კახა კახიშვილი: რატომ დათანხმდა საქართველო იმ რისკების საკუთარ თავზე აღებას, რომელთა თავიდან აცილებაც თურქეთმა და უნგრეთმა საკუთარი ქვეყნების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტეს?
კახა კახიშვილი: უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთმა, რომელსაც საქართველოზე გაცილებით მეტი ფინანსური, სამართალდამცავი და ოპერატიული რესურსი გააჩნია, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე სტამბოლში ამ მატჩის ჩატარებაზე უარი განაცხადა. უნგრეთში, რომელსაც ასევე საქართველოზე გაცილებით დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვს, 2024 წელს ანალოგიური მატჩი უსაფრთხოების მიზნით მაყურებლის გარეშე ჩატარდა. საქართველო კი მატჩის მაყურებლის დასწრებით ჩატარებას დათანხმდა და თანაც ბათუმში, თურქეთის საზღვართან ახლოს.

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი:
რატომ დათანხმდა საქართველო იმ რისკების საკუთარ თავზე აღებას, რომელთა თავიდან აცილებაც თურქეთმა და უნგრეთმა საკუთარი ქვეყნების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტეს?
26 ნოემბერს ბათუმის სტადიონზე თურქეთისა და ისრაელის საფეხბურთო კლუბებს შორის გამართული მატჩის დროს გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირება სერიოზულ კითხვებს აჩენს, რომლებზეც საზოგადოება პასუხებს ელოდება.
უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთმა, რომელსაც საქართველოზე გაცილებით მეტი ფინანსური, სამართალდამცავი და ოპერატიული რესურსი გააჩნია, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე სტამბოლში ამ მატჩის ჩატარებაზე უარი განაცხადა. უნგრეთში, რომელსაც ასევე საქართველოზე გაცილებით დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვს, 2024 წელს ანალოგიური მატჩი უსაფრთხოების მიზნით მაყურებლის გარეშე ჩატარდა. საქართველო კი მატჩის მაყურებლის დასწრებით ჩატარებას დათანხმდა და თანაც ბათუმში, თურქეთის საზღვართან ახლოს.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს:
1. ვინ იყო საქართველოში ამ მატჩის ჩატარების ინიციატორი, ვინ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და რატომ შეირჩა მაინცდამაინც ბათუმი?
2. რომელი უწყებები მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღებაში და რა როლი ჰქონდათ ამ პროცესში ეკონომიკის სამინისტროს (ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას) და საგარეო საქმეთა სამინისტროს?
3. მონაწილეობდნენ თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გადაწყვეტილების მიღებამდე რისკების შეფასებაში? გაითვალისწინეს თუ არა მათი რეკომენდაციები, თუ ეს უწყებები უბრალოდ ფაქტის წინაშე დააყენეს?
4. ვინ და რის საფუძველზე მისცა საქართველოს მთავრობას უსაფრთხოების გარანტიები და რატომ არ შეირჩა მატჩის მაყურებლის გარეშე ჩატარების ფორმატი?
5. გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინეს თუ არა თურქეთსა და ისრაელს შორის წლების განმავლობაში არსებული პოლიტიკური უთანხმოება, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბული ვითარება და პოლიტიკური დაპირისპირების რელიგიურ კონფლიქტში გადაზრდის საფრთხე? შეფასდა თუ არა ამ დაპირისპირების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის რისკი? გაითვალისწინეს თუ არა თურქეთის საზღვრის სიახლოვე, რეგიონის ისტორიული კონტექსტი, შესაძლო ნაციონალისტური და რელიგიური პროვოკაციები და რაც მთავარია, ბათუმის მოსახლეობის უსაფრთხოება?
6. რა ეკონომიკურ, ტურისტულ, პოლიტიკურ თუ დიპლომატიურ სარგებელს ელოდნენ ამ მატჩის ჩატარებით და რამდენად ამართლებდა მოსალოდნელი სარგებელი ამხელა რისკის გაწევას?
7. ბათუმში მომხდარი დაპირისპირება საქართველოს, თურქეთის ან ისრაელის მოქალაქეების დაღუპვით რომ დასრულებულიყო, ვინ აგებდა პასუხს მიღებულ გადაწყვეტილებასა და მის საერთაშორისო შედეგებზე? საერთოდ განიხილებოდა თუ არა მოვლენების ამგვარი განვითარების შესაძლებლობა და საქართველოს რეგიონულ კონფლიქტში ჩათრევის საფრთხე?
ცალკე გასარკვევია უეფას როლიც ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ვისთან და რა პირობებით შეთანხმდა მატჩის ბათუმში ჩატარება? იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინიციატივა უეფასგან მოდიოდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინება და შესაძლო საფრთხეების შეფასება საქართველოს შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობაა. საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის სურვილი თუ რეკომენდაცია ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მისაღებ გადაწყვეტილებას.
ჩვენ ყოველთვის მივესალმებოდით ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საქართველოს უკრაინაში მიმდინარე ომში, ირანთან დაკავშირებულ კონფლიქტსა თუ სხვა საერთაშორისო დაპირისპირებაში ჩათრევის თავიდან აცილებას ემსახურებოდა. ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება ხომ არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ მთელი ქართული საზოგადოების ინტერესია. სწორედ ამიტომ გაუგებარია, რა ლოგიკით და რა სახელმწიფოებრივი ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ ბათუმში ამ მატჩის ჩატარების გადაწყვეტილების მიღებისას? აცნობიერებდნენ თუ არა, რომ ამ გადაწყვეტილებით თავადვე ქმნიდნენ იმ საფრთხეს, რომლის თავიდან აცილების აუცილებლობაზეც მუდმივად საუბრობენ?
მადლობა ღმერთს, რომ ბათუმში მომხდარს უფრო მძიმე შედეგები არ მოჰყვა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოებას კითხვები არ უნდა გაუჩნდეს.
ბათუმში მომხდარის შეფასებისას მხოლოდ პოლიციის მოქმედებების განხილვით არ უნდა შემოვიფარგლოთ. უპირველეს ყოვლისა გასარკვევია, ვინ, რა არგუმენტებით და ვისი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შედეგებთან გამკლავებაც პოლიციას მოუწია.
ამ ყველაფერს იმიტომ კი არ ვწერ, რომ უკვე მომხდარი ფაქტის შემდეგ ვინმეს შეცდომებზე მივუთითო. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ მომავალში მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებამდე სათანადოდ შეფასდეს ყველა შესაძლო საფრთხე. სახელმწიფოებრივი აზროვნება სწორედ იმას გულისხმობს, რომ საფრთხეები წინასწარ განჭვრიტო და თავიდან აიცილო და არა მხოლოდ მაშინ დაიწყო მათზე ფიქრი, როდესაც შედეგებთან გამკლავება გიწევს.
საქართველო არ უნდა იქცეს სხვა სახელმწიფოებს შორის არსებული პოლიტიკური, ეროვნული თუ რელიგიური დაპირისპირების ასპარეზად.
არცერთი საფეხბურთო მატჩი, ტურისტული შემოსავალი თუ დიპლომატიური ინტერესი არ ღირს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ადამიანის სიცოცხლის ფასად.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…