ზელენსკის თქმით, ენერგოობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ის ორმხრივი იქნება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მზად არის რუსეთთან ენერგეტიკულ ობიექტებზე ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინაში Patriot-ის რაკეტების წარმოება და ომის ზამთრამდე დასრულების შესაძლებლობები.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დახურული შეხვედრის შემდგომ განაცხადა, რომ მზად არის, რუსეთთან ენერგეტიკულ ობიექტებზე სრული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმოს, თუკი ის ორმხრივი იქნება და უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთიც არ მიიტანს იერიშს.
"ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტაზე ვილაპარაკეთ. არ გვსურს დეტალებში შესვლა. მზად ვართ ენერგეტიკის სფეროში ცეცხლის შეწყვეტისთვის, [...] მზად ვართ, თუ ისინი ჩვენს ენერგეტიკულ სისტემებს, ჩვენს ელექტროობის, გათბობის სისტემებს, წყლის მიწოდებას თავს არ დაესხმებიან. [...] თქვენ არ დაესხმებით ამას თავს და ჩვენც არ დავესხმებით ამას თავს. ენერგეტიკულ სფეროში ყველანაირი ფორმატის ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად ვართ. [...]
ამერიკული მხარის მიმართ ძალიან მადლიერები ვართ. ისინი ჩვენს წინადადებას რუსებს გაუზიარებენ. რუსული პოზიცია არ ვიცი". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ომის დასრულება სურთ და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული მხარე "გამონახავს გზას, თუ როგორ მიიყვანოს" რუსეთი "ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებამდე", თუმცა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ რუსეთი საამისოდ მზად არის.
"ხაზს ვუსვამ და დღეს რამდენჯერმე ხაზი გავუსვი - რუსეთის მხრიდან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები მოგვცემს გზავნილს, რომ ნაბიჯის გადასადგმელად მზად არიან, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ ამისთვის მზად არიან. ამიტომ ვფიქრობ, რომ გვჭირდება აშშ, ევროპა, არ ვიცი". - თქვა ზელენსკიმ.
დახურულ შეხვედრამდე ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ ზელენსკისთან რუსეთთან მოლაპარაკებების პროგრესს, უკრაინაში Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოებასა და რუსულ ნავთობობიექტებზე უკრაინის იერიშებს განიხილავდა. მანვე დაამატა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მეორე შეხვედრას არ გამორიცხავს.
შეხვედრის შემდგომ ზელენსკიმ განცხადება X-ზეც გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზი გაუსვა, რომ აშშ-საც და უკრაინასაც "უაზრო რუსული ომის" დასრულება ზამთრამდე სურთ.
"გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტ ტრამპთან დადებითი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა. როგორც აშშ-ს, ისევე უკრაინას, სურთ, რომ ეს უაზრო რუსული ომი ზამთრამდე დასრულდეს. პოტენციური დეესკალაციური ნაბიჯები განვიხილეთ, რომლებმაც შესაძლოა დიპლომატიისთვის გზა გახსნას. მადლობელი ვარ, რომ ჩვენი გუნდები ამასობაში უკრაინაში Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოების დაწყებაზე მუშაობენ. ეს არის, რაც სიცოცხლეთა დაცვაში დაგვეხმარება, თუკი რუსეთი მოლაპარაკებებს უარყოფს და ფსონს კვლავ ამ ზამთარსა და შემდგომაც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების ტერორზე ჩამოვა. ასევე განვიხილეთ სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხები, მათ შორის, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის ზამთრის პაკეტი. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს, მის გუნდსა და მთლიანად ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისთვის". - წერს ზელენსკი.
ციტატები სტატიიდან
„ხაზს ვუსვამ და დღეს რამდენჯერმე ხაზი გავუსვი - რუსეთის მხრიდან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები მოგვცემს გზავნილს, რომ ნაბიჯის გადასადგმელად მზად არიან, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ ამისთვის მზად არიან. ამიტომ ვფიქრობ, რომ გვჭირდება აშშ, ევროპა, არ ვიცი“
„გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტ ტრამპთან დადებითი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა. როგორც აშშ-ს, ისევე უკრაინას, სურთ, რომ ეს უაზრო რუსული ომი ზამთრამდე დასრულდეს. პოტენციური დეესკალაციური ნაბიჯები განვიხილეთ, რომლებმაც შესაძლოა დიპლომატიისთვის გზა გახსნას. მადლობელი ვარ, რომ ჩვენი გუნდები ამასობაში უკრაინაში Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოების დაწყებაზე მუშაობენ. ეს არის, რაც სიცოცხლეთა დაცვაში დაგვეხმარება, თუკი რუსეთი მოლაპარაკებებს უარყოფს და ფსონს კვლავ ამ ზამთარსა და შემდგომაც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების ტერორზე ჩამოვა. ასევე განვიხილეთ სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხები, მათ შორის, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის ზამთრის პაკეტი. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს, მის გუნდსა და მთლიანად ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.