ადვოკატი: თავისუფლებაზე იფიქრებს, როცა ყველა პოლიტპატიმარს მიეცემა თავისუფლების შანსი
პაატა ბურჭულაძის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმებაზე მიმართვას არ აპირებს, სანამ თავისუფლების შანსი ყველა სხვა პოლიტიკურ პატიმარსაც არ მიეცემა.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის ადვოკატი ამბობს, რომ ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმებაზე მიმართვას არ აპირებს, რადგან ის ამაზე მხოლოდ მაშინ და იმ შემთხვევაში იფიქრებს, როცა "სხვა პოლიტიკურ პატიმრებსაც მიეცემათ თავისუფლების შანსი", - თქვა შოთა თუთბერიძემ, რომელიც ბურჭულაძის ინტერესებს იცავს.
"ბატონი პაატა მიესალმება ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას... თავად საკუთარ თავისუფლებაზე მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ იფიქრებს, როცა ყველა პოლიტიკური პატიმრის მიმართ იქნება იგივე ხასიათის და შინაარსის შეთავაზება და იგივე თავისუფლების შანსი მიეცემა ყველა პოლიტიკურ პატიმარს, რაც ნაწილს უკვე მიეცა.
მას შემდეგ რაც ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება გათავისუფლების შესაძლებლობა, მას შემდეგ, რაც რეჟიმი ყველა პატიმარს მისცემს გათავისუფლების შესაძლებლობას, ამის შემდეგ უკვე პაატა ბურჭულაძის საზრუნავი გახდება საკუთარი თავისუფლება", - თქვა ადვოკატმა.
ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ და გური ჟვანიამ პროკურატურას მიმართეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით. პროკურატურის განცხადებით, მათ დანაშაული აღიარეს.
4 ოქტომბრის საქმე - მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ
თბილისის საქალაქო სასამართლომ მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში დამნაშავედ 7 მაისს ცნო და 7-7 წელი მიუსაჯა. რაც შეეხება გური ჟვანიას, მას 5 წელი აქვს მისჯილი - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის.
გასული წლის 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".
ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.
მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა.
მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი.
ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.
რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო 2 კვირის მანძილზე აიყვანეს აქციის კიდევ 57 მონაწილე. მათგან მხოლოდ სამს შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო, დანარჩენებს - პატიმრობა.
რამდენიმე თვეში, 2026 წლის თებერვალში, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებაზე ისაუბრებდა მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, “რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას”. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 20-ზე მეტ პირს გაუფორმდებოდა.
ათთვიანი პატიმრობის შემდეგ, პაატა ბურჭულაძემ გაავრცელა განცხადება, რომლითაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს მოუწოდებდა, “ყველას” მიეღო საპროცესო შეთანხმება.
ბოლო ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით დაახლოებით 40 პირი გათავისუფლდა.
ციტატები სტატიიდან
„სხვა პოლიტიკურ პატიმრებსაც მიეცემათ თავისუფლების შანსი“
„ბატონი პაატა მიესალმება ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას... თავად საკუთარ თავისუფლებაზე მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ იფიქრებს, როცა ყველა პოლიტიკური პატიმრის მიმართ იქნება იგივე ხასიათის და შინაარსის შეთავაზება და იგივე თავისუფლების შანსი მიეცემა ყველა პოლიტიკურ პატიმარს, რაც ნაწილს უკვე მიეცა. მას შემდეგ რაც ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება გათავისუფლების შესაძლებლობა, მას შემდეგ, რაც რეჟიმი ყველა პატიმარს მისცემს გათავისუფლების შესაძლებლობას, ამის შემდეგ უკვე პაატა ბურჭულაძის საზრუნავი გახდება საკუთარი თავისუფლება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.