დაკავებულმა, თანასოფლელებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელა, წაშლის სანაცვლოდ კი თანხა მოსთხოვა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მარნეულში გამოძალვის ბრალდებით პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა თანასოფლელებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა გაუვრცელა და მისი წაშლის სანაცვლოდ თანხა მოსთხოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძალვის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში თანასოფლელებს, თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელა, ფოტოების წაშლის სანაცვლოდ კი გარკვეული ოდენობის თანხის ელექტრონულ ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვა.
მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 2 000 ლარამდე შეადგინა.
სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.