"ბოდიში"! - "ხეტაფეს" ფეხბურთელების პატიების თხოვნები თბილისური მატჩის შემდეგ და იმედგაცრუებული მწვრთნელის ჩივილები
კონფერენს ლიგის მეოთხე ტურში თბილისის "იბერია 1999"-მა "ხეტაფე" 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ესპანური კლუბის ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადეს, ხოლო მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა გუნდის თამაში გააკრიტიკა.

კონფერენს ლიგის საერთო ეტაპის მეოთხე ტურში "იბერია 1999"-მა საკუთარ მოედანზე "ხეტაფეს" 1:0 მოუგო. ეს მარცხი მადრიდულმა გუნდმა ძალიან მძიმედ მიიღო და მათმა ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადეს.
იმედგაცრუებული იყო კლუბის თავკაცი ხოსე ბორდალასი, რომელმაც ბევრ რამეზე დაიჩივლა და თქვა, რომ "ხეტაფეს" თამაში მისი გუნდის ხელწერას არ ჰგავს და თბილისში მოსაგებად იყვნენ ჩამოსულნი.
"მძიმე მარცხი ვიწვნიეთ და ძალიან რთულ მომენტში ვიმყოფებით. გამარჯვებისთვის ჩამოვედით, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ. ახლა პლეი-ოფში ჩვენ გასვლის შანსი პრაქტიკულად აღარ გვაქვს.
არ შეიძლება, იმედგაცრუებები ასე გროვდებოდეს, მათმა რაოდენობამ უკვე ზღვარს გადააჭარბა. ჩემი გუნდები ყოველთვის გამოირჩეოდნენ მკაფიო ხელწერით, ახლა კი სრულიად საპირისპირო ვითარებაა. ისინი საერთოდ არ ჰგვანან იმ გუნდებს, რომლებთანაც ადრე ვმუშაობდი.
სერიოზული პრობლემები გვაქვს. გვაკლია ფეხბურთელები, რომლებიც შეძლებენ უპირატესობის მოპოვებას ერთი-ერთზე ორთაბრძოლებში და რომლებსაც სისწრაფე აქვთ. თანამედროვე ფეხბურთში სწრაფი მოთამაშეები ნახევარდაცვიდან შეტევის ხაზამდე ყველა გუნდს ჰყავს. ამიერიდან, ლა ლიგაზე უნდა ვიფიქროთ, სადაც ვითარება ასევე რთულია“, - თქვა ბორდალასმა.
მძიმე განწყობაა "ხეტაფეს" გასახდელშიც. მატჩის დასრულების შემდეგ კლუბის მეკარე დავიდ სორიამ ოფიციალურ გვერდთან საუბარში გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.
"ეს ისეთი მატჩია, რომლის გამოც ბოდიში უნდა მოვიხადოთ. ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ დონეს, რაც ასეთ ტურნირზეა საჭირო. ყველაფერი ძალიან გართულდა. საჭიროა ბევრი თვითკრიტიკა და მძიმე შრომა. ორშაბათს კი გადამწყვეტი ბრძოლა გველის,ფაქტობრივად, ჩვენი მომავალი წყდება.
ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, გზას ვერ ვპოულობთ და ვერ ვხედავთ, როგორ წავიდეთ წინ. ძალიან გვტკივა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს ფეხზე უნდა წამოვდგეთ", - თქვა სორიამ.
ბოდიში მოიხადა "ხეტაფეს" 22 წლის ნახევარმცველმა მარიო მარტინმაც, რომელიც ხოსე ბორდალასმა პირველი ტაიმის მერე შეცვალა.
"ამჟამად ძალიან გვიჭირს. არ ველოდით, რომ თამაში ასე წარიმართებოდა. ბოდიშს ვიხდით ჩვენი დამოკიდებულებისა და იმის გამო, რაც შესაძლოა მატჩის მსვლელობისას გამოვავლინეთ. ეს სულაც არ ჰგავდა იმ გეგმას, რომელიც გვქონდა.
ვცდილობდით შეტევაში გადასვლას და მომენტების შექმნას, მაგრამ მეტოქის კართან არ გვიმართლებდა. უფრო მეტი აგრესიულობა გვმართებდა.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიტუაციიდან გამოვალთ, ეჭვიც არ მეპარება. "ხეტაფე" არ დანებდება. სანამ ეს მაისური გვაცვია, ბოლო წუთამდე და წამამდე ვიბრძოლებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება", - თქვა მარტინმა.
"იბერია 1999" 4 ქულით 24-ე ადგილზეა და ტურნირზე მომდევნო მატჩს 10 დეკემბერს სახლში "ცრვენა ზვეზდასთან" ჩაატარებს.
"ხეტაფე" 1 ქულით 34-ე პოზიციაზეა და შემდეგ შეხვედრას 10 დეკემბერს სახლში ანდორის "ინტერ ესკალადესთან" გამართავს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…