ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

კვერენჩხილაძესა და ტუღუშს ვადა ამოეწურათ - მათ კიკილაშვილი და მეთოფიშვილი ცვლიან

საქართველოს პარლამენტიშინაგან საქმეთა სამინისტროსაერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. მათ გოგა კიკილაშვილი და სერგო მეთოფიშვილი შეცვლიან, რომლებიც სხვადასხვა უწყებამ დანიშნა.

კვერენჩხილაძესა და ტუღუშს ვადა ამოეწურათ - მათ კიკილაშვილი და მეთოფიშვილი ცვლიან
კვერენჩხილაძესა და ტუღუშს ვადა ამოეწურათ - მათ კიკილაშვილი და მეთოფიშვილი ცვლიანრადიო თავისუფლება

„ამოიწურა ჩემი სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა. ვიტყვი მხოლოდ ერთს - გავაკეთე რაც შევძელი, სხვამ უკეთ გააკეთოს“, - დაწერა კვერენჩხილაძემ სოციალურ ქსელში.

კვერენჩხილაძეს საკონსტიტუციო სასამართლოში გოგა კიკილაშვილი შეცვლის, ტუღუშს კი სერგო მეთოფიშვილი. კიკილაშვილი 22 სექტემბერს მიხეილ ყაველაშვილმა დანიშნა, მეთოფიშვილი კი იმავე დღეს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა აირჩია.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, მოსამართლის უფლებამოსილების ვადა 10 წელია.

განსხვავებული აზრები გახმაურებულ საქმეებზე

კვერენჩხილაძესა და ტუღუშს არაერთ გახმაურებულ საქმეზე დაუწერიათ განსხვავებული აზრი საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

მათ შორის იყო ე.წ. აგენტების კანონის საქმე. 2024 წლის ოქტომბერში საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო ნორმების მოქმედება.

კვერენჩხილაძე და ტუღუში ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ. მათი აზრით, სასამართლოს დროებით უნდა შეეჩერებინა, მათ შორის, ორგანიზაციებისთვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსის მინიჭებისა და რეესტრში რეგისტრაციის, ასევე მათ ინფორმაციაზე წვდომისა და პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ნორმების მოქმედება.

ტუღუშმა განსხვავებული აზრი დაწერა ასევე საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელებზე, რომლებითაც ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურობას ასაჩივრებდნენ. სასამართლოს უმრავლესობამ სარჩელები არსებითად განსახილველად არ მიიღო.

ტუღუში ამ პოზიციას არ დაეთანხმა კენჭისყრის ფარულობასა და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ ნაწილებში. ამავე საქმეზე კვერენჩხილაძემ განსხვავებული აზრი დაწერა საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობის ნაწილზე.

კვერენჩხილაძე და ტუღუში იმ სამ მოსამართლეს შორისაც იყვნენ, რომლებმაც განსხვავებული აზრი გამოთქვეს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საქმეზე. სასამართლოს უმრავლესობამ 2023 წელს დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. მესამე განსხვავებული აზრის ავტორი ირინე იმერლიშვილი იყო, რომელმაც სასამართლო 2025 წლის ოქტომბერში დატოვა.

ვინ შეცვლის კვერენჩხილაძეს

გიორგი კვერენჩხილაძის ადგილს გოგა კიკილაშვილი დაიკავებს. კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია.

გოგა კიკილაშვილი 2023 წლის ოქტომბრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. მანამდე მუშაობდა იურისტად და მედიატორად, იყო რამდენიმე უნივერსიტეტის ლექტორი და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი.

მისი მამა, ხვიჩა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უზენაესმა სასამართლომ დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თანამდებობაზე 10 წელი უნდა ემუშავა, მან დაახლოებით ხუთ წელიწადში, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა სასამართლო.

ხვიჩა კიკილაშვილი იმ მოსამართლეთა შორის იყო, რომლებმაც 2023 წელს სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინეს. გოგა კიკილაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად პარლამენტმა 2023 წლის 17 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმპიჩმენტის საკითხზე დასკვნის გამოცხადებიდან მეორე დღეს აირჩია. მას 90-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მაშინ კიკილაშვილი მის არჩევასა და ნათესაურ კავშირებს შორის კავშირის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა „საინფორმაციო კამპანია“, რომელიც მისი პროფესიული და პიროვნული დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული.

ვინ არის სერგო მეთოფიშვილი

თეიმურაზ ტუღუშს საკონსტიტუციო სასამართლოში სერგო მეთოფიშვილი შეცვლის. მას არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. „კლანის“ ერთ-ერთ წევრად მოიხსენიებდნენ.

სერგო მეთოფიშვილი 1961 წელს თბილისში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. მოსამართლე 2009 წელს გახდა. მუშაობდა გორის რაიონულ, თბილისის საქალაქო და ბოლნისის რაიონულ სასამართლოებში. სხვადასხვა პერიოდში თავმჯდომარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და საგამოძიებო კოლეგიებს. 2025 წლის ივლისიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლეა.

2016 წელს მეთოფიშვილი 213 ხმით აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად. საბჭოს წევრის უფლებამოსილება მას 2020 წელს ამოეწურა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობის პერიოდში მეთოფიშვილი ხშირად საჯაროდ უპირისპირდებოდა საბჭოს კრიტიკულად განწყობილ არამოსამართლე წევრებს.

2019 წელს მან მაშინდელ არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს „პოლიტიზირებული პიროვნება“ უწოდა და თქვა, რომ ის „პოლიტიკოსია უფრო, ვიდრე სასამართლოს ნაწილი“. საპასუხოდ დოლიძემ მეთოფიშვილს „იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი“ უწოდა.

2023 წელს მეთოფიშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, რომლებსაც აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მათ მიმართ წაყენებული კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. მეთოფიშვილი აცხადებდა, რომ მათი კორუმპირებულობის შესახებ საუბარი „აშკარა სიცრუე“ იყო.

2024 წელს მეთოფიშვილი მიხეილ ჩინჩალაძესთან, ლევან მურუსიძესა და ვასილ მშვენიერაძესთან ერთად სასამართლოში შეეცადა გაეუქმებინა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მათი ქონებრივი დეკლარაციები ანტიკორუფციულ ბიუროს უნდა შეემოწმებინა.

სერგო მეთოფიშვილს „სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის წევრად“ მოიხსენიებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

კიკილაშვილისა და მეთოფიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნის შემდეგ ქურდოვანიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოდან მალე მოსამართლის განსხვავებული აზრებიც აღარ დაიწერება“.

მეთოფიშვილს ე.წ. „სასამართლო კლანის“ ერთ-ერთ გავლენიან მოსამართლედ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც“ მოიხსენიებდა.

როგორ კომპლექტდება საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები 10-წლიანი ვადით ინიშნებიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამ მოსამართლეს ნიშნავს პრეზიდენტი, სამს პარლამენტი ირჩევს, სამს კი უზენაესი სასამართლო ნიშნავს.

პარლამენტის კვოტით ერთი ადგილი კვლავ ვაკანტურია. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ასარჩევად პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის, ანუ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამოიწურა ჩემი სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა. ვიტყვი მხოლოდ ერთს - გავაკეთე რაც შევძელი, სხვამ უკეთ გააკეთოს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„საინფორმაციო კამპანია“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„პოლიტიზირებული პიროვნება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„აშკარა სიცრუე“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის წევრად“
ნონა ქურდოვანიძე
„საკონსტიტუციო სასამართლოდან მალე მოსამართლის განსხვავებული აზრებიც აღარ დაიწერება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.