საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
კარი მესამე საკუთრება
თავი მეოთხე ბინის საკუთრება მრავალბინიან სახლში
მუხლი 232. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5278 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.322
თავი მეხუთე სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობა
მუხლი 233. ცნება
1. მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება (აღნაგობის უფლება).
2. აღნაგობის უფლება შეიძლება გავრცელდეს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აუცილებელი აღნაგობისათვის, მაგრამ იძლევა ნაგებობით უკეთ სარგებლობის შესაძლებლობას.
3. აღნაგობის უფლების ვადა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით და იგი არ უნდა აღემატებოდეს ოთხმოცდაცხრამეტ წელს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2978 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.144
მუხლი 234. აღნაგობის უფლების წარმოშობა, შეძენა და შეწყვეტა. საკუთრება აღნაგობაზე
1. აღნაგობის უფლების წარმოშობისა და შეძენის მიმართ შესაბამისად გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენის წესები.
2. აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა ითვლება აღნაგობის უფლების არსებით შემადგენელ ნაწილად და რეგისტრირდება აღნაგობის უფლების მქონე პირის საკუთრებად.
3. აღნაგობის უფლების შეწყვეტისას აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა ხდება მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2978 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.144
მუხლი 235. აღნაგობის უფლების გასხვისება
თუ მხარეთა შეთანხმებით აღნაგობის უფლების გასასხვისებლად ან გასაქირავებლად საჭიროა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა, მესაკუთრეს შეუძლია უარი თქვას ამ თანხმობის გაცემაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საამისოდ არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი.
მუხლი 236. საზღაური აღნაგობის უფლებისათვის
1. აღნაგობის უფლების მქონეს შეიძლება ხელშეკრულებით დაეკისროს საზღაურის გადახდა. მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ეს უფლება განუყოფელია ნაკვეთზე საკუთრების უფლებისაგან.
2. საზღაურის გადაუხდელობის გამო აღნაგობის უფლება მესაკუთრის მხრიდან შეიძლება ცალმხრივად შეწყდეს ამ ვალდებულების 2 წლის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. საზღაური აღნაგობის უფლებისათვის მხარეებმა შეიძლება ათი წლის შუალედით განსაზღვრონ. თუ ეკონომიკური პირობები არსებითად იცვლება, მხარეები ვალდებულნი არიან თავიდან შეთანხმდნენ საზღაურზე.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2015 წლის 16 ოქტომბრის კანონი №4336 - ვებგვერდი, 20.10.2015წ.
მუხლი 237. აღნაგობის უფლების რეგისტრაცია
აღნაგობის უფლება საჯარო რეესტრში შეიტანება მიწის ნაკვეთზე არამესაკუთრეთა სანივთო უფლებებს შორის მხოლოდ პირველი რიგის უფლებად. ეს რიგი არ შეიძლება შეიცვალოს.
მუხლი 238. აღნაგობის უფლების შეწყვეტა
1. აღნაგობის უფლების შეწყვეტისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა.
2. აღნაგობის უფლება არ ისპობა მიწის ნაკვეთზე აღმართული შენობის დანგრევით.
მუხლი 239. სასყიდლიანი აღნაგობის უფლების შეწყვეტა
1. სასყიდლიანი აღნაგობის უფლების ვადის გასვლის შემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ აღნაგობის უფლების მქონეს უნდა მისცეს ანაზღაურება ამ ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის ღირებულების ორი მესამედის ოდენობით.
2. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია აღნაგობის უფლების მქონეს ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ გაუგრძელოს აღნაგობის უფლება ამ ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის არსებობის სავარაუდო ვადით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ აღნაგობის უფლების მქონე უარს იტყვის აღნაგობის უფლების ვადის გაგრძელებაზე, იგი კარგავს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებასაც.
3. აღნაგობის უფლების შეწყვეტისას აღნაგობის უფლების მქონეს არა აქვს უფლება წაიღოს ნაგებობა ან მისი შემადგენელი ნაწილები.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2015 წლის 16 ოქტომბრის კანონი №4336 - ვებგვერდი, 20.10.2015წ.
მუხლი 240. ანაზღაურების მოთხოვნის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში
1. აღნაგობის უფლების შეწყვეტის შემდეგ აღნაგობიდან წარმოშობილი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო რეესტრში აღნაგობის უფლების ადგილს იკავებს და იმავე რიგით ცვლის მას.
2. თუ აღნაგობის უფლება მისი ვადის გასვლის დროისათვის ჯერ კიდევ დატვირთულია იპოთეკით, იპოთეკარს აქვს ანაზღაურების მოთხოვნაზე გირავნობის უფლება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2015 წლის 16 ოქტომბრის კანონი №4336 - ვებგვერდი, 20.10.2015წ.
მუხლი 241. უფლებამონაცვლეობა აღნაგობის უფლების შეწყვეტისას
აღნაგობის უფლების შეწყვეტისას მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ხდება აღნაგობის უფლების მქონე პირის მიერ დადებული ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულების მონაწილე.
II. უზუფრუქტი
მუხლი 242. ცნება
უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება (უზუფრუქტი). ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ მესაკუთრე ხდება არსებული ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობების მონაწილე.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
მუხლი 243. უზუფრუქტის დადგენის სამართლებრივი მოწესრიგება
უზუფრუქტის დადგენის დროს გამოიყენება იგივე წესები, რაც უძრავი ნივთების შეძენის დროს.
მუხლი 244. უზუფრუქტის სახეები
1. უზუფრუქტი შეიძლება იყოს სასყიდლიანი და უსასყიდლო.
2. უზუფრუქტი შეიძლება არსებობდეს დროებით ან მისი მიმღების (უზუფრუქტუარის) სიცოცხლის ხანგრძლივობის მანძილზე. უზუფრუქტი უქმდება იმ ფიზიკური პირის გარდაცვალებით ან იურიდიული პირის ლიკვიდაციით, რომლის სასარგებლოდაც იყო უზუფრუქტი დადგენილი.
მუხლი 245. უზუფრუქტუარის უფლება-მოვალეობანი
1. უზუფრუქტის დაწყების წინ მხარეებს შეუძლიათ აღწერონ უზუფრუქტით გადასაცემი ობიექტების მდგომარეობა.
2. უზუფრუქტუარს მესაკუთრის თანხმობის გარეშე არა აქვს უფლება შეცვალოს სარგებლობის მიზანი.
3. უზუფრუქტუარი უფლებამოსილია მიიღოს ამ ნივთის ის ნაყოფიცა და სარგებელიც, რომლებიც არ არის მიღებული ნივთის ჩვეულებრივი სამეურნეო გამოყენების შედეგად. ამ შემთხვევაში იგი ვალდებულია მესაკუთრეს აუნაზღაუროს ის ზიანი, რაც მიადგა ნივთს ასეთი გამოყენების შედეგად.
4. უზუფრუქტუარი პასუხს არ აგებს ნივთის ნორმალური ცვეთისათვის. იგი ვალდებულია აანაზღაუროს მიმდინარე ხარჯები, გაარემონტოს ნივთი, აგრეთვე იზრუნოს ნივთის ნორმალური სამეურნეო მოვლისათვის.
5. უზუფრუქტუარი ვალდებულია უზუფრუქტის არსებობის მანძილზე დააზღვიოს ნივთი, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით. თუ უზუფრუქტის საგანი არის სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი და უზუფრუქტუარი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, მუნიციპალიტეტია (თუ უზუფრუქტის საგნის მესაკუთრე სხვა მუნიციპალიტეტია) ან სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია, ნივთის დაზღვევა არ არის სავალდებულო.
6. თუ ნივთი განადგურდა, დაზიანდა ან მის შესანახად წარმოიშვა გაუთვალისწინებელი ხარჯები, უზუფრუქტუარმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მესაკუთრეს. მან უნდა ითმინოს ის ღონისძიებები, რომლებიც მესაკუთრემ განახორციელა ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად. მესაკუთრე არ არის ვალდებული მიიღოს შესაბამისი ზომები. თუ ამ ღონისძიებებს ატარებს თვითონ უზუფრუქტუარი, მაშინ მას შეუძლია უზუფრუქტის დამთავრების შემდეგ მოაშოროს ნივთს ის საგნები, რომლებიც მან ამ ღონისძიებათა შედეგად მიუმატა, ან მოსთხოვოს მესაკუთრეს ამ საგნების სათანადო კომპენსაცია.
7. თუ ნორმალური სამეურნეო საქმიანობის ფარგლებში უზუფრუქტუარი გაასხვისებს ცალკეულ საგნებს, მაშინ გასხვისებული საგნების ადგილი უნდა დაიკავოს მის მიერ შეძენილმა საგნებმა.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1541 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.124
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6989 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 246. უზუფრუქტის შეწყვეტა
1. უზუფრუქტუარი ვალდებულია უზუფრუქტის დამთავრების შემდეგ დაუბრუნოს ნივთი მესაკუთრეს.
2. უზუფრუქტი ისპობა, თუ იგი საკუთრებასთან ერთად ერთი პირის ხელში აღმოჩნდება.
III. სერვიტუტები
მუხლი 247. ცნება
1. მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი). სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები.
2. საზღაური შეიძლება განისაზღვროს პერიოდული გადასახდელის სახით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.158
მუხლი 248. სერვიტუტის პირობები
1. სერვიტუტი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, როცა იგი უფლებამოსილ პირს უქმნის თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეღავათს.
2. სერვიტუტის განხორციელებისას უფლებამოსილი პირი უნდა გაუფრთხილდეს გამოყენებული (დატვირთული) მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესებს.
მუხლი 249. ნაგებობის მოვლის ვალდებულება
თუ სერვიტუტის სათანადოდ განხორციელება მოიცავს დატვირთულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ნაგებობასაც, მაშინ უფლებამოსილ პირს ეკისრება ამ ნაგებობის სათანადოდ მოვლის ვალდებულება. ამავე დროს, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ნაგებობის მოვლის ვალდებულება დაეკისროს დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, თუ ამას მოითხოვს უფლებამოსილი პირის ინტერესები.
მუხლი 250. მიწის ნაკვეთის გაყოფის შედეგები
თუ უფლებამოსილი პირის მიწის ნაკვეთი გაიყოფა, მაშინ სერვიტუტი გაგრძელდება თითოეულ ნაკვეთზე ცალ-ცალკე. ამ დროს სერვიტუტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს არ გააუარესებს დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მდგომარეობას.
მუხლი 251. გაყოფის შედეგად სერვიტუტისაგან თავისუფალი ნაწილი
თუ დატვირთული მიწის ნაკვეთი გაიყო და სერვიტუტი მხოლოდ ერთ ნაწილზე ვრცელდებოდა, მაშინ გაყოფის შემდეგაც მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზედაც არ იყო სერვიტუტი, მისგან თავისუფალი დარჩება.
მუხლი 252. უფლებამოსილი პირის უფლებების დაცვა
თუ უფლებამოსილ პირს ხელი შეეშლება მისი უფლების განხორციელებაში, მაშინ ამის თავიდან ასაცილებლად მას იგივე უფლებები აქვს, რაც კეთილსინდისიერ მფლობელს.
მუხლი 253. პირადი სერვიტუტი
1. უძრავი ნივთი შეიძლება ამა თუ იმ პირის სასარგებლოდ სერვიტუტით დაიტვირთოს 247-ე მუხლში გათვალისწინებული პირობით. ამგვარი დატვირთვა შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ უფლებამოსილ პირს მესაკუთრის გამორიცხვით შეუძლია შენობა ან ამ შენობის ნაწილი თავისთვის ან თავისი ოჯახისთვის გამოიყენოს ბინად.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ასეთი შეზღუდული პირადი სერვიტუტი სხვა პირებს არ გადაეცემა.
თავი მეექვსე საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება
მუხლი 254. ცნება
1. მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
2. მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით.
3. გირავნობით შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სამომავლო ან პირობითი მოთხოვნები.
3¹. არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გირავნობის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლით დადგენილი წესი.
3². დამგირავებელს ეკრძალება იმ არამატერიალური ქონებრივი სიკეთის დაგირავება, რომელიც „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი აქტივია.
4. გირავნობა, რომელიც უზრუნველყოფს არაფულად მოთხოვნას, მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნამდვილი, თუ შესაძლებელია მისი გამოხატვა ფულადი ფორმით.
4¹. გირავნობის უფლება შესაძლებელია გავრცელდეს როგორც ნივთზე ან მის ნაწილზე, ნივთთა ერთობლიობაზე ან მათ ნაწილზე ან / და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, ისე მთელ მოძრავ ქონებაზე.
5. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ის ნივთები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლებსაც დამგირავებელი შეიძენს მომავალში (სამომავლო ქონება). სამომავლო ქონება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ხდება მისი შეძენისთანავე, ხოლო სამომავლო ქონებაზე გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის უფლების რეგისტრაციის მომენტის შესაბამისად.
6. ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, აგრეთვე სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 254-ე მუხლის მე-6 ნაწილი) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/4/1380 – ვებგვერდი, 22.12.2020წ.
7. (ამოღებულია - 22.07.2021, №808).
ცვლილებები ამ მუხლში (8)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4323 -ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3315 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/4/1380 – ვებგვერდი, 22.12.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 22 ივლისის კანონი №808 – ვებგვერდი, 26.07.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2117 – ვებგვერდი, 16.12.2022წ.
მუხლი 255. გირავნობის სახეები
გირავნობის სახეებია:
ა) მფლობელობითი გირავნობა;
ბ) რეგისტრირებული გირავნობა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
მუხლი 256. გირავნობის ფარგლები
1. გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. გირავნობის უფლება ვრცელდება გირავნობის საგნიდან მიღებულ ნაყოფზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4323 -ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668– ვებგვერდი, 16.01.2012წ.
მუხლი 257. მფლობელობითი გირავნობა
1. მოძრავ ნივთზე მფლობელობითი გირავნობა წარმოიშობა მხარეთა შეთანხმებისა და ნივთის მოგირავნის ან მოგირავნის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში გადაცემის გზით.
2. თუ ნივთი უკვე იმყოფება მოგირავნის ან მოგირავნის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირის მფლობელობაში, გირავნობის წარმოშობისათვის საკმარისია მხარეთა შეთანხმება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
მუხლი 258. რეგისტრირებული გირავნობა
1. რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის.
2. გარიგებაში უნდა აღინიშნოს:
ა) მისი შედგენის თარიღი;
ბ) მონაცემები მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ;
გ ) გირავნობის საგნის ზოგადი ან სპეციფიკური ნიშნებით აღწერა იმგვარად , რომ შესაძლებელი იყოს მისი განსაზღვრა. თუ გირავნობის საგანია მთელი მოძრავი ქონება, მისი აღწერა არ მოითხოვება, თუკი მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
დ) უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის ზოგადი ან კონკრეტული აღწერა და მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა.
3. გირავნობის უფლების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება კანონით.
3¹. ფინანსურ გირავნობასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ამასთანავე, გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება, თუ:
ა) გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით;
ბ) მოგირავნესა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის დადებულია ხელშეკრულება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის შესახებ.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტების საფუძველზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
ცვლილებები ამ მუხლში (9)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.321
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4310 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.35
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.158
საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №314 - სსმ I, №24, 20.10.2008წ., მუხ.160
საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4323 -ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6311 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1833 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5674 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
მუხლი 258¹. გირავნობის მოწმობა
1. მოგირავნის წერილობითი მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში მოვალის მიერ ამ კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნის განცხადების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს გირავნობის მოწმობას.
2. გირავნობის მოწმობა არის აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლითაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ამ კოდექსის 258-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაციის ფაქტი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას მოგირავნეს უფლება აქვს, უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მოსთხოვოს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მის მფლობელობაში გადაცემა.
3. გირავნობის მოწმობა არ გაიცემა, თუ რეგისტრირებული გირავნობის გარიგება არ შეიცავს მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის ამ კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 260¹ მუხლით განსაზღვრულ მხარეთა შეთანხმებას.
4. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნის მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია მოგირავნე.
5. გირავნობის მოწმობის ფორმა და გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1541 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.124
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1833 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.
მუხლი 259. მოთხოვნებისა და ფასიანი ქაღალდების დაგირავების წესი
1. მოთხოვნის დაგირავება ხორციელდება წერილობითი ფორმით გარიგების დადებისა და ამ გარიგებით განსაზღვრული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით. აღნიშნულ გარიგებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები.
2. ვიდრე მოვალეს წერილობით ეცნობებოდეს მოთხოვნის დაგირავების შესახებ, მას უფლება აქვს შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის მფლობელის წინაშე. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება 264-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
3. ფასიანი ქაღალდების დაგირავება ხდება მათი შეძენისთვის დადგენილი წესით. დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე გირავნობის უფლება წარმოიშობა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.321
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3726– ვებგვერდი, 07.12.2023წ.
მუხლი 260. ლომბარდში ნივთების დაგირავების წესი
1. ლომბარდში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით.
2. (ამოღებულია - 21.07.2018, №3315).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3315 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.
მუხლი 260¹. დაგირავებული ნივთის გადასვლა კრედიტორის (მოგირავნის) საკუთრებაში
დაგირავებული ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (მოგირავნის) საკუთრებაში ამ კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში და ამის შესახებ პირდაპირ უნდა აღინიშნოს ხელშეკრულებაში.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
მუხლი 261. მოგირავნის და დამგირავებლის უფლებები და მოვალეობები
1. რეგისტრირებული გირავნობის დროს დამგირავებელს ან მოგირავნეს, ხოლო მფლობელობითი გირავნობის დროს – მოგირავნეს ან მოგირავნის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს, ეკისრებათ მათ მფლობელობაში არსებული გირავნობის საგნის სათანადოდ მოვლა-შენახვის ვალდებულება. თითოეულ მხარეს აქვს მეორე მხარის მფლობელობაში მყოფი გირავნობის საგნის მდგომარეობის (მათ შორის, ზომის, წონის, შენახვის პირობების და სხვ.) შემოწმების უფლება.
2. თუ გირავნობის საგანი დამგირავებლის მფლობელობაში იმყოფება, მას უფლება აქვს მიიღოს სარგებელი გირავნობის საგნიდან. მოგირავნეს მის მფლობელობაში გადაცემული გირავნობის საგნიდან სარგებლის მიღება შეუძლია, თუ ეს გათვალისწინებულია მხარეთა შეთანხმებით. ივარაუდება, რომ მოგირავნე უფლებამოსილია მიიღოს ნაყოფი გირავნობის საგნიდან, თუ ნაყოფის მიღება გირავნობის საგნის თვისებიდან გამომდინარეობს. მოგირავნის მიერ მიღებული სარგებელი ჩაითვლება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ანგარიშში. მოგირავნე ვალდებულია დამგირავებლის მოთხოვნით წარუდგინოს მას ანგარიში მის მიერ მიღებული სარგებლის შესახებ.
3. მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს დამგირავებლისგან გირავნობის საგანზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება. სხვა ხარჯების ანაზღაურების წესი განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესების შესაბამისად.
4. თუ დამგირავებელი არ ასრულებს გირავნობის საგნის სათანადოდ მოვლა-შენახვის ვალდებულებას, მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს გირავნობის საგნის მისთვის ან მესამე პირისათვის გადაცემა, ხოლო თუ გირავნობის საგნის სათანადო მოვლა-შენახვის ვალდებულებას არ ასრულებს მოგირავნე, დამგირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს გირავნობის საგნის მესამე პირისათვის გადაცემა.
5. თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს აქცია ან წილი სამეწარმეო საზოგადოებაში, მაშინ დამგირავებელი სამეწარმეო საზოგადოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას ან გარიგების დადებისას უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე საკუთარი და მოგირავნის ინტერესების გათვალისწინებით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
მუხლი 262. გირავნობის საგნის დაზღვევა
დამგირავებელი ვალდებულია დააზღვიოს გირავნობის საგანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
მუხლი 263. იმ დამგირავებლის უფლებები, რომელიც არ წარმოადგენს მოგირავნის პირად მოვალეს
დამგირავებელს, რომელიც არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, შეუძლია მოგირავნეს წაუყენოს ის შესაგებლები, რომლის წაყენების უფლებაც აქვს პირად მოვალეს, მათ შორის, ისეთი შესაგებლები, რომლებზედაც მოგირავნის პირადმა მოვალემ უარი თქვა გირავნობის წარმოშობის შემდეგ.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
მუხლი 264. სუროგაცია
1. თუ დაგირავებულია მოთხოვნა, ხოლო მოვალე ვალდებულებას ასრულებს გირავნობის ვადის გასვლამდე, მაშინ შესრულება იკავებს მოთხოვნის ადგილს, თუკი მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. გირავნობის საგნის დაკარგვასთან, დაზიანებასთან, განადგურებასთან ან გაუფასურებასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ანაზღაურება, მათ შორის, სადაზღვევო ანაზღაურება, იკავებს გირავნობის საგნის ადგილს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამგირავებელს უფლება აქვს მის მიერ მიღებული თანხით შეიძინოს დაკარგული, დაზიანებული, განადგურებული, გაუფასურებული ნივთის შემცვლელი ნივთი, რომელიც დაიკავებს გირავნობის საგნის ადგილს.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4323 -ვებგვერდი, 22.03.2011წ.
მუხლი 265. გირავნობის საგნის გადამუშავების ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის სამართლებრივი შედეგები
1. გირავნობის საგნის გადამუშავება ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმა იმგვარად, რომ პირვანდელ მდგომარეობაში მათი აღდგენა შეუძლებელია ან მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული, არ გამოიწვევს გირავნობის უფლების შეწყვეტას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ საკუთრება გადადის გირავნობის საგნის გადამუშავების ან სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის შედეგად, მაშინ გამოიყენება ამ კოდექსის 196-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გირავნობის საგნის გადამუშავებისათვის ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმისათვის საჭიროა მოგირავნის წინასწარი თანხმობა, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში გირავნობიდან გამომდინარე მოთხოვნათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის საგნის გადამუშავებამდე ან სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმამდე არსებულ გირავნობის უფლებათა წარმოშობის მომენტის შესაბამისად.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4323 -ვებგვერდი, 22.03.2011წ.
მუხლი 266. გარიგების დადება გირავნობის საგანზე
1. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ დამგირავებელი არ გაასხვისებს და არ დააგირავებს გირავნობის საგანს გირავნობის უფლების შეწყვეტამდე.
2. დამგირავებლის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნეს აქვს თავისი მოთხოვნის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების უფლება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
მუხლი 267. საგნის დაგირავება რამდენჯერმე და გირავნობის უფლებათა რიგითობა
1. ერთი და იგივე ქონება შეიძლება რამდენჯერმე დაგირავდეს. გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად.
2. თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს სამომავლო ქონება, მაშინ დამგირავებლის მიერ ქონების შეძენის შემთხვევაში წინა მესაკუთრის დროს წარმოშობილი გირავნობის უფლება წინ გაუსწრებს ახალი მესაკუთრის დროს წარმოშობილ გირავნობის უფლებას, მიუხედავად მათი წარმოშობის თარიღისა.
3. ამ კოდექსის 568-ე, 586-ე, 596-ე, 634-ე, 685-ე და 796-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოგირავნეს აქვს გირავნობის საგნიდან თავისი მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება ყველა სხვა მოგირავნესთან შედარებით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.158
მუხლი 268. მოგირავნის უფლებების დაცვა
თუ მოგირავნეს ხელი შეუშალეს თავისი უფლებების განხორციელებაში, მას შეუძლია იგივე უფლებები გამოიყენოს, რაც მესაკუთრემ.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
მუხლი 269. გირავნობის უფლების გადასვლა ახალ კრედიტორზე
1. სხვა პირისათვის მოთხოვნის გადაცემით ამ პირზე (ახალ კრედიტორზე) გადადის გირავნობის უფლებაც.
2. გირავნობის უფლება წყდება, თუ მფლობელობითი გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობისას მოთხოვნის დათმობის მომენტიდან გონივრულ ვადაში, ახალი კრედიტორი არ მოითხოვს გირავნობის საგნის მისთვის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისთვის გადაცემას ან გირავნობის უფლების რეგისტრაციას.
3. ყოველი მესამე პირი, რომლის უფლებრივი მდგომარეობაც გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად შეიძლება გაუარესდეს, უფლებამოსილია დააკმაყოფილოს მოგირავნის მოთხოვნა და ამ გზით შეიძინოს მისი უფლებები დამგირავებლისა და შესაძლო მოვალე მესამე პირის მიმართ.
4. გირავნობის უფლება არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირს შესაბამისი მოთხოვნის გადაცემის გარეშე. თუ მოთხოვნის გადაცემისას გამორიცხულია გირავნობის უფლების გადაცემა, მაშინ გირავნობის უფლება წყდება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
მუხლი 270. გირავნობის უფლების შეწყვეტა მოთხოვნის გაუქმების გამო
გირავნობის უფლება წყდება იმ მოთხოვნის გაუქმებასთან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც იგი არსებობს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
მუხლი 271. გირავნობის უფლების შეწყვეტა გირავნობის საგნის დაღუპვის გამო
გირავნობის უფლება წყდება, თუ გირავნობის საგანი ფიზიკურად შეწყვეტს არსებობას.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
მუხლი 272. გირავნობის უფლების შეწყვეტა გირავნობაზე უარის თქმით
1. რეგისტრირებული გირავნობის უფლება წყდება იმ შემთხვევაში, როცა მოგირავნე უარს იტყვის გირავნობაზე რეგისტრაციის გზით.
2. მფლობელობითი გირავნობის უფლება წყდება იმ შემთხვევაში, როცა მფლობელობა დამგირავებელს უბრუნდება ან მოგირავნე უარს ამბობს გირავნობის უფლებაზე.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
მუხლი 273. გირავნობის უფლების შეწყვეტა მოგირავნის საკუთრებაში გირავნობის საგნის გადასვლის გამო (კონსოლიდაცია)
გირავნობის უფლება წყდება, თუ გირავნობის საგანი გადადის მოგირავნის საკუთრებაში.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
მუხლი 274. გირავნობის საგნის გასხვისება
1. გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
[ 1. გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება, გარდა ამ მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
2. რეგისტრირებული გირავნობისას გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში დამგირავებელსა და შემძენს ერთობლივად ეკისრებათ საჯარო რეესტრში, ხოლო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე – საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის.
3. მფლობელობითი გირავნობის დროს დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში გირავნობის უფლება წყდება და შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, თუ მოგირავნე ან მის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირი გირავნობის საგნის მფლობელობას გადასცემს შემძენს.
4. დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გასხვისების შემთხვევაში შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა შემძენმა გირავნობის შესახებ. ეს წესი არ გამოიყენება, თუ შემძენი და დამგირავებელი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ.
[ 5. „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფაქტორინგის შედეგად დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შემთხვევაში გირავნობის უფლება წყდება დებიტორულ დავალიანებაზე და ფაქტორის საკუთრებაში გადადის გირავნობის უფლებით დაუტვირთავი ქონება. ამ შემთხვევაში გირავნობის უფლება არსებობას აგრძელებს აღნიშნული დებიტორული დავალიანების ფაქტორის საკუთრებაში გადაცემის შედეგად მიღებულ შემოსავალზე. თუ ფაქტორს დებიტორული დავალიანების ნაწილი გადაეცემა, ეს წესი აღნიშნული დებიტორული დავალიანების მხოლოდ გადაცემულ ნაწილზე გავრცელდება. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4310 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.35
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1833 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1454 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.
მუხლი 275. მოგირავნის ვალდებულება გირავნობის უფლების შეწყვეტისას
1. გირავნობის უფლების შეწყვეტის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია მის მფლობელობაში არსებული საგანი დაუბრუნოს დამგირავებელს.
2. რეგისტრირებული გირავნობის უფლების შეწყვეტისას დამგირავებელს უფლება აქვს, მოგირავნეს მოსთხოვოს გირავნობის უფლების შეწყვეტის დაუყოვნებელი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ხოლო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის უფლების შეწყვეტის შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. თუ არ არსებობს დამგირავებლის მოთხოვნა გირავნობის უფლების შეწყვეტის დაუყოვნებელი რეგისტრაციის შესახებ, მოგირავნე ვალდებულია გირავნობის უფლების შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში მიმართოს საჯარო რეესტრს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გირავნობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მიზნით. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამგირავებელს აქვს მოგირავნისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. გირავნობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დამგირავებელსაც. ასეთ შემთხვევაში გირავნობის უფლების შეწყვეტის შესახებ სარეგისტრაციო განცხადებას თან უნდა დაერთოს მოგირავნის მიერ გაცემული წერილობითი საბუთი, რომელიც ადასტურებს გირავნობის უფლების შეწყვეტას.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4310 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.35
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1833 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.
მუხლი 276. მოგირავნის დაკმაყოფილება
1. მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის (საგნების) ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით ან გირავნობითა და იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის (საგნების) ღირებულება ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3315 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.
მუხლი 277. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
მუხლი 278. გირავნობის საგნის რეალიზაციისა და მოგირავნის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება
გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
მუხლი 279. რამდენჯერმე დაგირავებული საგნის რეალიზაციის უფლება
1. თუ გირავნობის საგანი რამდენჯერმეა დაგირავებული, მაშინ მისი რეალიზაციის უფლება აქვს ნებისმიერ მოგირავნეს მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომისას.
2. მოგირავნეს, რომლის გირავნობის უფლებაც წინ უსწრებს რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის უფლებას, შეუძლია გირავნობის საგნის შესაძლო რეალიზაციის შესახებ შემდგომი მოგირავნის წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ორი კვირის განმავლობაში აცნობოს შემდგომ მოგირავნეს იმის თაობაზე, რომ:
ა) იგი სარგებლობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებით. ამ შემთხვევაში შემდგომი მოგირავნე ვერ განახორციელებს რეალიზაციას და რეალიზაციის განხორციელების ვალდებულება დაეკისრება წინა მოგირავნეს;
ბ) იგი თანახმაა, რომ გირავნობის საგნის რეალიზაცია განახორციელოს შემდგომმა მოგირავნემ, ოღონდ იმ პირობით, რომ რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან თავისი მოთხოვნა უპირატესად დაკმაყოფილდება.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ რეალიზაციის შემთხვევებში რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან შემდგომი მოგირავნის მოთხოვნის უპირატესად დაკმაყოფილდება წინა მოგირავნის მოთხოვნა.
4. თუ წინა მოგირავნე არ ისარგებლებს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებით, გირავნობის საგანი დატვირთული რჩება იმ მოგირავნეთა უფლებებით, რომელთა გირავნობის უფლებაც წინ უსწრებს რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის უფლებას.
5. რეალიზაციის განმახორციელებელ მოგირავნესა და შემძენს ეკისრებათ საჯარო რეესტრში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4310 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.35
მუხლი 280. რეალიზაციიდან ამონაგები თანხის განაწილება
1. გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან პირველ რიგში დაიფარება რეალიზაციის ხარჯები და დაკმაყოფილდება რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის მოთხოვნა.
2. გირავნობით რამდენჯერმე დატვირთული საგნის რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე ვალდებულია რეალიზაციის ხარჯების დაფარვისა და თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა შეინახოს ნოტარიუსთან დეპოზიტზე შემდგომი მოგირავნეების მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. ყოველი შემდგომი მოგირავნის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა მოგირავნის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ.
3. გირავნობით უზრუნველყოფილი ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, აგრეთვე შემდგომი მოგირავნეების არარსებობისას ამონაგებიდან დარჩენილი თანხა დამგირავებელს უნდა გადაეცეს.
4. გირავნობის საგნის რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე პასუხს აგებს სხვა მოგირავნეების წინაშე იმ ზიანისათვის, რაც წარმოიშობა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
მუხლი 281. გირავნობის საგნის გადაცემა რეალიზაციის უფლების მქონე მოგირავნისათვის
1. გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მისი საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების მქონე მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემა. მოგირავნის მოთხოვნა მისთვის გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. თუ მოთხოვნის რეალიზაცია დამოკიდებულია ამა თუ იმ იურიდიული მოქმედების შესრულებაზე, მაშინ მოგირავნეს შეუძლია დამგირავებელს მოსთხოვოს ამის განხორციელება. თუ დამგირავებელი ორი კვირის ვადაში არ შეასრულებს მოგირავნის მოთხოვნას, მოგირავნე უფლებამოსილია, ეს მოქმედება დამგირავებლის სახელით განახორციელოს მესამე პირთა მიმართ.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1541 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.124
მუხლი 281¹. დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების მოგირავნისათვის გადაცემა
1. მოგირავნეს უფლება აქვს, სასამართლოს გარეშე, სააღსრულებო დაწესებულებაში გირავნობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მოითხოვოს დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით მის მფლობელობაში გადაცემა.
2. სააღსრულებო დაწესებულების მიერ მოგირავნისათვის დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების გადაცემა ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. სააღსრულებო დაწესებულებაში ერთი და იმავე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების მფლობელობაში გადაცემისათვის სხვადასხვა მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში გირავნობის საგანი გადაეცემა იმ მოგირავნეს, რომელსაც აქვს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირატესი უფლება.
4. გირავნობის მოწმობის გასაჩივრება არ იწვევს მისი აღსრულების შეჩერებას.
5. მოგირავნე, რომელსაც ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მფლობელობაში გადაეცა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს მისი რეალიზაცია ან საკუთრებად დარეგისტრირება.
6. მოგირავნისათვის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება მოვალეს.
7. მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის სააღსრულებო დაწესებულებაში წარდგენის მართლზომიერებისთვის პასუხისმგებელია მოგირავნე.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1541 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.124
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1833 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.
მუხლი 282. გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ შეტყობინების ვალდებულება
1. მოგირავნე ვალდებულია რეალიზაციამდე ორი კვირით ადრე გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე წერილობით გააფრთხილოს დამგირავებელი და სხვა მოგირავნეები.
2. (ამოღებულია - 11.05.2007, №4744).
3. რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების წინასწარი წერილობითი გაფრთხილების გარეშეც, თუ:
ა) არსებობს გირავნობის საგნის საბაზრო ან საბირჟო ფასის დაცემის რეალური საფრთხე;
ბ) გირავნობის საგანი მალფუჭებადია.
4. მოგირავნე კარგავს გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებას, თუ დამგირავებლისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების ჩაბარების დღიდან ნებისმიერ დროს, ვიდრე არ განხორციელებულა გირავნობის საგნის რეალიზაცია, შესრულდება უზრუნველყოფილი მოთხოვნა.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4310 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.35
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.158
მუხლი 283. გირავნობის საგნის რეალიზაცია
1. მოგირავნე უფლებამოსილია უშუალოდ მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია, თუ არსებობს ამის შესახებ მოგირავნისა და დამგირავებელის შეთანხმება. უშუალოდ მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის.
2. თუ გირავნობის საგანს აქვს საბირჟო ან საბაზრო ფასი, მოგირავნეს შეუძლია გირავნობის საგნის გაყიდვა მიანდოს სპეციალურ სავაჭრო დაწესებულებას.
3. თუ დაგირავებული მოთხოვნის რეალიზაცია ხორციელდება მოვალის მიერ მოგირავნის სასარგებლოდ შესრულებით, მოგირავნე ვალდებულია წარუდგინოს დამგირავებელს ანგარიში მოვალის მიერ თავის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების შესახებ.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
მუხლი 284. მხარეთა შეთანხმება რეალიზაციის სხვა წესზე
1. მოგირავნესა და დამგირავებელს წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ გირავნობის საგნის მოგირავნისათვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებულ უნდა იქნეს სანოტარო წესით.
2. დამგირავებელსა და მოგირავნეს შეუძლიათ ასევე შეთანხმდნენ გირავნობის საგნის რეალიზაციის განსხვავებულ წესზე, რომელიც განსხვავდება ამ თავში მოცემული წესებისაგან. ასეთ შემთხვევაში გირავნობის საგნის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს გონივრულ და სამართლიან ფასში დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.321
მუხლი 285. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგები
1. გირავნობის საგნის რეალიზაციით შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, გარდა 279-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის არამართლზომიერი რეალიზაციის შემთხვევაში შემძენი იძენს საკუთრების უფლებას, თუ იგი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
მუხლი 285¹. ანგარიში გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ
რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე ვალდებულია, რეალიზაციის განხორციელებიდან გონივრულ ვადაში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, წარუდგინოს დამგირავებელს წერილობითი ანგარიში გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას რეალიზაციის ხარჯების, რეალიზაციიდან ამონაგები თანხისა და ამ თანხის გამოყენების თაობაზე.
II. იპოთეკა
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
მუხლი 286. ცნება
1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
2. იპოთეკა შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სამომავლო ან პირობით მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუ იპოთეკის დადგენის მომენტისათვის შესაძლებელია ამ მოთხოვნის განსაზღვრა.
3. ის მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, შეიძლება შეიცვალოს სხვა მოთხოვნით. ამისათვის საჭიროა მესაკუთრისა და კრედიტორის (იპოთეკარის) შეთანხმება და ამ შეთანხმების რეგისტრაცია რეესტრში.
3¹. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოყენების (დატვირთვის) შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესი.
4. ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები/დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველყოფაზე.
6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საცხოვრებელ სადგომად გამოყენების მიზნით სარგებლობაში გადაეცემა იპოთეკარ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს), ან ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით გადაეცემა იპოთეკარ იურიდიულ პირს. ამასთანავე, თუ ერთი და იმავე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა.
[ 6 ¹. აკრძალულია ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) საცხოვრებელი ტიპის უძრავი ქონების ფაქტორინგის, მათ შორის, რევერსიული ფაქტორინგის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება, თუ არ დასტურდება, რომ საჯარო რეესტრში აღნიშნული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებლის/მისი საოჯახო მეურნეობის წევრის საკუთრებაში დამატებით არანაკლებ 1 საცხოვრებელი ტიპის უძრავი ქონებაა რეგისტრირებული. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
7. მარეგისტრირებელი ორგანოსათვის იპოთეკის უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსისთვის, მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობისა და მართლზომიერებისათვის პასუხისმგებელი არიან უშუალოდ იპოთეკის ხელშეკრულების მხარეები.
ცვლილებები ამ მუხლში (6)
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.158
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3315 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2622 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1454 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.
მუხლი 287. საერთო იპოთეკა
თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით (საერთო იპოთეკა), საერთო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება ყოველი ნივთი. კრედიტორს შეუძლია, სურვილისამებრ, მოთხოვნა ნებისმიერი ნივთით დაიკმაყოფილოს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
მუხლი 288. მესაკუთრის იპოთეკა
თუ მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც არსებობს იპოთეკა, არ წარმოშობილა, იგი ქარწყლდება ან გადადის უძრავი ნივთის მესაკუთრეზე, მაშინ იპოთეკაც გადადის ამ უკანასკნელზე (მესაკუთრის იპოთეკა).
მუხლი 289. იპოთეკის რეგისტრაცია
1. იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 311¹ მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.
1 ¹. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმებისას ნოტარიუსი ვალდებულია განუმარტოს ხელშეკრულების მხარეებს ის სამართლებრივი შედეგები, რომლებიც მოჰყვება მათ მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას.
1². იპოთეკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ნოტარიუსი უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას. იპოთეკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
1³. ამ მუხლის 1¹ ნაწილით განსაზღვრული პირობა არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებაზე.
2. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნით საჯარო რეესტრი გასცემს იპოთეკის მოწმობას. იპოთეკის მოწმობის გაცემა რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
3. იპოთეკის ხელშეკრულება, რომელზედაც მხარეთა შეთანხმებით გაიცემა იპოთეკის მოწმობა, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება, რომელიც მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას, უნდა დაამოწმოს იმავე ნოტარიუსმა, რომელმაც დაამოწმა აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება.
4. საერთო იპოთეკაზე გაიცემა მხოლოდ ერთი იპოთეკის მოწმობა.
ცვლილებები ამ მუხლში (6)
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.321
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1864 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1901 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2622 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3942 - ვებგვერდი, 27.12.2023წ.
მუხლი 289¹. იპოთეკის მოწმობა
1. იპოთეკის მოწმობა არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მისი კანონიერი მფლობელის უფლებას:
ა) მოითხოვოს იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება;
ბ) ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის საგნიდან.
2. იპოთეკის მოწმობა დგება ერთ ეგზემპლარად.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
მუხლი 289². იპოთეკის მოწმობის შინაარსი
1. იპოთეკის მოწმობა უნდა შეიცავდეს:
ა) სათაურში აღნიშვნას „იპოთეკის მოწმობა“;
ბ) იპოთეკარის სახელსა და მისამართს;
გ) მოვალის სახელსა და მისამართს;
დ) უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელსა და მისამართს;
ე) იპოთეკით დატვირთული ქონების სარეგისტრაციო კოდს, იპოთეკის საგნის მისამართს;
ვ) აღნიშვნას იპოთეკის მოწმობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ, შესაბამისი რეკვიზიტების მითითებით;
ზ) მითითებას იმის თაობაზე, არის თუ არა იპოთეკის საგანი ან მისი ნაწილი დატვირთული სხვა იპოთეკით ან სხვა სანივთო ან ვალდებულებითი უფლებით;
თ) იპოთეკის ხელშეკრულების შედგენის ადგილსა და თარიღს;
ი) უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობას;
კ) იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას, ხოლო თუ ვალდებულება ნაწილ-ნაწილ უნდა შესრულდეს, – მისი შესრულების ვადებს;
ლ) იპოთეკის მოწმობის გაცემის თარიღს.
2. იპოთეკის მოწმობის ნამდვილობა დასტურდება საჯარო რეესტრის ბეჭდით.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევა იწვევს იპოთეკის მოწმობის ბათილობას.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
მუხლი 289³. იპოთეკის მოწმობიდან გამომდინარე უფლების განხორციელება
1. იპოთეკის მოწმობის ფაქტობრივი მფლობელი ითვლება მის კანონიერ მფლობელად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება.
2. იპოთეკის მოწმობის არსებობისას უზრუნველყოფილი მოთხოვნა შესრულდება მხოლოდ იპოთეკის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. კრედიტორი ვალდებულია, საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთანავე იპოთეკის მოწმობა გადასცეს ვალდებულების შემსრულებელს.
3. მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისთანავე კრედიტორი ვალდებულია, იპოთეკის მოწმობაში შეიტანოს შესაბამისი აღნიშვნა.
4. იპოთეკის შესახებ გარიგების დამმოწმებელი ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
მუხლი 289⁴. იპოთეკის მოწმობაზე უფლების გადაცემა
1. იპოთეკის მოწმობაში მოცემული მოთხოვნის დათმობა ხდება იპოთეკის მოწმობაზე უფლების გადამცემის სანოტარო წესით დამოწმებული ხელმოწერით.
2. თუ მოთხოვნის დათმობა ხდება იპოთეკის მოწმობის აუქციონზე გაყიდვით, იპოთეკის მოწმობაზე კეთდება აღნიშვნა „გაყიდულია აუქციონზე“ და დასტურდება სპეციალისტის სანოტარო წესით დამოწმებული ხელმოწერით.
3. ბათილია იპოთეკის მოწმობის სხვა პირისთვის გადაცემის აკრძალვა.
4. პირი, რომლის სასარგებლოდაც მოხდა მოთხოვნის დათმობა, ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს მოვალეს.
5. მოთხოვნის დათმობისას გაითვალისწინება აგრეთვე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესი.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.
მუხლი 289⁵. იპოთეკის მოწმობის ძალადაკარგულად გამოცხადება
იპოთეკის მოწმობის დაზიანების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში იპოთეკის მოწმობის მფლობელი ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს საჯარო რეესტრს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო აცხადებს მას ძალადაკარგულად საერთო წესის საფუძველზე (გამოწვევითი წარმოება).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
მუხლი 289⁶. იპოთეკის მოწმობის დაგირავება
1. იპოთეკის მოწმობა შეიძლება დაგირავდეს მისი მფლობელის ან სხვა ნებისმიერი პირის სასარგებლოდ, ფასიანი ქაღალდების დაგირავებისთვის დადგენილი წესით.
2. იპოთეკის მოწმობის გირავნობა რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
მუხლი 289⁷. იპოთეკის მოწმობის გაუქმება
1. იპოთეკის მოწმობა უქმდება:
ა) იპოთეკის მოწმობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში;
ბ) უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის იპოთეკის მოწმობის ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში.
2. იპოთეკის მოწმობის გაუქმება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
მუხლი 289⁸. იპოთეკის მოწმობის უპირატესობა საჯარო რეესტრის ჩანაწერთან
იპოთეკის მოწმობასა და საჯარო რეესტრის ჩანაწერს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იპოთეკის მოწმობას.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
მუხლი 290. უძრავი ნივთის იპოთეკით რამდენჯერმე დატვირთვა
ერთი უძრავი ნივთი შეიძლება რამდენჯერმე დაიტვირთოს იპოთეკით. რიგითობა განისაზღვრება იპოთეკის შესახებ განცხადების რეგისტრაციის თარიღის მიხედვით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
მუხლი 291. იმ უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლება, რომელიც არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე
1. თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს, მათ შორის, შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო.
2. თუ მოთხოვნის შესრულების ვადა დამოკიდებულია სამართლებრივი ურთიერთობის მოშლის შეტყობინებაზე, მოშლა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება ნამდვილად, როდესაც ამის შესახებ მესაკუთრე განუცხადებს კრედიტორს ან კრედიტორი – მესაკუთრეს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
მუხლი 292. მესაკუთრის უფლება კრედიტორის დაკმაყოფილებისას
1. უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება.
2. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს.
3. (ამოღებულია - 11.05.2007, №4744).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.158
მუხლი 293. იპოთეკის გავრცელება უძრავი ნივთის ნაყოფზე
იპოთეკა არ ვრცელდება უძრავი ნივთის ნაყოფზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
მუხლი 294. იპოთეკით დატვირთული ნივთის მოვლის მოვალეობა
1. მესაკუთრე ვალდებულია, ისე განახორციელოს ნივთის მოვლა-პატრონობა, რომ იპოთეკის მიზანს არ შეექმნას საფრთხე. საფრთხის შემთხვევაში კრედიტორს შეუძლია, მესაკუთრეს განუსაზღვროს შესაბამისი ვადა ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. თუ იპოთეკით დატვირთულ ნივთს ფლობს კრედიტორი, ნივთის მოვლა-პატრონობის მოვალეობა მასვე ეკისრება.
2. თუ ნივთი დაზღვეულია, მზღვეველს სადაზღვევო თანხის გადახდა დამზღვევისათვის ვითარების გაუარესების შემდეგ მხოლოდ მაშინ შეუძლია, როდესაც ზიანის მიყენების ფაქტის შესახებ კრედიტორს უკვე ეცნობა. კრედიტორს შეუძლია წინ აღუდგეს თანხის გადახდას, თუ იგი შიშობს, რომ თანხა არ იქნება გამოყენებული ნივთის აღსადგენად.
3. თუ ირკვევა, რომ მესაკუთრე ვერ ასრულებს ნივთის მოვლის მოვალეობას, კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს მისთვის ნივთის სამართავად გადაცემა. გადაწყვეტილებას ასეთი მოთხოვნის შესახებ იღებს სასამართლო.
4. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შეთანხმება, რომლითაც მესაკუთრე კრედიტორის წინაშე იღებს ვალდებულებას, არ გაასხვისოს, არ ისარგებლოს ან სხვანაირად არ დატვირთოს უძრავი ნივთი, ბათილია. ასეთი გარიგებების ნამდვილობა მესამე პირთათვის არ შეიძლება დამოკიდებული იყოს კრედიტორების თანხმობაზე.
5. იპოთეკის ხელშეკრულებით მესაკუთრემ კრედიტორის წინაშე შეიძლება აიღოს ვალდებულება, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ დატვირთავს აღნაგობის უფლებით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5017 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
მუხლი 295. იპოთეკისა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნის გადაცემა სხვა პირისთვის
იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად შეიძლება იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის იპოთეკაც. მოთხოვნის გადაცემა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ნამდვილად, როდესაც წერილობითი ფორმით დადებული გარიგება იპოთეკის დადგენის შესახებ ან იპოთეკის მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაეცემა ახალ კრედიტორს (ამ კოდექსის 289 ⁴ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით). მოთხოვნის გადაცემა რეგისტრირდება საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაცემულია იპოთეკის მოწმობა.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.321
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
მუხლი 296. მოვალის ვალდებულება ახალი კრედიტორის წინაშე
თუ ახალ კრედიტორზე მოთხოვნის გადასვლის შემდეგ მოვალე უხდის ძველ კრედიტორს, ეს გადახდა არ ათავისუფლებს მას ახალი კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან მაშინაც, როცა მან გადასვლის შესახებ არაფერი იცოდა.
მუხლი 297. საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის პრეზუმფცია ახალ კრედიტორზე იპოთეკისა და მოთხოვნის გადასვლისას
იპოთეკა და მოთხოვნა ისევე გადადის ახალ კრედიტორზე, როგორც იყო ძველი კრედიტორის ხელში. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემი, კრედიტორის ინტერესებიდან გამომდინარე, მიიჩნევა სწორად. ამ შემთხვევაში მოვალეს არ შეუძლია მიუთითოს, რომ მოთხოვნა არ არსებობს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალმა კრედიტორმა იცოდა რეესტრის უსწორო ჩანაწერის შესახებ.
მუხლი 298. მესამე პირის უფლებები
1. (ამოღებულია - 11.05.2007, №4744).
2. თუ პირადი მოვალე დააკმაყოფილებს კრედიტორს, იპოთეკა მასზე გადადის იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მას შეუძლია მესაკუთრისაგან ანაზღაურების მოთხოვნა.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1902 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.20
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.158
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
მუხლი 299. კრედიტორის უარი მოთხოვნაზე ან იპოთეკაზე
1. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე და კრედიტორი უარს ამბობს მოთხოვნაზე ან იპოთეკაზე, მესაკუთრე ხდება იპოთეკარი. უარს იურიდიული ძალა აქვს მაშინ, როდესაც იგი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
2. თუ კრედიტორი უარს ამბობს იპოთეკაზე, მაგრამ არა მოთხოვნაზე, მაშინ პირადი მოვალე მაინც თავისუფალი იქნება, თუ მას თავის მხრივ იპოთეკიდან ანაზღაურების მიღება შეეძლო.
3. თუ მესაკუთრეს აქვს შეცილების უფლება, რომლითაც გამოირიცხება იპოთეკის ხანგრძლივად გამოყენება, მაშინ მას შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს უარი თქვას იპოთეკაზე.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.