"ყურადღება გამახვილდა მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე" - საპატრიარქო მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე
საქართველოს საპატრიარქომ მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, რეგიონებში არსებულ ვითარებასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივ მრევლთან ურთიერთობის დამყარების გზებზე ისაუბრეს.

"ერთსულოვნების" შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიც ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს, ასევე ყურადღება გამახვილდა "მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე" და იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა გამოინახოს გზები, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებლობა ჰქონდეს, ადგილობრივ მრევლთან ურთიერთობა დაამყაროს.
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
🔸 სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ მიიღო.
🔸 საპატრიარქო რეზიდენციაში იმყოფებოდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი (სევრიუკი), მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი, ამავე განყოფილების თავმჯდომარის თანაშემწე, მღვდელი ნიკოლოზ ვასინი და მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი საქართველოში ვლადიმერ ალექსანდროვი.
🔸 სტუმრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს და რუსეთის პატრიარქის მილოცვა პირადად გადასცეს. მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს.
🔸 შეხვედრას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
🔸 მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა გამოინახოს გზები, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებლობა ჰქონდეს, ადგილობრივ მრევლთან ურთიერთობა დაამყაროს.
🔸 შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს".- ნათქვამია განცხადებაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.