ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში მოძრაობა 2 თვით აიკრძალება – დეპარტამენტი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ბათუმის შემოვლით გზაზე გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოების გამო, 28 სექტემბრიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორი თვის განმავლობაში მხოლოდ ღამის საათებში აიკრძალება. დღის საათებში მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ხოლო შეზღუდვის დროს ტრანსპორტი ბათუმის გავლით იმოძრავებს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი [ასაქცევი]-სარფის საავტომობილო გზის ნაწილია, გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოები ჩატარდება.
„სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების მიზნით, 28 სექტემბრიდან ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ღამის საათებში დროებით შეიზღუდება: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 00:00-დან 07:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას – 02:00-დან 07:00 საათამდე
აღნიშნული რეჟიმი ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
დღის საათებში ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება,“ – აცხადებს დეპარტამენტი.
შეზღუდვის პერიოდში, ფოთი–სარფის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ბათუმის შემოვლითი გზის 92-ე კმ-ზე არსებული მახინჯაურის სატრანსპორტო კვანძიდან ქალაქ ბათუმის გავლით იმოძრავებს და სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზას 109-ე კმ-ზე დაუკავშირდება.
სარფი–ფოთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი კი, იმავე მარშრუტით, საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს.
გვირაბი ბათუმის შემოვლით გზაზე / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.