„ეს არის სუვერენიტეტის თვითშეზღუდვა“ – ვახტანგ ხმალაძეს ოპოზიციის აკრძალვის საქმეზე
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის დაკმაყოფილება ქვეყნის სუვერენიტეტის თვითშეზღუდვასა და ერთპარტიული დიქტატურის დაკანონებას გამოიწვევს.

ხვალ, 10 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება „ოპოზიციის აკრძალვის საქმის“ განხილვა. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება რამდენიმე საფრთხეს ქმნის, მათ შორის, უმთავრესი „სუვერენიტეტის თვითშეზღუდვაა“.
ვახტანგ ხმალაძე სარჩელის იმ ნაწილზე მიუთითებს, სადაც „ოცნება“ ენმ-ს ადანაშაულებს აგვისტოს ომის დროს საოკუპაციო ძალის შესაჭრელად ნიადაგის შექმნაში.
„…თუ დაადასტურა, რომ არაკონსტიტუციური იყო საქართველოს ხელისუფლების მოქმედება, ეს იქნება იმის გაცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ უნდა გაარკვიოს: ხომ არ გააღიზიანებს რუსეთს და თუ გააღიზიანებს, მაშინ უარი თქვას ამ მოქმედებაზე. მაშინ, როცა ეს მოქმედება შესაძლებელია აუცილებელია საქართველოს ინტერესების დასაცავად. ეს ნიშნავს ნებაყოფლობით უარის თქმას სახელმწიფოს სუვერენიტეტზე. თუ ქვეყნის ხელისუფლებამ წამდაუწუმ ჩრდილოეთით უნდა გაიხედოს, ხომ არ ეწყინება ეს რუსეთს, ეს არის სუვერენიტეტის თვითშეზღუდვა,“ – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.
რა არის მთავარი საფრთხე, თუ „ოცნების“ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს და ოპოზიციური პარტიები აიკრძალება? – „ბათუმელებმა“ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრია.
ბატონო ვახტანგ, სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის იმიტომ, რომ „ოცნების“ მთავრობის ლეგიტიმაციას არ ცნობს, ივანიშვილის დაჯგუფება ოპოზიციის აკრძალვას აპირებს. უნდა განეხილა არსებითად ეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს?
ჩემი აზრით, არ უნდა შესულიყო არსებით განხილვაში სასამართლო, რადგან სარჩელი რამდენიმე სუბიექტის მიმართ არის შედგენილი. მკაფიოდ უნდა ყოფილიყო განსაზღვრული, რომელ სუბიექტს რა ბრალს უყენებს „ოცნება“, ან ყველა სუბიექტს ერთი და იგივე ბრალს უყენებს თუ არა, რაც ამ სარჩელის მიხედვით არ ჩანს. ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს ხარვეზი და მისი გამოსწორების შემდეგ შეიძლება იმსჯელოს მიღებაზე.
ვახტანგ ხმალაძე
საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო დასაშვებობის ეტაპზე ეს სარჩელი არ მიეღო განსახილველად, რადგან სარჩელში არ ჩანდა მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე შეიძლება შეიქმნას ვარაუდი, რომ მოპასუხეებმა, ან რომელიმე მოპასუხემ დაარღვიეს კონსტიტუციით დაწესებულები აკრძალვები.
გულისხმობთ იმას, რომ „ოცნების“ ამ სარჩელის მტკიცებულება ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნაა, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე თქვა, რომ საპარლამენტო კომისიის დასკვნა პოლიტიკური შეფასების დოკუმენტია და იგი ვერ გამოიწვევს სამართლებრივ შედეგს?
დიახ, ეს აბსოლუტურად სწორია, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში აღნიშნული მოსაზრებები არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, ან საერთო სასამართლომ ეს მიიღოს, როგორც მტკიცებულება. ეს შეიძლება იყოს განხილული, როგორც მოსაზრება და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს განხილული, როგორც ფაქტი.
გამოდის, საკონსტიტუციო სასამართლო შეეწინააღმდეგა ამ საქმეზე მის მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებას.
საგამოძიებო კომისიის დასკვნა ვერ იქნება პრეიუდიციული ძალის მქონე დოკუმენტი. სასამართლო როცა უთითებს სხვა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ის უკვე აღარ შედის ამ ფაქტის განხილვაში, რადგან ის დაადგინა სასამართლომ. ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება საპარლამენტო კომისიის დასკვნა.
პარტიის აკრძალვის საფუძველი მკაფიოდ არის განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციით და არანაირი სხვა საფუძვლით პარტიის აკრძალვა არ შეიძლება. პირველი ამ ჩამონათვალში არის შემთხვევა, თუ პარტიის მიზანია ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა.
დიახ, სარჩელი ამ ბრალდებით იწყება კიდეც: ჩვენს ლეგიტიმაციას ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ და ამით უქმნიან საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებასო.
კონსტიტუციაში გვიწერია, რომ სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა. კონსტიტუციური წყობილებისო და არა მთავრობის. ეს სხვადასხვა რამეა. რამდენიმე პარტიამ თქვა, რომ ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგის ლეგიტიმაციას, რადგან არსებობდა მთელი რიგი დარღვევები. ეს საფუძვლიანია, თუ არა, ეს არ არის არსებითი.
არსებითია ის, რომ აქ საუბარია მთავრობის ლეგიტიმურობის არაღიარებაზე და არა იმაზე, რომ კონსტიტუციური წყობილება – პარლამენტი, მთავრობა, პარლამენტის საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლება – მაშინ ამის დამხობას უნდა აცხადებდეს თავის მიზნად პარტია, ან არ აცხადებდეს, მაგრამ თავისი მოქმედებით ცდილობდეს ამ წყობილების დამხობას.
აბა, ვინმემ მითხრას: სად იყო მსგავსი მცდელობა, ან მსგავსი მიზნის გაცხადება? რას ითხოვდნენ ეს პარტიები? – აცხადებდნენ, რომ არჩევნების დროს დაფიქსირდა დარღვევები, რაც გასაჩივრდა, პარლამენტის შეკრება არ იყო კანონიერი, კონსტიტუციის და რეგლამენტის დარღვევით მოხდა შეკრება, ამიტომაც, ოპოზიციური პარტიები ითხოვდნენ ხელახალი არჩევნების დანიშვნას.
„ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა“ ერთმანეთის გამომრიცხავი სიტყვების შეხამებააო – „ოცნების“ სარჩელში ვკითხულობთ…
ეს არის ჟონგლიორობა სიტყვებით. ყურადღება მივაქციოთ პარტიების მოთხოვნებს: დავნიშნოთ ხელახალი არჩევნები, რათა მისი შედეგები იყოს სარწმუნო. ეს მოთხოვნა, ცხადია, არანაირად არ ეხება კონსტიტუციურ წყობილებას. პირიქით: ეს პარტიები ამბობდნენ, რომ პარლამენტი შეიკრიბა კონსტიტუციის დარღვევით, ამიტომ არის არალეგიტიმური და მოდი, ჩავატაროთ ხელახალი არჩევნები და ჩავატაროთ კონსტიტუციის მოთხოვნების დაცვით, რათა ხელისუფლება იყოს ლეგიტიმური.
აქ არსად ჩანს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა. მით უფრო, ძალადობით კონსტიტუციური წყობილების შექმნა.
ეს არგუმენტი შეუძლებელია გამოეყენებინათ გახარიას პარტიის წინააღმდეგ. ისინი აცხადებდნენ იმას, რომ არჩევნების შედეგი არალეგიტიმურია, თუმცა ამის მიუხედავად შევიდნენ პარლამენტში და დღემდე მონაწილეობენ პარლამენტის მუშაობაში.
სარჩელში არც ეს ნაწილია გამოკვეთილი: კონსტიტუციური წყობილების დამხობა, რასაც ისინი ამბობენ, არ ეხება გახარიას პარტიასო. სხვათა შორის, შუამდგომლობის სახითაც იყო დაყენებული ის, რომ მოსარჩელეს დაეკონკრეტებინა, რომელ მოპასუხესთან კონკრეტულად რა ბრალდება ჰქონდა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
ისევე, როგორც კიდევ 13 შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ. მხოლოდ 1 შუამდგომლობა დააკმაყოფილეს, ისიც იმ ნაწილში, რაც „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატებისთვისაც მისაღები იყო
საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი მოქმედება – თუნდაც მხოლოდ შუამდგომლობების დაუკმაყოფილებლობა, აჩენს ეჭვს სასამართლოს ობიექტურობის მიმართ.
ენმ-მ „შექმნა და განავითარა მკვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის სისტემაო“, წერია სარჩელში და ხაზგასმულია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების დანაშაულია თითქოს ის, რომ არ გაემიჯნენ „ნაციონალურ მოძრაობასო“
რას ნიშნავს „არ გაემიჯნენ“, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს იმ დროს არსებული პარტიები ყველა გამოდიოდა მის წინააღმდეგ?
გახარიას პარტიას ენმ-ს რანაირად გაემიჯნებოდა 2012 წლამდელ საქმეებზე, როცა არ არსებობდა? არც „ახალი“ არსებობდა, ან „ფედერალისტები“.
ან ეს გამიჯვნა რას ნიშნავს: ყველას წავუყენოთ მაშინ ბრალად, მათ შორის, „ქართულ ოცნებას“, რომ არ გაემიჯნენ კომუნისტებს.
გამიჯვნაზე როცა ვლაპარაკობთ, ეს შეიძლება ეხებოდეს შემთხვევას, როცა ხელისუფლება არის კოალიციური, მაგრამ იმ კოალიციაში წამყვანი როლი ერთ პარტიას აქვს, თუ რაღაც დაარღვია, კოალიციაში მყოფი სხვა პარტიები არ გაემიჯნენ წამყვანი პარტიის მოქმედებას. ამ შემთხვევაში, შეიძლება ვისაუბროთ გამიჯვნის საჭიროებაზე.
როგორც, მაგალითად, „ლელო“ გაემიჯნა ალეკო ელისაშვილის ქმედებას? „ოცნების“ სარჩელის მიხედვით, „ტერორისტულ აქტს“ „ლელო“ არ გაემიჯნა, რადგან ელისაშვილის დაპატიმრება „პოლიტიკურ ანგარიშსწორებად“ შეაფასესო. „ლელოს“ წარმომადგენელმა კი, საკონსტიტუციო სასამართლოში, ერთ-ერთ პროცესზე თქვა, რომ ელისაშვილი „ლელოს“ წევრი არც ყოფილა, ის 2024 წლის არჩევნებზე „ლელოს“ საარჩევნო სიის წევრი იყო, ხოლო ქმედებას იმავე დღეს გამოეხმაურნენ.
„ლელომ“ თქვა, რომ ელისაშვილის ეს მოქმედება იყო არასწორი. მეტი რა უნდა ეთქვა? მეტი რა უნდა იყოს გამიჯვნა? სიტყვა უნდა ჩაეწერათ მაინცდამაინც „ვემიჯნები“?
პარტიის ნებისმიერი წევრის, ან თანამდებობის პირის რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, არ შეიძლება შეერაცხოს ამ პარტიას, მით უმეტეს, როცა საარჩევნო სიაზეა საუბარი.
ახლახან თბილისის მერმა რომ განაცხადა ძაღლების დამცველების მიმართ, 5-6 დასაძინებელიაო, ამ განცხადების გამო, მერს შეიძლება წარედგინოს ბრალი და დაეკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც, რაც გამოიხატება მის გადადგომაში, მაგრამ არ შეიძლება ეს ბრალად შეერაცხოს „ქართულ ოცნებას“ მიუხედავად იმისა, რომ კალაძე არის „ოცნების“ გენერალური მდივანი.
„ოცნება“ თავის სარჩელში ჟონგლიორობს სხვადასხვა დარღვევით. საბოლოოდ, მიჰყავს საქმე იქამდე, რომ აი, ეს არის პარტიის მიერ კონსტიტუციის დარღვევა. ყველა ბრალდება, რომელიც წარდგენილი პარტიებისთვის, დაწვრილებით შეიძლება განვიხილოთ.
მე, როცა ამ სარჩელს გავეცანი, იქ ვერ დავინახე ვერცერთი საფუძველი, რომლის გამო შეიძლება დაისვას ნებისმიერი პარტიის აკრძალვის საკითხი, მათ შორის, 2008 წლის ომის ნაწილში.
„საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად…“ – პოლიტიკოსების გარდა, იურისტებიც მიიჩნევენ, რომ ეს „ოცნების“ სარჩელის მთავარი საფრთხეა. თქვენ თუ ხედავთ საფრთხეს სამართლებრივად?
სარჩელში ამ და სხვა ჩანაწერების მტკიცებულებად მოჰყავთ ტალიავინის კომისიის დასკვნა, მაგრამ კომისიის დასკვნა არაა ერთი აბზაცი. კეთილი ინებონ და მოიყვანონ დასკვნა სრულად, სადაც ნათლად ჩანს, რა წერია ამ დასკვნაში. იქ წერია, რომ ცხინვალის დაბომბვა იყო უკვე დაწყებული კონფლიქტის ესკალაცია და არ იყო ომის დაწყება – რუსის ჯარი უკვე შემოსული იყო საქართველოში. იმ დასკვნაში წერია, რომ რუსეთმა მოახდინა სამხედრო ინტერვენცია საქართველოში და მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია.
ამას გარდა არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ასევე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ერთმნიშვნელოვნად ბრალი ედება რუსეთის ხელისუფლებას.
დავუშვათ, რომ ამ ომის დაწყებაში დამნაშავეა საქართველო, ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ შეერაცხება კონსტიტუციის დარღვევად, რადგან ეს იყო ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელსაც წარმოადგენდნენ: პრეზიდენტი, რომლის გადაწყვეტილებაც დამტკიცებული იყო პარლამენტის მიერ, ამიტომ თუ ბრალი შეერაცხებოდა ვინმეს, შეერაცხებოდა ხელისუფლებას და არა კონკრეტულ პარტიას. ეს სხვადასხვა რამეა.
მაგრამ საბედნიეროდ მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილება არ იყო არაკონსტიტუციური. ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო რეაქცია იმ მოქმედებებზე, რაც ხდებოდა ცხინვალის რეგიონში. ეს იყო ქართული სოფლების დაბომბვა, ადამიანების გატაცება, რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების უმოქმედობა, რომელმაც არ აღკვეთა ოსური მხარის ეს მოქმედებები. ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ანტიკონსტიტუციური მოქმედებების აღსაკვეთად.
მოსალოდნელია, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და თქვას, რომ 2008 წლის აგვისტოში ხელისუფლების მოქმედება იყო ანტიკონსტიტუციური, რაც იმის ტოლფასი იქნება, რომ თქვა – ომი დაიწყო საქართველომ.
ეს ახალ სამართლებრივ მოცემულობას შექმნის?
დიახ, სამწუხაროდ ასეა. უნდა მივაქციოთ ყურადღება, სარჩელში რა წერია: საქართველოს ხელისუფლების ამ მოქმედებამ გამოიწვია რუსეთის გაღიზიანება, საპასუხო მოქმედება, რასაც მოჰყვა ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. ეს თუ დაადასტურა სასამართლომ, რომ არაკონსტიტუციური იყო საქართველოს ხელისუფლების მოქმედება, ეს იქნება იმის გაცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ უნდა გაარკვიოს: ხომ არ გააღიზიანებს რუსეთს და თუ გააღიზიანებს, მაშინ უარი თქვას ამ მოქმედებაზე.
ეს ნიშნავს ნებაყოფლობით უარის თქმას სახელმწიფოს სუვერენიტეტზე. თუ ქვეყნის ხელისუფლებამ წამდაუწუმ ჩრდილოეთით უნდა გაიხედოს, ხომ არ ეწყინება რუსეთს, ეს არის სუვერენიტეტის თვითშეზღუდვა.
ეს საფრთხეა ამ გადაწყვეტილებაში. მე მინდა იმედი ვიქონიო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, თუმცა ამის იმედი დიდად არ მაქვს.
რა არის კიდევ მთავარი საფრთხე, რაც შეიძლება მივიღოთ, თუ მართლაც გააუქმებენ ქვეყანაში ოპოზიციას?
პირველი რისკი არის სუვერენიტეტის თვითშეზღუდვა, ასევე გადაწყვეტილება შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ თავისი მოქმედებების გასამართლებლად.
მეორე რისკია ერთპარტიული დიქტატურის დაკანონება. დღევანდელი მდგომარეობა, როდესაც ხელისუფლება ერთპარტიულია და სასამართლო ხელისუფლება არის პოლიტიკური ხელისუფლების მსახურად ქცეული, უკვე იურიდიულად გაფორმდება.
ამას მოჰყვება რიგგარეშე არჩევნები.
რატომ ელოდებით რიგგარეშე არჩევნებს?
აკრძალული ოპოზიციური პარტიების პირობებში ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ სრული უმრავლესობა პარლამენტში, ფორმალურად არ იქნება ეს ერთპარტიული არჩევნები, ცალკე სუბიექტად იქნება, მაგალითად, „ხალხის ძალა“, ასევე „ნეიტრალური საქართველო“, კიდევ რამდენიმე პარტიას შეიყვანენ პარლამენტში, ხოლო „ოცნებას“ უკვე ექნება საკმარისი ხმები, რომ კონსტიტუცია შეცვალოს.
ამის შემდეგ კონსტიტუციიდან ამოიღებენ 78-ე მუხლს, ანუ გაუქმებენ ევროინტეგრაცის ვალდებულებას. ეს ფსევდო ოპოზიციაც, ცხადია დაუჭერს მხარს ამ ცვლილებებს. გვაქვს ისტორიის მაგალითი რუსეთის იმპერიასა თუ საბჭოთა კავშირში, სხვა სახელმწიფოებში, სადაც არსებობს მსგავსი დიქტატურები.
2028 წლამდე რომც არ ჩატარდეს არჩევნები, პარტიები ლეგალურად უკვე აღარ იარსებებენ და იქნებიან, როგორც კანონგარეშე. ასეთი პარტიები იყო საბჭოთა კავშირის დროსაც, როგორც საბჭოთა კავშირის დასაწყისში, ისე მისი დაშლის წინა პერიოდში. მაგალითად, „რესპუბლიკური პარტია“ 1978 წელს დაარსდა, ასევე „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ არსებობდა, ბოლო წლებში „ჰელსინკის კავშირი“, „კოსტავას საზოგადოება“. ესენი არ იყვნენ დარეგისტრირებული პარტიებად, მხოლოდ ერთი პარტია არსებობს „კომუნისტური პარტია“. ამ პარტიების ლეგალიზება მოხდა მხოლოდ 1990 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში.
უბედურება ისა, რომ ვიდრე იარსებებს ლეგალურად ერთპარტიული ხელისუფლება, ქვეყანა ვერ განვითარდება. ქვეყანას სჭირდება განვითარება – განათლება, ეკონომიკა. ადამიანის თავისუფლების დაცვა შეუძლებელია ამ დროს. ზოგან დიდ ხანს გრძელდება ეს ერთპარტიულობა, ზოგან – ნაკლებ ხანს, მაგრამ საბოლოოდ მთავრდება იმ პარტიისთვის კატასტროფით, რომელმაც ასეთი რეჟიმი დაამყარა.
ქვეყანას კი ხელახლა უწევს ბრძოლა, რომ თანდათან გადავიდეს დემოკრატიულ რელსებზე, ამაში იხარჯება წლები, ზოგჯერ თაობები მიდიან ისე, რომ ვერ მოესწრებიან ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე გადასვლას.
თქვენ პოლიტიკური გამოცდილება დიდი გაქვთ: ამ ნაბიჯით, ივანიშვილი იმყარებს ძალაუფლება, თუ პირიქით?
ფორმალურად იმყარებს, მაგრამ ფაქტობრივად ძალიან ამძიმებს თავის მდგომარეობას, რადგან არა მგონია, რომ ყველაფერი ასეთი ცუდი და მძიმე სცენარით განვითარდეს. იმედი მაქვს, რომ გადავრჩებით.
ივანიშვილი ვეღარ გადარჩება. ვერც „ქართული ოცნება“ ვერ გადარჩება.
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად…“
„…თუ დაადასტურა, რომ არაკონსტიტუციური იყო საქართველოს ხელისუფლების მოქმედება, ეს იქნება იმის გაცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ უნდა გაარკვიოს: ხომ არ გააღიზიანებს რუსეთს და თუ გააღიზიანებს, მაშინ უარი თქვას ამ მოქმედებაზე. მაშინ, როცა ეს მოქმედება შესაძლებელია აუცილებელია საქართველოს ინტერესების დასაცავად. ეს ნიშნავს ნებაყოფლობით უარის თქმას სახელმწიფოს სუვერენიტეტზე. თუ ქვეყნის ხელისუფლებამ წამდაუწუმ ჩრდილოეთით უნდა გაიხედოს, ხომ არ ეწყინება ეს რუსეთს, ეს არის სუვერენიტეტის თვითშეზღუდვა,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…