საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
კარი პირველი სახელშეკრულებო სამართალი
თავი ოცდამეოთხე ფასიანი ქაღალდების ბრუნვიდან წარმოშობილი ვალდებულებანი
მუხლი 912. ემიტენტის შესაგებლები
დოკუმენტის გამომშვებს (ემიტენტს) შეუძლია ფასიანი ქაღალდის მფლობელს წარუდგინოს მხოლოდ ისეთი შესაგებლები, რომლებიც ეხება გაფორმების ნამდვილობას, თვით დოკუმენტს, ან ემიტენტს აქვს უშუალოდ მფლობელის მიმართ.
მუხლი 913. უფლებათა გადასვლის წესი
1. დოკუმენტში მოცემული უფლება გადადის მოძრავი ნივთის გადაცემისათვის დადგენილი წესების მიხედვით. იგი შეიძლება გადაიცეს ასევე მესამე პირთან დადებული ხელშეკრულებით.
2. მართლზომიერ მფლობელად ჩაითვლება პირი, რომელიც შეიძენს რაიმე გზით დაკარგულ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი დოკუმენტის შეძენისას მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
მუხლი 914. ემიტენტის უფლებები
1. ემიტენტს შეუძლია შეედავოს ნებისმიერ მფლობელს, რომ ფასიანი ქაღალდი მას არ გაუცია. გარდა ამისა, მას შეუძლია წაუყენოს მფლობელს ნებისმიერი შესაგებელი, რომელიც დოკუმენტიდან გამომდინარეობს.
2. თუ ემიტენტი დოკუმენტის ხელმოსაწერად იყენებს ტექნიკურ საშუალებას, მას არ შეუძლია მფლობელთან თავი იმართლოს იმით, რომ არ ჰქონდა ამ საშუალების გამოყენების უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა გაყალბების შესახებ, ან მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით.
3. თუ დოკუმენტი მფლობელს საკუთრებაში გადაეცა, ემიტენტს არ შეუძლია, დაუპირისპიროს მას შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს ადრინდელ მფლობელთან მისი უშუალო ურთიერთობებიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემდგომი მფლობელი დოკუმენტის შეძენისას შეგნებულად მოქმედებდა ემიტენტის საზიანოდ.
4. თუ შესაგებელი არ გამომდინარეობს უშუალო ურთიერთობებიდან, იგი შეიძლება წარედგინოს მხოლოდ იმ მფლობელს, რომელმაც დოკუმენტზე საკუთრება მოიპოვა გასხვისების გზით და მისი შეძენისას მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
მუხლი 915. ემიტენტის მოვალეობა
1. ემიტენტი მოვალეა შეასრულოს თავისი ვალდებულება მხოლოდ მაშინ, თუ მას გადასცემენ ფასიან ქაღალდს.
2. მოვალე, რომელიც ასრულებს ვალდებულებებს დოკუმენტის მფლობელის წინაშე, თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ ის არ მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, და შესაძლებლობა აქვს დაამტკიცოს მფლობელის არაკეთილსინდისიერება.
3. მოვალე, რომელიც განთავისუფლდება თავისი ვალდებულებებისაგან დოკუმენტის მფლობელის წინაშე, იძენს საკუთრებას მისთვის ჩაბარებულ დოკუმენტზე.
მუხლი 916. საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდის გადაფორმება
საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდის გადაფორმება განსაზღვრული პირის სახელზე შეიძლება განახორციელოს მხოლოდ ემიტენტმა. ამასთან, ემიტენტი არ არის ვალდებული გადააფორმოს საწარმდგენლო (წარმომდგენზე) ფასიანი ქაღალდი.
მუხლი 917. მიმოქცევისათვის უვარგისი ფასიანი ქაღალდის გამოცვლა
თუ საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდი დაზიანების გამო აღარ არის ვარგისი მიმოქცევისათვის, მაშინ მფლობელს შეუძლია, თუ დოკუმენტის შინაარსისა და არსებითი განმასხვავებელი ნიშნების ამოცნობა ჯერ კიდევ შესაძლებელია, მოითხოვოს ახალი საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდი დაზიანებული დოკუმენტის ჩაბარების სანაცვლოდ. ამასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა გასწიოს მფლობელმა და თანხა გადაიხადოს წინასწარ.
მუხლი 918. ფასიანი ქაღალდის გამოცხადება ძალადაკარგულად
1. დაკარგული ან განადგურებული ფასიანი ქაღალდი შეიძლება სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადოს, თუ დოკუმენტი სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
2. ემიტენტი ვალდებულია ადრინდელ მფლობელს მოთხოვნისამებრ მიაწოდოს ცნობები, რომლებიც აუცილებელია სასამართლოში ფასიანი ქაღალდის ძალადაკარგულად გამოცხადების საქმის განხილვისა და გადახდის აკრძალვისათვის; ასევე ვალდებულია გასცეს შესაბამისი მოწმობა. მოწმობის გაცემის ხარჯებს წინასწარ იხდის ადრინდელი მფლობელი.
მუხლი 919. ახალი საწარმდგენლო დოკუმენტის გაცემა
პირს, რომელმაც მიაღწია საწარმდგენლო სავალო ვალდებულებების ძალადაკარგულად გამოცხადებას, დოკუმენტიდან გამომდინარე მოთხოვნის განხორციელების მიუხედავად, შეუძლია მოსთხოვოს ემიტენტს ძალადაკარგულის სანაცვლოდ ახალი საწარმდგენლო დოკუმენტის გაცემა. მანვე წინასწარ უნდა აანაზღაუროს გაცემის ხარჯები.
მუხლი 920. მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა
ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ოცდაათ წელს დოკუმენტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომიდან.
მუხლი 921. მცირე ღირებულების სავალო დოკუმენტების გაცემა
თუ ემიტენტმა გასცა მცირე ღირებულების სავალო ან სხვა მსგავსი დოკუმენტები, რომლებშიც კრედიტორი არ არის აღნიშნული, ხოლო საქმის გარემოებებიდან ირკვევა, რომ ემიტენტს სურს გადაუხადოს მფლობელს, მაშინ გამოიყენება 911-ე მუხლის პირველი ნაწილის, 913 – 915-ე და 920-ე მუხლების წესები.
II. საორდერო ფასიანი ქაღალდებიდან წარმოშობილი ვალდებულება
მუხლი 922. ცნება
1. სავალო დოკუმენტი, რომლითაც ემიტენტი დოკუმენტის წარდგენისას გადახდას ჰპირდება დასახელებულ პირს, შეიძლება გაიცეს საორდერო ფასიანი ქაღალდის სახით.
2. ხელმოწერა შეიძლება ტექნიკურად შესაძლებელი ნებისმიერი გზით.
მუხლი 923. უფლებათა გადაცემა. ინდოსამენტის სახეები
1. დოკუმენტში მოცემული უფლება შეიძლება გადაცემულ იქნეს ინდოსამენტითა და დოკუმენტის გადაცემით.
2. ინდოსამენტი კეთდება დოკუმენტზე ან მის დანართზე. დაშვებულია ტექნიკური საშუალების გამოყენება.
3. ინდოსამენტი არ საჭიროებს ინდოსატარის აღნიშვნას და შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ხელმოწერისაგან (ბლანკეტური ინდოსამენტი). ბლანკეტური ინდოსამენტი შეიძლება შეავსოს უფლებამოსილმა მფლობელმა თავისი ან სხვისი სახელით, გასცეს დოკუმენტი შეუვსებლად ანდა თავად მოახდინოს მისი შემდგომი ინდოსირება განსაზღვრულ პირზე.
მუხლი 924. ინდოსირებით შეძენილი დოკუმენტის გამოყენების წესი
თუ საორდერო სავალო დოკუმენტი შეძენილია ინდოსამენტის საფუძველზე, მაშინ შესაბამისად გამოიყენება 914-ე მუხლი.
მუხლი 925. გადახდა თანამიმდევრული ინდოსამენტების არსებობისას
1. თანამიმდევრული ინდოსამენტების მეშვეობით დადასტურებული საორდერო ფასიანი ქაღალდის მფლობელს შეუძლია ხელმოწერილი დოკუმენტის ჩაბარების სანაცვლოდ მოითხოვოს გადახდა დაპირების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ამის უფლებამოსილება არა აქვს.
2. გადახდა არაუფლებამოსილი პირისათვის, რომელმაც თავისი უფლება დაადასტურა თანამიმდევრული ინდოსამენტების მეშვეობით, ათავისუფლებს მოვალეს, თუ იგი არ მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
3. მოვალე, რომელმაც შეასრულა თავისი მოვალეობა ინდოსატარის წინაშე, ხდება მისთვის გადაცემული დოკუმენტის მესაკუთრე.
მუხლი 926. წერილობით გარანტირებული მოთხოვნები
თუ საორდერო ფასიან ქაღალდებში წერილობით არის გარანტირებული არა მარტო მცირე ღირებულების მოთხოვნები, შესაბამისად გამოიყენება საწარმდგენლო სავალო დოკუმენტის შემცვლელი დოკუმენტის გაცემისა და ძალადაკარგულად გამოცხადების წესები.
მუხლი 927. მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა
საორდერო სავალო დოკუმენტებიდან გამომდინარე მოთხოვნათა ხანდაზმულობის მიმართ შესაბამისად გამოიყენება საწარმდგენლო სავალო დოკუმენტების მიმართ მოქმედი წესები.
III. რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3726– ვებგვერდი, 07.12.2023წ.
მუხლი 928. ცნება
1. რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი არის ფასიანი ქაღალდი, რომელზე საკუთრებაც დასტურდება ემიტენტის მიერ ან ემიტენტის სახელით წარმოებულ რეესტრში ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში რეგისტრაციით.
2. რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდზე საკუთრების გადაცემა ხდება რეესტრში ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში შესაბამისი ჩანაწერის შეტანით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3726– ვებგვერდი, 07.12.2023წ.
მუხლი 929. (ამოღებულია)
IV. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3726– ვებგვერდი, 07.12.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3726– ვებგვერდი, 07.12.2023წ.
მუხლი 929¹. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის ცნება და მისგან წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები
1. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი არსებობს მხოლოდ ანგარიშზე ჩანაწერის სახით. მისი ბრუნვა და მისგან წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. ემიტენტს უფლება აქვს, დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის მფლობელს წარუდგინოს მხოლოდ ისეთი შესაგებელი, რომელიც ამ ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარეობს.
3. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა 30 წელი შესაბამისი ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომიდან.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3726– ვებგვერდი, 07.12.2023წ.
თავი ოცდამეხუთე ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა)
მუხლი 930. ცნება
ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.
მუხლი 931. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ფორმა
1. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით ან ზეპირად.
2. თუ ხელშეკრულება დადებულია წერილობით, მაშინ იგი უნდა შეიცავდეს:
ა ) მონაწილეთა დასახელებასა და მისამართს;
ბ ) მონაცემებს ერთობლივი საქმიანობის სახეობისა და მიზნის შესახებ;
გ ) მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს;
დ ) მართვის ორგანოთა სტრუქტურასა და ფუნქციებს;
ე ) მონაწილეთა შორის შემოსავლებისა და ზიანის განაწილების წესსა და პირობებს;
ვ ) ხელშეკრულებიდან გასვლის წესს;
ზ ) საქმიანობის ხანგრძლივობას;
თ ) ხელშეკრულების მოშლისა და დარჩენილი ქონების განაწილების წესს.
მუხლი 932. შესატანის შეტანის ვალდებულება
1. მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანები. თუ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შესატანის ოდენობა, თითოეული მონაწილე მოვალეა შეიტანოს იგი თანაბრად.
2. შესატანი შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ქონებით, ასევე მომსახურების გაწევით.
3. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შესატანები წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას. მონაწილეთა საერთო საკუთრებას შეადგენს ისიც, რაც შეძენილია საერთო საკუთრებაში არსებული უფლების საფუძველზე, ანდა მიღებულია ანაზღაურების სახით საერთო ქონების განადგურების, დაზიანების ან ამოღების გამო.
მუხლი 933. მესამე პირისათვის წილის გადაცემის დაუშვებლობა
1. წილი ქონების ან უფლების სახით არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა თანხმობის გარეშე. უარი თანხმობაზე დაიშვება მხოლოდ პატივსადები მიზეზის არსებობისას.
2. ხელშეკრულების დანარჩენ მონაწილეებს აქვთ მესამე პირისათვის გადასაცემი წილის უპირატესი შესყიდვის უფლება.
მუხლი 934. საქმეების ერთობლივად გაძღოლის ვალდებულება
1. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივად უძღვებიან საქმეებს და წარმოადგენენ ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ყოველი გარიგების დადებისას საჭიროა ხელშეკრულების ყველა მონაწილის თანხმობა. თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია ხმათა უმრავლესობა, იგი განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილეთა საერთო რაოდენობის მიხედვით, და არა შესატანის ოდენობით.
2. თუ საქმეების მართვა ხელშეკრულებით დაკისრებული აქვს ერთობლივი საქმიანობის ერთ ან რამდენიმე მონაწილეს ისე, რომ თითოეულს უფლება აქვს იმოქმედოს დამოუკიდებლად, მაშინ თითოეულ მათგანს შეუძლია შეედავოს მეორეს გარიგების დადებისას. ასეთი შედავების შემთხვევაში გარიგება არ დაიდება.
3. თუ ხელშეკრულებით ამხანაგობის საქმეების გაძღოლა დაკისრებული აქვს ერთ-ერთ მონაწილეს, საეჭვოობისას ის წარმოადგენს ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში და მის მიერ დადებული გარიგებები ნამდვილია.
4. ერთობლივი საქმიანობის მონაწილეს შეიძლება ჩამოერთვას საქმეების მართვის უფლებამოსილება ხმათა უმრავლესობით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი უხეშად დაარღვევს ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ხელშეკრულების მონაწილეს უფლება აქვს უარი თქვას საქმეების მართვაში მონაწილეობაზე. ასეთ პირს შეუძლია გამგეობას ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.
5. თუ ხელშეკრულებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხელმძღვანელი პირების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დავალების წესების შესაბამისად.
მუხლი 935. შემოსავლების განაწილების წესი
1. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შემოსავლები მონაწილეებს შორის ნაწილდება მათი წილის შესაბამისად.
2. თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს მოსთხოვოს ყოველ მონაწილეს ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე მოვალეობათა კეთილსინდისიერი შესრულება.
მუხლი 936. მონაწილეთა ურთიერთმოთხოვნების გადაცემის დაუშვებლობა მესამე პირისათვის
ერთობლივი საქმიანობის მონაწილეთა ის მოთხოვნები ერთმანეთის მიმართ, რომლებიც გამომდინარეობს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებიდან, არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს.
მუხლი 937. მონაწილეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა
1. ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
2. ერთობლივი საქმიანობის მონაწილეები ვალდებულნი არიან არ გაახმაურონ ამ საქმიანობის შედეგად მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია.
მუხლი 938. უარი ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებაზე
1. თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას, ყოველ მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე. ხელშეკრულებიდან გასვლა დაუშვებელია ისეთ დროს ან ისეთ გარემოებაში, რომელიც საზიანო იქნება ერთობლივი საქმიანობისათვის.
2. თუ მონაწილეთა შეთანხმებით განსაზღვრულია ერთობლივი საქმიანობის ვადა, ხელშეკრულებიდან გასვლა დაიშვება მხოლოდ პატივსადები მიზეზების არსებობისას.
3. ერთ-ერთი მონაწილის გასვლა იწვევს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტას. ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ერთ-ერთი მონაწილის გასვლას ერთობლივი საქმიანობის შეუწყვეტლად. ასეთ შემთხვევაში გამსვლელი მონაწილის წილი ნაწილდება სხვა მონაწილეებს შორის. გამსვლელ მონაწილეს წილის კომპენსაცია მიეცემა ფულადი სახით. ამასთან, მხედველობაში მიიღება გასვლის დროისათვის შეუსრულებელი გარიგებები. თუ გასვლის მომენტისათვის საერთო ქონება ვეღარ ფარავს საერთო ვალებს, გამსვლელი ვალდებულია დანარჩენ მონაწილეებს გადაუხადოს თავისი წილის შესაბამისი თანხა. გამსვლელის ვალდებულება გასვლის მომენტში არსებული კრედიტორების წინაშე უცვლელია.
4. ბათილია შეთანხმება, რომელიც აუქმებს ან ზღუდავს ხელშეკრულებიდან მონაწილის გასვლის უფლებას.
მუხლი 939. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები
1. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) ერთობლივი საქმიანობის შეთანხმებული ვადის გასვლა;
ბ) მონაწილეთა გადაწყვეტილება;
გ) ერთობლივი საქმიანობის ქონებაზე საგაკოტრებო საქმის წარმოების გახსნა;
დ) ერთობლივი საქმიანობის მიზნების განხორციელების შეუძლებლობა.
2. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებია აგრეთვე:
ა) ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის გარდაცვალება;
ბ) ერთ-ერთი მონაწილის ქონებაზე საგაკოტრებო საქმის წარმოების გახსნა;
გ) ხელშეკრულების მოშლა.
მუხლი 940. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის წესი
1. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტისას უნდა დამთავრდეს ჯერ კიდევ შეუსრულებელი გარიგებები, შედგეს საინვენტარიზაციო ნუსხა, ხოლო დარჩენილი ქონება განაწილდეს მონაწილეებს შორის მათი წილის შესაბამისად.
2. ქონების განაწილებისას უნდა დაიფაროს ერთობლივი საქმიანობის დროს წარმოშობილი ვალები. თუ ქონება საკმარისი არ არის ვალების დასაფარავად, ხელშეკრულების მონაწილეები ვალდებულნი არიან გაისტუმრონ ვალები თავიანთი წილის შესაბამისად.
თავი ოცდამეექვსე სამისდღეშიო რჩენა
მუხლი 941. ცნება
პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით).
მუხლი 942. ხელშეკრულების ფორმა
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
მუხლი 943. სარჩოს ოდენობა
სამისდღეშიო სარჩოს ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
მუხლი 944. სარჩოს გადახდის ვადები
სარჩოს გადახდის ვადები დგინდება მისი ხასიათიდან და მიზნებიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით.
მუხლი 945. გადაცემული ქონების გასხვისების დაუშვებლობა
1. სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე. მარჩენალის ვალების გამო გადახდევინების მიქცევა ამ ქონებაზე დაუშვებელია.
2. როცა სარჩენი მარჩენალს გადასცემს უძრავ ქონებას, მაშინ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მას აქვს იპოთეკის უფლება ამ ქონებაზე.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
მუხლი 946. შედავება სარჩოს გადახდის გამო
სამისდღეშიო სარჩოს გადახდა შეიძლება საცილო გახადონ სხვა პირებმა, რომელთაც ჰქონდათ კანონიერი უფლება მიეღოთ სარჩო მარჩენალისაგან, მაგრამ ვერ მიიღეს იმის გამო, რომ მარჩენალი იხდის სამისდღეშიო სარჩოს. ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში ქონება უბრუნდება სარჩენს.
მუხლი 947. ნატურალური სარჩოს გადახდა
ნატურალური სარჩოს გადახდის ხელშეკრულებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ ნატურალური სარჩოს შეცვლა ფულით.
მუხლი 948. გადაცემული ქონების შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი
მარჩენალისათვის გადაცემული ქონების შემთხვევით დაღუპვა ან დაზიანება არ ათავისუფლებს მას სარჩოს გადახდისაგან.
მუხლი 949. უარი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე
1. როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას.
2. გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ უნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 950. მარჩენალის გარდაცვალების შედეგები
1. მარჩენალის გარდაცვალებისას რჩენის ვალდებულება გადადის მის იმ მემკვიდრეებზე, რომლებმაც მიიღეს გადაცემული ქონება.
2. მემკვიდრის მიერ ამ ვალდებულებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეს ქონება უბრუნდება სარჩენს. ამ დროს ხელშეკრულება წყდება.
თავი ოცდამეშვიდე თამაშობა. სანაძლეო
მუხლი 951. ცნება
1. თამაშობა ან სანაძლეო მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. ეს წესი ვრცელდება სესხსა და ავანსზე, რომელიც განზრახ მიეცა თამაშისათვის ან სანაძლეოსათვის.
2. თამაშის ან სანაძლეოს საფუძველზე განხორციელებული შესრულების უკან გამოთხოვა არ შეიძლება.
3. კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება არ არის თამაშობა ან სანაძლეო და მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის მოქმედება. კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება რეგულირდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5674 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
მუხლი 952. ლატარია
ლატარიის ხელშეკრულება ან მსგავსი თამაშობანი წარმოშობენ ვალდებულებას, თუ ისინი (გათამაშება, წილისყრა, კენჭისყრა) სახელმწიფოს მიერ არის ნებადართული.
კარი მეორე კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თავი პირველი საზიარო უფლებები
მუხლი 953. ცნება
თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
მუხლი 954. წილთა თანაბრობა
თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი.
მუხლი 955. უფლება ნაყოფზე
1. თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თავისი წილის თანაზომიერი ნაყოფის ნაწილი.
2. თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას.
მუხლი 956. საზიარო საგნის მართვა
1. საზიარო საგანს მოწილენი ერთობლივად მართავენ.
2. თითოეულ მოწილეს უფლება აქვს საგნის შენახვისათვის საჭირო ღონისძიებები განახორციელოს სხვა მოწილეთა თანხმობის გარეშეც.
მუხლი 957. გადაწყვეტილების მიღება საზიარო საგნის მართვისას
1. ხმათა უმრავლესობით შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება საზიარო საგნის თავისებურებათა შესატყვისი მართვისა და სარგებლობის შესახებ. ხმათა უმრავლესობა გამოითვლება წილთა მიხედვით.
2. თითოეულ მოწილეს შეუძლია სამართლიანი შეხედულების მიხედვით მოითხოვოს ყველა მოწილის ინტერესის შესაბამისი მართვა და სარგებლობა, თუკი ეს შეთანხმებით ან უმრავლესობის გადაწყვეტილებით არ არის მოწესრიგებული.
3. ცალკეული მოწილის თანხმობის გარეშე არ შეიძლება სარგებლობის წილზე მისი უფლების შემცირება.
მუხლი 958. საზიარო საგნის მართვის წესის გადასვლა უფლებამონაცვლეზე
თუ მოწილეებმა განსაზღვრეს საზიარო საგნის მართვისა და სარგებლობის წესი, მაშინ ეს წესი გამოიყენება უფლებამონაცვლის მიმართაც.
მუხლი 959. საზიარო საგნის განკარგვის წესი
თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად. თუ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილი არ არის, წილის გაყიდვის შემთხვევაში უპირატეს შესყიდვაზე დანარჩენი მოწილეების უფლება შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.158
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.
მუხლი 960. საზიარო საგნის მოვლის ხარჯები
თითოეული მოწილე სხვა მოწილეთა მიმართ ვალდებულია თავისი წილის თანაზომიერად იკისროს საზიარო საგანთან დაკავშირებული ხარჯები.
მუხლი 961. საზიარო უფლების გაუქმება
1. თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
2. თუ შეთანხმებით გაუქმების მოთხოვნის უფლება გამორიცხულია სამუდამოდ ან განსაზღვრული ვადით, მაშინ პატივსადები მიზეზის არსებობისას გაუქმება მაინც შეიძლება იქნეს მოთხოვილი.
3. ბათილია შეთანხმება, რომლითაც გაუქმების მოთხოვნის უფლება გამოირიცხება ან იზღუდება ამ წესების საწინააღმდეგოდ.
მუხლი 962. შეთანხმება გაუქმების შესახებ
თუ მოწილეებს რაიმე ვადით გამორიცხული აქვთ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლება, მაშინ შეთანხმება ძალას კარგავს მოწილის გარდაცვალებით, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
მუხლი 963. საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფისას
საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.
მუხლი 964. საზიარო უფლების გაუქმება საგნის გაყიდვით
1. თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის.
2. თუ საგანი არ გაიყიდება, მაშინ თითოეულ მოწილეს შეუძლია მოითხოვოს განმეორებითი აუქციონი; ამასთან, მან უნდა გაიღოს ხარჯები, თუ განმეორებითი ცდა უშედეგოდ დამთავრდა.
მუხლი 965. მოწილეების სოლიდარული პასუხისმგებლობა
1. თუ მოწილეები, როგორც სოლიდარული მოვალეები, პასუხს აგებენ ვალდებულებისათვის, რომელიც მათ მე-600 მუხლის თანახმად უნდა შეასრულონ თავიანთი წილების პროპორციულად, ან იკისრეს ასეთი ვალდებულების შესრულება, მაშინ თითოეულ მოწილეს შეუძლია საზიარო უფლების გაუქმებისას მოითხოვოს, რომ ვალი გადახდილ იქნეს საზიარო საგნიდან.
2. თუ ვალის გადახდის მიზნით აუცილებელია საზიარო საგნის გაყიდვა, ეს უნდა მოხდეს 964-ე მუხლის მიხედვით.
მუხლი 966. თანამოწილეთა მიმართ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება
თუ მოწილეს სხვა მოწილის მიმართ აქვს მოთხოვნა, რომელიც ემყარება საზიარო უფლებას, მაშინ ამ უფლების გაუქმებისას მას შეუძლია მოითხოვოს თავისი მოთხოვნის დაფარვა საზიარო ქონების იმ ნაწილიდან, რომელიც მოვალეს ერგება.
მუხლი 967. მოწილეთა პასუხისმგებლობა საზიარო უფლების გაუქმებისას
თუ საზიარო უფლების გაუქმებისას საზიარო საგანი მიეკუთვნება ერთ-ერთ მოწილეს, მაშინ თითოეული დარჩენილი მოწილე თავისი წილის შესაბამისად აგებს პასუხს ისე, როგორც გამყიდველი – ნივთის ან უფლების ნაკლის გამო.
მუხლი 968. საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის ხანდაზმულობა
საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა არ ექვემდებარება ხანდაზმულობას.
თავი მეორე დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება
მუხლი 969. დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება კეთილსინდისიერად
პირი (შემსრულებელი), რომელიც დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე ასრულებს სხვა პირის (მეპატრონის) საქმეებს, ვალდებულია შეასრულოს ისინი კეთილსინდისიერად.
მუხლი 970. ზიანის ანაზღაურების მოვალეობა
1. თუ საქმეების შესრულება მიმართულია იმ საფრთხის თავიდან აცილებისაკენ, რომელიც ემუქრება მეპატრონეს, შემსრულებელი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისათვის.
2. შემსრულებელს, რომელსაც ზიანი მიადგა იმ საფრთხის თავიდან აცილებისას, რომელიც რეალურად ემუქრებოდა სხვა პირს ან ქონებას, ხოლო საფრთხის თავიდან აცილება არ შეადგენდა შემსრულებლის სამართლებრივ მოვალეობას, უნდა აუნაზღაურდეს ზიანი იმ პირისაგან, რომელმაც შექმნა საფრთხე, ან იმ პირისაგან, რომლის სიკეთის გადარჩენასაც შემსრულებელი ცდილობდა.
მუხლი 971. მეპატრონისათვის შეტყობინების ვალდებულება
შემსრულებელი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე აცნობოს მეპატრონეს, რომ იკისრა საქმეთა შესრულება. შემსრულებელმა უნდა გააგრძელოს დაწყებული საქმეები, ვიდრე მეპატრონეს არ შეეძლება იმოქმედოს თვითონ.
მუხლი 972. შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენა
შემსრულებელი ვალდებულია წარუდგინოს მეპატრონეს ანგარიში შესრულების შესახებ და გადასცეს მას ყველაფერი, რაც შესრულების შედეგად მიიღო.
მუხლი 973. გაწეული ხარჯების ანაზღაურების უფლება
შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული.
მუხლი 974. გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის დაუშვებლობა
1. შემსრულებელს არ შეუძლია მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუ მის მიერ საქმეთა შესრულება ეწინააღმდეგება მეპატრონის ნებას ან არ შეესაბამება მის ინტერესებს. თუ შემსრულებელს შეეძლო სცოდნოდა ამის შესახებ, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებით გამოწვეული ზიანი.
2. ეს წესი არ მოქმედებს, თუ მეპატრონის ნება ეწინააღმდეგება კანონის ნორმებს.
მუხლი 975. საკუთარი საქმის შესრულების ვარაუდი
ამ თავის წესები არ გამოიყენება, თუ პირი სხვისი საქმის შესრულებისას ვარაუდობდა, რომ ეს მისი საქმე იყო.
თავი მესამე უსაფუძვლო გამდიდრება
მუხლი 976. ვითომ-კრედიტორისაგან მოთხოვნის საფუძვლები
1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:
ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
2. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:
ა) შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან
ბ) გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან
გ) მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა
დ) მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.
მუხლი 977. გადაცემული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნის დაუშვებლობა
1. პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე მოქმედება, შეუძლია გადაცემულის გამოთხოვა, თუ მეორე პირის მოქმედება არ შეესაბამება მოსალოდნელ მიზანს.
2. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:
ა) მიზნის მიღწევა თავიდანვე შეუძლებელი იყო და გადამცემმა ეს იცოდა, ან
ბ) გადამცემმა მიზნის მიღწევას არაკეთილსინდისიერად შეუშალა ხელი.
მუხლი 978. იძულების ან მუქარის საფუძველზე გადაცემულის უკან დაბრუნების მოთხოვნა
პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე.
მუხლი 979. უკან დაბრუნების მოთხოვნის ფარგლები
1. უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.
2. თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.
3. არ არსებობს ანაზღაურების მოვალეობა, თუ მიმღები საგნის მოხმარების, სხვისთვის გადაცემის, დაღუპვის, გაუარესების ან სხვა საფუძვლების გამო არც საგნით და არც მისი ღირებულებით არ გამდიდრებულა.
4. თუ ორმხრივი ხელშეკრულების მხარეებმა ხელშეკრულების ბათილობის გამო უკან უნდა დააბრუნონ ის, რაც მათ ამ ხელშეკრულებით მიიღეს, მაგრამ ერთ-ერთ მხარეს არ შეუძლია დაბრუნება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების გამო, მაშინ მას არ ეკისრება უკან დაბრუნების მოვალეობა, თუ ეს გამომდინარეობს სამართლის იმ ნორმის არსიდან, რომლის საფუძველზედაც ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი.
5. შესრულების საგნის დაღუპვა ან გაფუჭება, რისთვისაც შემსრულებელს დაეკისრება პასუხისმგებლობა ხელშეკრულების ნამდვილობის დროს, ყოველთვის ათავისუფლებს მიმღებს ანაზღაურების მოვალეობისაგან.
მუხლი 980. ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების წესი
1. თუ მიმღებმა გასწია ხარჯები ან მას წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი იმასთან დაკავშირებით, რომ საგანი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა, მაშინ იგი მოვალეა დააბრუნოს საგანი ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების პირობით. ეს წესი არ გამოიყენება, როცა გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად.
2. ანაზღაურების მოვალეობანი 979-ე და 980-ე მუხლების მიხედვით უნდა შესრულდეს ერთდროულად. უკან დაბრუნების ხარჯები და რისკი ეკისრება შემსრულებელს.
მუხლი 981. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
1. თუ მიმღებმა მიღებისას იცოდა, ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო მისთვის უცნობი იყო სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის არსებობა და ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყობს, ან გადაცემის თაობაზე მოთხოვნა მიღებულია სასამართლო წარმოებაში, მაშინ მიმღებს ეკისრება პასუხისმგებლობა ხარვეზის თაობაზე ცნობების მიღების ან სასამართლო წარმოებაში გადაცემის დროიდან – 979-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 980-ე მუხლის, ასევე ქვემოთ მოყვანილი წესების საფუძველზე.
2. თუ მიმღები არ იღებს სარგებელს, რომელიც მას შეეძლო მიეღო მეურნეობის სათანადოდ გაძღოლის შედეგად, მაშინ ანაზღაურების მოვალეობა ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი მიუძღვის. ფულად ვალზე გადახდილ უნდა იქნეს პროცენტი. საგნიდან მიღებული შემოსავალი უნდა დაბრუნდეს.
3. შესრულებისას გადაცემული საგნის დაღუპვის ან გაფუჭებისათვის მიმღები მოვალეა აანაზღაუროს ზიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი მიუძღვის. მიმღებს შეუძლია მოითხოვოს დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების წესების მიხედვით იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გასწია შესრულების საგანთან დაკავშირებით. აუცილებლის გარდა, სხვა ხარჯები არ ანაზღაურდება.
4. ვადის გადაცილებისათვის მოვალის პასუხისმგებლობაზე ეს წესები არ ვრცელდება.
მუხლი 982. სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგები
1. პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
2. ბათილი განკარგვის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია ხელმყოფისაგან მოითხოვოს დაუყოვნებლივი ანაზღაურება.
მუხლი 983. შესრულების მიღება არაუფლებამოსილი პირის მიერ
თუ უფლებამოსილი პირისათვის განკუთვნილ შესრულებას იღებს არაუფლებამოსილი პირი, მაშინ იგი მოვალეა მიღებული დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს.
მუხლი 984. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება
1. თუ ხელმყოფმა არ იცოდა უფლებამოსილების ხარვეზი, გარდა უხეში გაუფრთხილებლობისა, იგი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, თუ ანაზღაურების მოთხოვნის სასამართლოში განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს გამდიდრების ნიშნები.
2. ხელმყოფი პირის მიერ გამოყენებული სიკეთის მიმართ გაწეული ხარჯები არ ამცირებს მისი გამდიდრების ოდენობას.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1902 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.20
მუხლი 985. მოგების მოთხოვნის უფლება
1. თუ ხელმყოფმა განზრახ არ გაითვალისწინა სხვა პირის უფლებამოსილება, მაშინ ამ უკანასკნელს შეუძლია მოითხოვოს ის მოგება, რომელიც აღემატება ქონებრივ დანაკლისს.
2. ხელმყოფმა უნდა წარმოადგინოს ცნობები იმის თაობაზე, თუ რა მოგება მიიღო მან სხვისი ქონების გამოყენებით.
მუხლი 986. შეცდომით სხვისი ვალების გასტუმრება
პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.
მუხლი 987. შეცდომით ხარჯების გაწევა სხვა პირის ქონებაზე
1. პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა.
2. გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს.
3. მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:
ა) პირს, რომელსაც წაეყენება მოთხოვნა, შეუძლია მოითხოვოს დანახარჯების ამოღება და ამოიღებს მას, ან
ბ) პრეტენზიის წარმდგენმა პირმა ბრალეულად დააყოვნა შეტყობინება ხარჯების მოთხოვნის შესახებ, ანდა
გ) პირმა, რომელსაც წაეყენება პრეტენზია, სადავო გახადა ხარჯები მათ განხორციელებამდე.
მუხლი 988. ვითომ-კრედიტორის მითითებით შესრულების შედეგები
1. პირს, რომელიც 976-ე მუხლის თანახმად რაიმეს გადასცემს მესამე პირს ვითომ-კრედიტორზე მითითებით, შეუძლია შესრულებულის გამოთხოვა ვითომ-კრედიტორისაგან ისე, თითქოს მისთვის გადაეცეს რაიმე. თუ ვითომ-კრედიტორის მითითება საეჭვოა, მაშინ უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ მესამე პირის მიმართ.
2. პირს, რომელიც 976-ე მუხლის მიხედვით ახალ ვითომ-კრედიტორს რაიმეს გადასცემს მოთხოვნის წაყენების შემდეგ, შეუძლია თავდაპირველი ვითომ-კრედიტორისაგან მოითხოვოს დაბრუნება ისე, თითქოს მისთვის გადაეცეს რაიმე. თუ თავდაპირველ ვითომ-კრედიტორის მითითება საეჭვოა, მაშინ უკუმოთხოვნა შეიძლება მხოლოდ ახალი ვითომ-კრედიტორის მიმართ.
3. ანაზღაურების მოვალეობის მიმართ შესაბამისად გამოიყენება 979-ე და 980-ე მუხლები.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1902 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.20
მუხლი 989. მესამე პირის ვალდებულება, უკან დააბრუნოს უსაფუძვლოდ მიღებული
1. თუ 976-ე და 988-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები, რომელიც მოვალეა დააბრუნოს მიღებული, უსასყიდლოდ გადასცემს მას მესამე პირს, მაშინ მესამე პირი ასევე მოვალეა დააბრუნოს მიღებული ისე, თითქოს მას კრედიტორისაგან კანონიერი საფუძვლის გარეშე მიეღოს რაიმე, თუკი მიმღებისაგან დაკმაყოფილება შეუძლებელია.
2. ზიანის ანაზღაურების მიმართ შესაბამისად გამოიყენება 979 – 981-ე მუხლების მოთხოვნები.
მუხლი 990. არაუფლებამოსილი პირის მიერ საგნის უსასყიდლოდ განკარგვის შედეგები
1. თუ არაუფლებამოსილი პირი რაიმე საგანს უსასყიდლოდ განკარგავს და ეს განკარგვა ნამდვილია უფლებამოსილი პირის მიმართ, მაშინ ის პირი, რომელმაც ამ განკარგვის შედეგად უშუალო სამართლებრივი სარგებელი მიიღო, მოვალეა მიღებული გადასცეს უფლებამოსილ პირს.
2. ბრალის არსებობის შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ასევე 984-ე და 985-ე მუხლების მოთხოვნები.
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.