23 წლის ირანელ ქალს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო სიკვდილით დასჯას უპირებენ
ირანში 23 წლის ქალს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო „ღვთისგმობისა“ და წინასწარმეტყველის შეურაცხყოფის ბრალდებით სიკვდილი მიუსაჯეს. ბრალდებული ამტკიცებდა, რომ პოსტები ჰალუცინაციების დროს გამოაქვეყნა და საერთაშორისო საზოგადოებას ჩარევისკენ მოუწოდა, თუმცა სასამართლომ არგუმენტები არ გაიზიარა.

23 წლის ირანელი ქალი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო „ღვთისგმობაში“ დამნაშავედ ცნეს და სიკვდილი მიუსაჯეს.
კიდევ სხვა საქმეზე ქალს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობაც მიუსაჯეს. ბრალდება ამ შემთხვევაში მოიცავდა ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებასა და ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო პროპაგანდის გავრცელებას.
ახალგაზრდა ქალის ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ ადამიანის უფლებათა აქტივისტებს უთხრა, რომ სიკვდილით დასჯის განაჩენი „წინასწარმეტყველის შეურაცხყოფის“ ბრალდებით გამოიტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ირანის კიბერპოლიციის (FATA) მიერ ინტერნეტსივრცეში განხორციელებული მონიტორინგის შემდეგ დააკავეს. მისი პოსტების ზუსტი შინაარსი საჯაროდ არ გამჟღავნებულა.
სიკვდილმისჯილი ქალი იანვარში, ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ათასობით ადამიანი დაიღუპა მაშინ ირანში, როცა რეჟიმი პროტესტს ძალადობით დაუპირისპირდა. ორგანიზაციების დაუზუსტებელი ინფორმაციით, 50 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
გასულ თვეში გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, რომელიც სიკვდილმისჯილ ქალს მიეწერება, მან საერთაშორისო საზოგადოებას ჩარევისკენ მოუწოდა და გაეროსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მისი საქმის გამოძიება სთხოვა.
„დღეს საკუთარი თავის გმირად წარმოჩენა არ მინდა. მხოლოდ ერთი რამ მინდა: გახდით ჩემი ხმა. […] მე უდანაშაულო ახალგაზრდა ქალი ვარ, რომელსაც უამრავი იმედი და ოცნება აქვს. […] მყავს მშობლები, რომლებიც ჩემს დაბრუნებას ელოდებიან. ოჯახი, რომელიც ყოველ ღამეს ჩემი დაკარგვის შიშით ათენებს.“
ირანის ისლამური სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, წინასწარმეტყველ მუჰამედის ან შიიტებისთვის პატივსაცემი ფიგურების შეურაცხყოფა სიკვდილით ისჯება. თუმცა 263-ე მუხლი გამონაკლისებს ითვალისწინებს იმ განცხადებებისთვის, რომლებიც გაკეთებულია ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ან განზრახვის გარეშე. მიუხედავად ამისა, გარკვეულ შემთხვევებში დამნაშავეს შესაძლოა 74-მდე შოლტის დარტყმაც მიესაჯოს.
ირანული გაზეთის ცნობით, რომელმაც სასამართლო პროცესის მიმდინარეობა დაადასტურა, ქალმა სასამართლოში განაცხადა, რომ მეგობრებთან ერთად ფსიქოდელიური სოკოს მიღების შემდეგ ჰალუცინაციები ჰქონდა და სწორედ ამ მდგომარეობაში გამოაქვეყნა სადავო განცხადებები. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ეს წამოცდენა იყო.
მოსამართლემ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაიზიარა. გავრცელებული ინფორმაციით, მან იკითხა, — „რატომ არ შეურაცხყოფდით იმავე ჰალუცინაციურ მდგომარეობაში სხვა ადამიანებს ან რეჟიმის მოწინააღმდეგეებს, მაგალითად, ამერიკასა და ისრაელს?“
გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი საბოლოო არ არის და ირანის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას ექვემდებარება.
23 წლის სტუდენტს განაჩენი იმ ფონზე გამოუტანეს, როდესაც ირანში რეჟიმი ცდილობს უცხოურ მედიასთან ნებისმიერი სახის კონტაქტის კრიმინალიზება მოახდინოს, მათ შორის, სოციალურ ქსელებში ისეთი პოსტების გამოქვეყნებისაც, რომლებიც, ხელისუფლების შეფასებით, სხვა ქვეყნის მიერ ფინანსდება.
„ღვთის გმობისთვის“ სასიკვდილო განაჩენი, რამდენადაც ცნობილია, ბოლოს 2023 წლის 8 მაისს გამოიტანეს. ორი ახალგაზრდა სიკვდილით დასაჯეს ასევე სოციალურ ქსელებში აქტივობისთვის.
უფლებადაცვითი ორგანიზაციების მონაცემებით, ირანში წელს სულ მცირე, 600 ადამიანი დასაჯეს უკვე სიკვდილით.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„დღეს საკუთარი თავის გმირად წარმოჩენა არ მინდა. მხოლოდ ერთი რამ მინდა: გახდით ჩემი ხმა. […] მე უდანაშაულო ახალგაზრდა ქალი ვარ, რომელსაც უამრავი იმედი და ოცნება აქვს. […] მყავს მშობლები, რომლებიც ჩემს დაბრუნებას ელოდებიან. ოჯახი, რომელიც ყოველ ღამეს ჩემი დაკარგვის შიშით ათენებს.“
„რატომ არ შეურაცხყოფდით იმავე ჰალუცინაციურ მდგომარეობაში სხვა ადამიანებს ან რეჟიმის მოწინააღმდეგეებს, მაგალითად, ამერიკასა და ისრაელს?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.