ირაკლი ყიფიანი: ჭირისუფლის უმწვავესსა და სრულიად ლეგიტიმურ კითხვას პენიტენციური სისტემა მხოლოდ მშრალი, ბიუროკრატიული და შინაარსისგან სრულად დაცლილი სტანდარტული წერილით პასუხობს, რაც ...
ირაკლი ყიფიანი: ნუთუ მართლა აუცილებელია, რომ ადამიანმა სამართლის საპოვნელად საკუთარი ტრაგედია საჯარო სანახაობად აქციოს და კამერების წინ სასოწარკვეთილმა იღაღადოს? ნუთუ ჩვენს რეალობაში დაუწერელ წესად იქცა, რომ პროტესტმა აუცილებლად პოლიტიკური ელფერი უნდა მიიღოს, რათა შესაბამისმა უწყებებმა მას ყურადღება მიაქციონ?

პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი:
ოთხი თვის წინ კიდევ ერთმა დედამ ჩაიცვა შავები. 17 წლის ბიჭი, ნიკოლოზ ღუნაშვილი, სიცილის გამო მოკლეს. ეს სწორედ ის ტრაგიკული რეალობაა, სადაც საზოგადოებამ და სახელმწიფომ კიდევ ერთხელ ვერ შეძლო საკუთარი შვილის დაცვა. ახლა კი ამ უმძიმეს ტკივილთან გამკლავება მხოლოდ ერთი ოჯახის, ერთი განადგურებული დედის ტვირთად რჩება, რომელსაც შვილის საფლავთან ერთად, სისტემის გულგრილობასთანაც უწევს ჭიდილი.
ენით აღუწერელი ტრაგედიის პირისპირ მდგომი დედა საოცარ მოქალაქეობრივ სიმტკიცესა და სამართლებრივ კულტურას ავლენს. იგი სახელმწიფოსგან მხოლოდ ერთ, აბსოლუტურად ლოგიკურ განმარტებას ითხოვს იმ მოცემულობაზე, რასაც თავადვე ასაჯაროებს: უკვე მეოთხე თვეა, მკვლელობაში ბრალდებული პირი სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, ე.წ. „რეზბალნიცაზე“ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის პროცესი დიდი ხანია ამოიწურა, მისი იქ ყოფნა გრძელდება, ხოლო ჭირისუფლის უმწვავესსა და სრულიად ლეგიტიმურ კითხვას პენიტენციური სისტემა მხოლოდ მშრალი, ბიუროკრატიული და შინაარსისგან სრულად დაცლილი სტანდარტული წერილით პასუხობს, რაც უფრო პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობას ჰგავს, ვიდრე ინსტიტუტის მხრიდან მოქალაქის წინაშე ანგარიშვალდებულების შესრულებას.
ნუთუ მართლა აუცილებელია, რომ ადამიანმა სამართლის საპოვნელად საკუთარი ტრაგედი�� საჯარო სანახაობად აქციოს და კამერების წინ სასოწარკვეთილმა იღაღადოს? ნუთუ ჩვენს რეალობაში დაუწერელ წესად იქცა, რომ პროტესტმა აუცილებლად პოლიტიკური ელფერი უნდა მიიღოს, რათა შესაბამისმა უწყებებმა მას ყურადღება მიაქციონ? როდესაც უწყება მოქალაქის კითხვებს დროულად და გასაგებად პასუხობს, სხვისი ტკივილით სარგებლობის შესაძლებლობაც მცირდება. უპასუხოდ დარჩენილ ადამიანთან ადრე თუ გვიან ჩნდება ვინმე, ვინც მის სასოწარკვეთილებას საკუთარი მიზნისთვის გამოიყენებს. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მოქალაქეს დახმარების მისაღებად ასეთი მფარველის ძიება არ დასჭირდეს. შემდეგ პროცესის პოლიტიკურ ხასიათზე საუბარი ვეღარ ახსნის, რატომ ვერ მოუსმინეს ადამიანს მანამდე, სანამ მის გასაჭირს სხვები საკუთარი ინტერესებით დაუკავშირდებოდნენ. ხელისუფლებას ხომ შეუძლია დროული მოქმედებით თავადვე შეამციროს ის საფრთხე, რომელზეც შემდეგ თავად შეიძლება მიუთითოს.
ადამიანის თავშეკავება მისი ტკივილის სიმცირეს არ ნიშნავს. ვინც ხმას არ უწევს, შეიძლება უკანასკნელი ძალით ინარჩუნებდეს სიმშვიდეს. სახელმწიფო ამ ძალის ამოწურვას არ უნდა დაელოდოს. მოქალაქეს უნდა შეეძლოს ღირსების შენარჩუნებით მიიღოს პასუხი, საკუთარი სასოწარკვეთის საჯაროდ დამტკიცების გარეშე. ეს დედა სახელმწიფო უწყებას ოფიციალურად მიმართავს და მისგან თავისი მოვალეობის შესრულებას მოელის.
მივმართავთ საქართველოს მთავრობა, იუსტიციის სამინისტროს და სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia: ნუ დაელოდებით საზოგადოებრივი მღელვარების ზღვარს და ნუ აგრძნობინებთ მოქალაქეს, რომ სისტემა მხოლოდ ხმაურსა და ქუჩის პროტესტზე რეაგირებს. პირად კონტროლზე აიყვანეთ ოჯახის განცხადებაზე რეაგირება და წამოჭრილი საკითხების შემოწმება. განისაზღვროს პასუხისმგებელი პირი, უფლებამოსილმა პირებმა შეამოწმონ სამკურნალო დაწესებულებაში ბრალდებულის ყოფნის საჭიროება და ოჯახს ეცნობოს, როდის მიიღებს ამომწურავ და სამართლებრივად დასაბუთებულ განმარტებას. დედამ უნდა იცოდეს, რომ მისი წერილი განიხილეს და მის კითხვაზე პასუხს კონკრეტული ადამიანი აგებს. უზრუნველყავით, რომ ოჯახის მიმართ დამოკიდებულებაში პასუხისმგებლობაც ჩანდეს და ადამიანური თანაგრძნობაც.
ჩვენ კი, საზოგადოებამ, არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ხმა უწყებრივ დუმილში ჩაიკარგოს. გთხოვთ, გააზიაროთ ეს მიმართვა და მივიტანოთ ადრესატამდე, რათა ერთმა გამწარებულმა დედამ, რომელსაც შვილი მოუკლეს, სიმართლე და სამართალი მაინც იპოვოს.
ამ დედას შვილის გარეშე ცხოვრება უკვე უწევს. ნუ დავუმატებთ განცდას, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშეც მარტოა. მის მოსასმენად საჭირო ხმაურს ნუ დაველოდებით. მისი შვილი ვეღარ დაგველაპარაკება. დედის ხმა მაინც უნდა გავიგონოთ.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…