გერმანიის ელჩი: ჩვენი ოთხივე ფონდი იძულებულია, დროებით შეაჩეროს საქართველოში საქმიანობა
საქართველოში გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის განცხადებით, ოთხივე გერმანული ფონდი იძულებულია საქმიანობა დროებით შეაჩეროს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო. კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდებმა თბილისის ოფისები უკვე დახურეს, რადგან მთავრობამ მათი პროგრამული კომპონენტები საკუთარ პრიორიტეტებს დაუქვემდებარა.

საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი, ბარბარა ფოსი ამბობს, რომ ოთხივე გერმანული ფონდი, რომელიც საქართველოს და ქართველ ხალხს ათწლეულების განმავლობაში უჭერდა მხარს ევროინტეგრაციის გზაზე, "საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო იძულებულია, დროებით შეაჩეროს საქმიანობა". ელჩის თქმით, "ეს მოვლენები ასევე აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს“.
ბარბარა ფოსმა ამის შესახებ 2 ოქტომბერს, გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მის კომენტარი OC MEDIA-მ გაავრცელა, რომელიც ელჩის სიტყვით გამოსვლას ესწრებოდა.
"მომდევნო წლებში, როგორც ელჩი, პირადად მივუძღვნი ძალისხმევას იმის მაქსიმალურად შესანარჩუნებლად, რაც საქართველოსა და გერმანიას შორის აშენდა“, - აღნიშნა ელჩმა.
საქართველოში ოთხი გერმანული ფონდი ორ ათწლეულზე მეტხანს საქმიანობდა - კონრად ადენაუერის ფონდი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი და ფრიდრიხ ებერტის ფონდი.
ბოლო ორ დღეში ცნობილი გახდა, რომ გრანტების რუსული კანონის გამო, რაც ორგანიზაციებს ვალდებულებას უწესებს, ქართული ოცნებისგან თანხმობა მიიღონ, თბილისის ოფისს ხურავენ კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნიუმანის ფონდები. ორივე ფონდი აცხადებს, რომ პროექტების დაფინანსებისა და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით, განაცხადი წარადგინეს, თუმცა, "საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა, თითოეული პროგრამული კომპონენტი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს დაქვემდებარებოდა" და ყველა აქტივობა მათთან შეეთანხმებინათ.
ფონდების განმარტებით, მათ სცადეს შეთანხმების მიღწევა, თუმცა, ორივე ორგანიზაციის განაცხადი ხელისუფლებამ 2026 წლის 28 ივლისს უარყო.
"საქმიანობა საქართველოს მთავრობამ შეგვიზღუდა" - ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა
საქართველოში საქმიანობას ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც წყვეტს
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო იძულებულია, დროებით შეაჩეროს საქმიანობა“
„ეს მოვლენები ასევე აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს“
„მომდევნო წლებში, როგორც ელჩი, პირადად მივუძღვნი ძალისხმევას იმის მაქსიმალურად შესანარჩუნებლად, რაც საქართველოსა და გერმანიას შორის აშენდა“
„საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა, თითოეული პროგრამული კომპონენტი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს დაქვემდებარებოდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.