საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
კარი პირველი სახელშეკრულებო სამართალი
თავი მეოცე დაზღვევა
მუხლი 836. დაზღვევის ხელშეკრულების დადება სხვა პირის სასარგებლოდ
დამზღვევს შეუძლია მზღვეველთან დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი სახელით სხვა პირის სასარგებლოდ. ამ პირის დასახელება სავალდებულო არ არის.
მუხლი 837. სხვა პირის უფლებები დაზღვევის ხელშეკრულებაში
1. სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევისას ის უფლებები, რომლებიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან, ეკუთვნის ამ პირს. სადაზღვევო მოწმობის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ დამზღვევს.
2. დაზღვეულ პირს შეუძლია ისარგებლოს თავისი უფლებებით დამზღვევთან შეთანხმების გარეშე და თავისი უფლებების განხორციელება მოითხოვოს სასამართლოს მეშვეობით მხოლოდ მაშინ, თუ სადაზღვევო მოწმობა მის ხელთაა.
მუხლი 838. დამზღვევის უფლებები
1. დამზღვევს საკუთარი სახელით შეუძლია ისარგებლოს იმ უფლებებით, რომლებიც დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად ეკუთვნის დაზღვეულ პირს.
2. თუ გაცემულია სადაზღვევო მოწმობა, მაშინ დამზღვევს შეუძლია მიიღოს საზღაური დაზღვეული პირის თანხმობის გარეშე ან გადასცეს უფლება დაზღვეულ პირს მხოლოდ მაშინ, თუ დამზღვევი ფლობს სადაზღვევო მოწმობას.
3. მზღვეველი მხოლოდ მაშინ არის ვალდებული გადაუხადოს დამზღვევს დაზღვეულის სასარგებლოდ, თუ დამზღვევი დაამტკიცებს, რომ დაზღვეული პირი ეთანხმებოდა დაზღვევის ხელშეკრულებას.
გ ) სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა
მუხლი 839. ცნება
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო.
მუხლი 840. ზიანის უშუალოდ ანაზღაურების მოთხოვნა
მზღვეველი თავისი ვალდებულების ფარგლებში მოვალეა უშუალოდ აანაზღაუროს ზიანი, თუ პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, მას წარუდგენს მოთხოვნას.
მუხლი 841. სასამართლო და არასასამართლო ხარჯები
დაზღვევა მოიცავს სასამართლო და არასასამართლო ხარჯებსაც, რომლებიც მესამე პირის მოთხოვნისაგან დასაცავად იქნა გაწეული, თუ, საქმის გარემოებიდან გამომდინარე, აუცილებელია ასეთი ხარჯების გაწევა.
მუხლი 842. მზღვევლის განთავისუფლება პასუხისმგებლობისაგან
მზღვეველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დამზღვევმა შეგნებულად გამოიწვია იმ გარემოების წარმოშობა, რისთვისაც მას ეკისრება პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე.
მუხლი 843. პასუხისმგებლობა სავალდებულო დაზღვევისას
1. თუ მზღვეველი მთლიანად ან ნაწილობრივ თავისუფალია დამზღვევის წინაშე მოვალეობისაგან, მისი პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე ძალაშია სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. თუ მზღვეველი აკმაყოფილებს მესამე პირის მოთხოვნას, მაშინ მესამე პირის მოთხოვნა დამზღვევის მიმართ გადადის მზღვეველზე.
III¹. ჯანმრთელობის დაზღვევა
მუხლი 843¹. ცნება
1. ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს დაზღვეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული მკურნალობის და ამ ხელშეკრულებით შეთანხმებული სხვა სამედიცინო მომსახურების ხარჯები ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით.
2. ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება დადოს დამზღვევმა დაზღვეული პირის სასარგებლოდ.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1115 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.
მუხლი 843². მესამე პირისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა
1. თუ დაზღვეულ პირს შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირს წარუდგინოს, ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი დაზღვეულ პირს ზიანს ის უნაზღაურებს.
2. მზღვეველს შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირს წარუდგინოს მხოლოდ დაზღვეული პირისთვის ზიანის ანაზღაურების შემდეგ, ანაზღაურებული ზიანის ოდენობის ფარგლებში. თუ დაზღვეული პირი უარს იტყვის მესამე პირისთვის წარდგენილ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, მზღვეველი თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1115 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.
მუხლი 843³. ზიანის დაზღვევის ნორმების ჯანმრთელობის დაზღვევაზე გავრცელება
ჯანმრთელობის დაზღვევაზე ზიანის დაზღვევის ნორმებიდან ვრცელდება მხოლოდ ამ კოდექსის 820-ე და 821-ე მუხლები.
IV. სიცოცხლის დაზღვევა
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1115 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.
მუხლი 844. ცნება
1. სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს.
2. თუ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია სხვა პირის სასარგებლოდ, მაშინ საჭიროა ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.
მუხლი 845. ხელშეკრულების დადებაზე უარის დაუშვებლობა
თუ დამზღვევი ხელშეკრულების დადებისას დაარღვევს თავის მოვალეობას ცნობების შეტყობინების თაობაზე, მზღვეველს არ შეუძლია ხელშეკრულებაზე უარი განაცხადოს, თუკი ხელშეკრულების დადების შემდეგ ხუთი წელი გავიდა. ხელშეკრულებაზე უარი დასაშვებია, თუ შეტყობინების მოვალეობა განზრახ არ შესრულდა.
მუხლი 846. ხელშეკრულების მოშლა სადაზღვევო შესატანების პერიოდულად გადახდისას
თუ სადაზღვევო შესატანები პერიოდულად არის გადახდილი, მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო ურთიერთობა მოშალოს ნებისმიერ დროს, ოღონდ მიმდინარე სადაზღვევო პერიოდის დასრულებისათვის.
მუხლი 847. ანაზღაურების უფლების გადაცემა მესამე პირისათვის
1. დამზღვევს შეუძლია დაგროვებითი დაზღვევისას სარგებლის მიღების უფლება გადასცეს მესამე პირს, ასევე შეუძლია მესამე პირი შეცვალოს სხვა პირით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. მესამე პირს, რომელსაც აქვს სარგებლის მიღების უფლება, მისი განხორციელება შეუძლია მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, თუ დამზღვევს სხვა მითითება არ გაუცია.
მუხლი 848. არასათანადო მესამე პირი
1. თუ დაგროვებითი დაზღვევის შემთხვევაში მესამე პირის უფლებას არ შეესაბამება მზღვევლის მოვალეობა, მაშინ ეს უფლება რჩება დამზღვევს.
2. თუ დაგროვებითი დაზღვევის შემთხვევაში მესამე პირი არ იყენებს თავის უფლებას სარგებლის მიღებაზე, მაშინ ეს უფლება რჩება დამზღვევს.
მუხლი 849. მზღვევლის განთავისუფლება ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან
1. თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია სხვა პირის სიკვდილის შემთხვევისათვის, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან იმ შემთხვევაში, როცა დამზღვევმა უკანონო მოქმედებით განზრახ გამოიწვია ასეთი პირის სიკვდილი.
2. თუ სიცოცხლის დაზღვევისას მესამე პირს აქვს სარგებლის მიღების უფლება, ეს უფლება არ იქნება აღიარებული, თუ მან უკანონო მოქმედებით განზრახ გამოიწვია იმ პირის სიკვდილი, რომლის სიცოცხლეც დაზღვეული იყო.
მუხლი 850. ანაზღაურებისაგან განთავისუფლება თვითმკვლელობისას
1. სიცოცხლის დაზღვევისას მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ პირი, რომლის სიცოცხლეც დაზღვეული იყო, თავს მოიკლავს.
2. დამზღვევის მემკვიდრეს უფლება აქვს მოითხოვოს გადახდილი სადაზღვევო შესატანების დაბრუნება.
მუხლი 851. დაზღვევის ხელშეკრულების შეცვლა
1. დამზღვევს შეუძლია მიმდინარე დაზღვევის პერიოდის დასრულებამდე ნებისმიერ დროს მოითხოვოს დაზღვევის ხელშეკრულების შეცვლა სადაზღვევო შესატანებისაგან თავისუფალი ხელშეკრულებით.
2. თუ დამზღვევი ითხოვს ასეთ შეცვლას, მაშინ ამ მომენტიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის ან სარგებლის თანხის ადგილს იკავებს ისეთი თანხა, რომელიც შეესაბამება მზღვევლის მოვალეობას დაზღვეული პირის ასაკის გათვალისწინებით, თუ დაგროვებული პრემიების რეზერვი განიხილება, როგორც ერთჯერადი შესატანი.
მუხლი 852. დაქვითვები ხელშეკრულების შეწყვეტისას
თუ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება შეწყდება უარის თქმის, მოშლის ან გასაჩივრების გამო, მაშინ მზღვეველი მოვალეა დააბრუნოს შესატანის ის ოდენობა, რომელიც მან მიიღო ამ ხელშეკრულებით. მზღვეველს შეუძლია გააკეთოს შესაბამისი დაქვითვებიც.
მუხლი 853. იძულებითი აღსრულების შედეგები
1. თუ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება ხდება სადაზღვევო მოთხოვნის თაობაზე, ან სამართალწარმოება ხორციელდება დამზღვევის გაკოტრებასთან დაკავშირებით, მაშინ პირი, რომელიც კონკრეტულად დასახელებულია, როგორც სარგებლის მიმღები, უფლებამოსილია დაიკავოს დამზღვევის ადგილი დაზღვევის ხელშეკრულებაში. თუკი სარგებლის მიღების უფლების მქონე პირი მონაწილეობს ხელშეკრულებაში, მან უნდა დააკმაყოფილოს კრედიტორის ყველა მოთხოვნა ან უზრუნველყოს გაკოტრების მასა იმ თანხის ფარგლებში, რომელიც შეიძლებოდა მიეღო დამზღვევს მზღვევლისაგან დაზღვევის ხელშეკრულების მოშლისას.
2. თუ სარგებლის მიღების უფლების მქონე პირი არ არის დაინტერესებული სარგებლის მიღებით, ან არ არის სახელობით მითითებული, მაშინ ასეთ უფლებას იძენენ დამზღვევის მეუღლე და შვილები.
V. უბედური შემთხვევის დაზღვევა
მუხლი 854. ცნება
1. უბედური შემთხვევის დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც დამზღვევის, ისე სხვა პირის უბედური შემთხვევისათვის.
2. თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია არა დაზღვეული პირის მიერ, მაგრამ მის სასარგებლოდ, მაშინ მასზე ვრცელდება წესები სიცოცხლის დაზღვევის შესახებ.
მუხლი 855. ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების შედეგები
თუ მზღვევლის მოვალეობა დამოკიდებულია ჯანმრთელობისათვის ზიანის (ვნების) განზრახ მიყენებაზე, მაშინ განზრახვის არარსებობა ივარაუდება მანამდე, სანამ არ დამტკიცდება საწინააღმდეგო.
მუხლი 856. უბედური შემთხვევის განზრახ გამოწვევის შედეგები
1. მზღვეველი თავისი მოვალეობის შესრულებისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პირის დაზღვევისას სარგებლის მიმღები უკანონო მოქმედებით განზრახ გამოიწვევს უბედურ შემთხვევას.
2. თუ სხვა პირს აქვს სარგებლის მიღების უფლება, მას ეს უფლება ჩამოერთმევა მაშინ, თუ იგი უბედურ შემთხვევას გამოიწვევს განზრახ უკანონო მოქმედებით.
მუხლი 857. უბედური შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულება
თუ მოვალეობები უნდა შესრულდეს სარგებლის მიმღები პირის სასარგებლოდ, მაშინ ეს პირი მოვალეა განაცხადოს უბედური შემთხვევის თაობაზე. ეს წესი ვრცელდება ცნობების შეტყობინებისა და საბუთების გადაცემის მოვალეობებზედაც.
მუხლი 858. რეგრესის უფლების დაუშვებლობა
დამზღვევს არა აქვს რეგრესის უფლება იმ პირის მიმართ, რომელიც პასუხს აგებს ზიანისათვის.
თავი ოცდამეერთე საბანკო მომსახურება
მუხლი 859. ცნება
1. ანგარიშსწორების ხელშეკრულებით საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია თავისი კლიენტის საანგარიშსწორებო ანგარიშიდან აწარმოოს გადახდები ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში და შემოსული თანხები ჩარიცხოს ანგარიშში.
2. შესაძლებელია ანგარიშის მფლობელის მითითების საფუძველზე იგივე ოპერაციები განხორციელდეს ნაღდი ფულით.
3. მხარეთა შეთანხმებით ანგარიშის მფლობელს შეიძლება დაეკისროს მომსახურების ხარჯების გადახდა.
მუხლი 860. ანგარიშის ამონაწერების მიცემის ვალდებულება
1. საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებათა შესახებ აწარმოოს საბუღალტრო წიგნი.
2. საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მიაწოდოს ანგარიშის მფლობელს ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობის შესახებ (ანგარიშის ამონაწერები); ხოლო ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობისა და კრედიტ-დებეტის საბუღალტრო ჩანაწერების შესახებ.
მუხლი 861. ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა
საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა აწარმოოს მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია მიყენებული ზიანი და არასწორად გადარიცხული თანხა კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში.
მუხლი 862. ანგარიშის მფლობელის დავალების გაუქმების შედეგები
1. ანგარიშის მფლობელს უფლება აქვს გააუქმოს საკრედიტო დაწესებულებისათვის მიცემული დავალება, ვიდრე გადარიცხვა რეალურად არ მომხდარა. სხვა შემთხვევაში საკრედიტო დაწესებულება მოვალეა შესრულებაზე უარის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სათანადო პირებს.
2. დავალების დროულად გაუქმების შემთხვევაში საკრედიტო დაწესებულება მოვალეა კვლავ აღადგინოს თანხა მფლობელის ანგარიშზე.
მუხლი 863. საიდუმლოების დაცვის ვალდებულება
1. საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას ანგარიშთან დაკავშირებული და სხვა ისეთი ფაქტების საიდუმლოება, რომლებიც ცნობილი გახდა მისთვის ანგარიშის მფლობელთან საქმიანი ურთიერთობისას, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც კანონითაა გათვალისწინებული, ან, თუ საქმე ეხება ჩვეულებრივ საბანკო ინფორმაციას, რომლითაც არ ილახება ანგარიშის მფლობელის ინტერესები.
2. საკრედიტო დაწესებულების ეს მოვალეობა ძალაშია ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც.
მუხლი 864. საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულების შეწყვეტა
1. საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ორივე მხარის მიერ ნებისმიერ დროს.
2. საკრედიტო დაწესებულებას შეუძლია მხოლოდ ისე შეწყვიტოს საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულება, რომ ანგარიშის მფლობელმა სხვაგვარად შეძლოს საანგარიშსწორებო მომსახურების მიღება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი შეწყვეტისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს ან საკრედიტო დაწესებულების მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა კანონით არის განსაზღვრული.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის კანონი №4463 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
მუხლი 865. გადახდა ჩეკის საფუძველზე
სათანადო შეთანხმებისას საკრედიტო დაწესებულება მოვალეა აქტივის ფარგლებში აანაზღაუროს ანგარიშის მფლობელის მიერ ხელმოწერილი ჩეკი ჩეკის შესახებ კანონის შესაბამისად. ამ დროს გამოიყენება უნაღდო ანგარიშსწორების ხელშეკრულების წესები.
მუხლი 866. ჩეკის ინკასირება
საკრედიტო დაწესებულება დამატებითი შეთანხმების გარეშეც საანგარიშსწორებო ხელშეკრულებით მოვალეა ანგარიშის მფლობელის წინაშე მოახდინოს ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი ჩეკების ინკასირება საკრედიტო დაწესებულებაში მათი დროულად წარდგენით, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში – მიიღოს უზრუნველყოფის საჭირო ზომები.
II. საბანკო კრედიტი
მუხლი 867. ცნება
საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
მუხლი 868. საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთები
1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ფიქსირდება ხელშეკრულებაში და უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში ან რომლის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული გარემოებების (გარდა საჯარო ინდექსის ცვლილებისა) დადგომის შემთხვევაში. საპროცენტო განაკვეთის ცვლილებად არ მიიჩნევა ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული პირობების შესაბამისად მომხმარებლის ქმედებასთან დაკავშირებული გარემოების დადგომიდან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთის ავტომატური ცვლილება.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეული წესით დაკავშირებულია საჯარო ინდექსთან და რომლის ცვლილებაც აღნიშნული ინდექსის ცვლილებითაა გამოწვეული.
4. საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვრები და ცვლილებათა მინიმალური შუალედი.
5. კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს კრედიტისათვის საპროცენტო განაკვეთის შესახებ.
6. თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული, მაშინ გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წლიური პროცენტი. თუკი ხარჯების დაკისრება არ იყო გათვალისწინებული წლიური პროცენტის გამოთვლისას, მაშინ ეს ხარჯები არ ანაზღაურდება.
7. საბანკო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან, ფინანსურ ხარჯთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.
8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, 200 000 (ორასი ათას) ლარამდე საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბანკო კრედიტის გაცემის შედეგად მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე საბანკო კრედიტის გამცემის მიმართ 200 000 (ორასი ათას) ლარს აღემატება. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული საბანკო კრედიტი.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის კანონი №239 - ვებგვერდი, 13.01.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1901 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3315 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4104 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
მუხლი 869. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
მუხლი 870. დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენება
1. თუ კრედიტის გაცემისას შეთანხმებულია სანივთო ან პიროვნული უზრუნველყოფა, მაშინ კრედიტის გამცემს სესხის არასრულად დაფარვისას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენება.
2. კრედიტის გამცემი მოვალეა კრედიტის ამღების მოთხოვნით დააბრუნოს უზრუნველყოფა, რომელიც აღემატება დაფარვის შეთანხმებულ ფარგლებს.
მუხლი 871. ხელშეკრულების შეწყვეტა
1. თუ კრედიტისათვის შეთანხმებულია მყარი საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული პერიოდისათვის, მაშინ კრედიტის ამღებს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუკი საპროცენტო ვალდებულება მთავრდება დაბრუნებისათვის განსაზღვრულ ვადამდე და საპროცენტო განაკვეთის შესახებ რაიმე ახალი შეთანხმება არ არის დადებული. შეწყვეტის ვადა შეადგენს ერთ თვეს.
2. თუ კრედიტის ამღები მომხმარებელია და კრედიტი არ არის უზრუნველყოფილი იპოთეკით, მაშინ შეწყვეტის უფლება წარმოიშობა კრედიტის აღებიდან ექვსი თვის შემდეგ. შეწყვეტის ვადა კი შეადგენს სამ თვეს.
3. ათი წლის გასვლის შემდეგ შეწყვეტის უფლება არსებობს ნებისმიერ შემთხვევაში. შეწყვეტის ვადა შეადგენს ექვს თვეს.
4. მოვალეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ცვალებადი საპროცენტო განაკვეთით აღებული სესხი შეწყვეტის სამთვიანი ვადის დაცვით.
მუხლი 872. ზიანის ანაზღაურება კრედიტის ვადამდე დაბრუნებისათვის
თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება.
მუხლი 873. საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტა კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებისას
კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
III. ანაბარი
მუხლი 874. ცნება. საკრედიტო დაწესებულების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა
1. ფულადი თანხის შეტანით (ანაბარი) საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში დააბრუნოს მიღებული თანხა.
2. თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ ფულადი თანხა შეიძლება ნებისმიერ დროს იქნეს უკან გამოთხოვილი.
3. ანაბრებს შესაბამისად უნდა დაერიცხოს პროცენტები.
4. ანაბრის მიმღები და საკრედიტო დაწესებულების დირექტორები (მენეჯერები) ვალდებულნი არიან მეანაბრეს მიაწოდონ ინფორმაცია ბანკის ლიკვიდურობისა და ბონიტეტის შესახებ.
5. ის პირი, რომელიც ბრალეულად გასცემს არასწორ ინფორმაციას ან უარს ამბობს საჭირო მონაცემების მიწოდებაზე, ვალდებულია მეანაბრეს აუნაზღაუროს არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ან ინფორმაციის გაუცემლობით წარმოშობილი ზიანი.
6. ასევე აგებენ პასუხს სოლიდარულად ბანკის დირექტორები (მენეჯერები), რომლებიც სარეკლამო ბროშურების მეშვეობით ან სხვაგვარად საჯაროდ ავრცელებენ არასწორ მონაცემებს ბანკის ლიკვიდურობისა და ბონიტეტის შესახებ.
მუხლი 875. შემნახველი წიგნაკი
საკრედიტო დაწესებულება შემნახველი წიგნაკის გაცემისას უფლებამოსილია შეავსოს იგი მხოლოდ სახელობით (კონკრეტულ პირზე).
IV. დოკუმენტალური (სასაქონლო) აკრედიტივი. დოკუმენტალური ინკასო
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2617 – სსმ I, №22, 08.08.2003 წ., მუხ.167
მუხლი 876. ცნება
1. აკრედიტივის გახსნით საკრედიტო დაწესებულება (გამხსნელი ბანკი) ვალდებულია, კლიენტის (აკრედიტივის დავალების მიმცემის) თხოვნითა და განკარგულებით, მითითებული დოკუმენტის სანაცვლოდ გადაუხადოს მესამე პირს (რემიტენტს) ამ პირის ბრძანებით ფულადი თანხა, ან გაანაღდოს რემიტენტისაგან გადმოპირებული თამასუქი, მოახდინოს აქცეპტი, ანდა დაავალოს სხვა ბანკს ამ ოპერაციის განხორციელება, თუ შესრულდა საკრედიტო პირობები.
2. კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური.
მუხლი 877. საინკასო დავალება
საინკასო დავალებით საინკასო ოპერაციაზე უფლებამოსილი საკრედიტო დაწესებულება (ბანკი) კისრულობს ვალდებულებას, კლიენტის (მარწმუნებლის) დავალებით გასცეს სავაჭრო ფასიანი ქაღალდები აქცეპტირების და/ან, აუცილებლობის შემთხვევაში, – გადამხდელის მიერ გადახდის სანაცვლოდ.
მუხლი 878. საერთაშორისო მიმოქცევის ჩვეულებები
თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული, მხარეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საერთაშორისო მიმოქცევაში დოკუმენტალური აკრედიტივის ან დოკუმენტალური ინკასოს დამკვიდრებული ჩვეულებების მიხედვით.
V. საბანკო გარანტია
მუხლი 879. ცნება
საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 880. საზღაური საბანკო გარანტიისათვის
1. საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.
2. საბანკო გარანტიის მიცემისათვის პრინციპალი უხდის გარანტს შეთანხმებულ საზღაურს.
მუხლი 881. გარანტის ვალდებულების დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან
საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.
მუხლი 882. საბანკო გარანტიის გამოთხოვის დაუშვებლობა
საბანკო გარანტია არ შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გარანტის მიერ, თუ გარანტიაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 882¹. ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის სხვა ბანკში გადატანის უფლება
ბანკის ლიკვიდაციის მიზნებისთვის ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია საბანკო გარანტიის ბენეფიციარისა და პრინციპალის თანხმობის გარეშე გადაიტანოს სხვა ბანკში.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1901 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2622 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
მუხლი 883. ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის სხვა პირისათვის გადაცემის დაუშვებლობა
საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის უფლება გარანტის მიმართ არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირს, თუ გარანტიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 884. საბანკო გარანტიის შესვლა ძალაში
საბანკო გარანტია ძალაში შედის მისი გაცემის დღიდან, თუ გარანტიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 885. მოთხოვნის წარდგენის ფორმა
1. საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია.
1¹. ბენეფიციარის მიერ გარანტორისათვის ფულადი თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნის წერილობითი ფორმით წარდგენა საჭირო არ არის, თუ ბენეფიციარსა და გარანტორს შორის არსებობს შეთანხმება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით ფულადი თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნის მიღების თაობაზე.
2. ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3537 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.304
მუხლი 886. გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მოთხოვნის მიღებისას
1. ბენეფიციარის მოთხოვნის მიღების შემდეგ გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ პრინციპალს და გადასცეს მოთხოვნის ასლი მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტითურთ.
2. გარანტმა ბენეფიციარის მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით უნდა განიხილოს გონივრულ ვადაში და გამოიჩინოს გონივრული მზრუნველობა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები გარანტიის პირობებს.
მუხლი 887. გარანტის უარი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე
1. გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.
2. თუ ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისათვის ცნობილი გახდა, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. გარანტის მიერ ასეთი შეტყობინების შემდეგ მიღებული ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა ექვემდებარება გარანტის მიერ დაკმაყოფილებას.
მუხლი 888. გარანტის ვალდებულების ფარგლები
საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია.
მუხლი 889. გარანტის ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლები
1. გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ წყდება:
ა ) ბენეფიციარისათვის იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია;
ბ ) გარანტიაში განსაზღვრული იმ ვადის გასვლით, რომლითაც იგი გაიცა;
გ ) ბენეფიციარის მიერ გარანტიიდან გამომდინარე თავის უფლებებზე უარის თქმისა და მათი გარანტისათვის დაბრუნებისას.
2. გარანტმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა გარანტიის შეწყვეტის შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის თაობაზე პრინციპალს.
მუხლი 890. რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება
1. გარანტის უფლება, მოითხოვოს პრინციპალისაგან რეგრესის წესით იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით, განისაზღვრება პრინციპალთან გარანტის იმ შეთანხმებით, რომლის შესასრულებლადაც გაიცა გარანტია.
2. გარანტს არა აქვს უფლება მოსთხოვოს პრინციპალს იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ ან ბენეფიციარის მიმართ გარანტის ვალდებულების დარღვევის გამო, თუ პრინციპალთან გარანტის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
თავი ოცდამეორე თავდებობა
მუხლი 891. ცნება
1. თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
2. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
მუხლი 892. თავდებობის ფორმა
1. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
2. თუ ვინმე თავისი პროფესიული საქმიანობის შესრულების ფარგლებში განაცხადებს თავდებობის შესახებ, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.
მუხლი 893. თავდების ვალდებულების საფუძველი
თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება.
მუხლი 894. თავდების უარი კრედიტორის დაკმაყოფილებაზე
თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.
მუხლი 895. თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობა
თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მუხლი 896. რამდენიმე თავდების პასუხისმგებლობა ერთი და იმავე ვალდებულებისათვის
თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
მუხლი 897. პასუხისმგებლობა წინამორბედ თავდებთა მიერ ნაკისრი ვალდებულებებისათვის
თავდები, რომელმაც კრედიტორის წინაშე ივალდებულა წინამორბედ თავდებთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ისევე აგებს პასუხს მათთან ერთად, როგორც, ჩვეულებრივ, – თავდები ძირითად მოვალესთან ერთად.
მუხლი 898. თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები
1. თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
2. თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე:
ა ) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული;
ბ ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი;
გ ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.
მუხლი 899. თავდების უფლება შესაგებელზე
1. თავდებს შეუძლია წამოაყენოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლები. თუ ძირითადი მოვალე გარდაიცვლება, თავდებს არ შეუძლია მიუთითოს მემკვიდრის შეზღუდულ პასუხისმგებლობაზე.
2. თავდები არ კარგავს შესაგებლის უფლებას იმის გამო, რომ ძირითადმა მოვალემ უარი თქვა მასზე.
მუხლი 900. თავდების უარი კრედიტორის დაკმაყოფილებაზე
თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე ძირითად მოვალეს უფლება აქვს სადავო გახადოს ის გარიგება, რომელიც საფუძვლად უდევს მის ვალდებულებას.
მუხლი 901. თავდების პასუხისმგებლობის შემცირება
თუ კრედიტორი თავდების საზიანოდ ამცირებს საგირავნო უფლებებს ან უზრუნველყოფის სხვა საშუალებებსა და შეღავათებს, მაშინ თავდების პასუხისმგებლობა მცირდება ზემოაღნიშნული შემცირების შესაბამისი თანხით.
მუხლი 902. ძირითადი მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილების შედეგები
1. თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ.
2. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
მუხლი 903. ხელშეკრულების შეწყვეტა უვადო თავდებობის დროს
1. თუ თავდებობა უვადოა, თავდები ვალდებულია დაიცვას ხელშეკრულების შეწყვეტის სამთვიანი ვადა.
2. ვადიანი თავდებობისას ხუთი წლის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს სამთვიანი ვადის დაცვით.
3. ცალმხრივი შეწყვეტის შემთხვევაში თავდები მოვალეა შეასრულოს შეწყვეტამდე ნაკისრი ვალდებულებანი.
მუხლი 904. თავდებობის ვალდებულებისაგან განთავისუფლების საფუძვლები
I. თუ თავდები იკისრებს თავდებობას ძირითადი მოვალის დავალებით, ან თუ დავალების გარეშე სხვისი საქმეების წარმართვის წესების შესაბამისად თავდებობის გამო მიენიჭება რწმუნებულის უფლებები ძირითადი მოვალის მიმართ, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს თავდებობისაგან განთავისუფლება, თუ:
ა) ძირითადი მოვალის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად გაუარესდა;
ბ) თავდებობის დადგენის შემდეგ ძირითადი მოვალისაგან გადახდევინება არსებითად გაძნელდა საცხოვრებელი ადგილის ან ადგილსამყოფელის შეცვლის გამო;
გ) კრედიტორს თავდების წინააღმდეგ აქვს შესრულებაზე სააღსრულებო წარწერის მქონე დოკუმენტი.
2. თუ ძირითადი ვალდებულებების შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მოვალეს შეუძლია განთავისუფლების ნაცვლად მისცეს თავდებს უზრუნველყოფა.
მუხლი 905. თავდების მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების შედეგები
თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. ძირითადი მოვალის შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს მასა და თავდებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან, ხელუხლებელი რჩება.
თავი ოცდამესამე კონტოკორენტი
მუხლი 906. ცნება. შინაარსი
1. კონტოკორენტის შეთანხმებით მხარეები კისრულობენ პასუხისმგებლობას, საქმიანი კავშირებიდან წარმოშობილი მოთხოვნები და გადახდები შეიტანონ ანგარიშზე და ანგარიშის დახურვამდე მიიჩნიონ ხელშეუხებლად.
2. ანგარიშის სალდო ექვემდებარება გადახდას შეთანხმებულ ვადაში. თუ ანგარიშის დახურვისას ის მხარე, რომელსაც ეკუთვნის თანხის ნაშთი, არ მოითხოვს გადახდას, მაშინ იგი შეიტანება კონტოკორენტზე.
3. ანგარიშის დახურვით წარმოიშობა სალდოს მოთხოვნა, რომელიც შესრულების მიზნით იკავებს კონტოკორენტზე მოთავსებული მოთხოვნის ადგილს.
4. ანგარიშის დახურვა წარმოებს წელიწადში ერთხელ, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 907. კონტოკორენტის გაუქმება
ეჭვის არსებობისას კონტოკორენტი შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს და ანგარიში დაიხუროს.
მუხლი 908. პროცენტები განხორციელებული გადახდებისათვის
გათვალისწინებული გადახდებისათვის გადახდილ უნდა იქნეს პროცენტები კანონით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის ოდენობით, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
მუხლი 909. კონტოკორენტში შეტანილი მოთხოვნის პიროვნული ან სანივთო უზრუნველყოფა
1. თუ კონტოკორენტში შეტანილი მოთხოვნისათვის არსებობს პიროვნული ან სანივთო უზრუნველყოფა, მაშინ კრედიტორს ანგარიშის დახურვის შემდეგაც შეუძლია თავის სასარგებლოდ არსებული სალდოს თანხისათვის მოითხოვოს დაკმაყოფილება ამ უზრუნველყოფიდან.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მოთხოვნისათვის არსებობს სოლიდარული პასუხისმგებლობა.
მუხლი 910. ყადაღის დადება
თუ შეთანხმების ერთ-ერთი მონაწილის კრედიტორი მიაღწევს სალდოს თანხის აღწერას (ყადაღის დადებას), რომელიც ეკუთვნის მოვალეს კონტოკორენტიდან, მაშინ კრედიტორის მიმართ არ იქნება გათვალისწინებული ვალის ის ნაწილები, რომლებიც აღწერის (ყადაღის დადების) შემდეგ ახალი გარიგებებით წარმოიშვა. გარიგება, რომელიც უკვე განხორციელდა გარიგებამდე არსებული მოთხოვნების საფუძველზე, არ მიიჩნევა ახალ გარიგებად.
თავი ოცდამეოთხე ფასიანი ქაღალდების ბრუნვიდან წარმოშობილი ვალდებულებანი
მუხლი 911. ცნება
1. თუ ვინმე გასცემს დოკუმენტს, რომლითაც ის დოკუმენტის მფლობელს გადახდას ჰპირდება, მაშინ მფლობელს შეუძლია მოითხოვოს გადახდა დაპირების თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ამის უფლება არ ჰქონდა.
2. გაცემულ დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობა შეიძლება დამოკიდებული გახდეს სპეციალური ფორმის დაცვაზე, რომლის შესახებაც მიეთითება დოკუმენტში. ხელმოწერა შეიძლება შესრულდეს ტექნიკურად შესაძლებელი ნებისმიერი გზით.
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.