თამთა მიქელაძე: რატომ მოინდომებს კიდევ ერთ მარცხს რუსეთი სამხრეთ კავკასიაში? და თუ ეს რუსეთისთვის მარცხი არ იქნება, მაშინ შენთვის გამარჯვება როგორ იქნება?
თამთა მიქელაძე მაკა ბოჭორიშვილის პირველი მოადგილის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში კობახიძის სპეცწარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის ინტერვიუს აფასებს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე მაკა ბოჭორიშვილის პირველი მოადგილის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში კობახიძის სპეცწარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის ინტერვიუს აფასებს.
მისი შეფასებით, „იმედზე“ გასული ინტერვიუ იყო მოკლე და არაფრისმთქმელი, ზურაბაშვილს ჰქონდა ორი გზავნილი: „ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ პრორუსულობაში ადანაშაულებს და ეს სიმართლეს არ შეესაბამება;
ჩვენ რუსეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ინტერესებიდან გამომდინარე ველაპარაკებით და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი წითელი ხაზი რუსეთთან ურთიერთობაში.“
თამთა მიქელაძის თქმით, ზურაბაშვილი-გალუზინის ფორმატში იკვეთება მნიშვნელოვანი საკითხები:
„1. რუსეთთან ორმხრივ ფორმატში, საერთაშორისო პარტნიორების უშუალო ჩართულობის გარეშე და სუსტი მოლაპარაკებითი პოზიციიდან დიალოგის წარმოება სტრატეგიული პრობლემაა. ძალთა მკვეთრი ასიმეტრიის პირობებში იზრდება რუსეთის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის, საქართველოსთვის არახელსაყრელი კომპრომისების თავს მოხვევისა და მისი მოლაპარაკებითი პოზიციების კიდევ უფრო შესუსტების რისკი. და საერთოდ რომელ გულახდილ ლაპარაკზეა საუბარი იმპერიასთან, რომელსაც შენს სხეულზე თათი უდევს?!
2. კიდევ უფრო პრობლემურია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე რუსეთთან ამგვარ ფორმატში მოლაპარაკების წარმოება. ეს მანდატი როდის და ვის მიერ მიეცა გიორგი ზურაბიშვილს?! საქართველოს აქვს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი, რომელიც 2008 წლის ომის შედეგებთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვისთვის შეიქმნა და საერთაშორისო აქტორების უშუალო ჩართულობას უზრუნველყოფს.
რატომ უნდა განიხილავდეს საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს რუსეთთან დამოუკიდებლად, საერთაშორისო შუამავლების გარეშე და ისედაც სუსტი მოლაპარაკებითი პოზიციიდან? რატომ გაჩნდა ეს რწმენა და მოლოდინი, რომ აი ახლა, როცა რუსეთი ისედაც მარცხდება და სუსტდება უკრაინის ომის კონტექსტში, შენ რამეს დაგითმოს? რატომ მოინდომებს კიდევ ერთ მარცხს რუსეთი სამხრეთ კავკასიაში? და თუ ეს რუსეთისთვის მარცხი არ იქნება, მაშინ შენთვის გამარჯვება როგორ იქნება? თუ 7 კომპანიის სანქცირებაზე არ მოდის კომპრომისზე, შენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომპრომისზე რატომ წამოვა და თუ წამოვა სანაცვლოდ რას მოგთხოვს?
დაუჯერებელია ეს აბსურდი და მავნებლობა “, - წერს მიქელაძე.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…