მუნიციპალური ავტობუსი წაგებაზე მუშაობს, სუბსიდია ქობულეთის ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარი იქნება
ქობულეთის მუნიციპალური ავტობუსი წაგებაზე მუშაობს, რის გამოც მგზავრობის 80-თეთრიანი ტარიფის შესანარჩუნებლად მერია ბიუჯეტიდან 3.2 მილიონზე მეტ ლარს გამოყოფს. პარალელურად, კერძო მიკროავტობუსებმა ბათუმის მიმართულებით მგზავრობა 4 ლარამდე გააძვირეს.

საწვავის გაძვირების ფონზე, ქობულეთში მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა რომ არ გაძვირდეს, მერიამ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში შპს „ტრანსრეგულირების“ სუბსიდირებისთვის 3 მილიონ 253 360 ლარი გაითვალისწინა. შპს „ტანსრეგულირება“ მერიის ორგანიზაციაა, რომელსაც მგზავრთა გადაყვანის უზრუნველყოფა ევალება ქობულეთის ტერიტორიაზე და ბათუმის მიმართულებით.
მერიის ინფორმაციით, კომპანია წაგებაზე მუშაობს.
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პროგრამული ნაწილის მიხედვით, რომელიც ქობულეთის საკრებულომ გამოაქვეყნა კომპანია 1 თვის განმავლობაში 26 400 მგზავრს ემსახურება. მუშაობს ჯამში 17 სამარშრუტო ხაზი.
განმარტებისთვის მერია რუსთაველის ქუჩის მაგალითს იყენებს და წერს, რომ ამ ქუჩაზე ყოველდღიურად ორი ავტობუსი მუშაობს და საშუალოდ 2150-2250 მგზავრს ემსახურება. აქედან შემოსავალი 950 -1050 ლარია, ხოლო ხარჯი 4250 ლარი. შესაბამისად, ზარალი 3200 ლარია.
მერია წერს, რომ ასეთი მოცემულობის მიუხედავად იღებს ვალდებულებას შეინარჩუნოს მგზავრობის ფიქსირებული მინიმალური საფასური, მიუხედავად იმისა, რომ არსებული ფინანსური გაანგარიშებით საწარმოს შემოსავლები არ არის საკმარისი შეუფერხებელი მუშაობისათვის.
„საწვავისა და სათადარიგო ნაწილების ფასის მზარდი ტენდენციიდან გამომდინარე, საწარმოს შემოსავლები ხარჯებთან მიმართებაში უარყოფითია.
ამიტომაც „ქვეპროგრამა ითვალისწინებს წლის განმავლობაში ცალკეული თვეების მიხედვით სატრანსპორტო კომპანიის მიერ წარმოქმნილი საოპერაციო დეფიციტის დაფარვას“.
მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობის ფასი ქობულეთში 80 თეთრია, სამარშრუტო მიკროავტობუსით მოძრაობის ღირებულება კი ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით 2026 წლის სექტემბერში 1 ლარით გაძვირდა და 4 ლარი გახდა.
ქობულეთის მერიაში განაცხადეს, რომ საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანას კერძო კომპანია ემსახურება და მათ არ აქვთ უფლება მგზავრობის ფასის დადგენაში ჩაერიონ.
„საქალაქთაშორისო მოძრაობის საკითხს და შესაბამისად ტარიფის დადგენას მუნიციპალიტეტი არ არეგულირებს, ჩვენს მიერ დადგენილია მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობის ფასი, რომელიც ქობულეთი – ბათუმის მიმართულებით მოძრაობს. ტარიფი 80 თეთრია და არ შეცვლილა“, – განმარტეს ქობულეთის მერიაში.
საქალაქთაშორისო ხაზზე ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვას შპს „ხუტა“ ფლობს. კომპანიის მფლობელმა სატელეფონო საუბარში მგზავრობის ფასის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება საწვავის ფასის მატებით ახსნა.
„საწვავი გაძვირდა, ყველაფერი გაძვირდა, არავისთან შეგვითანხმებია, სხვაგვარად ვერ ვიმუშავებთ, ყველაფერი ძვირია“, – გვითხრა ავთანდილ ხინიკაძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…