ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

თბილისში საქმიანობას წყვეტს „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც“

თბილისში საქმიანობას წყვეტს „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“, რომლის განცხადებითაც, საქართველოს მთავრობამ ახალი „გრანტების შესახებ“ კანონის საფუძველზე წარდგენილი დაფინანსების განაცხადი არ დააკმაყოფილა. ფონდის შეფასებით, მთავრობის პირობები მის საქმიანობას აუცილებელ თავისუფლებას უზღუდავს. მსგავსი მიზეზით საქმიანობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმაც. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით კი, გრანტებთან დაკავშირებით თანხმობების გაცემის მაჩვენებელი მაღალია და უარყოფა მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებსა და პოლიტიკურ პროცესებში არამართლზომიერ ხარჯვას უკავშირდება.

თბილისში საქმიანობას წყვეტს „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც“
თბილისში საქმიანობას წყვეტს „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც“რადიო თავისუფლება

"ეს ნაბიჯი ჩვენთვის ადვილი გადასადგმელი არ ყოფილა, თუმცა მისი გადადგმა გარდაუვალი გახდა", - ნათქვამია ორგანიზაციის პრესრელიზში, რომელშიც მიზეზებია ახსნილი.

რატომ ტოვებს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი საქართველოს

"საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები FNF-ს ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას აღარ აძლევს", - ნათქვამია განცხადებაში.

"მიმდინარე წელს ჩვენმა ფონდმა ახალი კანონის („გრანტების შესახებ“ კანონის) საფუძველზე განაცხადი წარადგინა, რათა ქვეყანაში კვლავ დაგვეფინანსებინა პროექტები და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გაგვეგრძელებინა. ამასთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ პროგრამის თითოეული კომპონენტი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებისთვის დაგვექვემდებარებინა და ყველა ღონისძიების განსახორციელებლად შესაბამისი ნებართვები მიგვეღო.

ფონდის შეფასებით, ეს პირობები მის საქმიანობას აუცილებელ თავისუფლებას უზღუდავს. ფონდმა საქმიანობის გაგრძელების მიზნით განაცხადი შეიტანა, თუმცა ის 2026 წლის 28 ივლისს არ დაკმაყოფილდა. ამის გამო ფონდი აცხადებს, რომ საქართველოში საკუთარი ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ აქვს.

"ეს პირობები, თავისი არსით, ლიბერალური ფონდისთვის აუცილებელ სამოქმედო თავისუფლებას საფუძველს აცლის. მიუხედავად ამისა, ჩვენი განაცხადით მაინც ვცადეთ, გამოგვეყენებინა ყველა შესაძლებლობა, რათა საქართველოში საქმიანობა გაგვეგრძელებინა და მხარი დაგვეჭირა იმ ძალებისთვის, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან. თუმცა ეს განაცხადი 2026 წლის 28 ივლისს უარყოფილ იქნა. შესაბამისად, ჩვენ აღარ ვხედავთ შესაძლებლობას, გავაგრძელოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს შეესაბამება", - ნათქამია განცხადებაში.

"ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საქართველო იმედისა და დემოკრატიული პროგრესის სიმბოლო იყო" - FNF.

ფრიდრიხ ნაუმანის ფორნდის განცხადებით. ფონდი საქართველოში 2002 წლიდან მუშაობდა ინტესიურდად თანამშრომლობდა პარტნიორ ორგანიზაცებსა და ლიბერალურად განწყობილ საზოგადოებასთან "თავისუფალი საზოგადოების, საქართველოს ევროპული მომავლისა და საზოგადოებებს შორის მჭიდრო დიალოგის ხელშეწყობის მიზნით"

"ჩვენ მომავალშიც მხარს დავუჭერთ ყველა იმ ქართველს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული დღისწესრიგისთვის იბრძვიან."

ორგანიზაციის განცხადებით, FNF გააგრძელებს ამ ადამიანების მხარდაჭერას საზღვარგარეთ და მათი ხმის გაჟღერებას.

"მადლობას ვუხდით ჩვენს თანამშრომლებს, ასევე ყველა პარტნიორსა და მეგობარს, რომლებმაც ჩვენი საქმიანობა შესაძლებელი გახადეს. ბოლო წლებში ბევრ მათგანს სულ უფრო ხშირად უწევდა პირადი რისკების გაწევა საკუთარ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად. ამიტომ, შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებს", ნათქვამის განცხადებაში.

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, 2024 წლის გაზახხულზე, ერთ-ერთი იყო საქართველოში მოქმედ სხვა გერმანულ ფონდებთან - ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან, ფრიდრიხ ებერტის ფონდთან და კონრად ადენაუერის ფონდთან ერთად, რომელიც აკრიტიკებდა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ "ქართული ოცნების" მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტს. რომელიც მოგვიენბით კანონდა იქცა.

თბილისში ოფისი დახურა კონრად ადენაუერის ფონდმაც

გერმანულმა კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც 2003 წლიდან მუშაობდა საქართველოში, 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში საქმიანობას წყვეტს - მიზეზად საქართველოში შექმნილი „პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩარჩო“ დაასახელა.

KAS-ის თანახმად, 2026 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობამ ფონდის მიერ „გრანტების შესახებ“ ახალი კანონის ფარგლებში წარდგენილი პროექტების დაფინანსების განაცხადები არ დააკმაყოფილა.

გრანტების კანონი

2025 წლის 20 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით შეცვალა „გრანტების შესახებ“ კანონი და მთავრობის ნებართვის გარეშე დაფინანსების მიღება აუკრძალა მისგან დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ეს ცვლილებები, - სხვა საკანონმდებლო რეგულაციებთან, მათ შორის „აგენტების კანონთან“ (ფორმალურად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“, რომელსაც მოწინააღმდეგეები „რუსულ კანონს“ უწოდებენ) და „FARA-ს ქართულ ანალოგთან“ ერთად, - ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ „უპრეცედენტო დემოკრატიული უკუსვლის“ განმაპირობებელ ერთ-ერთ ფაქტორად მიიჩნევა.

Amnesty International-ის მიერ 2026 წლის 15 ივნისს საქართველოზე გამოქვეყნებულ ანგარიშში, „რეპრესიების ანატომია“, წერია, რომ „გრანტების კანონისა“ და სხვა ცვლილებების შედეგად, ათობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია იძულებული გახდა, შეემცირებინა შტატი, შეეჩერებინა მუშაობა ან „გადარჩენის რეჟიმში“ განეგრძო საქმიანობა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ლევან ჟორჟოლიანის განაცხადებით, "უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით თანხმობების გაცემის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია", რაც მისი სიტყვებით "რაც ხაზს უსვამს მთავრობის დამოკიდებულებას ისეთი პროექტების მიმართ, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, თუკი რომელიმე პროექტი პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს პოლიტიკურ პროცესებში არამართლზომიერად თანხების ხარჯვას, მთავრობას ვერ ექნება დადებითი პოზიცია".

საქართველო-გერმანიის ურთიერთობები

საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები ბოლო წლებში გაუარესდა:

2024 წლის 31 დეკემბერსა და 2025 წლის 24 მარტს გერმანიამ, სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, სავიზო შეზღუდვები დაუწესა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს;

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებისთვის 237 მილიონი ევროს დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო;

ამავე დროს, გაგრძელდა ის პროექტები, რომლებიც, ბერლინის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის დახმარებას ემსახურება. გერმანიამ რიგი სხვა პროგრამები აღარ განაახლა;

გერმანიის ყოფილი ელჩი პეტერ ფიშერი, რომელიც თანამდებობაზე 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა, მწვავედ აკრიტიკებდა პროცესს, რომელსაც საქართველოში უპრეცედენტო დემოკრატიულ უკუსვლას უწოდებდა;

„ქართული ოცნების“ ლიდერები ფიშერს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და „რევოლუციური პროცესების მხარდაჭერაში“ ადანაშაულებდნენ.

გერმანიის ახალმა ელჩმა ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელის ასლი 27 აგვისტოს გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.

მანამდე, 23 ივლისს, გერმანიაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა - თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს ნაბიჯი ჩვენთვის ადვილი გადასადგმელი არ ყოფილა, თუმცა მისი გადადგმა გარდაუვალი გახდა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები FNF-ს ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას აღარ აძლევს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით თანხმობების გაცემის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია“
ლევან ჟორჟოლიანი
„რაც ხაზს უსვამს მთავრობის დამოკიდებულებას ისეთი პროექტების მიმართ, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, თუკი რომელიმე პროექტი პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს პოლიტიკურ პროცესებში არამართლზომიერად თანხების ხარჯვას, მთავრობას ვერ ექნება დადებითი პოზიცია“
ლევან ჟორჟოლიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.