საახალწლოდ ბათუმის განათებისთვის მერიამ მესამე ტენდერი გამოაცხადა – დაიხარჯება 6 მილიონამდე ლარი
ბათუმის საახალწლოდ განათებისთვის მერიამ მესამე ტენდერი გამოაცხადა, რის გამოც ჯამური ხარჯი 6 მილიონამდე ლარამდე გაიზარდა. წინა ორი ტენდერი 4,89 მილიონ ლარად უკონკურენტოდ მოიგო „აჭარგანათებამ“, რომლის დირექტორიც „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატია.

საშობაო-საახალწლო დღეებში კონსტრუქციებისა და სხვადასხვა მოწყობილობის შესყიდვის მიზნით ბათუმის მერიამ ორი ტენდერი 2026 წლის ოქტომბერში გამოაცხადა. ორივე შესყიდვის საწყისი ღირებულება, ჯამში, 4, 89 მილიონი ლარია.
იმავე მომსახურების შესყიდვის მიზნით 11 ნოემბერს მერიამ კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა, რომლის საწყისი ღირებულება 995 402 ლარია, რაც საახალწლოდ ქალაქის გაფორმების ხარჯს 6 მილიონამდე ზრდის.
მესამე ტენდერის ფარგლებში წინადადებების მიღება 4 დეკემბერს დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება. ამ შემთხვევაში დავალება ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟია. ტექნიკურ დოკუმენტებში დეტალურად არის გაწერილი შესასრულებელი სამუშაოები.
ის ორი ტენდერი კი, რომელიც მერიამ ქალაქის საახალწლოდ განათებისთვის ჯამში 4,89 მილიონით გამოაცხადა, შპს „აჭარგანათებამ“ მოიგო, ისე რომ საწყისი ფასისთვის ერთი ლარიც არ დაუკლია. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ ტენდერი არაკონკურენტულ გარემოში მოიგო.
შპს „აჭარგანათების“ ასი პროცენტი ზოია დოლიძეს ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ თოფურიძეა, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“.
სხვათა შორის, 2022 წელს „აჭარგანათებამ“ შეისყიდა და მერიას მიაწოდა ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხეც.
ეს კომპანია 10 წელზე მეტია, რაც ბათუმის მერიის ექსკლუზიური მიმწოდებელია და უკონკურენტოდ იგებს ქალაქის განათებასთან დაკავშირებულ ტენდერებს.
ჯერ კიდევ 2023 წელს ბათუმის განათებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე სახელმწიფო აუდიტი წერდა, რომ მაღალია რისკი, კონკრეტული მოთხოვნები მიმწოდებლის ინტერესებზე იყოს მორგებული.
ამ შემთხვევაში პირველი ტენდერი, რომლის საწყისი ღირებულებაც 4 მილიონ 413 822 ლარია, საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის მანათობელი კონსტრუქციების და სხვადასხვა მოწყობილობის შესყიდვას ითვალისწინებს. პროექტი, რომლის მიხედვითაც მერიას საახალწლოდ ქალაქის მორთვა სურს, შპს „ღამის შოუ სტუდიას“ მოუმზადებია.
პროექტის თანახმად, წელს ქალაქის საახალწლო გაფორმების მთავარი თემა ზღვა და ზღვის ბინადრები იქნება.
ვრცლად :
ბათუმის საახალწლოდ განათებისთვის მერიამ 2 ტენდერი, ჯამში 4,89 მილიონით გამოაცხადა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…