პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი გააგრძელებს აფხაზი პარტნიორების მხარდაჭერას. სოხუმში ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება და საზეიმო მსვლელობა იმართება.

პუტინის თქმით, ეს დღე „აფხაზეთის ხალხის სიმტკიცის, სიმამაცისა და ერთიანობის სიმბოლოა, რომელმაც დაიცვა თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების კანონიერი უფლება“.
„რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები მეგობრულ, სამოკავშირეო ხასიათს ატარებს. დარწმუნებული ვარ, ისინი მომავალშიც განმტკიცდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე“, - აცხადებს პუტინი.
მისივე განცხადებით, რუსეთი გააგრძელებს აფხაზი პარტნიორების „აქტიურ მხარდაჭერას სახელმწიფო მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების გადაჭრაში“.
„გამარჯვების დღე“ სოხუმში
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას 10 000-დან 30 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.
1993 წლის 30 სექტემბერს რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები დაიკავეს და აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე დაამყარეს კონტროლი, გარდა კოდორის ხეობისა.
სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. ამას წინ უძღოდა ცხინვალის რეგიონიდან (სამხრეთი ოსეთი) დაწყებული რუსეთ-საქართველოს ომი. მოსკოვმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნო „სამხრეთი ოსეთიც“.
30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღისადმი“ მიძღვნილი რამდენიმე ღონისძიება იმართება, მათ შორის ველოგარბენი და სამხედროების საზეიმო მსვლელობა. დაგეგმილია ყვავილების მიტანა აფხაზეთის პირველი და მეორე დე ფაქტო პრეზიდენტების, ვლადისლავ არძინბასა და სერგეი ბაღაფშის მემორიალებთან. დღის მეორე ნახევარში სოხუმის ფილარმონიაში საზეიმო კონცერტი გაიმართება.
ციტატები სტატიიდან
„აფხაზეთის ხალხის სიმტკიცის, სიმამაცისა და ერთიანობის სიმბოლოა, რომელმაც დაიცვა თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების კანონიერი უფლება“
„რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები მეგობრულ, სამოკავშირეო ხასიათს ატარებს. დარწმუნებული ვარ, ისინი მომავალშიც განმტკიცდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე“
„აქტიურ მხარდაჭერას სახელმწიფო მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების გადაჭრაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.