OSCE PA-ს ვიცე-პრეზიდენტი "ოცნებას": შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გუდრუნ კუგლერი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი უკან გაიწვიოს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გუდრუნ კუგლერი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას, - აღნიშნულია მიმართვაში.
მისი თქმით, „პოლიტიკური პარტიების აკრძალვა განსაკუთრებული ზომაა, რომელიც უმაღლეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს“.
„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესით, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად. პოლიტიკური კონკურენციის გადაწყვეტა არჩევნების გზითა და ღია დემოკრატიული დებატებით უნდა ხდებოდეს და არა პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებით მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებული სასამართლო პროცესების საშუალებით.
როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს ეს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა. საქართველო არ უნდა გახდეს ქვეყანა, სადაც პოლიტიკურ ოპოზიციას განიხილავენ არა დემოკრატიული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, არამედ მტერს, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. საქართველომ, როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ და ევროპის საბჭოს წევრმა, ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს“, - აცხადებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი.
გუდრუნ კუგლერის თქმით, სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ხალხს, რომელსაც არაერთხელ გამოუხატავს სურვილი, იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ და ევროპულ მომავალზე ორიენტირებულ ქვეყანაში.
კუგლერი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფუძნებისა და მათ საქმიანობაში მონაწილეობის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი ქვაკუთხედია და ეუთო-ს დემოკრატიული ვალდებულებებით არის დაცული.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.