ქართველი ებრაელი ექიმი, ვინც flydubai-ს რეისზე პილოტი გადაარჩინა, ისრაელში დააჯილდოვეს
ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ქართველი ექიმი შოთა მუსაევი და კიდევ ხუთი მოქალაქე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. მათ დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიმავალ flydubai-ის რეისზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს, თავდამსხმელი გაანეიტრალეს და დაჭრილ პილოტს დახმარება აღმოუჩინეს.

ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა ქართველი ებრაელი ექიმი შოთა მუსაევი, ვინც flydubai-ს რეისზე პილოტი გადაარჩინა, სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა.
მუსაევის გარდა, სამოქალაქო გმირობისთვის ჯილდო ისრაელის კიდევ 5 მოქალაქეს გადაეცა, რომლებმაც დუბაიდან ისრაელის მიმართულებით ფრენის დროს თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს, თავდამსხმელი გაანეიტრალეს და დაჭრილ პილოტს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
დაჯილდოების ცერემონია იერუსალიმში, ისრაელის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.
პრეზიდენტის მედალი სამოქალაქო გმირობისთვის ჰერცოგმა ომის დროს დააწესა იმ მშვიდობიანი მოქალაქეების დასაფასებლად, რომლებმაც სხვების გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე რეალური საფრთხის ქვეშ დააყენეს და განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინეს.
ცნობისთვის, 30 სექტემბერს, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა სამგზავრო თვითმფრინავმა საგანგებო სიგნალები გადასცა და საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში უკან შემობრუნდა.
ფრენების თვალთვალის მონაცემების თანახმად, flydubai-ს ბორტმა თავდაპირველად გადასცა საერთაშორისო საგანგებო კოდი "7700". მალევე კი გაიგზავნა კოდი "7500", რაც თვითმფრინავის გატაცებას ან მასში უკანონო ჩარევას აღნიშნავს. თვითმფრინავი ქალაქ თაბუქის აეროპორტში დაეშვა.
თვითმფრინავი საუდის არაბეთში საპილოტო კაბინაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დაეშვა.
მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პილოტმა მეორე ცივი იარაღით დაჭრა და თვითმფრინავმა სიმაღლის დაკარგვა დაიწყო, მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა ხომალდზე კონტროლის აღსადგენად ერთობლივად იმოქმედეს. ინდოელმა კაპიტანმა სმიტ მაჩჰარმა თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია და პილოტების კაბინის კარი გააღო, რითაც სხვებს ჩარევის საშუალება მისცა. ტალი მანსმა გარშემომყოფები გააფრთხილა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, რის შემდეგაც ჰაიუნი, მანსი და რეჯვანი დასახმარებლად გაეშურნენ, კაბინაში შევიდნენ და თავდამსხმელი გააუვნებელყვეს.
ისრაელის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰაიუნი შემდგომ ხომალდის მართვის სისტემების სტაბილიზაციაში მიეხმარა ეკიპაჟს. თავდამსხმელის გაუვნებლების შემდეგ, შოთა მუსაევმა მძიმედ დაჭრილ კაპიტანს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწია და მისი მდგომარეობის სტაბილიზაციას შეუწყო ხელი, სანამ თვითმფრინავი საუდის არაბეთში დაეშვებოდა.
დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ
საინფორმაციო გამოცემა Walla-ს მონაცემებით, პილოტი, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს, ომანის მოქალაქეა.
"ჩვენ ამ თავდამსხმელის საქმის ძირეულ მიზეზებს დავადგენთ - ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები, იდგა თუ არა ამის უკან ირანი. ვფიქრობ, ამას ძალიან მალე შევიტყობთ", - განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-სთან ინტერვიუში.
ნეთანიაჰუ: მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეჭვმიტანილ პილოტს თვითმფრინავის ჩამოგდება სურდა
მოგვიანებით, Wall Street Journal-მა გაავრცელა ცნობა, რომ flydubai-ის თვითმფრინავის გამტაცებელს ომანის ხელისუფლებამ წარსულში ფრენა აუკრძალა - "რადიკალური იდეოლოგიური შეხედულებების გამო".
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.