საქართველოში მომუშავე ყველა გერმანული ფონდი მუშაობას აჩერებს
საქართველოში გერმანიის ახალმა ელჩმა, ბარბარა ფოსმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო ქვეყანაში მომუშავე ყველა გერმანული პოლიტიკური ფონდი მუშაობას აჩერებს. ფონდებიდან ორმა უკვე დახურა ოფისები. ელჩის თქმით, ეს მოვლენა გავლენას იქონიებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე.

2 ოქტომბერს თბილისში, გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გერმანიის ახალმა ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა განაცხადა, რომ საქართველოში მომუშავე ყველა გერმანული ფონდი მუშაობას აჩერებს.
ელჩის თქმით, საქართველოში მოქმედი ოთხივე გერმანული ფონდი „იძულებული გახდა, დროებით შეაჩეროს საქმიანობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო“.
ჩვენი ოთხივე პოლიტიკური ფონდი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს საქართველოსა და მის ხალხს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, იძულებული გახდა, დროებით შეეჩერებინა საქმიანობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო“.
ელჩის განცხადებით, „ეს მოვლენები ასევე აისახება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე“.
მან ასევე თქვა, რომ გერმანულ-ქართული ურთიერთობების შენარჩუნება მისი ელჩობისას პრიორიტეტი იქნება:
„მომდევნო წლებში, როგორც ელჩი, პირადად გავწევ ძალისხმევას, რათა მაქსიმალურად შენარჩუნოთ ის, რაც საქართველოსა და გერმანიას შორის არის ნაშენები“ – განაცხადა ელჩმა.
საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მოქმედი ოთხი გერმანული ფონდია:
კონრად ადენაუერის ფონდი – აფილირებული „გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ (CDU);
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – აფილირებული „გერმანიის თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთამ (FDP);
ჰაინრიხ ბიოლის ფონდი – აფილირებული „მწვანეებთან“;
ფრიდრიხ ებერტის ფონდი – აფილირებული „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიასთან“ (SPD).
მათგან ორმა, – ადენაუერისა და ნაუმანის ფონდებმა, – პირველ და ორ ოქტომბერს გამოაცხადეს, რომ საქართველოსი ოფისები დახურეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.