გია ხუხაშვილი - გერმანული გუნდის თამაშზე იგივე რომ მომხდარიყო, თქვენი აზრით, რა განცხადებას გააკეთებდა პაპუაშვილი? გერმანიის კანცლერს მიწასთან გაასწორებდნენ, თურქეთს კი წაუყრუეს, ასევე იქცევიან რუსეთთანაც - ეს არის „ოცნების“ მხდალი და უღირსი პოლიტიკა
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ბათუმში მომხდარი საფეხბურთო ინციდენტის შემდეგ ხელისუფლება „მხდალად და უღირსად“ მოიქცა, როცა თურქეთს წაუყრუა, ხოლო გერმანიის შემთხვევაში პარტნიორებს „მიწასთან გაასწორებდა“. მისი შეფასებით, შექმნილი ვითარებით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ბათუმი, გარკვეულწილად, გახდა გავლენის სფეროების მოპოვების არეალი არა მხოლოდ თურქეთისთვის, არამედ რუსეთისთვის. ამ ორ მხარეს ცივი ომი აქვთ ბათუმში გავლენის მოსაპოვებლად და მოსალოდნელი იყო პროვოკაცია, როგორც თურქების მხრიდან, ასევე, რასაც მე უფრო მეტად ვვარაუდობ, უფრო რუსეთის მხრიდან , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ბათუმში, საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ხუხაშვილის თქმით, აღნიშნული ინციდენტით მოგებული მხოლოდ რუსეთი დარჩა, რომელიც საქართველოში გავლენების გასაძლიერებლად ყოველთვის იყენებდა ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივების მეთოდებს.
„მატჩი შეიძლებოდა ჩატარებულიყო, მაგრამ გულშემატკივრების გარეშე, ეს კიდევ შეიძლებოდა დასაშვები ყოფილიყო. გულშემატკივრების თანდასწრებით მატჩის ჩატარება ორმაგ რისკს შეიცავდა - პირველი რისკი თავად თურქეთ-ისრაელის ურთიერთობებია და ეს იყო მაღალი ხიფათის შემცველი ზონა და მეორე რისკი მოსალოდნელი პროვოკაციები იყო. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ბათუმი, გარკვეულწილად, გახდა გავლენის სფეროების მოპოვების არეალი არა მხოლოდ თურქეთისთვის, არამედ რუსეთისთვის. ამ ორ მხარეს ცივი ომი აქვთ ბათუმში გავლენის მოსაპოვებლად და მოსალოდნელი იყო პროვოკაცია, როგორც თურქების მხრიდან, ასევე, რასაც მე უფრო მეტად ვვარაუდობ, უფრო რუსეთის მხრიდან.
თუ ჩვენ დავაკვირდებით რუსეთის იმპერიის მოქმედების მეთოდებს, როდესაც ის გავლენისთვის იბრძვის, ყოველთვის მოქმედებს პრინციპით „გათიშე და იბატონე“, აწყობს პროვოკაციას და ამ პროვოკაციის ფონზე იწყებს გაღვივებასა და კაპიტალიზაციას. ამ დროს იყენებს ორ ძირითად თემას - ეს არის ეთნიკური და რელიგიური თემა.
ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ ამ რეგიონულ იმპერიებს შორის ბრძოლაში საქართველოზე გავლენის მოსაპოვებლად რუსეთის მთავარი იარაღი, ისევე, როგორც ტრაქტატზე ხელის მოწერის წინა პერიოდში იყო, ერთმორწმუნეობა და ეთნიკური შუღლის გაღვივებაა, სპარსეთის იმპერიასთან იქნებოდა ეს თუ ოსმალეთის იმპერიასთან. ამაზე ითამაშა მაშინ რუსეთმა და ამის საფუძველზე იქნა ტრაქტატზე ხელი მოწერილი.
დავუშვათ, რუსეთს არ მოუწყვია ეს პროვოკაცია და ყველაფერი ბუნებრივად განვითარდა, საბოლოოდ ბენეფიციარი მაინც რუსეთი გახდა მარტივი მიზეზის გამო, რომ მისთვის სასარგებლოდ ვითარდება ახლა მოვლენები და ის ახლა ყველანაირად ეცდება, რომ ეს ყველაფერი უფრო და უფრო გააღვივოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება იმ საკითხს, როგორ რეაგირებს ქართული მხარე ამ ყველაფერზე, იმ განცხადებებზე, რაც თურქეთის მხრიდან გაკეთდა, ხუხაშვილის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება უღირსად და მხდალად მოიქცა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მტერს ენის მოჩლექით ესაუბრება და მხოლოდ მეგობრებთან აქვს დიდი გული.
„ეს ყველაფერი მთლიანად პოლიტიკურ კონტექსტში გადავიდა და ფეხბურთი ახლა მეორე პლანზეა. პოლიტიკური კონტექსტი კი ძალიან შემაშფოთებელია იმიტომ, რომ ხელისუფლება თავის რეალურ სახეს აჩვენებს და აჩვენებს იმ მოტივებს, რატომ რჩება საერთოდ მარტო. როგორც ჩვენი ხელისუფლება იქცევა, ამას არ ჰქვია თავმოყვარე და ღირსეული სახელმწიფოს საქციელი. ისინი იქცევიან, როგორც უღირსი, მხდალი დაჯგუფება. საქართველოს ხელისუფლება არ უნდა ჩამდგარიყო იმ პოზიციაში, რა პოზიციაშიც ჩადგა - თავის მართლების პოზიციაში. თურქეთიდან წამოვიდა სერიოზული ფეხის ბაკუნი და ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ვანდალიზმი და სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას, უპირობოდ არიან გათავისუფლებულები. კი ბატონო, შეიძლება გაათავისუფლო, მაგრამ ამხელა ზარალი მიიღო სტადიონმა, ჯარიმები მაინც გადაახდევინე, ეს ხომ მიღებული პრაქტიკაა?!
წარმოიდგინეთ, გერმანიის რომელიმე გუნდის თამაში რომ ყოფილიყო, იგივე მომხდარიყო და გერმანიის კანცლერს დაახლოებით ისეთივე განცხადება რომ გაეკეთებინა, რაც ერდოღანმა გააკეთა. თქვენი აზრით, რა განცხადებას გააკეთებდა პაპუაშვილი? ეს არის მათი მხდალი და უღირსი პოლიტიკა - როცა იცი, რომ მეგობრები ხელს არ შემოგიბრუნებენ, შეგიძლია აგინო დღე და ღამე და დარწმუნებული ვარ, გერმანიის კანცლერს მიწასთან გაასწორებდნენ, მიკროფონებთან იდგებოდა ყველა და თურქეთის ხელისუფლების განცხადებებს წაუყრუეს, ბოდიშებსაც იხდიან ამ წუთამდე. ასევე იქცევიან რუსეთთან. მტერს ელაპარაკებიან ენის მოჩლექით და მოყვარეს დღე და ღამე ლანძღავენ. ასე იქცევა მხდალი და უღირსი სახელმწიფო“, - განაცხადა გი ხუხაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…