დავით მიროტაძე: ასეთმა ვითარებამ შექმნა ახალი ფენა - „მდიდარი მდაბიო“ - ადამიანები, რომლებიც მატერიალურად გამდიდრდნენ, მაგრამ კულტურულად, ეთიკურად და მოქალაქეობრივად ღარიბად დარჩნენ
დღევანდელ საქართველოში ერთი პარადოქსი იკვეთება. ეკონომიკური წარმატება აღარ არის ინტელექტის, განათლებისა და შრომის ნაყოფი, ის ხშირად მოდის შემთხვევითობიდან, კავშირებიდან, ან პოლიტიკურ ლოიალობაზე დაფუძნებული სისტემიდან.

პოლიტიკოსი, დავით მიროტაძე:
დღევანდელ საქართველოში ერთი პარადოქსი იკვეთება. ეკონომიკური წარმატება აღარ არის ინტელექტის, განათლებისა და შრომის ნაყოფი, ის ხშირად მოდის შემთხვევითობიდან, კავშირებიდან, ან პოლიტიკურ ლოიალობაზე დაფუძნებული სისტემიდან.
ასეთმა ვითარებამ შექმნა ახალი ფენა - „მდიდარი მდაბიო“ - ადამიანები, რომლებიც მატერიალურად გამდიდრდნენ, მაგრამ კულტურულად, ეთიკურად და მოქალაქეობრივად ღარიბად დარჩნენ.
მათი გავლენა დღეს დომინანტურია პოლიტიკაში, მედიაში, ბიზნესში, კულტურაშიც კი. ისინი ქმნიან ნორმას, რომელიც ძალაუფლებას უკავშირებს არა იდეებს, არამედ ძალას, ფულს და პრიმიტიულ წარმატების კულტს. შედეგად, საზოგადოება გადაიქცა იმ მოდელად, სადაც განათლება აღარ აღიქმება როგორც გზა წარმატებისკენ, სადაც გონიერება აღიქმება სისუსტედ და პატიოსნება - უშედეგო მორალურ ფუფუნებად.
ეს ფენა არ არის მხოლოდ სოციალური მოვლენა, ის პოლიტიკური ინსტრუმენტია.
ხელისუფლებამ ზუსტად იცის, რომ მდიდარი მდაბიო საუკეთესო მოქალაქეა ავტორიტარული სისტემისთვის. მას არ აქვს ღირებულებითი წინააღმდეგობა, ის ადვილად მართვადია და სისტემის შენარჩუნებაში ხედავს საკუთარი მცირე კეთილდღეობის გარანტიას.
ასე იქმნება მყარი, მაგრამ შინაგანად სუსტი სახელმწიფო, რომელიც გარედან ჩანს მდგრადი, თუმცა შიგნიდან ღრღნის მორალური დეფიციტი.
საქართველოს ამ ჩიხიდან გამოსვლა მოითხოვს არა მხოლოდ პოლიტიკურ ცვლილებას, არამედ მორალურ და ინტელექტუალურ რენესანსს. ახალი ელიტის აღზრდას, რომელიც ისევ დააბრუნებს საზოგადოების ცენტრში სიღრმეს, განათლებას და ღირსებას.
ეს არ მოხდება არჩევნებით, ეს მოხდება კულტურული ბრძოლით, თუ მოიძებნება საკმარისი ადამიანი, ვინც არ შეეგუება იმას, რომ ბარბაროსობა გახდა ახალი ნორმა.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…