მაკა ბოჭორიშვილი – ზურაბაშვილი მოქმედებს, როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ეს დავუკავშიროთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მინსკში გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას არ უკავშირდება. მისი თქმით, შეხვედრა ქართულ კომპანიებთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა საჭიროებამ განაპირობა, ხოლო რუსეთთან ნორმალიზებისთვის მხოლოდ განცხადებები არ კმარა.

შეხვედრის ადგილი დაწერილი არსად არის, რომ მაინცდამაინც პრაღაში ან რომელიმე ქალაქში უნდა ყოფილიყო, შეხვედრის ადგილი, მინსკი იყო შემოთავაზებული და ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვქონდა, არაფერს ცვლის ეს ამ შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა ბოჭორიშვილს ჰკითხა: რატომ შეირჩა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს შორის გამართული შეხვედრის ადგილად მინსკი და შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ შეხვედრებიმანამდე რადგან პრაღაში იმართებოდა, მინსკი ჩაანაცვლებს პრაღას.
როგორც ბოჭორიშვილმა კითხვის პასუხად აღნიშნა, არ არის რამე გადაწყვეტილებაა მიღებული მუდმივობასთან დაკავშირებით.
„ჯერ მოდით, ასე ვთქვათ, პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი ეს არ არის ახალი ინსტიტუტი, ეს ინსტიტუტი არსებობდა და არაფერი ახალი არ მომხდარა ამ თვალსაზრისით. დაინიშნა კონკრეტული ადამიანი ამ თანამდებობაზე და პრემიერ-მინისტრს თუ არ ჰყავდა ერთი თვის წინ წარმომადგენელი, დღეს ჰყავს. ასე რომ, აქ არაფერი სენსაციური არ მომხდარა ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება შეხვედრას, შეხვედრის საჭიროებას, იყო ასეთი საჭიროება. არ დაგვიმალავს ისიც, ვიცით რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც კონკრეტულ ქართულ კომპანიებს შეეხება და კონკრეტულ საკითხს შეეხება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება ვალდებულია, გარკვეული ნაბიჯები გადადგას, რათა საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა მექანიზმი, რომლის ამუშავებაც შეიძლებოდა და გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა, დაინიშნა წარმომადგენელი და შედგა შეხვედრა. შეხვედრის ადგილი ასე ვთქვათ, ასე დაწერილი არსად არ არის, რომ მაინცდამაინც პრაღაში უნდა ყოფილიყო, ან რომელიმე ქალაქში უნდა ყოფილიყო, შეხვედრის ადგილიც იყო შემოთავაზებული, მინსკი, რა თქმა უნდა, ჩვენ საწინააღმდეგო ამის არაფერი გვქონდა, რომ ეს შეხვედრა გამართულიყო მინსკში. არაფერს არ ცვლის ეს ამ შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

25.11.2026
#დღისთემა ინტერვიუ ვიცე-პრემიერთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან #LIVE
შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომ ძალიან კარგი პროგრესი აჩვენა ამ შეხვედრამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის, ნდობის თვალსაზრისით და, შესაძლოა, მომდევნო შეხვედრები გაიმართოს დედაქალაქებში, მოსკოვში, ან თბილისში, რამაც საქართველოში მძიმე რეაქციები და ვნებათაღელვა გამოიწვია, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ბელორუსის მხარე ამ შეხვედრების მხარე არ არის, ბელორუსს არ აქვს ამ შეხვედრების შინაარსზე და შედეგებზე ინფორმაცია, არც შედეგების შეფასება შეუძლია ვინმეს, თუ ამას საქართველო არ გააკეთებს, რა შედეგით დასრულდა ეს შეხვედრა და რა შედეგები მოჰყვა, ან რუსეთი.
„შესაბამისად, შეხვედრების საჭიროება, თუ გაგრძელება, მხარეების გადასაწყვეტია და არა იმათი, ვისაც არ აქვს არანაირი როლი ამ შემთხვევაში ამ შეხვედრების შინაარსში და შეხვედრების გამართვაში. ბელორუსის მხარის მიერ გადადგმული იყო ის ნაბიჯები, რაც სჭირდებოდა მინსკში შეხვედრის ჩატარებას და მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა ორგანიზებული ყოფილიყო შეხვედრა ყოველგვარი შეფერხების გარეშე. ეს გაკეთდა მათი მხრიდან და რა თქმა უნდა, მადლიერი ვართ, რომ მათ გააკეთეს ამის უზრუნველყოფა, თუმცა შეხვედრების გაგრძელებაზე, შემდგომ ნაბიჯებზე, არანაირი შეთანხმება არ არსებობს და თუკი იქნება შემდგომი შეხვედრის საჭიროება, მხარეები განიხილავენ, სად ჯობია იმ კონკრეტულ მოცემულობაში და კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით, სად იქნება შეხვედრა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
შეკითხვაზე, განიხილება თუ არა ზოგადად შეხვედრების თბილისში, ან მოსკოვში შესაძლო გამართვის საკითხი, თუ ასეთი შემოთავაზება იქნება, რომ შეხვედრა თბილისში, ან მოსკოვში გაიმართოს, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი არც შემოთავაზებაა, არც გადაწყვეტილება და არ დღის წესრიგში დგას, ასე რომ, წინასწარ ამ თემებზე საუბარი სწორი არ ჰგონია.
როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ მანამდე არ წარმოადგენდა მოქმედი დიპლომატი საქართველოს რუსეთთან ურთიერთობებში, ის არის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, საგარეო უწყების მაღალჩინოსანი, რომელიც ასევე დარჩა ამ პოზიციაზე და შესაბამისად, მათ ჩათვალეს, რომ რაღაცნაირად, ხომ არ იქმნება ასეთი ფაქტორებით საფუძველი დიპლომატიური ურთიერთობის შესაძლო აღდგენის და ხომ არ ფართოვდება საქართველოს წარმომადგენლის მანდატი, რაზეც მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ამის ერთმანეთთან დაკავშირება არასწორი იქნება.
„არა, არა, არანაირად, ამის ერთმანეთთან დაკავშირება უბრალოდ, არასწორი იქნება. ზურაბ აბაშიძეც ძალიან გამოცდილი დიპლომატი გახლავთ და ამ გამოცდილი დიპლომატის ხელში იყო ეს თანამდებობა. მაღალჩინოსანია ნამდვილად, მინისტრის პირველი მოადგილეა, თუმცა ეს ორი განსხვავებული პოზიციაა, ერთმანეთისგან გამიჯნული ამ შემთხვევაში და გია ზურაბაშვილი, არა როგორც მინისტრის პირველი მოადგილე, როგორც სპეციალური წარმომადგენელი, პრემიერ-მინისტრის მიერ განსაზღვრული და დანიშნული, მოქმედებდა და მოქმედებს ამ რანგში. აქედან გამომდინარე, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ეს დავუკავშიროთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. თუკი იქნება ამის საფუძველი და ყველამ ძალიან კარგად იცის, რა შეიძლება, იყოს საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საფუძველი, დასამალი ეს ნამდვილად არ იქნება, პირიქით, ყველას ძალიან გაუხარდება, თუკი იქნება ის მოცემულობა, რა მოცემულობაშიც ჩვენ შევძლებთ დიპლომატიური ურთიერთობების განახლებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს სერგეი ლავროვის დღევანდელ განცხადებას, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით და მიესალმა მის განცხადებას, რომ საქართველოს არ უნდა ეშინოდეს რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტების, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთს თუკი სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, აქ არც დასამალია არაფერი და ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯებია გადასადგმელი და ვისი მხრიდან, რომ რამე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციასთან.
„ასე რომ, მხოლოდ სურვილის გაჟღერება საკმარისი არ არის, თუკი სურვილია მაშინ კონკრეტული ქმედებებიც უნდა ვნახოთ და კონკრეტული ნაბიჯებიც უნდა ვნახოთ, თუ რა იგულისხმება ამ სურვილის განხორციელებაში. ეს სურვილი ვერ იქნება ჩვენი მხრიდან განხორციელებული, ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც აქვს გადასადგმელი რამე ნაბიჯი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…