შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, ასევე, კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი რომში იტალიისა და კვიპროსის პარლამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა, სადაც საქართველო-ევროკავშირის დიალოგის აღდგენის მნიშვნელობა და ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ლორენცო ფონტანას შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, მხარეებმა აღნიშნეს საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა, რათა შენარჩუნდეს ინტენსიური დიალოგი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხებზე. დადებითად შეფასდა საპარლამენტო ვიზიტების მზარდი დინამიკა. შალვა პაპუაშვილმა იტალიელი კოლეგა, პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოში მოიწვია.
„მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები. ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირს შორის დიალოგის აღდგენის მნიშვნელობას.
ლორენცო ფონტანამ განაცხადა, რომ იტალია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.
პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან ერთად, ასევე, შეხვდა იტალიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ანიტა დემეტრიუს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და კვიპროსს მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ, რომლებიც საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება.
„მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე და კონსტრუქციული დიალოგისადმი მზაობა დააფიქსირა.
ანიტა დემეტრიუმ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლისადმი კვიპროსის მტკიცე მხარდაჭერა”, - ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.
შეხვედრები შედგა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.