4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის თანახმადაც მას 1-წლიანი რეალური და 2-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა და ის პატიმრობას ივლისში დატოვებს. ადვოკატის თქმით, ჭულუხაძემ იარაღის შენახვა აღიარა, თუმცა უარყო ვინმეს წინააღმდეგ ჩვენების მიცემა.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. დაკავებულის ადვოკატი ტაბულას ეუბნება, რომ ჭულუხაძე საპატიმროს ივლისში დატოვებს.
საპროცესო შეთანხმებით, ჭულუხაძეს 1-წლიანი რეალური და 2-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
ბექა ჭულუხაძე 2026 წლის 10 ივლისს დააკავეს. სუს-ის ცნობით, მას შეძენილი ჰქონდა საბრძოლო მასალა, "რომლითაც 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს საჭიროების შემთხვევაში დივერსია უნდა მოეწყოთ.". უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს ბრალდება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი და მას 2025 წლის ოქტომბრიდან ეძებდნენ.
"მან აღიარა, რომ ჰქონდა იარაღი, მისი იყო და ინახავდა მართლსაწინააღმდეგოდ, სხვა არაფერი უღიარებია... ჩემ დაცვისქვეშ მყოფს არც ჩვენება მიუცია ვინმეს წინააღმდეგ.", - თქვა ადვოკატმა, გაიოზ ჩარკვიანმა.
"ამ სისხლის სამართლის საქმეზე იყო საუბარი და მტკიცება იმის, რომ კონკრეტულ პირს, ბექა ჭულუხაძის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ჰქონდა საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები, რაც ბრალდებულმაც აღიარა", - უთხრა საქმის პროკურორმა "ტვ პირველს".
პროკურორი ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ძიება გრძელდება.
"იმ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე არა მხოლოდ ბაჩანა ახალაიას, არამედ სხვა ნებისმიერი პირის ჩართულობის ნაწილში მიმდინარეობს, ბუნებრივია, ძიება. ამ შემთხვევაში, მე არც დაგიდასტურებთ და არც უარვყოფ კონკრეტულად რა ვერსიებზე მიდის მუშაობა, შესაბამისად, თუ საჭირო გახდება და საგამოძიებო ორგანო მიიჩნევს, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით ბექა ჭულუხაძის მიერ ჩვენების მიცემა და ა.შ., ბუნებრივია, ამ ვერსიასაც ექნება თავისი განვითარება", - უთხრა ტვ პირველს პროკურორმა.
ჭულუხაძის ნათესავები კი, რომლებიც დღეს საქალაქო სასამართლოში იყვნენ, ამბობენ, რომ ჭულუხაძე საერთოდ არ იცნობს ბაჩანა ახალაიას და მას არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ სთხოვენ.
ჭულუხაძეს ბრალად ედებოდა 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა.
თავად ბრალდებული TV პირველთან ინტერვიუში დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე ამბობდა, რომ "არანაირი შეხება" არ ჰქონდა 4 ოქტომბრის საქმეზე სუს-ის მიერ ამოღებულ იარაღთან.
სუს-ის მტკიცებით, ამოღებულია საბრძოლო მასალა, რომელიც 4 ოქტომბერს უნდა გამოყენებულიყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის 4 ოქტომბერს თბილისის მახლობლად, ტყის მასივში, სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს გადამალული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით.
"გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, დაკავებულს შეძენილი ჰქონდა ზემოთხსენებული საბრძოლო მასალა, რომლითაც 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს საჭიროების შემთხვევაში დივერსია უნდა მოეწყოთ.
როგორც გახსოვთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად გასული წლის 4 ოქტომბერს ასევე მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალებაც, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადაეტანათ, დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გასული წლის 6 ოქტომბერს დაუსწრებლად წარედგინა. მეორე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა, ხოლო 8 ოქტომბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე, მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
გარდა აღნიშნული კვალიფიკაციისა, გამოძიება მუშაობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაზე, დივერსიული აქტის თუ საზღვრის უკანონო კვეთის მომზადების მიმართულებით. ასევე, გამოძიება მუშაობს დაკავებული პირისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე, ბაჩანა ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან." - აცხადებდა სუს-ი ივლისში.
შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".
ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.
მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა.
მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი.
ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.
რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო 2 კვირის მანძილზე აიყვანეს აქციის კიდევ 57 მონაწილე. მათგან მხოლოდ სამს შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო, დანარჩენებს - პატიმრობა.
რამდენიმე თვეში, 2026 წლის თებერვალში, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებაზე ისაუბრებდა მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, “რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას”. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 20-ზე მეტ პირს გაუფორმდებოდა.
ათთვიანი პატიმრობის შემდეგ, პაატა ბურჭულაძემ გაავრცელა განცხადება, რომლითაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს მოუწოდებდა, “ყველას” მიეღო საპროცესო შეთანხმება.
ბოლო ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით დაახლოებით 40 პირი გათავისუფლდა.
ბურჭულაძის, მანჯგალაძის, ზოდელავას, ნადირაძის და კიდევ 6 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა
ციტატები სტატიიდან
„მან აღიარა, რომ ჰქონდა იარაღი, მისი იყო და ინახავდა მართლსაწინააღმდეგოდ, სხვა არაფერი უღიარებია... ჩემ დაცვისქვეშ მყოფს არც ჩვენება მიუცია ვინმეს წინააღმდეგ.“
„ამ სისხლის სამართლის საქმეზე იყო საუბარი და მტკიცება იმის, რომ კონკრეტულ პირს, ბექა ჭულუხაძის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ჰქონდა საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები, რაც ბრალდებულმაც აღიარა“
„არანაირი შეხება“
„ეროვნული კრების დეკლარაცია“
„ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.