ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდმა კრიტიკული მინერალების სფეროში პირველი გარიგება დადო

აშშ-უკრაინის აღდგენის ერთობლივმა საინვესტიციო ფონდმა კრიტიკული მინერალების სფეროში პირველი შეთანხმება გააფორმა კომპანია BGV Group-თან. ფონდი ასევე აფინანსებს ენერგეტიკულ პროექტებს, მათ შორის DTEK-ის სესხსა და ელექტრომომარაგების სისტემებს, ზამთრის სეზონისა და რუსული თავდასხმების ფონზე.

აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდმა კრიტიკული მინერალების სფეროში პირველი გარიგება დადო
აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდმა კრიტიკული მინერალების სფეროში პირველი გარიგება დადოBM.GE

აშშ-უკრაინის აღდგენის ერთობლივმა საინვესტიციო ფონდმა კრიტიკული მინერალების სფეროში პირველი შეთანხმება გააფორმა, კიდევ ოთხ ახალ პროექტთან ერთად - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ფონდის ერთ-ერთმა ამერიკელმა ხელმძღვანელმა განუცხადა.

ფონდი, რომელიც ორი ქვეყნის მიერ გასული წლის აპრილში გაფორმებული მინერალების პაქტის საფუძველზე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით შეიქმნა, ხუთ სტრატეგიულ მიმართულებაზეა ფოკუსირებული - მინერალებითა და თავდაცვით დაწყებული, ენერგეტიკითა და ინფრასტრუქტურით დასრულებული.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელმა, კონორ კოულმანმა განაცხადა, რომ ფონდის პროექტების საერთო ღირებულება ამჟამად დაახლოებით 70 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც რუსეთთან ხანგრძლივ ომში ვაშინგტონის მხრიდან კიევის ურყევ მხარდაჭერას უსვამს ხაზს.

"უკრაინელი ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ინვესტიციებს ახლავე ვახორციელებთ", - აღნიშნა კოულმანმა ინტერვიუში და ყურადღება გაამახვილა იმ ზარალზე, რომელსაც ქვეყანა მომავალი ზამთრის მოახლოებისას განიცდის.

პირველი გარიგება დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ინვესტირებას ითვალისწინებს "ერთობლივ საინვესტიციო პლატფორმაში" კომპანია "BGV Group"-თან, რომელიც უკრაინის უდიდესი სუპერმარკეტების ქსელის, "ATB"-ის მილიარდერმა თანამფლობელმა გენადი ბუტკევიჩმა დააფუძნა.

კოულმანის თქმით, ინიციატივა საწყის ეტაპზე უკრაინის მასშტაბით სამთო-მოპოვებით ადრეულ პროექტებზე იქნება ფოკუსირებული და მიზნად იშვიათი მიწების, ურანის, ბერილიუმისა და ცირკონიუმის საბადოების ათვისებას ისახავს.

"ყველა ეს რესურსი აშშ-ის კრიტიკული მინერალების სიაშია, ამიტომ ეს შესანიშნავად ემთხვევა იმას, რაც (აშშ-ის) ადმინისტრაციის პრიორიტეტს წარმოადგენს", - განაცხადა კოულმანმა.

წარდგენილი დანარჩენი პროექტებიდან ორი უკრაინის ელექტრო- და გათბობის ქსელების გაძლიერებას ისახავს მიზნად, რადგან ზამთრის წინ საკვანძო ინფრასტრუქტურაზე რუსული თავდასხმები გახშირდა.

კოულმანის თქმით, ერთი პროექტი დაემატება იმ თითქმის 100 მილიონ დოლარს, რომლის სესხებაზეც DFC ახლახან დათანხმდა უკრაინის უმსხვილეს კერძო ენერგოკომპანია "DTEK"-ს. აღნიშნული თანხა ბატარეების ახალი სისტემის მოწყობას მოხმარდება, რომელიც დაახლოებით 600 000 უკრაინულ ოჯახს ორ საათამდე სარეზერვო ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.

პროექტს ასევე ექნება "კაპიტალზე წვდომა დაზიანებების წარმოქმნის შემთხვევაში".

გარდა ამისა, ფონდი შეიძენს წილს ელექტრო და სითბური ენერგიის კომბინირებული წარმოების (კოგენერაციის) პლატფორმაში, რომელიც ხელს შეუწყობს რიგი "ენერგოჰაბების" მშენებლობასა და მართვას, რაც ოჯახებისთვის დაზიანებული ელექტრო და თბომომარაგების აღდგენას ისახავს მიზნად.

კოულმანმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდი შესაძლებლობების გასაფართოებლად დამატებითი კაპიტალის მოზიდვაზეც მუშაობს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უკრაინელი ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ინვესტიციებს ახლავე ვახორციელებთ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ყველა ეს რესურსი აშშ-ის კრიტიკული მინერალების სიაშია, ამიტომ ეს შესანიშნავად ემთხვევა იმას, რაც (აშშ-ის) ადმინისტრაციის პრიორიტეტს წარმოადგენს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.