პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

POLITICO: დონალდ ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივანთან ერთობლივი განცხადების ტექსტი ცალმხრივად შეცვალა და ომის გაფართოებისგან თავის შეკავება უკრაინასაც მოსთხოვა

ნატო

POLITICO-ს ცნობით, დონალდ ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეთანხმებული ტექსტი ცალმხრივად შეცვალა და ომის გაფართოებისგან თავის შეკავება რუსეთთან ერთად უკრაინასაც მოსთხოვა.

POLITICO: დონალდ ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივანთან ერთობლივი განცხადების ტექსტი ცალმხრივად შეცვალა და ომის გაფართოებისგან თავის შეკავება უკრაინასაც მოსთხოვა
იმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყო მას შემდეგ, რაც ლიდერები ფლორიდაში უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების გზებზე სასაუბროდ შეხვდნენ, - წერს გამოცემა POLITICO.

მარ-ა-ლაგოში ოთხშაბათს საღამოს გამართული შეხვედრის შემდეგ, თეთრი სახლისა და ნატოს მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ლიდერებმა განიხილეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, „რუსეთმა თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც განზრახ ან უნებლიეთ აფართოებს ომს, და რამდენად მნიშვნელოვანია ომის მშვიდობიანი გზით რაც შეიძლება სწრაფად დასრულება“.

თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ, სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა განცხადების ტონი შეცვალა და ტექსტს ორი სიტყვა დაამატა - ჩანაწერის მიხედვით, მსგავსი ქმედებებისგან თავი „რუსეთმა და უკრაინამ“ უნდა შეიკავონ.

ნატოს ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, გამოცემა POLITICO-ს განუცხადა, რომ თავდაპირველი ვერსია იყო მხარეებს შორის ოფიციალურად შეთანხმებული ტექსტი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტრამპმა განცხადება მოგვიანებით ცალმხრივად შეცვალა. თეთრმა სახლმა გამოცემის კითხვებს ამ თემაზე არ უპასუხა.

ტექსტში შეტანილი ეს ცვლილება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რამდენიმე დღის წინ უკრაინამ, კიევიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით, ლიბიის პორტში მდგომ რუსულ სამხედრო გემზე იერიში მიიტანა. მიუხედავად იმისა, რომ სამართლის ექსპერტების შეფასებით, აღნიშნულმა თავდასხმამ შესაძლოა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნის ყოველდღიური დაბომბვის ფონზე, უკრაინის მოკავშირეთა უმეტესობას ამ ნაბიჯისთვის კრიტიკა არ გამოუთქვამს.

გამოცემის შეფასებით, ეს ფაქტი ასევე ხაზს უსვამს დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის არსებულ დაძაბულობას. ზელენსკი უარს ამბობს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე შორი მანძილის დარტყმების შეწყვეტაზე, ტრამპმა კი გასულ თვეს განაცხადა, რომ „უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა“ და სამშვიდობო შეთანხმების შეფერხებაში სწორედ ზელენსკი დაადანაშაულა.

ეს პოზიცია მკვეთრად განსხვავდება ტრამპის ბოლოდროინდელი რიტორიკისგან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ, რომელსაც მან გასულ კვირას შენჟენში, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან ერთად გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე „მეგობარი“ უწოდა.

განცხადების ტექსტის კორექტირება ახალ გამოწვევას უქმნის ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესაც, რომელიც საჯაროდ ხშირად აქებს აშშ-ის პრეზიდენტს, რათა უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება და ალიანსის შიგნით ერთიანობა შეინარჩუნოს. თუმცა, მომხდარი ცხადყოფს, რომ ტრამპის ერთიან გზავნილებში შენარჩუნების სტრატეგიას მკაფიო საზღვრები აქვს.

აღსანიშნავია, რომ Truth Social-ში უკრაინის შესახებ გაკეთებული ჩანაწერის მიუხედავად, დონალდ ტრამპმა მოგვიანებით დასძინა, რომ შეხვედრის დროს დიდი დრო დაუთმო იმ ფაქტზე საუბარს, რომ სურს იხილოს, თუ როგორ „აჩერებს პრეზიდენტი პუტინი ყოველგვარ სამხედრო აგრესიას მთელი ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ“.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპი ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შეხვდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები