"შემოქმედებითი თბილისის" პირველ ეტაპზე საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო
თბილისის მერიის კონკურსის, „შემოქმედებითი თბილისის“ პირველ ეტაპზე საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კონკურსი უკვე მეცხრე წელია ტარდება და მისი მიზანი შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობაა. შემოდგომის სეზონზე განაცხადები სამ მიმართულებით მიიღება: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, და თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება.

დღეიდან იწყება განაცხადების მიღება თბილისის მერიის კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისის“ პირველ ეტაპზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კონკურსი მეცხრე წელია ტარდება და ამ ხნის განმავლობაში 350-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა და მრავალი საინტერესო პროდუქტი შეიქმნა.
"კონკურსის მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და მათი რეალიზებაა. კონკურსი უკვე მეცხრე წელია ტარდება და ამ დროის განმავლობაში, 350-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა და ბევრი საინტერესო პროდუქტი შეიქმნა. მათ შორისაა, მულტიმედია პროექტები, კომპიუტერული თამაშები ქართული ზღაპრების საფუძველზე, პროექტები თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით; გამოიცა მრავალი სამეცნიერო-პოპულარული წიგნი, შეიქმნა თანამედროვე ხელნაკეთობები, კერამიკისა და ტექსტილის ნამუშევრები და მრავალი სხვა. შემოდგომის სეზონზე, 16 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, განაცხადები მიიღება სამი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მან მოქალაქეებს კონკურსში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადების ატვირთვა მსურველებს სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე - www.culture.tbilisi.gov.ge შეუძლიათ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.