ბათუმში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ფასი 1 ლარამდე გაიზარდა
ბათუმში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ფასი 1 ლარამდე გაიზარდა. ლიცენზიის მფლობელი კომპანიების წარმომადგენლის განცხადებით, ფასის გაძვირების მიზეზი საწვავის ფასის მატებაა, ხოლო მერიაში განმარტავენ, რომ ტარიფს აღარ არეგულირებენ, რადგან აღნიშნული საქმიანობა ეკონომიკურ სფეროდ აღარ არის განსაზღვრული.

დღეს, პირველ ოქტომბერს მკითხველმა „ბათუმელებს“ გამოუგზავნა ფოტო, რომელზეც ბათუმში მგზავრობის გაძვირების შესახებ განცხადებაა აღბეჭდილი და ინფორმაციის გადამოწმება გვთხოვა.
ბათუმის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული ლიცენზიის მფლობელი კომპანიების შპს „ჯორჯია ტრანსისა“ და „სონაგოს“ წარმომადგენელი „ბათუმელებთან“ საუბარში ადასტურებს, რომ კომპანიამ მგზავრობის ფასი ერთ ლარამდე გააძვირა. მიზეზად მან საწვავის ფასის გაზრდა დაგვისახელა.
„დიახ, დღეიდან გაძვირდა, კომპანიები ვადგენთ ფასს.
ადრე მერია არეგულირებდა, მაგრამ ორი წელია უკვე მერია და საკრებულო ამ საკითხს აღარ წყვეტენ. ფასებს არეგულირებს ბაზარი. რა თქმა უნდა, საწვავის გაძვირებას უკავშირდება ფასის გაძვირებაა“ – გვითხრა ნუგზარ ფარტენაძემ.
ბათუმის მერია „ბათუმელებთან“ ინფორმაციას ადასტურებს.
„2025 წლის აპრილიდან მ2 კატეგორიის ავტობუსებით [ სამარშრუტო ტაქსი] მგზავრთა გადაყვანა აღარ არის ეკონომიკური საქმიანობის სფეროდ განსაზღვრული, ამიტომ ფასს მერია არ ადგენს“ – განგვიმარტეს ბათუმის მერიაში.
ფოტო, რომელიც მკითხველმა მოგვაწოდა
ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 2026 წელს მნიშვნელოვნად გაძვირდა. წლის დასაწყისში მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობის ფასი 30 თეთრიდან 70 თეთრამდე გაიზარდა, რასაც მალევე მოჰყვა სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ფასის გაძვირება 80 თეთრამდე.
ციტატები სტატიიდან
„2025 წლის აპრილიდან მ2 კატეგორიის ავტობუსებით [ სამარშრუტო ტაქსი] მგზავრთა გადაყვანა აღარ არის ეკონომიკური საქმიანობის სფეროდ განსაზღვრული, ამიტომ ფასს მერია არ ადგენს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.