POLITICO: რატომ არ აპირებენ ევროპელი ლიდერები უკრაინის დახმარების შემცირებას, მიუხედავად მზარდი უკმაყოფილებისა
ევროპელი ლიდერები, საზოგადოებრივი უკმაყოფილების ზრდის მიუხედავად, უკრაინის დახმარების შემცირებას არ გეგმავენ, რადგან კიევის მარცხი ევროპას თავდაცვისა და ლტოლვილთა ნაკადის გამო გაცილებით ძვირი, 1,6 ტრილიონ ევრომდე დაუჯდება.

ევროპის ქვეყნებში უკრაინის მხარდაჭერა მცირდება, თუმცა ევროკავშირის ლიდერები მიიჩნევენ, რომ კიევისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების შეწყვეტა გაცილებით ძვირი დაუჯდება ევროპას, ვიდრე საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლა. POLITICO-ს შეფასებით, რუსეთის შესაძლო გამარჯვება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის უსაფრთხოების, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საფრთხეებს შექმნის.
გერმანიაში, რომელიც ევროპის უდიდესი ეკონომიკა და ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ძალაა, მოსახლეობის 53% უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის წინააღმდეგია. არასამთავრობო ორგანიზაციის Körber Stiftung-ის მიერ მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კიევისთვის დახმარების გაგრძელებას მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 46% უჭერს. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 59% იყო.
კვლევის შედეგები ბოლო წლებში უკრაინის ომის მიმართ ევროპაში მზარდ დაღლილობას ასახავს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან თითქმის ხუთი წელი გავიდა, წერს გამოცემა.
ცენტრისტი ლიდერებისთვის, რომლებიც საბიუჯეტო პრობლემებსა და უკრაინის მხარდაჭერის მოწინააღმდეგე პოპულისტური ძალების მზარდ გავლენას ებრძვიან, ეს პოლიტიკური რისკი სულ უფრო მწვავე ხდება. თუმცა ბრიუსელში შეკრებილი არაერთი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ კიევისთვის დაფინანსების შეწყვეტის შედეგები საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლაზე გაცილებით მძიმე იქნება.
ევროპელი ლიდერების გაფრთხილებით, ასეთ გადაწყვეტილებას პუტინი გამარჯვებად აღიქვამს, რამაც შესაძლოა ტერიტორიული გაფართოების მიზნით ახალი აგრესიული ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგოს, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით. ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინის დამარცხება ევროპულ მთავრობებს გაცილებით ძვირი დაუჯდებათ, რადგან რუსეთისგან მომდინარე გაზრდილი საფრთხის საპასუხოდ საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება მოუწევთ.
„ყველას გვესმის, რომ ომის გახანგრძლივებასთან ერთად არსებობს რისკი, რომ მოქალაქეები დაიღლებიან“, - განუცხადა POLITICO-ს შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა ჯესიკა როზენკრანცმა ბრიუსელში. თუმცა, მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა „ეგზისტენციალური საკითხია და არა უბრალოდ სასურველი არჩევანი“. მინისტრის განცხადებით, უკრაინის დამარცხების შემთხვევაში შედეგები მთელი ევროპისთვის მძიმე იქნება.
POLITICO-ს ცნობით, დაფინანსების საკითხზე დებატები გადამწყვეტ მომენტში მიმდინარეობს. უკრაინა რუსეთის დაბომბვების ფონზე მეხუთე ზამთარს ხვდება, აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მცდელობებს კი ჯერჯერობით გარღვევა არ მოჰყოლია. კიევის ევროპელი მოკავშირეები შიშობენ, რომ მხარდაჭერის შესუსტების ნებისმიერი ნიშანი პუტინს დაარწმუნებს, რომ დრო მის მხარესაა.
ევროპელი ლიდერების არგუმენტი ასეთია: უკრაინის მხარდაჭერა უკვე მხოლოდ პუტინის მიერ ევროპის საზღვრების ძალით შეცვლის შეჩერებას აღარ ემსახურება - ის თავად ევროპული ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოებისა და მათი ცხოვრების წესის საფუძვლად არსებული სახელმწიფო ბიუჯეტების დაცვასაც გულისხმობს.
„ევროპა და უკრაინა ერთმანეთთან არიან დაკავშირებული, რადგან უკრაინა ჩვენთვის იბრძვის. ჩვენ მხოლოდ ევროებს ვითვლით, ისინი კი სისხლს ღვრიან“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტზე შესვლისას.
„იაფი ევროპა შეიძლება ძალიან ძვირად ღირებულ შეცდომად იქცეს. უსაფრთხოებას თავისი ფასი აქვს“, - დაწერა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.
გამოცემის ცნობით, გასულ წელს გამოქვეყნებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რუსეთის ნაწილობრივი გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა ევროპაში უკრაინიდან დამატებით 10 მილიონამდე ლტოლვილი ჩავიდეს. ეს მასპინძელ ქვეყნებში სოციალურ ხარჯებს გაზრდის და პოპულისტურ განწყობებს გააძლიერებს. ამასთან, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის ძალების ახალი გაძლიერება გახდება საჭირო, რაც თავდაცვის ხარჯების ზრდას გამოიწვევს.
რისკების საკონსულტაციო კომპანია Corisk-ისა და ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, ევროპისთვის ჯამური დანახარჯი შესაძლოა 1,6 ტრილიონ ევროს მიაღწიოს. ეს უკრაინის გამარჯვების სავარაუდო ღირებულებაზე ორჯერ მეტია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…