სარფი-ფოთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე დროებითი შეზღუდვა დაწესდა
სენაკი–ფოთი–სარფის გზის 85-ე კმ-ზე მეწყრული პროცესის გამო 3 500 კგ-ზე მეტი მასის ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩამოიშალა გზის გვერდული და არსებობს სავალი ნაწილის დაზიანების საფრთხე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, სარფი–ფოთის მიმართულებით, დროებით იკრძალება იმ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება.
შეზღუდვის მიზეზია აღნიშნულ მონაკვეთზე განვითარებული მეწყრული პროცესი, რის შედეგადაც ჩამოიშალა გზის გამაგრებული გვერდულის ნაწილი და არსებობს სავალი ნაწილის დაზიანების საფრთხე.
შეზღუდვის მოქმედების პერიოდში 3 500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ალტერნატიული მარშრუტით:
სარფი-ფოთის მიმართულებით მოძრავი აღნიშნული კატეგორიის ავტოტრანსპორტი გზის 89-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძიდან გადაერთვება გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზაზე და 72-ე კმ-ზე მდებარე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის გავლით დაუბრუნდება სენაკი–ფოთი (ასაქცევი)-სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზას.
მსუბუქი ავტომობილები იმოძრავებენ შეუზღუდავად.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილზე არსებულ ვითარებას მონიტორინგს უწევს და შესაბამის ღონისძიებებს გეგმავს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…