სოხუმის დაცემის დღეს ადმინისტრაციულ შენობებზე დაუშვეს სახელმწიფო დროშები
სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვდა. სტატიაში მოკლედ არის მიმოხილული 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის ისტორია, მსხვერპლი, სოხუმის დაცემის თარიღი და შემდგომი პოლიტიკური ვითარება.

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა.
აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.
14 აგვისტოსვე ქართულ სამხედრო შენაერთებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და სოხუმში მოხდა. რამდენიმე დღეში საქართველოს სამთავრობო ძალებმა სოხუმზე კონტროლი დაამყარეს. დაპირისპირება სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. აფხაზურ შეიარაღებულ ფორმირებებს რუსული სამხედრო ძალები და ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩასული მებრძოლები უჭერდნენ მხარს.
ომის განმავლობაში მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რამდენჯერმე მიაღწიეს შეთანხმებას. ბოლო ასეთი შეთანხმება 1993 წლის 27 ივლისს სოჭში გაფორმდა. შეთანხმების საფუძველზე ქართულმა მხარემ სოხუმიდან მძიმე შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანა დაიწყო. 16-17 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ შეთანხმება დაარღვია და სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევა განაახლა. მძიმე შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილის გარეშე დარჩენილ ქალაქზე ბრძოლა 11 დღის განმავლობაში გაგრძელდა.
1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს სამთავრობო ძალების სამხედროებმა, შტაბის სარდლობამ და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძემ სოხუმი დატოვეს. სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის დარღვევაშიც საქართველომ რუსეთი დაადანაშაულა.
სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა. საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.