„ოცნების“ ორი დეპუტატის კომპანია ბათუმში 198 მეტრი სიმაღლის კომპლექსს აშენებს
„ქართული ოცნების“ დეპუტატების, გოჩა ენუქიძისა და გოდერძი ჩანქსელიანის კომპანია ბათუმში 198 მეტრი სიმაღლის კომპლექსს აშენებს და რეკლამაში კერძო პლაჟის ქონაზე მიუთითებს.

„ოცნების“ ორი დეპუტატის გოჩა ენუქიძისა და გოდერძი ჩანქსელიანის კომპანია შპს „ქორალლ ინვესტმენტი“ ბათუმში 197.7 მ სიმაღლის კომპლექსს აშენებს. კომპანიას კიდევ ერთი, იგივე მასშტაბის კომპლექსის აშენება და ნავმისადგომის მოწყობაც სურს და ამის შესახებ საჯაროდ აქვს გაცხადებული.
უფრო მეტიც, კომპანიის ვებგვერდზე პროექტის სარეკლამო სიუჟეტებში მითითებულია, რომ მშენებარე კომპლექსს კერძო პლაჟი და სანაპირო ექნება.
რას ნიშნავს „პროექტს კერძო სანაპირო ექნება“, როცა საქართველოს კანონმდებლობა პლაჟის გასხვისების შესაძლებლობას არ უშვებს? ეს, სავარაუდოდ, გულისხმობს გარკვეულ გარანტიებს, რომ მომავალში კომპანია გრძელვადიანი იჯარით მიიღებს საპროექტო ტერიტორიის წინ არსებულ სახელმწიფო მიწის ნაკვეთს და ზღვაში გამოყოფილ, ცალკე საკადასტრო ერთეულად დარეგისტრირებულ მონაკვეთს — ფაქტობრივად, ზღვის აკვატორიის ნაწილს.
პროექტზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა, განაშენიანების დეტალურ გეგმაზე დაყრდნობით, რომელიც ბათუმის საკრებულომ დამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, მდინარე ყოროლისწყლის შესართავთან 3 ცათმბჯენის მშენებლობას გეგმავენ, ერთი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა მერიამ უკვე გასცა.

პროექტის რენდერი
სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით ჯერ B ბლოკი აშენდება და მისი სიმაღლე 198.7 მეტრი იქნება.
იმ პროექტების მიხედვით რაც „ბათუმელებს“ ამ დრომდე აქვს შესწავლილი ეს ბათუმში ალბათ ყველაზე მაღალი შენობა იქნება. მშენებლობა თამარ მეფის გამზირხე #1- ში არის დაგეგმილი.
მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერმა შპს „სიტი გაიდის“ სახელზე გასცა 2024 წელს. ამ კომპანიის სახელი ახლა „ქორალლ ინვესტმენტია“.
შპს „სიტი გაიდის“დამფუძნებელი მედეა ბოჭორიშვილია, „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის მეუღლე. ის იყო კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი, როცა კომპანიამ თამარის დასახლებაში, ზღვასთან ახლოს, მდინარე ყოროლისწყლის შესართავთან ჰექტარ-ნახევარზე მეტი მიწის ნაკვეთი იყიდა. ქონების შეძენიდან მალევე მედეა ბოჭორიშვილმა კომპანიის წილები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გაასხვისა.
კომპანიის მეწილეები გახდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ოცნებიდან“, გოჩა ენუქიძე [ შპს იბერკომპანი] და ასევე „ოცნებიდან“ კიდევ ერთი პარლამენტარის, გოდერძი ჩანქსელიანის შვილი, ბუბა ჩანქსელიანი.
შპს „სიტი გაიდი“ 2022 წლის პირველ დეკემბერს დააფუძნეს. 2023 წლის იანვარში კომპანიამ აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე მიწის ნაკვეთი, კონკურენციის პირობებში, 16 მილიონ 500 000 ლარად იყიდა. ქონების საწყისი ფასი 10 მილიონ 500 000 ლარი იყო და კონკურენციის პირობებში 6 მილიონით გაიზარდა.

სამშენებლო ტერიტორია – აქედან ზღვის, ბათუმისა და მთის ხედები იშლება
კომპანიამ შესყიდულ ნაკვეთზე 15 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. ასეთი რამ ხშირად არ ხდება, მეტწილად აუქციონზე გატანილი ქონება ერთი ბიჯით იყიდებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ქალაქის ცენტრში, მით უმეტეს თუ ნაკვეთი ზღვასთან ახლოსაა, დიდი ფულისა და დიდი გავლენების ბრძოლა აშკარა და თვალშისაცემი იყო.
დოკუმენტების მიხედვით, პარტნიორებს შორის მოლაპარაკებით გადაწყდა, რომ შესყიდულ მიწის ნაკვეთზე სამი მრავალსართულიანი კომპლექსის პროექტირებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებაზე ერთობლივი რესურსით იმუშავებენ, სწორედ ამ ერთობლივი მიზნების გათვალისწინებით გაასხვისა მედეა ბოჭორიშვილმა წილები სიმბოლურ ფასად.
„სიტი გაიდის“ წილები ასე გადანაწილდა: 33.33 % დარჩა კომპანიის დამფუძნებელ მედეა ბოჭორიშვილს, 47 პროცენტის მფლობელია პარლამენტარ გოჩა ენუქიძის კომპანია შპს „იბერკომპანი“, 19.67 პროცენტი კი პარლამენტარ გოდერძი ჩანქსელიანის შვილს, ბუბა ჩანქსელიანს გადაუფორმეს. პარტნიორებს შორის ცალკე გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც პარტნიორთა შორის უფლება-მოვალეობები გაწერეს.
ეს ჩანაწერი კითხვებს და შესაძლოა ვარაუდებსაც აჩენს, განსაკუთრებით მათთვის ვინც იცის, რომ პროექტირება და სამშენებლო ნებართვის მიღება არც კომპანიის დამფუძნებელს, მედეა ბოჭორიშვილს გაუჭირდებოდა, ამ მხრივ „ალიანსს“ ნამდვილად დიდი გამოცდილება აქვს.
შეთანხმების დოკუმენტებში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პარტნიორები გამოუხმობ თანხმობას აცხადებენ, რომ სახელმწიფო ნებართვის მიღების შემდგომ მედეა ბოჭორიშვილი უფლებამოსილია მოითხოვოს „კომპანიიდან გასვლა“, კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნატურით გაყოფის გზით, ასევე მოითხოვოს სამშენებლო მიწის ნაკვეთის წილის პროპორციული მიწის ნაკვეთის და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობის საკუთრებაში გადაცემა. იგივე უფლებები აქვთ სხვა პარტნიორებსაც.
2024 წლის დეკემბერში მედეა ბოჭორიშვილმა წილები ისევ გაასხვისა, შედეგად 9.83 პროცენტი დაირეგისტრირა „კაპიტალ მენეჯმენტმა“. ამ კომპანიის ასი პროცენტის მფლობელი ზურა ნასყიდაშვილია, ის „ოცნების“ მხარდამჭერი და შემწირველი ბიზნესმენია.
2025 წელს კომპანიის წილებში შევიდა კიდევ ერთი ცვლილება, ამჯერად შპს „ქორალლ დეველოპმენტის“ 7.58% თავად გოდერძი ანქსელიანის კომპანიამ შპს „გრანდე დეველოპმენტ ენდ ქონსთრაქშენმა“ დაირეგისტრირა.“
ამ დროის მონაცმებით კი კომპანიის წილები ასე ნაწილდება 45.5 % გოჩა ენუქიძის კომპანიის შპს „იბერკომპანის“ საკუთრებაა, გოდერძი ჩანქსელიანის კომპანიას შპს „გრანდე ფროფერთის“ ეკუთვნის 27,25%, ამდენივეს ფლობს ბიზნესმენ ზურა ნასყიდაშვილის კომპანია „კაპიტალ მენეჯმენტი“.

გოჩა ენუქიძე, გოდერძი ჩანქსელიანი
ასეთი გადანაწილების პარალელურად შპს „სითი გაიდმა“ სახელმწიფოსგან შესყიდული მიწის ნაკვეთების ერთი ნაწილი 5554 კვ.მეტრი „ალპეკა ბათუმს“ მიჰყიდა, რა ფასად უცნობია.
უკვე დაგეგმარებული ტერიტორია, სამი საკადასტრო ერთეული, 18 306 კვ.მეტრია. აქედან 12 447 იყო „სითი გაიდის“ საკუთრებაში, ერთი საკადასტრო ერთეული – 5554 კვ.მეტრი „ალპეკა ბათუმს“ მიჰყიდეს და ახლა „სითი გაიდის“ საკუთრებაში დარჩა 6893 კვ.მეტრი. სწორედ ამ ფართობეზე გეგმავს ახლა შპს „სიტი გაიდი“ , იგივე „ქორალ ინვესტმენტი“ პირველი ბ ბლოკის მშენებლობას.
ტერიტორიის ნაწილი ისევ მთავრობის ბალანსზეა.

მწვანედ მონიშნულია აჭარის მთავრობის ბალანსზე არსებული ნაკვეთი
პროექტის მიხედვით მრავალფუნქციურ კომპლექსს ორსართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი და კომერციული სართულები ექნება. მოხვედრა შესაძლებელია მიწის ნაკვეთზე გათვალისწინებული ორმხრივი მოძრაობის სამანქანო ჩასასვლელ ამოსასვლელი პანდუსის მეშვეობით.

სამშენებლო ნაკვეთის წინ 3 ჰექტარი ზღვა არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთად არის დარეგისტრირებული და ამ დროისთვის სახელმწიფოს საკუთრებაშია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…