რამდენია რეალური საშუალო ხელფასი საქართველოში?
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8%-ით, 2 389 ლარამდე გაიზარდა, ხოლო რეალურმა საშუალო ხელფასმა 1 911 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ხელფასები ინფორმაციისა და კომუნიკაციის, აგრეთვე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების დარგებში დაფიქსირდა.

მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, მე-2 კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 177 ლარით 2 389 ლარამდე გაიზარდა. საშუალო ხელფასი მოცემულია საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. შესაბამისად, მეორე კვარტალის რეალური საშუალო ხელფასი 1911 ლარს შეადგენს.
როგორ ითვლიან საშუალო ხელფასს?
საშუალო ხელფასის გამოსათვლელად საქსტატი კვარტალური კვლევებისათვის მონაცემებს 16 ათასამდე სხვადასხვა ზომის საწარმოდან აგროვებს. კვლევაში მონაწილე საწარმოები უწყებას დარიცხული შრომის ანაზღაურების ფონდს - ანუ მონაცემებს ხელფასებზე ჯამურად დახარჯული თანხის მოცულობაზე აწვდიან, რაც ძირითად ხელფასთან ერთად პრემია-დანამატს მოიცავს. საქსტატი მიღებულ რიცხვს ჯერ დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო რიცხოვნობაზე ყოფს, შემდეგ 3-ზე ან 12-ზე, იმის მიხედვით კვარტალურია კვლევა თუ წლიური.
ბოლო წლებში საშუალო ხელფასი მუდმივად მზარდია. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი გასული წლის მე-4 კვარტალში დაფიქსირდა და 2466 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 400 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
გაიზარდა 5.4%-ით);
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 4 074 ლარი (გაიზარდა 9%-ით);
• მშენებლობა - 3 496.6 ლარი (გაიზარდა 0.8%-ით);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3 304.8 ლარი (გაიზარდა 10%-ით).
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…