პარლამენტმა "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
საქართველოს პარლამენტმა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით 78 ხმით მიიღო. პროექტის მიხედვით, იცვლება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შეფასების, გაგრძელებისა და პაციენტის სტაციონარიდან გაწერის წესი.

საქართველოს პარლამენტმა "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილება თანმდევ პროექტებთან ერთად პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 78 ხმით მხარი დაუჭირა.
საკითხი პლენარულ სხდომაზე განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შატაკიშვილმა წარადგინა.
კანონის პროექტის თანახმად, იცვლება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების, მისი გაგრძელების საფუძვლების შეფასებისა და პაციენტის სტაციონარიდან გაწერის წესი.
კერძოდ, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნიდან, თვეში ერთხელ, ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია იხილავს და არკვევს, ისევ არის თუ არა სახეზე ის საფუძვლები, რითაც მოხდა მკურნალობის დანიშვნა; კომისიის გადაწყვეტილება, როგორც იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის, ასევე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაში, გასაჩივრდება ადმინისტრაციული წესით.
იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შეფარდებიდან, 6 თვეში ერთხელ, ადმინისტრაცია კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, დოკუმენტაციასთან ერთად, სასამართლოს უგზავნის და სასამართლო იხილავს, ისევ არის თუ არა სახეზე ის საფუძვლები, რაზე დაყრდნობითაც შეეფარდა მკურნალობა.
ცვლილების თანახმად, მკურნალ ექიმს კვლავ აქვს უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მიმართოს კომისიას, თუ მიიჩნევს, რომ პაციენტი ვადამდე გამოჯანმრთელდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.