უარგუმენტო შეზღუდვები და ოპოზიციის გაძლიერების მცდელობა - მინსკში გამართულ შეხვედრაზე რუსული მხარის პოზიციები "ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია
„ქართული ოცნება“ მოსკოვს ქართული ღვინის კომპანიების უარგუმენტოდ დასანქცირებასა და ოპოზიციის გაძლიერების მცდელობაში ადანაშაულებს. მინსკში გამართული შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ რუსეთი კიდევ ორი კომპანიის შეზღუდვას გეგმავს.
ოფიციალური მოსკოვის ალოგიკური და არათანმიმდევრული მიდგომა, ოფიციალურ თბილისს ბევრ კითხვის ნიშანს უჩენს. მმართველი გუნდისთვის გაუგებარია, რუსული მხარის ინიციატივა უნივერსიტეტების დამეგობრებაზე, მაშინ, როცა ქართული ღვინის მწარმოებელი 7 კომპანია უარგუმენტოდ რუსული სანქციების ქვეშ რჩება. უმრავლესობის წევრების თქმით, რუსეთის ეს დამოკიდებულება, ქართული ოპოზიციის გაძლიერებას ემსახურება.
რუსეთის მხრიდან ქართული პროდუქციის დასანქცირება გაუგებარია ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვისაც. მეღვინეებს ინფორმაცია არც იმ არგუმენტებზე აქვთ რის გამოც მოსკოვმა კომპანიები სასანქციო სიაში შეიყვანა
რუსული სანქციებისგან ქართული კომპანიების გათავისუფლება იყო მინსკში გამართული შეხვედრის მიზანი, თუმცა შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ოფიციალური მოსკოვი არათუ სანქციების მოხსნას, არამედ კიდევ 2 კომპანიის შეზღუდვას გეგმავს. ამ ფონზე კი უმაღლესი სასწავლებლების დამეგობრების ინიციატივა, "ქართული ოცნების" თქმით, მხოლოდ რუსული ინტერესების გამტარი ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. ამ ბრალდებას ტრადიციულად უარყოფენ ხელისუფლების ოპონენტები
იმას, რასაც ოპოზიცია უარყოფს, მმართველი გუნდის თქმით, უახლესი წარსული ადასტურებს. სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ვიდეო არქივიდან, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები ყოფილი პრეზიდენტის რუსულ ვოიაჟებს და მის მიმართ კრემლის ადმინისტრაციის იმჟამინდელი ხელმძღვანელის დამოკიდებულებას იხსენებენ.
ერთადერთი, ვინც წარსულში და დღესაც რუსეთის ინტერესებს ემსახურება, "ქართული ოცნების" თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ერთპიროვნული ლიდერია. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უმრავლესობის განცხადებით 2008 წლის ომის შემდეგ რუს ტურისტებს ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ხდებოდა, რომლის პრეზიდენტობის დროსაც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები რუსულ მხარეზე გასხვისდა, ქართველ სამხედროებს ომის უმძიმესი დანაშაულები დაბრალდა და რომელმაც თავად აღიარა, რომ ,,ვარდების რევოლუცია'' რუსეთის იმჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აკურთხა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა მინსკში რამდენიმე დღის წინ გამართა.
ავტორი: ნანა გოგატაძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…