ვეკუას სკოლის დირექტორი: სახელმწიფოს მიერ ხდება აბიტურიენტების წახალისება, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ საზღვარგარეთ და მიღებული განათლება მოახმარონ თავიანთ ქვეყანას
განათლების სამინისტროსა და ჰონგ-კონგის უნივერსიტეტს შორის შეთანხმებით, ქართველი მოსწავლეები სწავლას სრული დაფინანსებით შეძლებენ, რასაც სახელმწიფო და უნივერსიტეტი უზრუნველყოფენ.
საქართველოს განათლების სამინისტრო აზიის ნომერ პირველ და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს.
ცოტნე ივანიშვილის ინიციატივითა და ჩართულობით მიღწეული შეთანხმება მაღალი აკადემიური მოსწრების ქართველ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მსოფლიო რეიტინგის მე-11 ადგილზე მყოფ სასწავლებელში სრული დაფინანსებით ისწავლონ.
ამ უნივერსიტეტის პირველი ქართველი სტუდენტი სწორედ ცოტნე ივანიშვილია. შერჩეული მოსწავლეების სწავლის საფასურს, რომელიც წლიურად 42 000 დოლარამდე აღწევს, საქართველოს მთავრობა და ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი დააფინანსებენ.
კომაროვის სკოლის დირექტორის, ვახტანგ ჯაოშვილის თქმით, მოსწავლეების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია იმან, რომ განსაკუთრებული ყურადღება STEM მიმართულების საგნებს ექცევა.
"შეხვედრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ იქნა ორგანიზებული და გაგვაცნეს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პირობები, დაფინანსების წესები, სადაც სახელმწიფო იღებს მონაწილეობას. გამოითქვა დიდი ინტერესი მოსწავლეების მხრიდან, რადგანაც ყურადღება ექცეოდა STEM მიმართულების საგნებს," - განაცხადა კომაროვის სკოლის დირექტორმა, ვახტანგ ჯაოშვილმა.
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლემ კი აღნიშნა, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში განათლების მიღება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
"ჩემთვის პირადად, როგორც ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეს, რაღაც მრავალ ოლიმპიადაზე რომ მიმიღია მონაწილეობა, მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივები, იმიტომ რომ, მაგალითად, კონკრეტული ფაკულტეტები, კონკრეტული განათლების დონე, განათლების მიღება არის შესაძლებელი უფრო მარტივად სახელმწიფოს მხარდაჭერით უცხოეთში. იგივე დღეს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტზე ვისაუბრეთ, რომელიც კონკრეტულად ინჟინერიის მიმართულებით საკმაოდ ძლიერი არის ასევე," - განაცხადა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლემ.
ამავე სკოლის დირექტორის, ნუგზარ კედელაშვილის შეფასებით, პროექტი აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს, საზღვარგარეთ მიღებული ხარისხიანი განათლება საკუთარ ქვეყანას მოახმარონ.
"ეს პროექტი ერთ-ერთი ყურადღება მისაქცევია იმ თვალსაზრისით, რომ ხდება სახელმწიფოს მიერ აბიტურიენტების წახალისება, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ საზღვარგარეთ და ეს მიღებული განათლება მოახმარონ თავიანთ ქვეყანას," - განაცხადა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის №42 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნუგზარ კედელაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…