლების დაბრუნების შანსი, რათა კვლავ მოაწყონ მასობრივი რეპრესიები, სისტემური და სისტემატური წამებები ციხეებში და ყველა იმ ღირებულების ნიველირება, რომელიც ქართველმა ხალხმა, საბჭოთა რეჟიმის დასრულების შემდგომ მოიპოვა“
„მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას ხელისუფლების დაბრუნება მხოლოდ ივანიშვილის გარეშე შეუძლია, რათა ციხეებში მასობრივი რეპრესიები და წამებები დააბრუნოს. მისი თქმით, ოპოზიცია საქართველოს დასავლეთის ხელში რუსეთის გასაღიზიანებელ იარაღად გადაქცევას ცდილობს.

„რას ნიშნავს “საქართველო ივანიშვილის გარეშე!”
25 ოქტომბერს ამ ლოზუნგით დაიწყო ოპოზიციამ ძალაუფლების მოპოვებისათვის ბრძოლის ახალი ეტაპი. ამ ბრძოლის პირველ საშუალედო ფინიშად 28 ნოემბერი დაასახელა, რა დღესაც მათი გეგმების მიხედვით, უნდა ჩატარდეს ისეთი გრანდიოზილი მანიფესტაცია, რომ მტერმა და მოყვარემ დაინახოს მათი მხარდამჭერების რაოდენობა და აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ძალა“, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
„ამ ახალი ეტაპის დაწყების სტარტზე, 25 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზეც ელოდნენ გაერთიანებული ოპოზიციონერები საკუთარი პოლიტიკური ძალის დემონსტრირებას მრავალრიცხოვანი მხარდამჭერების წარმოჩენით, თუმცა, მას შემდეგ, რაც ამ აქციის მცირე მასშტაბით მათ მხოლოდ საკუთარი უძალობის დემონსტრირება მოახდინეს, იხტიბარი არ გაიტეხეს და განაცხადეს, ამ ძალას ერთთვიანი პოლიტიკური აქტივობის შემდეგ, 28 ნოემბერს დაგანახვებთო. თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარი მხარდამჭერების რაოდენობის დემონსტრირება და „თავების დათვლა“ არ არის, მთავარია, გავარკვიოთ, რა უნდა იყოს საქართველო ივანიშვილის გარეშე, ანუ რა დგას მათი ამ ლოზუნგის თუ სლოგანის უკან და რას გულისხმობენ ისინი მასში.
ამისათვის უნდა გავიხსენოთ, რა იყო საქართველო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე, თორემ ზოგადად, მისი პიროვნების გარეშე არც 90-იანი წლების ბოლო და არც სააკაშვილის მმართველობის პირველ წლების საქართველოს ისტორია არ დაწერილა. ამ პერიოდებში, მხოლოდ მისი დაუჯერებლად დიდი მასშტაბის ქველმოქმედებების ისტორიები იცოდა საზოგადოებამ, პირადად ის კი ხალხში რაღაც მითიურ პიროვნებად აღიქმებოდა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფარდა აეხადა სიმართლეს და გავიგეთ, რომ სააკაშვილის მიერ საკუთარ თავზე მიწერილი ჯარისა თუ პოლიციის საყოველთაოდ აღიარებული რეფორმები და მინისტრების სახელფასო ფონდებიც კი სწორედ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული ყოფილა.
ბიძინამ მხოლოდ მას შემდეგ შეუწყვიტა დაფინანსება რეჟიმს, რაც სრულიად აშკარა გახდა სააკაშვილის ხელისუფლების ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები. ამის შემდეგ დაიწყო მან ფიქრი იმაზე, თუ როგორ ეხსნა ქვეყანა საააკაშვილის დიქტატურისგან. როდესაც დაასკვნა, რომ მხოლოდ პოლიტიკაში მისი აქტიური ჩართვა იქნებოდა რეჟიმისგან ქვეყნის ხსნის ერთადერთი სწორი გზა, ამის განაცხადი გააკეთა 2011 წლის ოქტომბერში, შექმნა პოლიტიკური პარტია და ერთ წელიწადში არჩევნების გზით დაამარცხა 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმი.
ეს იყო ფაქტობრივად თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული საარჩევნო რევოლუცია.
მას შემდეგ განვლილი 14 წლის განმავლობაში ხალხისგან უარყოფილმა სააკაშვილის რეჟიმის მიმდვრებმა ხან არჩევნების და ხან ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის გზით ბევრჯერ სცადეს რევანშის აღება და ძალაუფლების დაბრუნება, მაგრამ ყოველ ჯერზე მარცხი განიცადეს.
14 წლის მანძილზე ასევე მეთოდურად და სისტემატურად ცდილობდნენ ბიძინა ივანიშვილის დემონიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე.
ამიტომ სრულიად მოსალოდნელიც კი იყო, რომ თავისი წარუმატებელი პოლიტიკური ბრძოლის ბოლო ეტაპზე მივიდოდნენ ამ ლოზუნგის თუ სლოგანის (“საქართველო ივანიშვილის გარეშე!”) წამოწევამდე.
მათ კარგად იციან, რომ მხოლოდ ივანიშვილის გარეშე არსებულ საქართველოში მიეცემათ ხელისუფლების დაბრუნების შანსი, რათა კვლავ მოაწყონ მასობრივი რეპრესიები, სისტემური და სისტემატური წამებები ციხეებში და ყველა იმ ღირებულების ნიველირება, რომელიც ქართველმა ხალხმა, საბჭოთა რეჟიმის დასრულების შემდგომ მოიპოვა.
თავისი უგუნურებით თუ გარედან მითითებით ცდილობენ გააღვივონ რუსეთთან კონფლიქტი, რამაც შესაძლოა დაგვაკარგვინოს კიდევ უფრო მეტი ტერიტორიები, გააჩინოს ახალი ლტოლვილები.
მათი მიზნები პროგნოზირებადია, ექსპროპრიაცია ჩაუტარონ ხალხს ისევ ისე, როგორც ამას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის მანძილზე (2003-2012).
დაუნდობელი რეჟიმის შიშით, ხალხს გამოსძალონ და ბიუჯეტის გვერდის ავლით, საკუთარ ფონდებში ჩაარიცხინონ თანხები, სახელმწიფოსთვის საჩუქრად გადააცემინონ ქონებები ბიზნესმენებს თუ სხვა გაკულაკებულ მოქალაქეებს. დახურონ მათთვის მიუღებელი მედიები, კვლავ დააბრუნონ არა პაციენტზე, არამედ ბიზნესზე ორიენტირებული ჯანდაცვა, როდესაც მოქალაქეებს ოპერაციის გასაკეთებლად ხშირად სახლების გაყიდვა უწევდათ, ხოლო სასწრაფო დახმარების გამოძახებაც კი ვალად აღებული თანხებით უხდებოდათ.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, “საქართველო ივანიშვილის გარეშე” ნიშნავს სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო შეცვალონ (ჩაანაცვლონ) სახელმწიფო-გამომძალველით, სახელმწიფო – მკვლელით, სახელმწიფო-ტერიტორიების დამკარგველ-გამსხვისებლით, სახელმწიფო – განმკულაკებლით და სხვა ქვეყნის ინტერესების უპირობო გამტარებელით.
იოლი წარმოსადგენია 2022 წელს “საქართველო ივანიშვილის გარეშე” რომ ყოფილიყო, რა პროცესები განვითარდებოდა ქვეყანაში.
ნაც-ხელისუფლება მაშინვე დაუწესებდა რუსეთს სანქციებს, გაგზავნიდა მოხალისეებს უკრაინაში (რასაც მაშინ ოპოზიცია დაჟინებით მოითხოვდა), პატრიოტული ყიჟინით “გაისეირნებდნენ” აფხაზეთსა თუ ცხინვალში, რუსეთს გაუხსნიდნენ მეორე ფრონტს.
და ეს ყველაფერი გაკეთდებოდა პროდასავლურობის სახელით.
დღესაც სწორედ ამისკენ გვიბიძგებენ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” დირექტივები, რეზოლუციები თუ განცხადებები.
მათთვის ნაცები და მათი ანასხლეტები სწორედ იმიტომ არიან მისაღებები და სასურველები, რომ ეს უკანასკნელები თანახმანი არიან საქართველო გადააქციონ პროქსი სახელმწიფოდ, რომელიც დასავლეთის ხელში იქცევა რუსეთის გაღიზიანების იარაღად. ამას კი ჩვენი ფსევდოლიბერალები იმით ამართლებენ, რომ სხვა შემთხვევაში ქვეყანას არ ეყოლება მეგობრები, სტრატეგიული მოკავშირეები და გარედან დამცველები, რის გამოც პირისპირ დარჩება ოკუპანტ რუსეთთან.
მხოლოდ ბრიყვები ვერ ხედავენ, რა დღეში ჩააგდო 45-მილიონიანი უკრაინა ასეთი მოკავშირეების მოიმედეობამ.
მხოლოდ მერკანტილური ინტერესებით დაბრმავებულნი, ვერ ხვდებიან, რა დაემართებოდა ასეთი მოიმედეობის შემთხვევაში 4-მილიონიან საქართველოს.
პროდასავლურობა ადრე ნიშნავდა ღირებულებათა პატივისცემას. ნაცებისა და მათზე მიბმული მედია საშუალებების ხელში კი პრო-დასავლურობად სურთ შემოგვასაღონ დასავლეთში მოკალათებული ერთეული მაფიოზების კლანური ინტერესები, საიდანაც მხოლოდ ადგილობრივი ჩინოვნიკების ელიტა ხეირობს.
“საქართველო ივანიშვილის გარეშე” ნიშნავს ამ რეალობის დაბრუნების პერსპექტივას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი ისევ გრძელდება და მისი დასრულების პერსპექტივაც ჯერ კიდევ ბუნდოვანია.
ივანიშვილის საქართველო კი ნიშნავს ზემოთ აღწერილი საფთხეებისგან თავის არიდებას, რაც ქვეყანამ დიდი ძალისხმევის ფასად ბოლო ათწლეულში მოახერხა ბეწვის ხიდზე სვლით, თან ისე, რომ პარალელურად მოხდა ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება
ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, აბა, საქართველო ბიძინას გარეშე დაიღუპება და გაქრებაო? რა თქმა უნდა, არა.
ჩვენს ქვეყანას ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ჰყოლია დიდი როლის და ფუნქციის მატარებელი პიროვნებები, მაგრამ მათ შემდეგ ქვეყანა არც დაღუპულა და არც განადგურებულა.
ეჭვი არ გვეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც სიცოცხლის ბოლომდე კვლავ ერთგულად და წარმატებით ემსახურება თავის ქვეყანას, მაგრამ დღევანდელ საქართველოში მისი პიროვნების როლის იგნორირებას ვერც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი ვერ შეძლებს.
თვითონ ოპოზიციაც ღიად აღიარებს მის როლსა და მნიშვნელობას, ამიტომაც გამოაქვს საკუთარი ბრძოლის მთავარ ლოზუნგად თუ სლოგანად “საქართველო ივანიშვილის გარეშე”.
ამით გაჭრილად ეუბნებიან ხალხს, ჩვენი მიზნების (რა თქმა უნდა, “მიზნებად” მხოლოდ “ქვეყანაზე ზრუნვას” ასახელებენ) განხორციელების მთავარი დაბრკოლება ბიძინაა, ამიტომ დაგვეხმარეთ. რომ მისი 14-წლიანი მმართველობა დავასრულოთ და “სისხლიან 9 წლად” შეფასებული ჩვენი მმართველობის ფორმები და მეთოდები დავაბრუნოთო.
ნაცები და მათი ანასხლეტები, იმასაც კი არ პირდებიან ხალხს, რომ გამოვსწორდით და ძველ შეცდომებს აღარ გავიმეორებთო.
მაგრამ რადგან მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად ახსოვს მათი მმართველობა, საზოგადოების დიდი ნაწილი არ თვლის, რომ მიშას სისხლიანი ავტორიტარიზმი ჯობია ხარვეზებიან დღევანდელობას.
პირიქით, ქართველ ხალხს მათი მობრუნების შიში აქვთ და ბევრი სწორედ ამის გამოც უჭერს “ოცნებას“ მხარს.
ამიტომაც არ გააჩნია პერსპექტივა ხელისუფლებაში ძველი რეჟიმის დაბრუნების მცდელობებს.
და როდესაც დემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლილების დრო დადგება, ძალაუფლებას ის ძალები მოიპოვებენ, ვისაც ამომრჩეველთა უმრავლესობა აირჩევს საკუთარი ნებით, გაცნობიერებულად და არა ტყუილებით, დაშინებით და სხვადასხვა ინსინუაციებით“, – წერს კაკაბაძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„რას ნიშნავს “საქართველო ივანიშვილის გარეშე!” 25 ოქტომბერს ამ ლოზუნგით დაიწყო ოპოზიციამ ძალაუფლების მოპოვებისათვის ბრძოლის ახალი ეტაპი. ამ ბრძოლის პირველ საშუალედო ფინიშად 28 ნოემბერი დაასახელა, რა დღესაც მათი გეგმების მიხედვით, უნდა ჩატარდეს ისეთი გრანდიოზილი მანიფესტაცია, რომ მტერმა და მოყვარემ დაინახოს მათი მხარდამჭერების რაოდენობა და აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ძალა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…