საგადასახადო შეშლილობა, რომელიც სიგარეტს იცავს
სტატიაში განხილულია საქართველოს საგადასახადო პოლიტიკა თამბაქოსა და მისი ალტერნატიული პროდუქტების, კერძოდ ვეიპების მიმართ. ავტორი საკუთარ მაგალითზე მიუთითებს, რომ ტრადიციული სიგარეტის ჩანაცვლება არასავახშმო ალტერნატივით მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა მაღალი აქციზი და საგადასახადო ტვირთი ამ პროდუქტებს ფინანსურად მიუწვდომელს ხდის და ხელს უშლის ზიანის შემცირების პოლიტიკას.

პირადი მაგალითით უნდა დავიწყო: დღეში სამ კოლოფ სიგარეტს ვეწევი. ზოგჯერ მეტსაც, გააჩნია, რამდენად მძიმეა მედიისთვის ახალი ამბების ციკლი.
კატასტროფა რომ არის, ვიცი.
მავნე ჩვევაში ჯანმრთელობის უზარმაზარ ფასს ვიხდი და რომც დამავიწყდეს, კოლოფზე დაბეჭდილი კუპრისფერი ფილტვი მახსენებს. გარდა ამისა, ერთი კოლოფი 9 ლარი ღირს: მარტივი მათემატიკით ეს 27 ლარია დღეში, თვეში დაახლოებით 810 ლარი, წელიწადში კი თითქმის 10 000 ლარი.
თავის დანებება იმდენჯერ მიცდია, რომ ამ ტექსტში არც ერთი ბანალური შეგონების არც გამეორებას ვაპირებ და დიდად არც მოსმენა მსურს (კომენტარებში რომ გავითვალისწინოთ).
ვიცი, როგორ აზიანებს თამბაქო გულსა და სისხლძარღვებს. ვიცი, რომ საუკეთესო არჩევანი საერთოდ არაფრის მოწევაა.
ოღონდ, როცა პერსონალურ სიტუაციასა და დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, ეს შეგონებები “გრამაფონშია”.
ყველა უშედეგო გაბრძოლებას შორის ერთადერთი შემთხვევა, როცა ჩვეულებრივი სიგარეტი რეალურად და სრულად გადავაგდე, ვეიპზე გადასვლა იყო. წესით, ამ ამბის გაგრძელება მარტივი უნდა ყოფილიყო: ადამიანმა, რომელიც დღეში 60 ღერს ეწევა, იპოვა ნაკლებად საზიანო საშუალება, რათა ფილტვებში მომაკვდინებელი კვამლის ჩასუნთქვა შეეწყვიტა.
მაგრამ რატომ ვეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?
მარტივი რომ ყოფილიყო, კანონმდებელს ლოგიკა უნდა ჰქონოდა.
პირველივე კონტრარგუმენტი, რომელსაც ასეთ დროს შემოგაგებებენ, ინტელექტუალური ხრიკია: "ორივე მავნეა, ვეიპიც ხომ კლავს?”.
რა თქმა უნდა, ორივე მავნეა. ოღონდ ეს დაახლოებით ისეთივე სასარგებლო აღმოჩენაა, როგორც იმის მტკიცება, რომ 50 კმ/სთ სიჩქარით შეჯახებაც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს და 180 კმ/სთ-ითაც. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკისთვის კითხვა არასდროს არის მხოლოდ "მავნეა თუ არა". მთავარი კითხვაა: რამდენად მავნეა ერთი პროდუქტი მეორესთან შედარებით?
სხვაობა კი უფსკრულია.
სიგარეტის მთავარი მკვლელი თავად ნიკოტინი არ გახლავთ. ძირითადი პრობლემა თამბაქოს წვაა, რომლის დროსაც კვამლი, კუპრი, ნახშირჟანგი და უამრავი კანცეროგენი წარმოიქმნება. ვეიპში თამბაქო საერთოდ არ იწვის.
თუმცა, ვეიპი მხოლოდ ერთ-ერთი არაწვადი ალტერნატივაა. ამ კატეგორიაში ასევე შედის გასახურებელი თამბაქო, ნიკოტინის ბალიშები და სხვა ნიკოტინის შემცველი პროდუქტები, რომლებიც წვის პროცესს არ მოიცავს.
სწორედ ამ საკითხით დაინტერესების შემდეგ გავეცანი საერთაშორისო სამეცნიერო მიმოხილვებს სხვადასხვა თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტის შედარებითი რისკების შესახებ - ამ საკითხზე არაერთი მარეგულირებელი საუბრობს: მაგალითად, FDA აღნიშნავს, რომ ნიკოტინისა და თამბაქოს შემცველი არცერთი პროდუქტი არაა უსაფრთხო. თუმცა, ასევე, მიუთითებს, რომ სხვადასხვა თამბაქოს პროდუქტის რისკი ერთნაირი არ არის. სიგარეტი, როგორც წვადი პროდუქტი, ყველაზე მავნეა, ხოლო ის პროდუქტები, რომლებშიც წვის პროცესი არ მიმდინარეობს, ზოგადად, სიგარეტთან შედარებით დაბალ რისკთან ასოცირდება.
ბრიტანეთის ჯანდაცვის გაუმჯობესებისა და უთანასწორობის ოფისის (OHID) მასშტაბურმა მტკიცებულებითმა მიმოხილვამ დაასკვნა, რომ მოკლე და საშუალო ვადაში ვეიპი მოწევის რისკის მხოლოდ მცირე ნაწილს შეიცავს.
ეს ადამიანურ ენაზე ნიშნავს, რომ ეს პროდუქტები ბევრად ნაკლებ მავნეა.
ავტორებმა ცნობილი შეფასებაც გადაამოწმეს: "სულ მცირე 95 პროცენტით ნაკლებად მავნეა", და აღნიშნეს, რომ მოკლე და საშუალო ვადებისთვის ეს ფორმულა კვლავ სწორ მასშტაბს ასახავს. ეს არ ნიშნავს მთელი სიცოცხლის მანძილზე ყველა შესაძლო დაავადების მათემატიკურ გარანტიას, თუმცა, რისკებს შორის არსებული უზარმაზარი სხვაობის უგულებელყოფის უფლებასაც არ გვაძლევს.
ამასთანავე, Cochrane-ის სისტემური მიმოხილვა მაღალი სანდოობის მტკიცებულებებზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ ნიკოტინიანი ელექტრონული სიგარეტი მოწევის შეწყვეტის საქმეში ტრადიციულ ნიკოტინჩამნაცვლებელ თერაპიაზე გაცილებით ეფექტიანია.
ამიტომ პასუხი - "ორივე მავნეა" ჩემს პრობლემას ვერ შველის. ჩემი დამოკიდებულება ამ ფრაზის გაგონებით არსად ქრება. მე ისევ უნდა გადავწყვიტო, რას გავაკეთებ ხვალ: მოვწევ 60 ღერ სიგარეტს თუ გამოვიყენებ იმ ალტერნატივას, რომელმაც მათი სრულად ჩანაცვლება შემაძლებინა.
და აი, ამ უკეთეს გადაწყვეტილებას სახელმწიფომ კატასტროფული ფასი დაადო.
ჩემი დღიური 60 ღერის შესაბამისი ოდენობის ვეიპის მოხმარებისას, ხარჯი დღეში დაახლოებით 80 ლარამდე ავიდა, ანუ თვეში 2 400 ლარამდე. სიგარეტის 810 ლარის ნაცვლად.
ზუსტად სამჯერ ძვირი.
ეს ყველა მწეველზე განზოგადებული ფორმულა არ არის, ვსაუბრობ ჩემს პირად მოხმარებაზე, იმ კონკრეტულ ოდენობაზე, რომელიც ჩემთვის დღეში სამ კოლოფს ანაცვლებდა. არც 810 ლარია პატარა თანხა, მაგრამ ადამიანს, რომელიც უკვე ამხელა რესურსს ხარჯავს დამოკიდებულებაზე, რისკის მკვეთრად შესამცირებლად თითქმის სამჯერ მეტის გადახდას რომ მოსთხოვ, მერე კი ნებისყოფაზე დაუწყებ ლექციების კითხვას, ეს უკვე ბოროტეული ცინიზმია.
ამ ფასის გაბერვაში სახელმწიფო პირდაპირ მონაწილეობს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსით, ვეიპის სითხის აქციზი 1.20 ლარია თითო მილილიტრზე. 10-მილილიტრიან ბოთლზე ეს მხოლოდ აქციზის სახით 12 ლარს ნიშნავს, დღგ-ის გარეშე. თბილისის მაღაზიებში ასეთი მოცულობის სითხე 35-დან 40 ლარამდე ღირს. ანუ ფასის მესამედი წმინდად სახელმწიფო გადასახადია.
თუმცა, პრობლემა მხოლოდ ვეიპით არ შემოიფარგლება: საქართველოს საგადასახადო სისტემა ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტების მიმართ მკაფიოდ დიფერენცირებულ, რისკზე დაფუძნებულ მიდგომას არ აყალიბებს. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ პრაქტიკისგან, რომელსაც OECD და ევროკავშირის არაერთი ქვეყანა ინარჩუნებს. სადაც უკვამლო პროდუქტები, საშუალოდ, 60% ით ნაკლებად იბეგრება, ვიდრე სიგარეტი.
ეს შედარება კიდევ უფრო პრობლემურია ქვეყნების ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით: მშპ-ს მაჩვენებელი საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნების მაჩვენებლებზე საგრძნობლად დაბალია, თუმცა საქართვველოში მომხმარებლისთვის დაწესებული საგადასახადო ტვირთი ამ განსხვავებას არ ასახავს.
ცხადია, პროდუქტის მთელი სიძვირე მხოლოდ აქციზის ბრალი არ არის. მის გარეშეც შეიძლება სიგარეტზე ძვირი დამჯდარიყო იმპორტის, დისტრიბუციისა და მარჟის გამო, მაგრამ ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას არ ამსუბუქებს. პირიქით: როდესაც ისედაც ძვირადღირებულ ალტერნატივას გაუმართლებელი ბეგარით კიდევ უფრო ხელმიუწვდომელს ხდი, მწეველს არჩევანს უზღუდავ. თუ ადამიანს სიგარეტის ჩანაცვლება ისედაც ურთულდება, გადასახადით ამ გზის გადაკეტვა რატომ უნდა ჩაითვალოს მის ჯანმრთელობაზე ზრუნვად?
მაგრამ ითვლება. ითვლება იმიტომ, რომ საჯარო პოლიტიკა ბიუჯეტის პოლიტიკური თუ პირდაპირი ქურდების ბლაგვი მორალიზმით იგეგმებოდა და იგეგმება. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, რომ ნიკოტინთან ბრძოლა იოლი იქნება, თუმცა, ხელოვნური ფინანსური ბარიერის აღმართვა მისი შეგნებული არჩევანია.
ამ დროს სისტემაში ჩვეულებრივი სიგარეტისთვის შეღავათის ადგილიც კი მოიძებნა: ადგილობრივი წარმოების სიგარეტი, დადგენილი კვოტის ფარგლებში, შემცირებული აქციზით იბეგრება. გამოდის, სახელმწიფოს პროდუქტებს შორის სხვაობის დანახვა მშვენივრად შეუძლია, ოღონდ მაშინ, როცა წარმოების ადგილია გასათვალისწინებელი. როცა საქმე მოქალაქის ჯანმრთელობასა და ზიანის შემცირებას ეხება, იქ საერთოდ კარგავს ლოგიკას და ყველაფერს ერთ ქვაბში ყრის.
ევროპის მაგალითის მოშველიებაც სიფრთხილეს მოითხოვს. იქაც ბეგრავენ ვეიპს, და ზოგ ქვეყანაში საკმაოდ მძიმედაც. ევროკომისიის ინიციატივის ოფიციალურ განმარტებაში პირდაპირ წერია, რომ გაზრდილი გადასახადი ახალი პროდუქტების, როგორც თამბაქოს შემცვლელების, მიმზიდველობის შემცირებას შეუწყობს ხელს. უცბად გამიელვა, რომ ევროკავშირისგან “სუვერენიტეტი” მოვიპოვეთ, მაგრამ შემდეგ მეხსიერებას ის ცოდნაც ამოყვა, რომ ევროკავშირი ცუდი მაშინ არის, როცა სასამართლოს დამოუკიდებლობას მოითხოვს.
უკვე მწეველი ადამიანისთვის ეს უცნაური და საშიში ფილოსოფიაა. შემცვლელი სწორედ იმიტომ მჭირდება, რომ სიგარეტი მიმზიდველობას მხოლოდ საშიში გაფრთხილებების კითხვით არ კარგავს. თუ პოლიტიკა იმ ერთადერთ გზასაც მიძვირებს, რომლითაც მისგან თავის დაღწევა შევძელი, მაშინ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთელი ლოგიკა თავდაყირა დგება.
სწორედ ამიტომ იქცევა დიდი ბრიტანეთი სრულიად განსხვავებულად: მისი მიდგომა ეფუძნება არა რომელიმე კონკრეტული პროდუქტის ხელშეწყობას, არამედ სხვადასხვა პროდუქტის რისკებისა და საგადასახადო ტვირთის დიფერენცირებას. 2026 წლის 1 ოქტომბრიდან ვეიპის სითხეზე იქაც შედის ახალი გადასახადი (£2.20 ყოველ 10 მლ-ზე), თუმცა იმავე დღეს მთავრობა თამბაქოს გადასახადსაც დამატებით ზრდის. ოფიციალურად გაცხადებული მიზანია, რომ მწეველს ალტერნატივაზე გადასვლის ფინანსური სტიმული შეუნარჩუნდეს და სიგარეტი შედარებით იაფი არ დარჩეს.
ბრიტანეთს ესმის ჭეშმარიტება: ორ პროდუქტს შორის ფასობრივი სხვაობა პირდაპირ მართავს ადამიანის ქცევას. ერთი პროდუქტის დაბეგვრამდე ყოველთვის უნდა იკითხო, მეორე პროდუქტი ხომ არ ხდება შედარებით უფრო ხელსაყრელი.
საქართველოში კი ზუსტად საპირისპირო ხდება.
ქვეყანაში, დაახლოებით, მილიონამდე მწეველია, ანუ სიგარეტს ყოველი მესამე ზრდასრული ეწევა. ამ მასშტაბის პირობებში საგადასახადო პოლიტიკის თითოეული გადაწყვეტილება არა მხოლოდ ბიუჯეტს, არამედ ასიათასობით ადამიანის ყოველდღიურ არჩევანსაც განსაზღვრავს.
აქ საერთოდ არ შევდივარ იმის მტკიცებაში, რომელი, რამდენი ან როგორი რეგულაციაა ადამიანის თავისუფლებისთვის სწორი. ეს ფილოსოფიური დავაც რომ გვერდზე გადავდოთ, არსებული პოლიტიკა სრული აბსურდია სწორედ იმათივე ლოგიკით, ვისაც მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ამჯერად ჩემს კიდევ ერთ ორგანოს, ფილტვს უნდა უდარაჯოს.
მე დიდად არ ვწევ წინააღმდეგობას - გინდათ დარაჯობა? კი ბატონო, შეიძლება პროდუქტი დაბეგრო, არასრულწლოვნებისთვის გაყიდვა მკაცრად გააკონტროლო, რეკლამა აკრძალო და არამწეველებში მისი გავრცელება შეზღუდო. მაგრამ ამავე დროს, ვალდებული ხარ, დაინახო ადამიანი, რომელიც უკვე მძიმე მწეველია და ცდილობს, ნაკლები რისკის პროდუქტზე გადავიდეს. ამ კომპლექსური რეალობის დანახვას ჰქვია საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა.
ფრაზა "ორივე მავნეა" ამისთვის საკმარისი არ არის. ორივე შეიძლება მავნე იყოს, მაგრამ ერთის მეორით სრულ ჩანაცვლებას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. სწორედ ამ სხვაობაზე დგას ზიანის შემცირების (Harm Reduction) ფილოსოფია.
ჩემი პასუხისმგებლობის წილი ზეპირად ვიცი. მოწევა ჩემი დამღუპველი ჩვევაა და მისგან თავის დაღწევა ჩემ ნაცვლად სახელმწიფოს არ შეუძლია.
მაგრამ როცა სახელმწიფო თავისი ხელით მიძვირებს იმ ერთადერთ გზას, რომელმაც 60 ღერი სიგარეტი რეალურად დამატოვებინა, შემდეგ კი ისევ მე მამუნათებს და ჩემს ნებისყოფაზე მეკამათება, ეს უკვე სრული შეშლილობაა. ჯერ ფინანსურ დაბრკოლებას ხელოვნურად ზრდი და მერე მოქალაქეს საყვედურობ, რატომ ვერ გადალახეო.
ვითხოვთ ელემენტარულს: ჯანმრთელობის დაცვის სახელით დაწესებულმა გადასახადმა ნაკლები რისკისკენ გადადგმული ნაბიჯი ფინანსურად აუტანელი არ გახადოს.
სიგარეტის კოლოფზე სახელმწიფომ უკვე დაწერა, რომ მოწევა კლავს. ახლა ისეთი საგადასახადო სისტემა გვჭირდება, რომელიც ამ წარწერას სერიოზულად აღიქვამს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…