ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერისთვის 38 მლნ ევროს გამოყოფს
დემოკრატიული უკუსვლის გამო ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლების დაფინანსება შეწყვიტა, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის მხარდასაჭერად 38 მილიონ ევროს გამოყოფს. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, თანხა რეგიონებში ეკონომიკურ შესაძლებლობებს, სოფლის განვითარებასა და სხვა მიმართულებებს მოხმარდება.

როგორც დღეს, 16 ოქტომბერს ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსლეში გავრცლებულ პოტსში ვკითხულობთ, ევროკავშირი საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერას აგრძელებს.
ევროკავშირის წრამომადგენლობის განცხადებით ამით "განაგრძობს რეალური, დადებითი ცვლილებების განხორციელებას ოჯახებისა და თემებისთვის მთელ საქართველოში".
რა მიმართულებების დაფინანსებას გეგმავს ევროკავშირი
პროექტების მიმართულებებია:
პატარა ქალაქებსა და დაბებში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა;
ცვალებადი შრომის ბაზრის შესაბამისი უნარების განვითარება;
სოციალურ-ეკონომიკური განვითარება სოფლებსა და რეგიონებში, ამ პროცესებში ქალების ჩართულობით;
ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება და სურსათის ხარისხის ამაღლება;
ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა;
უსაფრთხო და ორგანიზებული მიგრაციის ხელშეწყობა;
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნა;
აფხაზეთში მცხოვრები თემების მხარდაჭერის გაგრძელება.
საქართველო-ევროკავშირის არსებული ურთიერთობა
2024 წლიდან, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა, დემოკრატიული უკუსვლის გამო, კანდიდატი ქვეყნის - საქართველოს - გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე განაცხადა, მმართველმა პარტიამ კი ევროკომისია შანტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა და 2028 წლამდე პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება, ბრიუსელსა და თბილისს შორის შეჩერდა მაღალი დონის შეხვედრები, გაიყინა თანამშრომლობის არაერთი მიმართულება, დაპაუზდა დახმარების პროგრამები, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესდა სავიზო შეზღუდვები.
მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ სურს, თუმცა ბრიუსელისგან დამოკიდებულების შეცვლას ელოდება.
12 ოქტომბერს კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელობა საქართველოს მიმართ კვლავ „ხისტი დამოკიდებულებით“ გამოირჩევა. მისი თქმით, „ევროკომისიის ხელმძღვანელობის პოზიცია თუ გადაიხედება, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ურთიერთობები“.
ციტატები სტატიიდან
„განაგრძობს რეალური, დადებითი ცვლილებების განხორციელებას ოჯახებისა და თემებისთვის მთელ საქართველოში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.