"ჯივინოსტატი" საქართველოში დათქმულ ვადებში ჩამოვიდა - რა ვადებში მოხდება "ვამოროლონის" საქართველოში შემოტანა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" საქართველოში დათქმულ ვადებში ჩამოვიდა და პაციენტები მას უახლოეს დღეებში უფასოდ მიიღებენ. ასევე იგეგმება მეორე მედიკამენტის, "ვამოროლონის" შემოტანა.

"ჯივინოსტატი" საქართველოში დათქმულ ვადებში ჩამოვიდა. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს პაციენტები უახლოეს დღეებში მიიღებენ. მწარმოებელ ფარმაცევტულ კომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც იშვიათი დაავადებისთვის საჭირო აუცილებელი პრეპარატი შეიძინა და პაციენტების მკურნალობისთვის სახელმწიფო პროგრამაში დანერგა.
მედიკამენტის შერჩევის პროცესში, სახელმწიფოსთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართულები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების ოჯახის წევრები. შეხვედრები შედგა პრემიერ-მინისტრთან, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა ჯანდაცვის სამინისტროში.
დროულად მოხდება იშვიათი დაავადების სამკურნალო კიდევ ერთი პრეპარატის, "ვამოროლონის," საქართველოში შემოტანა. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მცირე დროა დარჩენილი იმისთვის, რომ ეს მედიკამენტი პაციენტებს გადასცენ.
"ჯივინოსტატი" და "ვამოროლონი" დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ.
მკურნალობის პროცესში ორივე მედიკამენტს გაცილებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს, ეს კი, სპეციალისტების თქმით, პაციენტების მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.
რა ვადებში მოხდება "ჯივინოსტატის" შემდეგ, "ვამოროლონის" საქართველოში შემოტანა - ამ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრმა დღეს ვრცლად ისაუბრა.
იშვიათი დაავადებების სამკურნალოდ მედიკამენტების საქართველოში ჩამოტანის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ეტაპობრივად გაავრცელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.