დიდი ოდენობით გამოძალვა მუქარით და ხულიგნობა - ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული ძმები ფეიქრიშვილები და მათი დაცვის წევრი სასამართლომ წინასწარ, ორთვიან პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ წინასწარ, ორთვიან პატიმრობაში დატოვა ძმები ფეიქრიშვილები და მათი დაცვის წევრი. გიორგი ფეიქრიშვილს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვა ედავებიან, ხოლო მისი ტყუპი ძმა, დავით ფეიქრიშვილი და დაცვის წევრი ალექსანდრე ჩაფიძე ჯგუფურ ხულიგნობასა და ძალადობაში არიან ბრალდებულები. ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ.

გიორგი ფეიქრიშვილს, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვისთვის, ხელბორკილები იმ სასტუმროს ნომერში დაადეს, სადაც ის დროებით ცხოვრობდა.
პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებები კრწანისის ქუჩაზეც მიმდინარეობდა. ამ მისამართზე უკვე მისი ტყუპი ძმა, დავით ფეიქრიშვილი აიყვანეს - ჯგუფური ძალადობისთვის.
საპოლიციო ღონისძიების ჩატარების მიზეზებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გუშინვე გაავრცელა. ცნობილი გახდა, რომ ძმები ფეიქრიშვილებისა და მათი დაცვის წევრის დაკავება ორ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება.
რა დანაშაულზეა საუბარი, დეტალები დღეს უკვე გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა. დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ, უწყებამ დანაშაულის ორივე ეპიზოდზე განცხადება გაავრცელა.
47 000 დოლარი დაზარალებულს, გიორგი ფეიქრიშვილისთვის წილის სახით უნდა გადაეცა, უარის შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
რაც შეეხება ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ეპიზოდს - ფაქტი ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
დავით ფეიქრიშვილმა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლს, შუქნიშანზე გაჩერების გამო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გზის გათავისუფლება მოსთხოვა, თუმცა კონფლიქტი ამით არ ამოწურულა. ფეიქრიშვილმა და მისმა დაცვის წევრმა, ალექსანდრე ჩაფიძემ, მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადეს.
ძმები ფეიქრიშვილები წარდგენილ ბრალზე დუმილის უფლებას იყენებენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.