საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
კარი პირველი სახელშეკრულებო სამართალი
თავი მეჩვიდმეტე ჯილდოს საჯაროდ დაპირება. კონკურსი
მუხლი 756. ჯილდოს საჯაროდ დაპირების გაუქმება
1. ჯილდოს საჯაროდ დაპირება შეიძლება გაუქმდეს გამოცხადებული მოქმედების შესრულებამდე. ჯილდოს საჯაროდ დაპირების გაუქმება ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ იგი ცნობილი გახდება იმავე საშუალებით, რითაც ჯილდოს საჯაროდ დაპირება ან სპეციალური შეტყობინების მეშვეობით.
2. ჯილდოს საჯაროდ დაპირება შეიძლება შეიცავდეს მითითებას მის გაუქმებაზე უარის შესახებ; საეჭვოობისას ივარაუდება, რომ დაპირება გაუქმებულია, თუ მოქმედება არ განხორციელებულა დათქმულ ვადამდე.
მუხლი 757. მოქმედების შესრულება რამდენიმე პირის მიერ
1. თუ მოქმედება, რომლისთვისაც დაწესებულია ჯილდო, შეასრულა რამდენიმე პირმა, მაშინ დაჯილდოვდება ის, ვინც პირველმა შეასრულა ეს მოქმედება.
2. თუ მოქმედება ერთდროულად შეასრულა რამდენიმე პირმა, მაშინ თითოეული შემსრულებელი დაჯილდოვდება თანაბარწილად. თუკი ჯილდო თავისი თვისებების გამო არ შეიძლება გაიყოს, ან – საჯარო დაპირების შინაარსის მიხედვით – მხოლოდ ერთმა უნდა მიიღოს იგი, მაშინ ჯილდოს გადაცემის საკითხი გადაწყდება წილისყრით.
მუხლი 758. პრიზის დაწესება
1. პირი, რომელიც საჯარო განცხადებით განსაზღვრული სამუშაოს საუკეთესო შესრულებისათვის აწესებს პრიზს, ვალდებულია გადასცეს იგი სამუშაოს საუკეთესო შემსრულებელს.
2. კონკურსის გამოცხადებას აქვს ძალა მხოლოდ მაშინ, თუ იგი ითვალისწინებს განსაზღვრულ ვადას სამუშაოს შესასრულებლად.
მუხლი 759. საკონკურსო პირობებში ცვლილებების შეტანის დაუშვებლობა
დაუშვებელია საკონკურსო პირობებში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლებიც ზიანს მოუტანს კონკურსის მონაწილეებს.
მუხლი 760. კონკურსში გამარჯვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, უპასუხებს თუ არა კონკურსის პირობებს დათქმულ ვადაში წარდგენილი სამუშაო, ან რამდენიმედან რომელია უკეთესი, იღებს კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში მითითებული პირი, ხოლო თუ ასეთი რამ არ არის აღნიშნული, – კონკურსის გამომცხადებელი.
მუხლი 761. რამდენიმე პირის გამარჯვება კონკურსში
თუ სამუშაო, რომლისთვისაც დაწესებულია პრიზი, რამდენიმე პირმა შეასრულა, მაშინ მათ მიმართ გამოიყენება ჯილდოს საჯაროდ დაპირებისათვის გათვალისწინებული შესაბამისი წესები.
მუხლი 762. კონკურსზე წარდგენილი ნამუშევრების დაბრუნების წესი
კონკურსის გამომცხადებელი ვალდებულია დაუბრუნოს მის მონაწილეებს კონკურსზე წარდგენილი ნამუშევრები, თუ საკონკურსო განცხადებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
თავი მეთვრამეტე მიბარება
მუხლი 763. ცნება
მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი.
მუხლი 764. მიბარების საზღაური
1. მიბარება უსასყიდლოა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ შემნახველი ახორციელებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მაშინ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ჩაითვლება.
2. თუ საზღაურის ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ ტარიფების არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო ტარიფების არარსებობისას – ჩვეულებრივი საზღაური.
მუხლი 765. შემნახველის მოვალეობა უსასყიდლო მიბარებისას
თუ მიბარება უსასყიდლოა, მაშინ შემნახველი ვალდებულია ისეთივე კეთილსინდისიერებით შეინახოს ნივთი, როგორითაც საკუთარ ნივთს შეინახავდა.
მუხლი 766. მესამე პირისათვის ნივთის გადაცემის დაუშვებლობა
1. შემნახველს არა აქვს უფლება ნივთი შესანახად გადასცეს მესამე პირს მიმბარებლის თანხმობის გარეშე.
2. თუ მესამე პირისათვის შესანახად გადაცემა თანხმობით მოხდა, მაშინ შემნახველი პასუხს აგებს მხოლოდ იმ ბრალისათვის, რომელიც მას მიუძღვის მესამე პირის ან შენახვის ადგილის არჩევაში.
მუხლი 767. მიბარებული ნივთით სარგებლობის დაუშვებლობა
შემნახველს არა აქვს უფლება ისარგებლოს მისთვის მიბარებული ნივთით მიმბარებლის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნივთის შენახვისათვის მისით სარგებლობა აუცილებელია.
მუხლი 768. ნივთის შენახვის წესის შეცვლა
შემნახველს უფლება აქვს აუცილებლობის შემთხვევაში შეცვალოს ნივთის შენახვის წესი. ამის თაობაზე მან უნდა აცნობოს მიმბარებელს. შემნახველმა ასევე უნდა აცნობოს მიმბარებელს მიბარებულ ნივთზე მესამე პირთა მოთხოვნების შესახებ.
მუხლი 769. ნივთის თვისებებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
მიმბარებელმა უნდა აუნაზღაუროს შემნახველს შესანახად მიბარებული ნივთის თვისებების გამო მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მან ამ ნივთის საფრთხის შემცველი თვისებების შესახებ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა.
მუხლი 770. მიბარებული ნივთის დაბრუნების ვადა
მიმბარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს შესანახად მიბარებული ნივთის დაბრუნება, – იმ შემთხვევაშიც, თუ შენახვის ვადა განსაზღვრული იყო.
მუხლი 771. მიბარებული ნივთის უკან წაღების მოვალეობა
1. შემნახველს შეუძლია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მიმბარებელს შესანახად მიბარებული ნივთის უკან წაღება, თუ შენახვის ვადა განსაზღვრული არ იყო.
2. შემნახველს შეუძლია ეს უფლება განახორციელოს მხოლოდ ისე, რომ მიმბარებელს სხვა გზით შეეძლოს ნივთის შენახვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი მიბარებული ნივთის უკან დაბრუნებისათვის.
მუხლი 772. მიბარებული ნივთის დაბრუნების ადგილი
ნივთის დაბრუნება უნდა მოხდეს ხელშეკრულებაში მითითებულ ადგილას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიღწეულია შეთანხმება სხვა ადგილზე დაბრუნების თაობაზე. ტრანსპორტირების ხარჯები ეკისრება მიმბარებელს.
მუხლი 773. მიბარებული ნივთის ნაყოფის გადაცემის ვალდებულება
1. შემნახველი მოვალეა გადასცეს მიმბარებელს ის ნაყოფი, რომელიც მიიღო მიბარების განმავლობაში.
2. მიმბარებელი მოვალეა აუნაზღაუროს შემნახველს ნივთის შენახვისათვის განკუთვნილი აუცილებელი ხარჯები.
მუხლი 774. შემნახველის პასუხისმგებლობა განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისათვის
თუ მიბარებული ნივთის წასაღებად განსაზღვრულია ვადა, ამ ვადის დადგომის შემდეგ შემნახველი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისათვის.
მუხლი 775. საზღაურის გადახდის მოვალეობა
თუ მიბარება სასყიდლიანია, მაშინ მიმბარებელი მოვალეა ხელშეკრულების შეწყვეტისას შემნახველს გადაუხადოს დათქმული საზღაური.
მუხლი 776. მიბარებული ნივთის დაკავების უფლება
კუთვნილი საზღაურის მიღებამდე და შენახვისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებამდე შემნახველს შეუძლია უარი თქვას მიბარებული ნივთის დაბრუნებაზე.
მუხლი 777. გვაროვნული ნივთის მიბარების თავისებურებანი
1. თუ გვაროვნული ნივთი მიბარებულია ისე, რომ საკუთრება შემნახველზე უნდა გადავიდეს, ხოლო შემნახველი ვალდებულია დააბრუნოს იმავე გვარის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, მაშინ გამოიყენება სესხის ხელშეკრულების შესაბამისი ნორმები.
2. ფასიანი ქაღალდების მიბარებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შეთანხმება ნამდვილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ იყო გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3726– ვებგვერდი, 07.12.2023წ.
მუხლი 778. სასტუმროში მიბარების თავისებურებანი
სასტუმრო, სანატორიუმი და დასასვენებელი სახლი პასუხს აგებენ იმ ზიანისათვის, რომელიც მიადგა სტუმარს იმ ქონების დაკარგვით, განადგურებით ან დაზიანებით, რომელიც მას თან ჰქონდა. ეს წესი არ გამოიყენება ფულისა და ძვირფასეულობის მიმართ, თუ ისინი საგანგებოდ არ ყოფილა ჩაბარებული.
მუხლი 779. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დაუძლეველი ძალის გამო
პასუხისმგებლობა გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით, სტუმრის ან მისი თანხმლები პირის მიერ, ანდა თვით ნივთის თვისებებით.
თავი მეცხრამეტე მიბარება სასაქონლო საწყობში
მუხლი 780. ცნება
სასაქონლო საწყობში მიბარების ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება მიბარების ხელშეკრულების შესაბამისი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 781. შენახვის ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულების მოვალეობა
სასაწყობო შემნახველმა საქონლის მიბარების ვალდებულებები უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერი მეურნის გულისხმიერებით.
მუხლი 782. საქონლის რაოდენობის შემოწმება შემნახველის მიერ
1. შემნახველი არ არის ვალდებული საქონლის მიღებისას შეამოწმოს მისი რაოდენობა, ზომა, წონა, სახეობა, ხარისხი ან სხვა თვისებები, თუ ამ თავის წესებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
2. თუ საქონელი, რომელიც შესანახად გადაეცა შემნახველს, გადაცემისას დაზიანებული ან დაუკომპლექტებელი აღმოჩნდება, რაც გარეგნული დათვალიერებითაც შესამჩნევია, მაშინ შემნახველი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის თაობაზე მიმბარებელს; თუ იგი არ შეასრულებს ამ მოვალეობას, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.
მუხლი 783. მიბარებული საქონლის დათვალიერების უფლება
შემნახველი მოვალეა სამუშაო დროის განმავლობაში ნება დართოს მიმბარებელს დაათვალიეროს მიბარებული საქონელი, აიღოს ნიმუშები ან განახორციელოს აუცილებელი მოქმედებანი.
მუხლი 784. შეტყობინების ვალდებულება
შემნახველი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მიმბარებელს, თუ იგი შესანახად მიბარებულ საქონელს გადაიტანს სხვა საწყობში, ან თუ აღმოაჩენს, რომ საქონლის თვისებები შეიცვალა ანდა არსებობს მისი შეცვლის საშიშროება. მან ეს უნდა შეატყობინოს სასაწყობო მოწმობის მისთვის ცნობილ ბოლო მფლობელს. ამ მოვალეობის შეუსრულებლობისას იგი ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.
მუხლი 785. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
შემნახველი პასუხისმგებელია შესანახად გადაცემული საქონლის დაკარგვით ან/და დაზიანებით მიყენებული ზიანისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამის თავიდან აცილება კეთილსინდისიერ შემნახველსაც არ შეეძლო.
მუხლი 786. გვაროვნული ნივთების შენახვის თავისებურებანი
1. გვაროვნული ნივთების შენახვისას შემნახველს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება შეურიოს ისინი იმავე სახისა და თვისების სხვა ნივთებს, თუ ამაზე არსებობს მიმბარებლის ნებართვა.
2. ამ შერევის შედეგად წარმოშობილ საქონელზე მიმბარებლებს აქვთ საერთო საკუთრების უფლება. თითოეული მიმბარებლის წილი განისაზღვრება მის მიერ ჩაბარებული საქონლის ოდენობის შესაბამისად.
3. შემნახველი მოვალეა თითოეულ მიმბარებელს დაუბრუნოს მიბარებული საქონელი მისი კუთვნილი წილის შესაბამისად, დანარჩენი მიმბარებლების თანხმობის გარეშე.
მუხლი 787. მიბარებული საქონლის გაყიდვა
თუ შესანახად მიბარებული საქონელი ფუჭდება ან იმდენად იცვლება, რომ იგი შეიძლება გაუფასურდეს, და შემნახველს დრო აღარ რჩება ამის თაობაზე შეატყობინოს ან არ შეუძლია შეატყობინოს უფლებამოსილ პირს, მაშინ ის უფლებამოსილია საქონელი გაყიდოს.
მუხლი 788. სასაწყობო მოწმობა
საქონლის მიღებისას შემნახველი ვალდებულია მიმბარებელს გადასცეს სასაწყობო მოწმობა.
მუხლი 789. სასაწყობო მოწყობის რეკვიზიტები
1. სასაწყობო მოწმობაში უნდა აღინიშნოს:
ა) სასაწყობო მოწმობის გაცემის თარიღი და რეგისტრაციის ნომერი;
ბ) მხარეთა ვინაობა და მისამართი;
გ) შენახვის ადგილი;
დ) საქონლის შენახვის წესი;
ე) შესანახი საქონლის აღწერა (ოდენობა, ზომა ან წონა) და ხარისხი; საქონლის შეფუთვისას – შეფუთვის აღწერა;
ვ) შენახვის საზღაურისა და სხვა აუცილებელი ხარჯების ოდენობა;
ზ. თუ შესანახი საქონელი დაზღვეულ უნდა იქნეს, მაშინ – სადაზღვევო თანხა;
თ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ი) შემნახველის ხელმოწერა, დამოწმებული შესაბამისი ბეჭდით.
2. თუ ამ მუხლში დასახელებული პირობები სრულად არ არის ასახული სასაწყობო მოწმობაში, ეს მხარეებს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. მხარეებს უფლება აქვთ სასაწყობო მოწმობაში შეიტანონ სხვა პირობებიც.
მუხლი 790. ვარანტი
სასაწყობო მოწმობის მფლობელს საგირავნო მოწმობის საშუალებით შეუძლია საწყობში შესანახად მიბარებული საქონელი დააგირავოს სხვა ვალდებულების უზრუნველსაყოფად ისე, რომ საქონელი საწყობიდან არ იყოს გატანილი (ვარანტი).
მუხლი 791. საორდერო სასაწყობო მოწმობა
თუ შემნახველი გასცემს საორდერო სასაწყობო მოწმობას, მაშინ ეს მოწმობა შეიძლება გადაეცეს მესამე პირს ინდოსამენტის მეშვეობით.
მუხლი 792. პასუხისმგებლობა ინდოსირებული სასაწყობო მოწმობისათვის
1. თუ სასაწყობო მოწმობა გაცემულია ინდოსამენტის მეშვეობით, მაშინ შემნახველი პასუხს აგებს ამ მოწმობის მფლობელის წინაშე მასში მითითებული პირობების სისწორისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოწმობაში აშკარად არის მითითებული, რომ ეს მონაცემები ეფუძნება მიმბარებლის ან მესამე პირის ინფორმაციას.
2. თუ შემნახველმა იცოდა, რომ მონაცემები არასწორია, მაშინ იგი პასუხს აგებს იმ შემთხვევაშიც, თუ მან გააკეთა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მითითება.
3. შერეული შენახვისას შემნახველს არა აქვს უფლება გააკეთოს პირველ ნაწილში აღნიშნული მითითება.
მუხლი 793. ინდოსამენტის სისწორის პრეზუმფცია
1. შემნახველი, რომელმაც გასცა საორდერო სასაწყობო მოწმობა, ვალდებულია შესანახად მიბარებული საქონელი დაბრუნებისას გადასცეს მხოლოდ სასაწყობო მოწმობის კანონიერ მფლობელს.
2. თუ გაცემულია საგირავნო სასაწყობო მოწმობა, მაშინ შემნახველმა უნდა მოითხოვოს მისი დაბრუნება.
3. შემნახველი არ არის ვალდებული შეამოწმოს ინდოსამენტის სისწორე. გადაცემა დასტურდება სასაწყობო მოწმობაზე სათანადო წარწერით.
მუხლი 794. სასაწყობო მოწმობის დაკარგვა
1. სასაწყობო ან საგირავნო მოწმობის დაკარგვისას ან მოსპობისას მის კანონიერ მფლობელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს დაკარგული დოკუმენტის ბათილად ცნობა და მის ნაცვლად ახალი მოწმობის გაცემა. სასამართლო განცხადებას განიხილავს განსაკუთრებული წარმოების წესით.
2. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შემნახველი ხელახლა გასცემს სასაწყობო ან საგირავნო მოწმობას.
მუხლი 795. მიბარებული საქონლის დაგირავება
1. სასაქონლო საწყობში შესანახად ჩაბარებული საქონლის დასაგირავებლად მესაკუთრემ საგირავნო მოწმობაზე უნდა გააკეთოს სპეციალური წარწერა (ინდოსამენტი) და ისე გადასცეს დაინტერესებულ პირს.
2. ინდოსამენტი უნდა ითვალისწინებდეს მიმბარებლის, კრედიტორის ვინაობასა და ვალდებულების მოცულობას.
3. კრედიტორისათვის საგირავნო მოწმობის გადაცემის თაობაზე ეცნობება შემნახველს, რომელიც გააკეთებს სათანადო აღნიშვნას.
მუხლი 796. გირავნობის უფლების გადასვლა სასაწყობო მოწმობის ახალ მფლობელზე
1. შემნახველს შენახვის ხარჯების გამო წარმოეშობა საქონლის გირავნობის უფლება მანამდე, სანამ იგი მის მფლობელობაშია.
2. თუ სასაწყობო მოწმობა ინდოსამენტის მეშვეობით არის გაცემული, მაშინ გირავნობის უფლება არსებობს სასაწყობო მოწმობის ახალი მფლობელის მიმართ.
მუხლი 797. მიბარებული საქონლის უკან წაღების მოთხოვნის დაუშვებლობა
შემნახველს არ შეუძლია მოსთხოვოს მიმბარებელს მიბარებული საქონლის უკანვე წაღება შეთანხმებული ვადის გასვლამდე, ხოლო, თუ ასეთი ვადა არ არის დადგენილი, მაშინ – ჩაბარებიდან სამი თვის გასვლამდე.
მუხლი 798. დამატებითი ვადის დანიშვნა საქონლის მიღებისას
1. თუ შენახვის ვადის გასვლის შემდეგ სასაწყობო მოწმობის მფლობელი თავს არიდებს საწყობიდან საქონლის წაღებას, შემნახველმა უნდა დაუნიშნოს მას საქონლის წაღების დამატებითი ორკვირიანი ვადა; თუკი მოწმობის მფლობელი ამ ვადაშიც არ წაიღებს საქონელს, შემნახველს უფლება აქვს გაყიდოს იგი.
2. საქონლის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა შემნახველისათვის კუთვნილი ხარჯების გამოკლებით გადაეცემა სასაწყობო მოწმობის მფლობელს.
თავი მეოცე დაზღვევა
მუხლი 799. ცნება
1. დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
2. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
3. დერივატივი არ არის დაზღვევის ხელშეკრულება. დერივატივთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამ მუხლისა და ამ კოდექსის მე-800−858-ე მუხლების მოქმედება არ ვრცელდება აღნიშნული კანონიდან გამომდინარე ურთიერთობებზე.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5674 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
მუხლი 800. დაზღვევის ხელშეკრულების დადების ვალდებულება
პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს დაზღვევის ხელშეკრულების დადებას, ვალდებულია დადოს ეს ხელშეკრულება, თუკი უარის თქმისათვის არ არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი.
მუხლი 801. სავალდებულო დაზღვევა
კანონით შეიძლება გათვალისწინებული იყოს სავალდებულო დაზღვევა, რომლის მიმართაც გამოიყენება ამ თავის წესები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას სავალდებულო დაზღვევის შესახებ. გადაზღვევასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 802. სადაზღვევო მოწმობა (პოლისი)
1. მზღვეველი ვალდებულია დამზღვევს ჩააბაროს მატერიალურად ან ელექტრონულად ხელმოწერილი დოკუმენტი დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო მოწმობა (პოლისი)). ამასთანავე, მზღვეველის მიერ გაცემული ელექტრონული დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. დასაშვებია მზღვეველის მიერ დამზღვევისთვის სადაზღვევო მოწმობის (პოლისის) ელექტრონულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარება.
2. სადაზღვევო მოწმობა უნდა შეიცავდეს:
ა) ხე ლშეკრულების მხარეების ვინაობასა და მათ ადგილსამყოფელს (საცხოვრებელ ადგილს ან იურიდიულ მისამართს);
ბ) დაზღვევის საგნისა და დაზღვეული პირის დასახელებას;
გ) სადაზღვევო რისკის განსაზღვრას;
დ) დაზღვევის დასაწყისსა და ხანგრძლივობას;
ე) სადაზღვევო თანხის ოდენობას;
ვ) სადაზღვევო შესატანის მოცულობას, მისი გადახდის ადგილსა და ვადას.
3. თუ დაზღვევის საგანს წარმოადგენს პირის სიცოცხლე, მაშინ დამატებით აუცილებელია მონაცემები მზღვევლის მოგების დაანგარიშებისა და ამ მოგების განაწილების პირობების შესახებ.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3278 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
მუხლი 803. სადაზღვევო მოწმობის სახეები
თუ სადაზღვევო მოწმობა გაცემულია წარმომდგენზე, სახელობითი ან საორდერო მოწმობის სახით, მზღვეველს შეუძლია ამ მოწმობის მფლობელს წაუყენოს ყველა ის მოთხოვნა, რომლებიც მას თავდაპირველი დამზღვევის მიმართ აქვს. ეს წესი არ გამოიყენება, თუ სადაზღვევო მოწმობის მფლობელი აცნობებს მზღვეველს დაზღვევასთან დაკავშირებული უფლებების მისთვის გადაცემის თაობაზე და ეს უკანასკნელი დაუყოვნებლივ არ განაცხადებს თავისი მოთხოვნების შესახებ.
მუხლი 804. სადაზღვევო მოწმობის დაკარგვის შედეგები
1. თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ მზღვეველმა მხოლოდ სადაზღვევო მოწმობის წარდგენის შემდეგ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა, მაგრამ მოწმობა დაიკარგა ან განადგურდა, მაშინ დამზღვევს შეუძლია მოითხოვოს შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო მოწმობა განსაკუთრებული წარმოების წესით ძალადაკარგულად გამოცხადდა.
2. სადაზღვევო მოწმობის დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში დამზღვევს შეუძლია მზღვეველს მოსთხოვოს ასლი. ასლის გაცემის ხარჯებს გაიღებს დამზღვევი.
მუხლი 805. დაზღვევის აგენტის უფლებები
1. თუ დაზღვევის აგენტი (წარმომადგენელი) უფლებამოსილია დადოს დაზღვევის ხელშეკრულება, მას ასევე შეუძლია შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, გააგრძელოს მისი მოქმედების ვადა ან მოშალოს იგი.
2. დაზღვევის აგენტს, რომელიც ასრულებს შუამავლის ფუნქციას დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას, უფლება აქვს დადოს ასეთი ხელშეკრულება.
მუხლი 806. დაზღვევის დაწყების დრო
1. დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე.
2. თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია ხუთ წელზე მეტი ვადით, მაშინ თითოეულ მხარეს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება ამის თაობაზე გაფრთხილებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ.
მუხლი 807. სადაზღვევო შესატანის გადიდების შედეგები
თუ მზღვეველმა გაადიდა სადაზღვევო შესატანი, მაშინ დამზღვევს შეუძლია ხელშეკრულების მოშლის ერთთვიანი ვადის დაცვით შეწყვიტოს ხელშეკრულება. სადაზღვევო შესატანის უმნიშვნელო გაზრდა ასეთ უფლებას არ წარმოშობს.
მუხლი 808. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
1. დამზღვევმა ხელშეკრულების დადებისას მზღვეველს უნდა შეატყობინოს ყველა მისთვის ცნობილი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საფრთხის ან დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისათვის. არსებითია ის გარემოებები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მზღვევლის გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან დადოს იგი შეცვლილი შინაარსით.
2. არსებითად ჩაითვლება ასევე გარემოება, რომლის შესახებაც მზღვეველი წერილობით შეეკითხება დამზღვევს გარკვევით და არაორაზროვნად.
3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის წესების საწინააღმდეგოდ მზღვეველს არ ეცნობა არსებითი გარემოების შესახებ, მაშინ მას შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. იგივე მნიშვნელობა აქვს, თუ არსებით გარემოებათა შეტყობინებას დამზღვევმა განზრახ აარიდა თავი.
4. დაუშვებელია ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მზღვეველმა იცოდა დაფარულ გარემოებათა შესახებ, ან დამზღვევს არ მიუძღვის ბრალი მათ შეუტყობინებლობაში.
მუხლი 809. არასწორი მონაცემების შეტყობინების შედეგები
1. მზღვეველს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მაშინაც, თუ არსებითი გარემოებების შესახებ შეტყობინება არასწორ მონაცემებს შეიცავს.
2. ხელშეკრულებაზე უარის თქმა დაუშვებელია, თუ მონაცემების უზუსტობა მზღვევლისათვის ცნობილი იყო, ან თუ დამზღვევს ბრალი არ მიუძღვის არასწორ მონაცემთა მიწოდებაში. ამ მონაცემების შეტყობინებიდან ერთი თვის განმავლობაში მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება.
მუხლი 810. დაზღვევის ხელშეკრულების მოშლა ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო
თუ დამზღვევს საფრთხის გარემოების შესახებ წერილობით კითხვებზე უნდა გაეცა პასუხი, მაშინ მზღვეველს უფლება აქვს მოშალოს ხელშეკრულება იმ გარემოებათა შეუტყობინებლობის გამო, რომელთა თაობაზედაც თუმცა კითხვა არ დასმულა, მაგრამ დამზღვევი განზრახ დუმდა.
მუხლი 811. ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო ხელშეკრულების მოშლის ვადა
1. ამ თავით გათვალისწინებული ცნობების შეუტყობინებლობიდან ერთი თვის განმავლობაში მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება. ეს ვადა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მზღვეველმა გაიგო შეტყობინების მოვალეობის დარღვევის თაობაზე.
2. დამზღვევს უნდა ეცნობოს ხელშეკრულების მოშლის შესახებ.
მუხლი 812. ხელშეკრულების მოშლა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ
თუ მზღვეველი ხელშეკრულებას მოშლის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ, მაშინ იგი არ თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუკი იმ გარემოებას, რომლის შესახებაც დარღვეული იქნა შეტყობინების მოვალეობა, გავლენა არ მოუხდენია სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე და მზღვევლის მოვალეობის შესრულებაზე.
მუხლი 813. საფრთხის გაზრდის შესახებ ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება
1. დამზღვევი მოვალეა დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს საფრთხის გაზრდის შესახებ, რომელიც ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოცენდა, თუ ეს არსებით გავლენას მოახდენდა ხელშეკრულების დადებაზე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მზღვეველს უფლება აქვს მოშალოს ხელშეკრულება მოშლის ერთთვიანი ვადის დაცვით ან მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის შესაბამისი გაზრდა. თუ დამზღვევმა განზრახ გამოიწვია საფრთხის გაზრდა, მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება ვადის დაცვის გარეშე.
მუხლი 814. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შეტყობინების ვალდებულება
1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს.
2. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად.
3. მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვევლის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა.
4. მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ.
II. სადაზღვევო შესატანი
მუხლი 815. სადაზღვევო შესატანის გადახდის ვალდებულება
1. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ.
2. თუ დაზღვევის ინტერესი დაიკარგა, მაშინ მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდა.
მუხლი 816. პირველი სადაზღვევო შესატანი
პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან.
მუხლი 817. სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდა
1. თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება.
2. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან.
მუხლი 818. ხელშეკრულების მოშლა სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდის გამო
თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი.
მუხლი 819. სადაზღვევო შესატანის გადახდის შეწყვეტა
დამზღვევს შეუძლია შეწყვიტოს სადაზღვევო შესატანის გადახდა, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ გაირკვა, რომ მზღვევლის ეკონომიური მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ არსებობს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ მოვალეობათა შეუსრულებლობის რეალური საფრთხე.
III. ზიანის დაზღვევა
ა) ხელშეკრულების შინაარსი
მუხლი 820. ზიანის ფულადი ანაზღაურების ვალდებულება
ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით.
მუხლი 821. ზიანის ანაზღაურების ფარგლები
მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
მუხლი 822. სადაზღვევო შედარება
1. თუ აღმოჩნდა, რომ სადაზღვევო თანხა მნიშვნელოვნად აღემატება დაზღვეული ინტერესის ღირებულებას (სადაზღვევო ღირებულებას), მაშინ როგორც დამზღვევს, ისე მზღვეველს გადაჭარბებული დაზღვევის თავიდან აცილების მიზნით შეუძლიათ მოითხოვონ სადაზღვევო თანხის შემცირება სადაზღვევო შესატანის დაუყოვნებლივ შესაბამისი შემცირებით.
2. თუ დამზღვევი მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების განზრახვით დებს ხელშეკრულებას დაზღვევის გაზრდის გზით, მაშინ ხელშეკრულება ბათილად ჩაითვლება. ხელშეკრულების ბათილობამდე მზღვევლისათვის გადახდილი შენატანები მას რჩება, თუ მისთვის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ცნობილი არ იყო ბათილობის შესახებ.
მუხლი 823. ქონების დაზღვევის თავისებურებანი
სადაზღვევო თანხად ჩაითვლება ქონების ღირებულება, თუ დაზღვეულია ქონება და საქმის გარემოებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 824. მიუღებელი სარგებლის დაზღვევა
დაზღვევა ვრცელდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეულ მიუღებელ სარგებელზედაც, თუ ეს გათვალისწინებულია შეთანხმებით.
მუხლი 825. ნივთთა ერთობლიობის დაზღვევა
თუ დაზღვეულია ნივთების ერთობლიობა, მაშინ დაზღვევა ვრცელდება მასში შემავალ ყველა ნივთზე.
მუხლი 826. სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა
მზღვეველი არ არის ვალდებული გადაუხადოს დამზღვევს წარმოშობილი ზიანის ოდენობაზე მეტი თანხა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადაზღვევო თანხა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღემატება სადაზღვევო ღირებულებას.
მუხლი 827. შემცირებული ან არასრული დაზღვევა. ორმაგი დაზღვევა
1. თუ სადაზღვევო თანხა ნაკლებია სადაზღვევო ღირებულებაზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის (შემცირებული ან არასრული დაზღვევა), მაშინ მზღვეველი ანაზღაურებს ზიანს სადაზღვევო თანხისა და სადაზღვევო ღირებულების შეფარდების შესაბამისად.
2. პირი, რომელმაც ერთი და იგივე ინტერესი ერთდროულად რამდენიმე მზღვეველთან დააზღვია, მოვალეა ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს თითოეულ მზღვეველს. შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს ყველა მზღვევლის ვინაობა და სადაზღვევო თანხის ოდენობა.
3. თუ მოცემული ინტერესი ერთი და იმავე რისკისაგან რამდენიმე მზღვეველთან არის დაზღვეული და სადაზღვევო თანხები ჯამში სადაზღვევო ღირებულებას აჭარბებენ, ან, თუ სხვა მიზეზების გამო საზღაურთა ჯამი, რომელიც თითოეული მზღვევლის მიერ სხვა ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში გადახდილი იქნებოდა, აჭარბებს მთელ ზიანს (ორმაგი დაზღვევა), მაშინ მზღვევლები მოვალენი არიან დამზღვევის წინაშე – როგორც სოლიდარული მოვალეები – იმ თანხის ფარგლებში, რაც მათ დამზღვევთან დადებული ხელშეკრულებით აქვთ გაფორმებული, მაგრამ დამზღვევს არა აქვს უფლება მიიღოს ჯამში რეალურ ზიანზე მეტი თანხა.
მუხლი 828. ორმაგი დაზღვევის ბათილობა
თუ დამზღვევმა გააფორმა ორმაგი დაზღვევა მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების მიზნით, მაშინ თითოეული ხელშეკრულება, რომელიც ამ მიზნით არის დადებული, ჩაითვლება ბათილად.
მუხლი 829. დამზღვევის ბრალი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას
მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
მუხლი 830. მზღვევლის მითითების შესრულების მოვალეობა
1. დამზღვევი მოვალეა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოს ან შეამციროს ზიანი და ამასთან დაკავშირებით შეასრულოს მზღვევლის მითითებები.
2. მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს ის ხარჯები, რომლებიც მისი მითითებით იქნა გაღებული.
მუხლი 831. ომით ან სხვა დაუძლეველი ძალით გამოწვეული ზიანის დაზღვევა
მზღვეველი ომით ან სხვა დაუძლეველი ძალით გამოწვეული ზიანისათვის მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს, თუ ეს გათვალისწინებულია სპეციალური შეთანხმებით.
მუხლი 832. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირისაგან
1. თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.
2. თუ დამზღვევის უფლება ზიანის ანაზღაურების თაობაზე ეხება მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებს, მაშინ უფლების გადასვლა გამორიცხულია, როცა ოჯახის წევრმა ზიანი განზრახ გამოიწვია.
მუხლი 833. დაზღვეული ქონების გასხვისების შედეგები
თუ დაზღვეული ქონება გასხვისდა, მაშინ დამზღვევის უფლებები და მოვალეობები გადადის შემძენზე.
მუხლი 834. შეტყობინების ვალდებულება დაზღვეული ქონების გასხვისებისას
მზღვეველს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დაზღვეული ქონების გასხვისების შესახებ. თუ შემძენმა ან გამსხვისებელმა აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ არ შეატყობინა მზღვეველს, მაშინ იგი თავისუფლდება ანაზღაურების მოვალეობისაგან, თუკი სადაზღვევო შემთხვევა დადგა ორი კვირის შემდეგ იმ მომენტიდან, როცა მზღვეველს შეტყობინება მიღებული უნდა ჰქონოდა.
მუხლი 835. დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას
1. მზღვეველს უფლება აქვს ხელშეკრულების მოშლის ერთთვიანი ვადის დაცვით შეწყვიტოს სადაზღვევო ურთიერთობა შემძენთან. ხელშეკრულების მოშლის უფლება ძალას კარგავს, თუ მზღვეველმა არ ისარგებლა ამით ერთი თვის მანძილზე იმ მომენტიდან, როცა მან შეიტყო ქონების გასხვისების შესახებ.
2. შემძენს უფლება აქვს მოშალოს დაზღვევის ხელშეკრულება; მოშლა შეუძლია მას მხოლოდ დაუყოვნებლივ ან დაზღვევის მიმდინარე პერიოდის დამთავრებისათვის. მოშლის უფლება ქარწყლდება, თუ შემძენი შეძენიდან ერთი თვის ვადაში არ ისარგებლებს ამ უფლებით; ხოლო, თუ შემძენისათვის ცნობილი არ იყო დაზღვევის შესახებ, მაშინ მოშლის უფლება ძალაშია ერთი თვის გასვლამდე იმ მომენტიდან, როცა შემძენმა შეიტყო სადაზღვევო ურთიერთობის შესახებ.
3. თუ დაზღვევის ხელშეკრულება მოიშალა ამ წესების საფუძველზე, მაშინ გამსხვისებელი მოვალეა მზღვეველს გადაუხადოს სადაზღვევო შესატანი, მაგრამ არა იმაზე მეტი, რაც დაზღვევის პერიოდში უნდა გადაეხადა, ხელშეკრულების მოშლის მომენტის ჩათვლით; ამ შემთხვევაში შემძენი პასუხს არ აგებს სადაზღვევო შესატანის გადახდაზე.
ბ ) დაზღვევა სხვა პირის სასარგებლოდ
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.