საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
კარი პირველი სახელშეკრულებო სამართალი
თავი მეექვსე სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
მუხლი 603. მოიჯარის უფლებები საიჯარო ქონების ცალკეულ ნაწილებზე
1. მოიჯარეს უფლება აქვს გამოაცალკევოს ის მოწყობილობა, რომლითაც მან იჯარით აღებული ქონება აღჭურვა; მეიჯარეს შეუძლია გამოცალკევების უფლება შეცვალოს შესაბამისი ანაზღაურებით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოიჯარეს აქვს გამოცალკევებისთვის პატივსადები ინტერესი.
2. შეთანხმება, რომელიც გამორიცხავს მოიჯარის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ უფლებას, ნამდვილია მხოლოდ მაშინ, თუ ასეთი შეთანხმება ითვალისწინებს შესაბამის ანაზღაურებას.
მუხლი 604. საიჯარო ურთიერთობის გაგრძელების მოთხოვნა
მოიჯარეს შეუძლია მოსთხოვოს მეიჯარეს საიჯარო ურთიერთობის გაგრძელება, თუ:
ა) მეურნეობის იჯარა მოიჯარის მეურნეობისათვის წარმოადგენს საარსებო საფუძველს;
ბ) მიწის ნაკვეთი სასიცოცხლოდ აუცილებელია მოიჯარის მეურნეობის შესანარჩუნებლად და იჯარის მოშლა, თუნდაც ხელშეკრულების შესაბამისად, მოიჯარისა თუ მისი ოჯახისათვის იმდენად მტკივნეულია, რომ მას არა აქვს გამართლება თვით მეიჯარის პატივსადები ინტერესებითაც კი.
მუხლი 605. საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტა ვადის გასვლის გამო
საიჯარო ურთიერთობა წყდება ხელშეკრულების ვადის გასვლით. სამ წელზე მეტი ვადით დადებული ხელშეკრულება შეიძლება გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით, თუ ერთი მხარის წინადადებაზე – გაგრძელდეს საიჯარო ურთიერთობა – მეორე მხარე უარს არ იტყვის სამი თვის განმავლობაში. წინადადება და მასზე უარი უნდა გაფორმდეს წერილობით.
მუხლი 606. საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტა უვადო ხელშეკრულების შემთხვევაში
1. თუ იჯარის ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ ხელშეკრულების ყოველ მხარეს შეუძლია საიჯარო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს ათი დღისა განაცხადოს მომდევნო საიჯარო წლისათვის იჯარის ხელშეკრულების მოშლის თაობაზე. საიჯარო წლად ითვლება კალენდარული წელი. თუკი მხარეები შეთანხმდნენ უფრო მცირე ვადაზე, მაშინ საჭიროა ამის წერილობით გაფორმება.
2. თუ საიჯარო ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს კანონით დადგენილ ვადაზე ადრე, მაშინ იგი დასაშვებია მხოლოდ საიჯარო წლის დამთავრებისათვის.
თავი მეშვიდე ფრენშაიზინგი
მუხლი 607. ცნება
ფრენშაიზინგის ხელშეკრულება გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობაა, რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ, საჭიროების მიხედვით, სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურებათა განხორციელებას.
მუხლი 608. ფრენშაიზის მიმცემის ვალდებულებანი
1. ფრენშაიზის მიმცემი ვალდებულია ფრენშაიზის მიმღებს წარუდგინოს მის მიერ გამოყენებული ფორმით არამატერიალური ქონებრივი უფლებები, სასაქონლო (სავაჭრო) ნიშნები, ნიმუშები, შეფუთვა, საქონლის წარმოების, შეძენის, გასაღებისა და საქმიანობის ორგანიზაციის კონცეფცია, ასევე სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა გასაღებისთვის ხელშესაწყობად.
2. ფრენშაიზის მიმცემი ვალდებულია დაიცვას ერთიანი მოქმედების სისტემა მესამე პირთა ჩარევებისაგან, განუწყვეტლივ განავითაროს იგი და საქმიანი ჩვევების გაზიარებით, ინფორმაციების მიწოდებითა და კვალიფიკაციის ამაღლებით მხარი დაუჭიროს ფრენშაიზის მიმღებს.
მუხლი 609. ფრენშაიზის მიმღების ვალდებულებანი
ფრენშაიზის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური, რომლის ოდენობაც არსებითად გამოითვლება ფრენშაიზინგის სისტემის განხორციელებაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, კეთილსინდისიერი მეწარმის გულისხმიერებით აქტიურად განახორციელოს საქმიანობა, მიიღოს მომსახურება და შეიძინოს საქონელი ფრენშაიზის მიმცემის ან მის მიერ დასახელებულ პირთა მეშვეობით, თუკი ეს უშუალო კავშირშია ხელშეკრულების მიზანთან.
მუხლი 610. განდობილი ინფორმაციის შენახვის ვალდებულება
ხელშეკრულების დადებისას მხარეებმა დაუფარავად და სრულყოფილად უნდა გააცნონ ერთმანეთს ფრენშაიზინგთან დაკავშირებული საქმის გარემოებანი, განსაკუთრებით კი – ფრენშაიზინგის სისტემა, და ერთმანეთს კეთილსინდისიერად მისცენ ინფორმაცია. ისინი ვალდებულნი არიან არ გათქვან მათთვის განდობილი ინფორმაცია მაშინაც კი, როცა ხელშეკრულება არ დაიდება.
მუხლი 611. ხელშეკრულების ფორმა
ფრენშაიზინგის ხელშეკრულება ნამდვილობისათვის საჭიროებს წერილობით ფორმას. გარდა მხარეთა ორმხრივი ვალდებულებების, ხელშეკრულების ხანგრძლივობის, მოშლის ან ვადის გაგრძელებისა და ხელშეკრულების სხვა არსებითი ელემენტების თვალნათლივ აღნიშვნისა, მხარეებმა ხელშეკრულების ტექსტში უნდა შეიტანონ ფრენშაიზინგის სისტემის სრულყოფილი აღწერა.
მუხლი 612. ხელშეკრულების ხანგრძლივობა
1. ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება მხარეთა მიერ იმ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია მოცემული საქონლისა და მომსახურების გასაღებასთან.
2. თუ ხელშეკრულების ხანგრძლივობა აღემატება ათ წელს, ყოველი მხარე უფლებამოსილია მოშალოს ხელშეკრულება მოშლისთვის აუცილებელი ერთწლიანი ვადის დაცვით. თუ არც ერთი მხარე არ იყენებს ხელშეკრულების მოშლის ამ უფლებას, ხელშეკრულება გაგრძელდება ორი წლით. ვადის გასვლის გამო ან მხარეთა ინიციატივით ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში მხარეები უნდა შეეცადონ საქმიანი ურთიერთობების ფაქტობრივ დამთავრებამდე ურთიერთნდობის პრინციპების დაცვით გააგრძელონ ხელშეკრულება იმავე ან შეცვლილი პირობებით.
მუხლი 613. ლოიალური კონკურენცია
1. სახელშეკრულებო ურთიერთობების დამთავრების შემდეგაც მხარეები ვალდებულნი არიან ერთმანეთს გაუწიონ ლოიალური კონკურენცია. ამ ფარგლებში ფრენშაიზის მიმღების მიმართ შეიძლება დაწესდეს განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში კონკურენციის აკრძალვა, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს ერთ წელს.
2. თუ კონკურენციის აკრძალვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას პროფესიულ საქმიანობას, ფრენშაიზის მიმღებს უნდა მიეცეს შესაბამისი ფინანსური კომპენსაცია, მიუხედავად ხელშეკრულების ვადის დამთავრებისა.
მუხლი 614. ფრენშაიზის მიმცემის პასუხისმგებლობა
ფრენშაიზის მიმცემი პასუხს აგებს ფრენშაიზის სისტემით გათვალისწინებული უფლებებისა და ინფორმაციისათვის. თუ იგი ბრალეულად არღვევს სახელშეკრულებო ვალდებულებას, ფრენშაიზის მიმღები უფლებამოსილია შეამციროს საზღაური. შემცირების ოდენობა საბოლოოდ უნდა განისაზღვროს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნით, რომლის ხარჯებიც ეკისრებათ მხარეებს.
თავი მერვე თხოვება
მუხლი 615. ცნება
თხოვების ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის.
მუხლი 616. გამნათხოვრებლის პასუხისმგებლობა
გამნათხოვრებელი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანისათვის.
მუხლი 617. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ნივთის ნაკლის დაფარვის გამო
თუ გამნათხოვრებელი შეგნებულად არ უმხელს მონათხოვრეს უფლების ხარვეზს ან ნათხოვარი ნივთის ნაკლს, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.
მუხლი 618. ნათხოვარი ნივთით მიზნობრივი სარგებლობა
მონათხოვრეს არ შეუძლია ნათხოვარი ნივთით სხვაგვარად ისარგებლოს, ვიდრე ეს ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. მას არა აქვს უფლება ნივთი სარგებლობისათვის გადასცეს მესამე პირს გამნათხოვრებლის თანხმობის გარეშე.
მუხლი 619. ჩვეულებრივი ხარჯის გაწევის ვალდებულება
1. მონათხოვრემ უნდა გასწიოს ნათხოვარი ნივთის მოვლისათვის საჭირო ჩვეულებრივი ხარჯები.
2. გამნათხოვრებლის მოვალეობა სხვა ხარჯების ანაზღაურების თაობაზე განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესებით.
მუხლი 620. ნათხოვარი ნივთის ცვეთა
ნათხოვარი ნივთის ცვლილებებისა თუ გაუარესებისათვის მონათხოვრე პასუხს არ აგებს, თუკი ეს გამოწვეულია ხელშეკრულების შესატყვისი სარგებლობით.
მუხლი 621. ნათხოვარი ნივთის უკან დაბრუნების ვალდებულება
1. მონათხოვრე მოვალეა თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს.
2. თუ ხელშეკრულებით ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთი დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემდეგ; ხოლო, თუკი მიზანი არ არის განსაზღვრული, მაშინ მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დაბრუნება.
3. მონათხოვრეს შეუძლია ნივთი ნებისმიერ დროს დააბრუნოს უკან.
მუხლი 622. მონათხოვრის გარდაცვალების შედეგები
თუ მონათხოვრე გარდაიცვალა, ან გამნათხოვრებელი გაუთვალისწინებელი გარემოების გამო საჭიროებს ნივთს, მას შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება.
თავი მეცხრე სესხი
მუხლი 623. ცნება
სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მუხლი 624. სესხის ხელშეკრულების ფორმა
სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
მუხლი 624¹. უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის წესი
უძრავი ქონებით ან/და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებით ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე წყლის, საჰაერო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის შემთხვევაში სავალდებულოა გამსესხებელმა/კრედიტის გამცემმა მსესხებელს/კრედიტის მიმღებს ფულადი სახსრები გადასცეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3315 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.
მუხლი 625. გამსესხებლის ვალდებულება და პროცენტი სესხისათვის
1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.
2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.
3. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან.
3 ¹. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა ვრცელდება ყველა სახის სესხზე, აგრეთვე ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის წლიურ ოდენობაზე.
4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობა არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე.
5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს თითოეული დღისთვის. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული 0.27 პროცენტის მიზნებისათვის, გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ/დაკისრებულ პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსურ სანქციაში არ გაითვალისწინება სესხის ვადის გადაცილებისას (ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე) პირგასამტეხლოს სახით ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარის (ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტის), აგრეთვე ამ მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად სესხის რეფინანსირების ან სესხის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიოს დაკისრება. სესხის ვადის გადაცილებისას ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (მათ შორის, სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ისეთი ხარჯების, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ყოველი ვადის გადაცილებისას ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. ამ ნაწილის მიზნებისათვის, სესხის ნარჩენ ძირითად თანხაში არ გაითვალისწინება სესხის ვადის გადაცილებისას სესხის გადავადების, სესხის რეფინანსირების ან/და სესხის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის ნაზარდი, ხოლო სესხის ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრად არ მიიჩნევა ვადის გადაცილების აღმოფხვრა სესხის რესტრუქტურიზაციის, სესხის რეფინანსირების (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ გამსესხებელთან ხელშეკრულების დადებით) ან/და გადავადების გზით. ამ ნაწილის მიზნებისათვის, სესხის ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრად სესხის რესტრუქტურიზაცია, სესხის რეფინანსირება (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ გამსესხებელთან ხელშეკრულების დადებით) და გადავადება მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელმა სრულად გადაიხადა ვადის გადაცილებისას დაკისრებული პირგასამტეხლოს, ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის, საკომისიოს და ფინანსური ხარჯის შესაბამისი ფულადი სახსრები.
6. ამ მუხლის მიზნებისათვის „ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“ განიმარტება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.
6¹. ამ მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის და საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.
7. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, 200 000 (ორასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სესხის გაცემის შედეგად მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 200 000 (ორასი ათას) ლარს აღემატება. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი.
8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში გამსესხებელს ეკრძალება, მის მიერ გაცემული სესხის რეფინანსირების შემთხვევაში ან სესხის მომხმარებლის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ, ამ კოდექსით დადგენილი წესით დაფარვის შემთხვევაში მომხმარებელს დააკისროს წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო ან ნებისმიერი საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად არის წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო, რომელიც სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 2 პროცენტს აღემატება.
ცვლილებები ამ მუხლში (7)
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1864 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის კანონი №239 - ვებგვერდი, 13.01.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1901 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3315 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4104 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2622 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
მუხლი 626. ხელშეკრულების შეწყვეტა და ვალის დაბრუნება
1. თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას.
2. ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს. თუ პროცენტები არ არის შეპირებული, მოვალეს შეუძლია ვალი დააბრუნოს ვადამდე. პროცენტიანი სესხის ვადამდე დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით ან გამსესხებლის თანხმობით.
3. პროცენტები გადახდილ უნდა იქნეს ყოველი წლის გასვლის შემდეგ. თუ სესხი წინასწარ არის ვადით განსაზღვრული, მაშინ ვალიცა და პროცენტიც გადახდილ უნდა იქნეს ვადის დადგომისას.
მუხლი 627. ვალის დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლება
გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას. ეს უფლება მაშინაც არსებობს, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას, ხოლო გამსესხებლისათვის იგი ცნობილი გახდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების შემდეგ.
მუხლი 628. სესხის შეპირება
სესხის შეპირებისას დამპირებელს შეუძლია უარი თქვას სესხის მიცემაზე, თუ მეორე მხარის ქონებრივი მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ შეიძლება საფრთხე შეექმნას ვალის დაბრუნებას. სესხის შეპირება უნდა გაფორმდეს წერილობით.
მუხლი 628¹. ფულადი სახსრების მოზიდვის შეზღუდვა
1. მეწარმე სუბიექტს უფლება აქვს, 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) დაბრუნებადი ფულადი სახსრები მოიზიდოს მხოლოდ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით და დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
2. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ნებისმიერი ფორმით იზიდავს ფულად სახსრებს 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან), თითოეული ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) მოზიდული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს 100 000 (ასი ათას) ლარზე (ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე) ნაკლები. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშობა ამ ნაწილის მოთხოვნების დაცვის ვალდებულება, მან 20-ზე ნაკლები ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) მოზიდული 100 000 (ასი ათას) ლარზე (ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე) ნაკლები თანხა უნდა გადაიხადოს აღნიშნული ვალდებულების წარმოშობიდან 1 წლის განმავლობაში.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის კანონი №239 - ვებგვერდი, 13.01.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1901 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3315 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.
თავი მეათე ნარდობა
მუხლი 629. ცნება
1. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
2. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.
3. ნარდობასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის შედგენა არ ანაზღაურდება, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 630. შეთანხმება ანაზღაურებაზე
1. ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი.
2. თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ – ჩვეულებრივი ანაზღაურება.
მუხლი 631. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შედეგები
1. თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო.
2. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.
მუხლი 632. სამუშაოს პირადად შესრულების ვალდებულება
მენარდემ პირადად უნდა შეასრულოს სამუშაო მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ეს გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებებიდან ან სამუშაოს ხასიათიდან.
მუხლი 633. შემკვეთის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
1. მენარდეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს. შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ მოქმედებას.
2. ზიანის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება, ერთი მხრივ, ვადის გადაცილების ხანგრძლივობისა და საზღაურის ოდენობის შესაბამისად, ხოლო მეორე მხრივ, – იმის მიხედვით, რასაც მენარდე მიიღებდა თავისი სამუშაო ძალის სხვაგვარი გამოყენებით, შემკვეთს რომ ვადისთვის არ გადაეცილებინა.
მუხლი 634. გირავნობის უფლება მოძრავ ნივთებზე
მენარდეს თავისი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად შეუძლია გამოიყენოს გირავნობის უფლება მის მიერ დამზადებულ ან შეკეთებულ მოძრავ ნივთზე, თუ ეს ნივთი დამზადების ან შეკეთების მიზნით მენარდის მფლობელობაში იმყოფება.
მუხლი 635. იპოთეკის უფლება სამშენებლო მიწის ნაკვეთზე
თუ ხელშეკრულების საგანია ნაგებობა ან ამ ნაგებობის ცალკეული ნაწილები, მაშინ მენარდეს შეუძლია ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავისი მოთხოვნებისათვის მოითხოვოს იპოთეკა სამშენებლო მიწის ნაკვეთზე.
მუხლი 636. ხელშეკრულების მოშლა
შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
მუხლი 637. ხელშეკრულების მოშლა მენარდის ინიციატივით
მენარდეს შეუძლია სამუშაოს დასრულებამდე მხოლოდ ისე შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომ შემკვეთმა შეძლოს მომსახურების სხვაგვარად მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეწყვეტისათვის არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი საფუძველი. ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოვალეობა გამოირიცხება.
მუხლი 638. გასამრჯელოს ნაწილის მოთხოვნის უფლება
თუ მენარდე ვალდებულებას შეწყვეტს 637-ე მუხლის მიხედვით, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს გასამრჯელოს ნაწილი, რომელიც შეესაბამება მის ადრინდელ მომსახურებას, თუკი შემკვეთს ადრე გაწეული მომსახურების მიმართ აქვს რაიმე ინტერესი.
მუხლი 639. უნაკლო ნივთის წარდგენის ვალდებულება
თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.
მუხლი 640. უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა
ნაკეთობა უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირებს არ შეუძლიათ გამოიყენონ რაიმე უფლებები შემკვეთის წინააღმდეგ.
მუხლი 641. ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობა
1. ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
2. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას.
მუხლი 642. დამატებითი შესრულების მოთხოვნა
1. თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა.
2. დამატებითი შესრულების მიზნით მენარდე ვალდებულია გასწიოს აუცილებელი ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტის, სამუშაოსა და მასალების ხარჯები. მენარდეს შეუძლია უარი თქვას დამატებით შესრულებაზე, თუ იგი მოითხოვს არათანაზომიერ ხარჯებს.
3. თუ მენარდე დაამზადებს ახალ ნაკეთობას, მას შეუძლია შემკვეთს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნაკეთობის უკან დაბრუნება.
მუხლი 643. ნაკეთობის ნაკლის გამოსწორება შემკვეთის მიერ
1. თუ მენარდე არათანაზომიერი ხარჯების გამო უარს კი არ იტყვის დამატებით შესრულებაზე, მაგრამ ნაკეთობის ნაკლის გამო დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა, მაშინ შემკვეთს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
2. დამატებითი ვადის განსაზღვრა საჭირო არ არის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. შემკვეთს შეუძლია მენარდეს მოსთხოვოს ავანსი ნაკლის აღმოსაფხვრელად საჭირო ხარჯებისათვის.
მუხლი 644. ხელშეკრულებაზე უარი ნაკეთობის ნაკლის გამო
ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.
მუხლი 645. საზღაურის შემცირება ნაკეთობის ნაკლის გამო
შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.
მუხლი 646. სამუშაოს შესრულება მენარდის მასალით
1. თუ მენარდე სამუშაოს ასრულებს თავისი მასალით, იგი პასუხს აგებს უხარისხო მასალისათვის.
2. მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის მასალის არასწორი გამოყენებისათვის. მენარდე მოვალეა წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა.
მუხლი 647. გაფრთხილების ვალდებულება
1. მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს შემკვეთი, რომ:
ა) შემკვეთისგან მიღებული მასალა უხარისხო და გამოუსადეგარია;
ბ) თუ შემკვეთის მითითება შესრულდება, ნამუშევარი არამტკიცე ან გამოუსადეგარი იქნება;
გ) არსებობს მენარდისაგან დამოუკიდებელი სხვა რამ გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის ნამუშევრის სიმტკიცესა და ვარგისიანობას.
2. თუ შემკვეთი, მენარდის დროული გაფრთხილების მიუხედავად, შესაბამის ვადაში არ გამოცვლის გამოუსადეგარ ან უხარისხო მასალას, არ შეცვლის მიცემულ მითითებას სამუშაოს შესრულების წესის შესახებ, ანდა არ აღმოფხვრის სხვა გარემოებას, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ნამუშევრის ვარგისიანობას ან სიმტკიცეს, მენარდეს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ამით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
მუხლი 648. საზღაურის გადახდა შესრულებული სამუშაოსათვის
შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.
მუხლი 649. სამუშაოს მიღება
თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.
მუხლი 650. მენარდის პასუხისმგებლობა შემკვეთის ქონების დაღუპვისას
მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის ქონების დაღუპვის ან დაზიანებისათვის გაუფრთხილებლობის დროსაც.
მუხლი 651. მენარდის რისკი
1. მენარდეს ეკისრება შესრულებული სამუშაოს შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი შემკვეთისათვის შესრულების გადაცემამდე. გადაცემასთან ერთად შემკვეთზე გადადის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი. გადაცემას უთანაბრდება ისიც, როცა შემკვეთი აყოვნებს მიღებას.
2. მასალის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი ეკისრება მასალის მიმცემ მხარეს.
მუხლი 652. ნაკლის მქონე ნაკეთობის მიღების შედეგები
თუ შემკვეთისათვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილია და იგი მაინც მიიღებს მას პრეტენზიის განუცხადებლად, მაშინ შემკვეთს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლებები ამ ნაკლის გამო.
მუხლი 653. საგარანტიო ვადა
თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა, მაშინ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს.
მუხლი 654. მენარდის მიერ ნაკლის განზრახ დაფარვის შედეგები
თუ მენარდე ნაკლს განზრახ დაფარავს, მას არ შეუძლია მიუთითოს შეთანხმებაზე, რომელიც გამორიცხავს ან ზღუდავს შემკვეთის უფლებებს ნაკეთობის ნაკლის გამო.
მუხლი 655. ხანდაზმულობის ვადა
მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება – ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან.
მუხლი 656. ხანდაზმულობის ვადის ათვლა სამუშაოს ნაწილ-ნაწილ მიღებისას
თუ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაო მიღებულია ნაწილ-ნაწილ, ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწყება სამუშაოს მთლიანად მიღების დღიდან.
თავი მეთერთმეტე ტურისტული მომსახურება [თავი მეთერთმეტე (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
მუხლი 657. ცნება
1. ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება. ტურისტი მოვალეა მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის.
2. ტურისტული მომსახურების პაკეტი (შემდგომში – პაკეტი) ტურისტული მომსახურების ორი ან ორზე მეტი კომპონენტისაგან (კვება, ღამის თევა, სატრანსპორტო მომსახურება და სხვა) შემდგარი კომპლექსია, რომელთა ღირებულება შედის პაკეტის ფასში.
[მუხლი 657. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2946 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.99
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 657¹. არასათანადო ინფორმაციის მიწოდების აკრძალვა
მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებული ნებისმიერი აღწერილობითი ფორმა, ღირებულება და ხელშეკრულების სხვა პირობები, რომლებითაც ტურისტი უზრუნველყოფილია მოგზაურობის მომწყობის მიერ, არ უნდა შეიცავდეს ყალბ, არასათანადო და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას.
[მუხლი 657¹. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2946 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.99
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 657². დეტალური ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობა
1. ტურისტს, მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებით, ხელშეკრულების დადებამდე, წერილობით ან ტურისტისათვის მისაღები სხვა ფორმით, უნდა მიეწოდოს დაწვრილებითი ინფორმაცია:
ა) ღირებულების, მისი გადახდის მეთოდებისა და განრიგის შესახებ;
ბ) დანიშნულების ადგილისა და მიზნების, გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი დახასიათების შესახებ;
გ) განთავსების ტიპის, მდებარეობის, კატეგორიის, მომსახურების ხარისხის, მისი კლასიფიკაციისა და სხვა ძირითადი მახასიათებლების შესახებ;
დ) კვების შესახებ;
ე) მარშრუტის შესახებ;
ვ) პასპორტთან და ვიზასთან, აგრეთვე მოგზაურობისათვის აუცილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ;
ზ) ვიზიტების, ექსკურსიების ან/და სხვა მომსახურების შესახებ, რომლებიც შედის პაკეტის ღირებულებაში;
თ) იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობის მოსაწყობად აუცილებელია ტურისტთა გარკვეული რაოდენობა და ის არ შეგროვდა, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ტურისტის ინფორმირების უკანასკნელი ვადის შესახებ.
2. მოგზაურობის მომწყობმა, მოგზაურობის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, ტურისტს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) შუალედური გაჩერებების დროისა და ადგილების შესახებ;
ბ) მოგზაურობის მომწყობის ან მისი ადგილობრივი წარმომადგენლის ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ადგილობრივი სააგენტოების ან/და სათანადო სამსახურების დასახელება, მისამართი და ტელეფონის ნომერი, ვისაც დახმარებისათვის შეუძლია მიმართოს ტურისტმა;
გ) არასრულწლოვნის მოგზაურობის შემთხვევაში, არასრულწლოვანთან ან მასზე პასუხისმგებელ პირთან პირდაპირი კავშირის დამყარების საშუალებათა შესახებ;
დ) ტურისტის იმ ვალდებულების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ტურისტის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტით გამოწვეული, აგრეთვე რეპატრიაციის, უბედური შემთხვევის ან/და ავადმყოფობის დროს ტურისტის დასახმარებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან.
3. ტურისტისათვის წერილობით ან სხვა სათანადო ფორმით მიწოდებული ინფორმაცია მოგზაურობის მომწყობისათვის ატარებს სავალდებულო ხასიათს.
[მუხლი 657². (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2946 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.99
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 657³. ხელშეკრულების თავდაპირველი ფასის შეცვლისა და კალკულაციის წესები და მოგზაურობის მომწყობის ვალდებულებები
1. მოგზაურობის (პაკეტის) ღირებულება არ ექვემდებარება გადასინჯვას, გარდა ამ კოდექსის 660-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როცა ხელშეკრულება თავად ითვალისწინებს გადასინჯვის შესაძლებლობებს და თავდაპირველი ფასის შეცვლისა და კალკულაციის წესებს, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) ტრანსპორტის ღირებულება, საწვავის ღირებულების ჩათვლით;
ბ) კონკრეტული სატრანსპორტო და გადაზიდვის მომსახურების გადასახადები, როგორიცაა პორტებსა და აეროპორტებში ტვირთის გადატანა-გადაზიდვა, ტაქსის დაქირავება და სხვა;
გ) პაკეტში გათვალისწინებული სავალუტო კურსის ოდენობა.
2. გამგზავრების დღემდე, ოცი დღის განმავლობაში, მოგზაურობის (პაკეტის) ღირებულება გაზრდას არ ექვემდებარება, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მოგზაურობის მომწყობი, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, იძულებულია გამგზავრებამდე მნიშვნელოვნად შეცვალოს ხელშეკრულების არსებითი პირობები, ამის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ტურისტს, რათა მან მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის ან შეცვლილი პირობებით მისი მიღების თაობაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს მოგზაურობის მომწყობს.
[მუხლი 657³. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2946 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.99
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 658. მესამე პირი მოგზაურობაში
1. მოგზაურობის დაწყებამდე ტურისტს შეუძლია მოითხოვოს მის ნაცვლად მოგზაურობაში მესამე პირის მონაწილეობა. მოგზაურობის მომწყობს შეუძლია უარი განაცხადოს მესამე პირის მონაწილეობაზე, თუ იგი არ აკმაყოფილებს მოგზაურობისათვის აუცილებელ პირობებს.
2. მოგზაურობის მომწყობს შეუძლია მოსთხოვოს ტურისტს იმ დამატებითი ხარჯების ანაზღაურება, რაც მოგზაურობაში მესამე პირის მონაწილეობამ გამოიწვია.
[მუხლი 658. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 659. მოგზაურობის ხარვეზები
1. მოგზაურობის მომწყობი მოვალეა იმგვარად მოაწყოს მოგზაურობა, რომ მას არ ჰქონდეს ისეთი ხარვეზები, რომლებსაც შეუძლიათ გააუფასურონ ან შეამცირონ მოგზაურობის მნიშვნელობა ჩვეულებრივი ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის.
2. თუ მოგზაურობას ასეთი ხარვეზები აქვს, მაშინ ტურისტს შეუძლია მოითხოვოს მათი აღმოფხვრა. მოგზაურობის მომწყობს უფლება აქვს უარი თქვას ხარვეზების გამოსწორებაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს.
3. თუ მოგზაურობის მომწყობი არ აღმოფხვრის ხარვეზებს ტურისტის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, მაშინ ტურისტს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ხარვეზები და მოითხოვოს მათზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება. ვადის განსაზღვრა არ არის აუცილებელი, თუ მოგზაურობის მომწყობი უარს იტყვის ხარვეზების აღმოფხვრაზე, ან თუ ტურისტი დაინტერესებულია ხარვეზის დაუყოვნებელი აღმოფხვრით.
[მუხლი 659. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 660. ღირებულების შემცირება მოგზაურობის ხარვეზის გამო
1. თუ მოგზაურობა ხარვეზიანია, მაშინ მისი ღირებულება მცირდება იმ დროის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც არსებობდა ხარვეზები.
2. ღირებულება არ შემცირდება, თუ ტურისტი თავისი ბრალით არ შეატყობინებს მოგზაურობის მომწყობს ხარვეზის შესახებ.
[მუხლი 660. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 661. ხარვეზის გამო ხელშეკრულების შეწყვეტა ტურისტის ინიციატივით
1. თუ ტურისტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა 659-ე მუხლში მითითებული ხარვეზის გამო, მას შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება. ასეთივე წესი გამოიყენება მაშინაც, თუ მას არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მოგზაურობაში საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც იცის მოგზაურობის მომწყობმაც.
2. ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია იმ შემთხვევაში, როცა მოგზაურობის მომწყობი პირი არ აღმოფხვრის ხარვეზებს ტურისტის მიერ დადგენილ ვადაში. ვადის განსაზღვრა არ არის აუცილებელი, თუ ხარვეზების გამოსწორება შეუძლებელია, ან მოგზაურობის მომწყობი უარს იტყვის მათ აღმოფხვრაზე, ან ხელშეკრულების შეწყვეტა გამართლებულია ტურისტის განსაკუთრებული ინტერესებით.
3. ხელშეკრულების შეწყვეტისას მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული ანაზღაურების მიღების უფლებას, მაგრამ მას შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება უკვე გაწეული უხარვეზო მომსახურებისათვის.
4. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ტურისტის უკან მიყვანა, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოგზაურობის მომწყობი მოვალეა უკანვე მიიყვანოს იგი. ამ შემთხვევაში დამატებითი ხარჯები მოგზაურობის მომწყობს ეკისრება.
5. თუ ტურისტი მოგზაურობის დაწყებამდე, ამ კოდექსის 657 ³ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად წყვეტს ხელშეკრულებას, პაკეტი უქმდება და ასეთ შემთხვევაში მოგზაურობის მომწყობი ვალდებულია ტურისტს:
ა) შესთავაზოს თავდაპირველი პაკეტის ეკვივალენტური ან უკეთესი ხარისხის ახალი პაკეტი, როცა ეს შესაძლებელია;
ბ) ან აუნაზღაუროს ფასში განსხვავება, თუ შეთავაზებული ახალი პაკეტი დაბალი ხარისხისაა;
გ) ან დაუყოვნებლივ დაუბრუნოს ხელშეკრულების თანახმად გადახდილი თანხა.
[მუხლი 661. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2946 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.99
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 662. მოგზაურობის ხარვეზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
1. თუ მოგზაურობის ხარვეზები წარმოიშვა იმ გარემოებათა შედეგად, რომლებზედაც პასუხს აგებს მოგზაურობის მომწყობი, ტურისტს შეუძლია ხარვეზების გამო ანაზღაურების შემცირების ან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების შეუზღუდავად მოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
2. თუ მოგზაურობა ჩაიშალა ან იგი არაჯეროვნად იყო ორგანიზებული, მაშინ ტურისტს შეუძლია მოითხოვოს ასევე შვებულების უსარგებლოდ დაკარგვით გამოწვეული შესაბამისი ფულადი ანაზღაურება.
3. თუ ხელშეკრულება, ტურისტის ბრალის გარეშე, მოგზაურობის დაწყებამდე შეწყდება, ტურისტს უფლება აქვს მოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:
ა) ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მოგზაურობის მოსაწყობად აუცილებელ პირთა რაოდენობის სიმცირე, რის შესახებაც ტურისტს წერილობითი ფორმით ეცნობა იმ ვადის განმავლობაში, რომელიც მითითებულია მოგზაურობის (პაკეტის) აღწერილობაში;
ბ) ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზია დაუძლეველი ძალა.
[მუხლი 662. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2946 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.99
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 662¹. ტურისტული მოგზაურობის მომწყობის ვალდებულება ტურისტის საჩივარზე სწრაფი რეაგირების მოხდენის შესახებ
მოგზაურობის მომწყობი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია სწრაფი რეაგირება მოახდინოს ტურისტის საჩივარზე და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
[მუხლი 662¹. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2946 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.99
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 662². ტურისტული მოგზაურობის მომწყობის ვალდებულება ტურისტისათვის გარანტიების წარდგენის შესახებ
მოგზაურობის მომწყობმა უნდა წარმოადგინოს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები გაკოტრების შემთხვევაში მომხმარებელთა რეპატრიაციის და მათთვის გადახდილი თანხების უკან დაბრუნების მიზნით ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით.
[მუხლი 662². (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2946 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.99
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 663. მოგზაურობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა
1. 659 – 662-ე მუხლებში გათვალისწინებული მოთხოვნები ტურისტს შეუძლია წარუდგინოს მოგზაურობის მომწყობს ხელშეკრულებაში მითითებული მოგზაურობის ვადის გასვლის შემდეგ ერთი თვის მანძილზე. ვადის გასვლის შემდეგ ტურისტს შეუძლია წარადგინოს თავისი მოთხოვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი არ მიუძღვის მოთხოვნის წარდგენის ვადის გადაცილებაში.
2. ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს თვეს. ეს ვადა იწყება იმ დღიდან, როდესაც ხელშეკრულებით მოგზაურობა უნდა დამთავრებულიყო. თუ ტურისტი მოთხოვნებს წარადგენს ხანდაზმულობის ვადის დაწყებამდე, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება იმ დღემდე, რომელ დღესაც მოგზაურობის მომწყობი უარყოფს მოთხოვნას.
[მუხლი 663. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 664. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
მოგზაურობის მომწყობს ტურისტთან შეთანხმებით შეუძლია შეზღუდოს თავისი პასუხისმგებლობა მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობით, თუ:
ა ) ტურისტისათვის მიყენებული ზიანი არ იყო გამოწვეული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით,
ან
ბ ) მოგზაურობის მომწყობი ერთპიროვნულად მთლიანად არ აგებს პასუხს ტურისტის წინაშე იმ ზიანისათვის, რომელიც წარმოიშვა მოგზაურობის მომწყობის ვალდებულების შემსრულებელთაგან ერთ-ერთის ბრალის შედეგად.
[მუხლი 664. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 665. უარი ხელშეკრულებაზე მოგზაურობის დაწყებამდე
1. ტურისტს მოგზაურობის დაწყებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
2. ტურისტის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმისას მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული საზღაურის მიღების უფლებას. ამავე დროს, მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება შეთანხმებული ანაზღაურების საფუძველზე იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მას შეეძლო მიეღო თავისი მომსახურების სხვაგვარად გამოყენების შედეგად.
[მუხლი 665. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 666. დაუძლეველი ძალა
1. თუ მოგზაურობა არსებითად გაძნელდება, ან წარმოიშობა სხვა საფრთხე, ან ტურისტს მიადგება ზიანი ხელშეკრულების დადებისას გაუთვალისწინებელი დაუძლეველი ძალის დადგომის შედეგად, მაშინ როგორც ტურისტს, ისე მოგზაურობის მომწყობს შეუძლიათ შეწყვიტონ ხელშეკრულება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტისას გამოიყენება 661-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-4 ნაწილის პირველი წინადადების წესები. თითოეულ მხარეს ეკისრება უკან მიყვანის დამატებითი ხარჯების ნახევარი. სხვა შემთხვევაში დამატებითი ხარჯები ეკისრება ტურისტს.
[მუხლი 666. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 667. მოგზაურის საზიანო შეთანხმებათა დაუშვებლობა
ამ თავით გათვალისწინებული წესები არ შეიძლება შეიცვალოს მოგზაურის საზიანოდ.
[მუხლი 667. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
თავი მეთორმეტე გადაზიდვა-გადაყვანა
მუხლი 668. ცნება
გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.
მუხლი 669. გადამზიდველის პასუხისმგებლობა
1. გადამზიდველი პასუხს აგებს მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის.
2. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუკი ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ან თვით მგზავრის მიერ, ანდა მისი ბარგით.
3. გადამზიდველის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით.
მუხლი 670. ხელშეკრულების დადების ვალდებულება
პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, ვალდებულია დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.
მუხლი 671. გადაზიდვა რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით
თუ დატვირთული ავტომობილი გზის ერთ მონაკვეთზე გადაზიდული იქნება ზღვით, რკინიგზით ან საჰაერო ტრანსპორტით და – 682-ე მუხლში გათვალისწინებული შემთხვევების შესაბამისად – ტვირთი არ იქნება გადმოტვირთული, ამ თავის ნორმები მაინც გამოიყენება მთლიანი გადაზიდვისათვის.
მუხლი 672. გადაზიდვის ხელშეკრულების ფორმა
გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით. ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზის ან დაკარგვის მიუხედავად, გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება ამ თავის ნორმებით.
მუხლი 673. ზედნადების შედგენის წესი
1. ზედნადები დგება სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი. პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი.
2. თუ გადასაზიდი ტვირთი ნაწილდება რამდენიმე ტრანსპორტზე, ან საქმე ეხება სხვადასხვა სახის ანდა ცალკეულ პარტიებად დაყოფილ ტვირთს, როგორც გამგზავნს, ასევე გადამზიდველს შეუძლიათ მოითხოვონ იმდენი ზედნადების შედგენა, რამდენი ტრანსპორტიც ან ტვირთის სახეობაა.
მუხლი 674. ზედნადების რეკვიზიტები
1. ზედნადები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) გაცემის დღესა და ადგილს;
ბ) გამგზავნის სახელსა და მისამართს;
გ) გადამზიდველის სახელსა და მისამართს;
დ) ტვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, ასევე ტვირთის მიტანის ადგილს;
ე) მიმღების სახელსა და მისამართს;
ვ) ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნას;
ზ) გადასაზიდი ტვირთების რაოდენობას, ნიშნებსა და ნომრებს;
თ) ტვირთის წონას ან სხვაგვარად აღნიშნულ რაოდენობას;
ი) გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს, იმპორტის გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე);
კ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აღნიშვნებს;
ლ) აღნიშვნას, რომ გადაზიდვა, მიუხედავად ორმხრივი შეთანხმებისა, მაინც ექვემდებარება ამ თავის ნორმებს.
2. საჭიროებისას ზედნადები უნდა შეიცავდეს დამატებით მონაცემებს:
ა) სხვა ტრანსპორტზე გადატვირთვის აკრძალვას;
ბ) ხარჯებს, რომლებსაც გამგზავნი თავის თავზე იღებს;
გ) ტვირთის გაგზავნის დროს გადასახდელი ფასდანამატის ოდენობას;
დ) ტვირთის ღირებულებას და მიწოდებისადმი განსაკუთრებული ინტერესის აღნიშვნას;
ე) გამგზავნის მითითებებს გადამზიდველის მიმართ ტვირთის დაზღვევის შესახებ;
ვ) შეთანხმებულ ვადას, რომელშიც უნდა დასრულდეს გადაზიდვა;
ზ) გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების ჩამონათვალს.
3. მხარეებს შეუძლიათ ზედნადებში ჩაწერონ სხვა მონაცემებიც, რომლებსაც ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66,03.12.2010 წ., მუხ.414
მუხლი 675. გამგზავნის პასუხისმგებლობა
1. გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი:
ა) 674-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემები;
ბ) 674-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული მონაცემები;
გ) ყველა სხვა მონაცემი ან გამგზავნის მითითებები ზედნადების შესადგენად ან მასში შესატანად.
2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილ მონაცემებს გადამზიდველი გამგზავნის მოთხოვნის საფუძველზე ზედნადებში ჩაწერს, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ გადამზიდველი გამგზავნის სახელით მოქმედებდა.
3. თუ ზედნადები არ შეიცავს 674-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მონაცემებს, მაშინ გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც ტვირთზე უფლების მქონეს წარმოეშობა ამ მონაცემთა მიუთითებლობის გამო.
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.