ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ეს არის ჩაკეტილი საზოგადოების ფორმირება, რომელიც არის რუსეთის ლუკმა“ – ინტერვიუ

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია აცხადებს, რომ ოპოზიციის აკრძალვის ინიციატივას საერთო არაფერი აქვს ევროსასამართლოს სტანდარტებთან და ეს ნაბიჯი რუსეთისთვის ხელსაყრელი ჩაკეტილი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ავტოკრატიის განმტკიცებას ემსახურება.

„ეს არის ჩაკეტილი საზოგადოების ფორმირება, რომელიც არის რუსეთის ლუკმა“ – ინტერვიუ
„ეს არის ჩაკეტილი საზოგადოების ფორმირება, რომელიც არის რუსეთის ლუკმა“ – ინტერვიუბათუმელები

„ეს არის ჩაკეტილი საზოგადოების ფორმირება, რომელიც არის რუსეთის ლუკმა. რეალურად საზოგადოება მიდის თვითგანადგურების რეჟიმში იმისთვის, რომ ამ საზოგადოების პატარა ნაწილი რეჟიმის სახით გადარჩეს… ჩემთვის ძალიან მტკივნეულია აგვისტოს ომთან დაკავშირებით არგუმენტაცია, რაც ჩაწერეს ამ სარჩელში. ერთადერთი საქართველოს ხელისუფლებაა და რუსეთის, რომელიც 2008 წლის ომს საქართველოს აბრალებს. ქართული იდეის ამაზე დიდი ღალატი ვერ წარმომიდგენია,“ – ამბობს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია.

მას ვესაუბრეთ ოპოზიციის გაუქმების სარჩელზე, რომელსაც ამ დღეებში საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს.

სარჩელში, რომლითაც „ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვეს, ნახსენებია ევროსასამართლოს პრაქტიკა, მაგრამ რეალურად რა სტანდარტით მოქმედებს ევროსასამართლო, როცა საქმე პარტიის აკრძალვას ეხება?

„როდესაც პოლიტიკური პარტიის გაუქმებაზეა ლაპარაკი, მთავარია, პარტია რამდენად იყენებს ძალადობას, როგორც პოლიტიკური ბრძოლის მეთოდს. ბოიკოტი რა ლოგიკით შეიძლება ჩაითვალოს ძალადობად?

კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, რომელიც ეხება ესპანეთში პოლიტიკური პარტიების აკრძალვას – Herri Batasuna და Batasuna – ეს საქმე ევროსასამართლომ განიხილა 2009 წელს (Herri Batasuna and Batasuna v. Spain, nos. 25803/04 and 25817/04, ECHR 2009) და იგი ეხება ესპანეთში, ბასკეთის რეგიონში ტერორისტულ საქმიანობას.

ბასკეთში 70-იანი წლებიდან მოყოლებული ფუნქციონირებდა სამხედრო დაჯგუფება ETA, რომელიც არის პასუხისმგებელი 900-მდე ადამიანის მკვლელობაში, აფეთქებებში. ამ ძალებისთვის პოლიტიკური მიზნის მიღწევა, ანუ ბასკეთის სახელმწიფოს შექმნა, რომელიც განაწილებულია ორ ქვეყანას: ესპანეთსა და საფრანგეთს შორის, შესაძლებელი იყო ძალადობით, მკვლელობებით, აფეთქებებით და ასე შემდეგ.

ეს პარტია ETA-ს პოლიტიკური გაგრძელება იყო. ETA მოგეხსენებათ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული იყო ევროკავშირის მიერაც,“ – გვიყვება ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

„ბათუმელებმა“ ნონა წოწორიასთან ინტერვიუ ჩაწერა:

ქალბატონო ნონა, რეალურად რა სტანდარტი აქვს დამკვიდრებული ევროსასამართლოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის კუთხით? „ოცნება“ თავის სარჩელში მიუთითებს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაზეც.

ნამდვილად სწორია ის, რომ ევროსასამართლოს აქვს საკმაოდ მდიდარი პრაქტიკა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. შეიძლება რამდენიმე ჯგუფი გამოვყოთ საქმეებისა, რაც პარტიების აკრძალვასთან არის დაკავშირებული. არის საქმეები, რომელიც ეხება უკვე არსებული პოლიტიკური პარტიების დაშლას. არის საქმეები, რომელიც ეხება პარტიების რეგისტრაციაზე უარის თქმას და საქმეები, რომელიც ეხება აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებულ პარტიებს, ანუ მეორად აკრძალვას. ასევე არის საქმეები, რომელიც უკავშირდება პარტიასთან დაკავშირებული ადამიანებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების აკრძალვას.

ევროპული კონვენციიდან გამომდინარე ევროსასამართლოსთვის პოლიტიკური პარტიები არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომლის გარეშეც დემოკრატიის ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელია. მიიჩნევა, რომ პოლიტიკური პარტიები არიან მნიშვნელოვანი აქტორები დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ, პირველ რიგში, კონვენცია აღიარებს დემოკრატიას, როგორც მმართველობის ერთადერთ ფორმას. დემოკრატია ეფუძნება კანონის უზენაესობას და, ზოგადად, ევროპულ ღირებულებებს.

თუმცა, ზოგჯერ პოლიტიკური პარტიები შეიძლება ფუნქციონირებდნენ ისე, რომ საფრთხეს უქმნიდნენ დემოკრატიას. ამ შემთხვევაში, ცხადია, კონკრეტული წინაპირობების არსებობისას, ევროსასამართლო შესაძლებლად მიიჩნევს პოლიტიკური პარტიების გაუქმებას. ევროსასამართლო ამასთანავე ამბობს, რომ იმის გამო, რომ მათ განსაკუთრებული როლი აქვთ დემოკრატიულ პროცესებში, პარტიების აკრძალვა უნდა იყოს უკიდურესი ზომა, რომელსაც ხელისუფლება მიმართავს.

ამ კატეგორიის საქმეებში ევროსასამართლო ყოველთვის მიმართავს ძალიან მკაცრი შეფასების წესებს და დეტალურად აფასებს: რამდენად იყო ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დასაბუთებული და სათანადო? ამ პარტიების საქმიანობა უქმნიდა თუ არა რეალურ რისკს დემოკრატიის არსებობას?

პრაქტიკიდან გამომდინარე არსებობს კონკრეტული ჩამონათვალი, რა შემთხვევაში მიაჩნია დასაშვებად ევროსასამართლოს პოლიტიკური პარტიის აკრძალვა?

ევროსასამართლო ამბობს: პარტიის მიერ გამოყენებული ხერხი და მეთოდები იყოს დემოკრატიული, ასევე, პარტიის საბოლოო მიზანი, ანუ ცვლილება, რაც უნდა დადგეს, ის ცვლილებაც უნდა იყოს დემოკრატიული.

ევროსასამართლო, როდესაც აფასებს რამდენად შეესაბამებოდა პარტიების აკრძალვა გადაუდებელ საჭიროებას, სამ კომპონენტს განიხილავს: რამდენად იქმნებოდა დემოკრატიისთვის რეალური, გარდაუვალი საფრთხე? პარტიის ლიდერების გამონათქვამები და ქმედებები რამდენად შეერაცხებოდა პარტიის საქმიანობას? მესამე ელემენტია ის, რომ ეს გამონათქვამები და ქმედებები რამდენად ისახავდა იმ ტიპის საზოგადოებრივი მოდელის შექმნას, რომელიც იქნებოდა დემოკრატიასთან შეუსაბამო?

ყველაფერი მიემართება იქითკენ, რა საფრთხე ექმნება დემოკრატიას ამ პარტიის საქმიანობით.

იდეალურია სიტუაცია, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი ძალები იცავენ დემოკრატიას და ოპოზიციაში, ანუ აკრძალული პარტიები არიან ისინი, რომლებიც დემოკრატიულ მმართველობას ეწინააღმდეგებიან. ჩვენთან უკუღმა არის სიტუაცია: ოპოზიციური პარტიები გამოდიან დემოკრატიის დასაცავად და ხელისუფლება მათ აუქმებს.

მაგალითად, მოლდოვაში მთავარი ამოცანა იყო რუსულ გავლენებთან ბრძოლის კონტექსტი, როცა აკრძალეს კონკრეტული პოლიტიკური ძალები. ამ კუთხით დისკუსიაში მეც მიმიღია მონაწილეობა მოლდოვაში. როგორც ცნობილია, რუსული აგენტურის, რუსული ტელევიზიების და ოლიგარქების გავლენა ძალიან დიდია ბევრ ქვეყანაში. მოლდოვაში ხელისუფლების ამოცანაა საკუთარი ქვეყნის გადარჩენა და ევროინტეგრაცია, „ოცნების“ ამოცანა კი არის ევროინტეგრაციის გზის დაბლოკვა საკუთარი, პირადი კეთილდღეობისთვის.

„ოცნება“ თავის სარჩელში წერს, არ მაღიარებენ ეს პარტიები და ეს უქმნის საფრთხეს ქვეყნის კონსტიტიციურ წყობილებასო. რა ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის დაჯგუფება სწორად არ მიუთითებს ევროსასამართლოს პრაქტიკაზე?

ეს ახალი არ არის – „ქართული ოცნება“ მუდმივად იყენებს ევროსასამართლოს პრაქტიკას საკუთარი მიზნებისთვის, რომელსაც დემოკრატიასთან არავითარი კავშირი არა აქვს.

ლეგიტიმაციას რაც შეეხება – არის შემთხვევა, როდესაც მოპარული საარჩევნო პროცესის შემდეგ შექმნილ სიტუაციას არ აღიარებს პოლიტიკური პარტია. სხვა მეტი რა გამოსავალი შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიას, გარდა იმისა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს?

ვიცით, რომ 2024 წელს ჩატარდა არჩევნები, სადაც დარღვეული იყო უამრავი ადამიანის საარჩევნო უფლება, მათ შორის ემიგრანტების, იყო დარღვეული ხმის საიდუმლოება იმ ტექნიკით, რომელიც გამოიყენეს. უამრავი პრობლემა დადასტურდა, რის გამოც არჩევნები არ შეიძლება სამართლიანად ჩაითვალოს.

ოპოზიციამ სხვა რა მეთოდი უნდა გამოიყენოს, თუ არა ასეთი მშვიდობიანი პროტესტი და წინააღმდეგობა? „ქართული ოცნების“ პოზიციით, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აღიარონ ეს შედეგები, მიიღონ სტატუს-კვო და დანებდნენ ამ ტიპის ძალაუფლების მიტაცებას, მაშინ, როცა არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი.

როდესაც პოლიტიკური პარტიის გაუქმებაზეა ლაპარაკი, მთავარია, პარტია რამდენად იყენებს ძალადობას, როგორც პოლიტიკური ბრძოლის მეთოდს. ბოიკოტი რა ლოგიკით შეიძლება ჩაითვალოს ძალადობად? საქართველოში ოპოზიციურ პარტიაში ყოფნა სიამოვნება არანაირად არ არის: ოპოზიციონერი ან ციხეშია, ან ნამყოფია ციხეში, ან კიდევ ემუქრება ციხე. ისინი მუდმივად მუქარის ქვეშ არიან და ყველანაირი ძალადობის მსხვერპლი ხდებიან.

ამ მოცემულობაში „ოცნება“ რაზეც საუბრობს, მას არანაირი კავშირი აქვს ევროსასმართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან, იმასთან, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდნენ პოლიტიკური პარტიები.

ძალადობაში რას მოიაზრებს ევროსასამართლო? „ოცნება“ ითხოვს, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას იმ მოტივითაც, რომ ძალადობრივი სისტემა შექმნეს, ციხეებში აწამებდნენ ადამიანებსო…

ცოტა სასაცილოა უკვე ციხეებზე აპელირება იმ ფონზე, რა სიტუაციაც დღეს არის ქართულ ციხეებში.

კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, რომელიც ეხება ესპანეთში პოლიტიკური პარტიების აკრძალვას – Herri Batasuna და Batasuna – ეს საქმე ევროსასამართლომ განიხილა 2009 წელს (Herri Batasuna and Batasuna v. Spain, nos. 25803/04 and 25817/04, ECHR 2009) და იგი ეხება ესპანეთში, ბასკეთის რეგიონში ტერორისტულ საქმიანობას.

ბასკეთში 70-იანი წლებიდან მოყოლებული ფუნქციონირებდა სამხედრო დაჯგუფება ETA, რომელიც პასუხისმგებელია 900-მდე ადამიანის მკვლელობაში, აფეთქებებში. ამ ძალებისთვის პოლიტიკური მიზნის მიღწევა, ანუ ბასკეთის სახელმწიფოს შექმნა, რომელიც განაწილებულია ორ ქვეყანას: ესპანეთსა და საფრანგეთს შორის, შესაძლებელი იყო ძალადობით, მკვლელობებით, აფეთქებებით და ასე შემდეგ.

ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ ძალადობაზე, როგორც ეს ევროსასამართლომ Herri Batasuna-ს და Batasuna-ს შემთხვევაში დაადგინა [ეს ორი პარტია მემკვიდრეები იყვნენ და ამიტომ გამოიყენება ერთად], მათი დაშლა კანონიერად მიიჩნია – ეს პარტია ETA-ს პოლიტიკური გაგრძელება იყო. ETA მოგეხსენებათ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული იყო ევროკავშირის მიერაც.

აი, ამ ტიპის ძალადობაზეა ლაპარაკი, რაც შეიძლება გახდეს პარტიების აკრძალვის საფუძველი.

თურქეთს აქვს ასევე ბევრი პოლიტიკური პარტია აკრძალული. ერთი კატეგორია ეხება ქურთისტანის სიტუაციას, ანუ „გაერთიანებული კომუნისტური პარტია“ და „დემოკრატიული პარტია“ პოლიტიკურ დღის წესრიგში აპირებდნენ ქურთების საკითხის დაყენებას. მათი აკრძალვა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ახალი დარეგისტრირებული იყვნენ და ამ პარტიებს არაფერი განხორციელებული არ ჰქონდათ, ევროსასამართლომ ჩათვალა, რომ იყო კანონთან შეუსაბამო.

ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია თურქეთის წინააღმდეგ – Refah Partisi-ს [კეთილდღეობის პარტია] საქმე. სხვათა შორის, ერდოღანის პარტია იყო ეს და ითხოვდა შარიათის დამკვიდრებას. ამ შემთხვევაში არ დაუდგენია ევროსასამართლოს დარღვევა, რადგან სასამართლომ ჩათვალა, რომ პარტიას კონვენციასთან შეუსაბამო მიზანი ჰქონდა.

ევროპის ქვეყნებში რა მაგალითები არსებობს ამ კუთხით?

რამდენიმე საქმე ეხებოდა ბულგარეთში „კომუნისტური პარტიის“ რეგისტრაციის დაუშვებლობას. ევროსასამართლომ თქვა, რომ „კომუნისტური პარტიის“ მითითება სათაურში არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ პარტიას მიზნად ექნება ტოტალიტარული დღის წესრიგი. ამ კუთხით დადგინდა დარღვევა.

ორი საქმე იყო რუმინეთის წინააღმდეგ, რომელიც ეხებოდა ასევე კომპარტიას. ერთ შემთხვევაში სასამართლომ თქვა, რომ კომპარტიის სათაურში გამოყენება ასევე არ იყო პრობლემა და ამიტომ ამ პარტიის დაურეგისტრირებლობა იყო კონვენციის დარღვევა, მაგრამ მეორე შემთხვევაში დარღვევა არ დაადგინა, რადგან პარტია მიზნად ისახავდა რუმინეთის აკრძალული კომპარტიის სამართალმემკვიდრეობის აღდგენას. ამ პარტიას არ მისცეს უფლება რეგისტრაციის და სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს იყო კანონთან შესაბამისი, რადგან მემკვიდრეობა, რომელიც კომპარტიას ჰქონდა რუმინეთში, იძლეოდა ამ პარტიის საქმიანობის დაუშვებლობისთვის წინაპირობას.

გერმანიაში საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის გადაწყვეტილებით ულტრამემარჯვენე ნეო-ნაცისტური ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (NPD) კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო, მაგრამ იმდენად ცოტა წარმომადგენლობა აქვს, რომ საფრთხეს დემოკრატიას არ უქმნის და არ დაშალა.

სხვათა შორის, ამ საქმეს ძალიან ცუდად იყენებს „ქართული ოცნება“, როცა ამბობს, სხვა პატარა პარტიებს ჯერ არ ვაუქმებთო. საქართველოს კონტექსტში ეს ძალიან სახიფათო განცხადებაა. რეალურად „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ამ წუთას ყველა დიდ პარტიას გააუქმებს, მაგრამ თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ამ ხმების მობილიზაცია მოახდინოს და მათი წარმომადგენელი გახდეს, მაშინ იმათაც აკრძალავს.

ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს მთლიანად პოლიტიკური ველის მოსუფთავებას, – მინიმუმ 800 000 ოპოზიციური ამომრჩევლს საარჩევნო უფლებას ართმევს. რას უპირებენ ამ 800 000 ადამიანს? რეალურად აქტიური საარჩევნო ხმის ჩამორთმევა ხდება.

გარდა იმისა, პასიური საარჩევნო უფლებაც შეზღუდულია იმიტომ, რომ იგივე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს 8 წელი უკრძალავენ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას. გარდა იმისა, რომ მოქმედი პოლიტიკოსებისთვის ამ უფლების აკრძალვას აპირებენ.

როდესაც საქართველოს სიტუაციას განვიხილავთ, ყველაფერი ერთად უნდა დავინახოთ. კონტექსტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს რეალობაში პოლიტიკური პარტიები არიან რეპრესირებულები, ფინანსური დახმარების უფლება არა აქვთ, პოლიტიკურ პარტიებში მონაწილე პირები ან ნასამართლევი არიან ან გამოძიების ქვეშ და არიან სხვადასხვა ფორმით ძალადობის მსხვერპლი, მათ შორის, პროპაგანდით და დეზინფორმაციით. ცალკე აღნიშნვის ღირსია სისხლის სამართლის კანომდებლობის ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გასანადგურებლად.

სამოქალაქო სექტორი, რომელმაც მონიტორინგი უნდა გაუწიოს საარჩევნო პროცესს, როგორც წინასაარჩევნო, ასევე პოსტსაარჩევნო პროცესს უკიდურესად დასუსტებულია და, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. მედია რა დღეშია და რამდენი ადამიანია ციხეში? მზია ამაღლობელი ციხეშია, ვახო სანაია ისევ დააპატიმრეს. ამ ხელისუფლებას ფორმალური დემოკრატიის პრეტენზიაც აღარ აქვს.

ევროსასამართლო ამ კონტექსტს მიაქცევს ყურადღებას? ექნება მოგების შანსი პარტიების აკრძალვის საქმეს სტრასბურგის სასამართლოში?

ევროსასამართლო აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას კონტექსტს. ფაქტია ის, რომ ხელისუფლება ებრძვის პოლიტიკურ აზრს და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს თავისუფალი აზროვნება. პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არის უკვე კრიმინალიზებული თავიდან ბოლომდე, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი დემოკრატიული საზოგადოებისთვის და ევროპული ცივილიზაციისთვის. ეს წარმოუდგენელია.

რა ეტაპზე გადადის საქართველო ოპოზიციის აკრძალვით?

ეს არის ავტოკრატიის სრული კონსოლიდაციაა, ევროპული ინტეგრაციის გზიდან საბოლოო ჩამოშორება, არადემოკრატიული, ჩაკეტილი საზოგადოების ფორმირება, რომელიც არის რუსეთის ლუკმა. რეალურად საზოგადოება მიდის თვითგანადგურების რეჟიმში იმისთვის, რომ ამ საზოგადოების პატარა ნაწილი რეჟიმის სახით გადარჩეს. „ოცნების“ ამოცანა ახლა ეს არის. დანარჩენი ადამიანები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე იცხოვრებენ, რომელსაც სახელმწიფოს ფორმატი აღარ აქვს, გადარჩენის რეჟიმში არსებობისთვის არიან განწირულები.

ჩემთვის ძალიან მტკივნეულია აგვისტოს ომთან დაკავშირებით არგუმენტაცია, რაც ჩაწერეს ამ სარჩელში. ერთადერთი საქართველოს ხელისუფლებაა და რუსეთის, რომელიც 2008 წლის ომს საქართველოს აბრალებს. ქართული იდეის ამაზე დიდი ღალატი ვერ წარმომიდგენია.

ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ ევროსასამართლოს საქმე „ჟდანოკა ლატვიის წინააღმდეგ“. ჟდანოკა იყო „კომუნისტური პარტიის“ წევრი, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა და რეალურად კომპარტია წინააღმდეგობას უწევდა ლატვიის დამოუკიდებლობის გამოცხადებას და მონაწილეობდა საბოტაჟში ლატვიური სახელმწიფოს წინააღმდეგ. ლატვიამ მიიღო შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც უზღუდავდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.

ევროსასამართლომ მიიღო ორი გადაწყვეტილება „ჟდანოკას საქმესთან“ დაკავშირებით. პირველ გადაწყვეტილებაში, რომელიც 2006 წელს არის მიღებული (Ždanoka v. Latvia [GC], no. 58278/00, ECHR 2006-IV [GC]), სასამართლომ დაადასტურა, რომ კომპარტიას მართლაც ჰქონდა ძალიან ნეგატიური როლი ლატვიის ისტორიაში და ამიტომაც, ეს აკრძალვა იყო კონვენციასთან შესაბამისი. თუმცა, ამავდროულად მიმართა ლატვიის მთავრობას, რომ ეს აკრძალვა არ გამხდარიყო სამუდამო.

2024 წელს „ჟდანოკას საქმეზე“ მეორე გადაწყვეტილება მიიღო ევროსასამართლომ (Ždanoka v. Latvia, no. 42221/18, 25 July 2024) და აღნიშნა, რომ წინა გადაწყვეტილებით დავადგინეთ, რომ ლატვიაში შედარებითი მეტი სტაბილურობაა (Greater stability), ახლა კი, ასე არ არის, რადგან რუსეთი შეიჭრა საქართველოსა და უკრაინაში და მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციაო. ამიტომაც, ამ ფონზე ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილება, აუკრძალოს კონკრეტულ ძალებს პოლიტიკურ პროცესში მონაწილება, გასაგებია ლატვიის უსაფრთხოებიდან გამომდინარეო.

ამ საქმეში პირდაპირ, ღიად ამბობს ევროსასამართლო, რომ რუსეთმა დაიწყო 2008 წლის ომი.

თქვენი აზრით, რა გამოსავალი რჩებათ ამ ვითარებაში მოქალაქეებს?

ერთადერთი, არის ზუსტად ის, რომ გავაგრძელოთ იმის თქმა, რომ ეს არის არალეგიტიმური მთავრობა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არალეგიტიმურია. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქვეყანას მომავალი არა აქვს. როცა საკუთარი ქვეყანა გადანაშაულებს ომის დაწყებაში, მაშინ მომავალში გასასამართლებელი საბუთი შეიძლება იყოს ის, რომ არალეგიტიმური მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილებები არის იურიდიული ძალის არმქონე. ამ სამართალმემკვიდრეობაზე მომავალ სახელმწიფოს ვერ დავაფუძნებთ. ამიტომაც ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ ამ ტიპის ლეგიტიმაციას.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს არის ჩაკეტილი საზოგადოების ფორმირება, რომელიც არის რუსეთის ლუკმა. რეალურად საზოგადოება მიდის თვითგანადგურების რეჟიმში იმისთვის, რომ ამ საზოგადოების პატარა ნაწილი რეჟიმის სახით გადარჩეს… ჩემთვის ძალიან მტკივნეულია აგვისტოს ომთან დაკავშირებით არგუმენტაცია, რაც ჩაწერეს ამ სარჩელში. ერთადერთი საქართველოს ხელისუფლებაა და რუსეთის, რომელიც 2008 წლის ომს საქართველოს აბრალებს. ქართული იდეის ამაზე დიდი ღალატი ვერ წარმომიდგენია,“
ნონა წოწორია
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი საგამოძიებო კომისიაზე: გარკვეულწილად მანიპულაციურად იყო მცდელობა იმისა, რომ ეს წარმოჩენილიყო ისე, თითქოს ერთგვარი ექსკლუზიური უფლებაა ოპოზიციის ხელში, რაც რეალურად, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები